№17 სკამს დანაცვლებულები
ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე
ანუ ოღონდ ხმები გვქონდეს?!
რაკი სკამი ყველაზე წმიდათაწმიდაა ჩვენს მშობლიურ პოლიტიკურ ცხოვრებაში, ლამის ტრადიციად იქცა, რომ ჩვენებური პოლიტიკოსები უკან არაფერზე იხევენ, ოღონდაც კი ის (ანუ სკამი) გაინაღდონ.
სავარაუდოდ, ამიტომაც, მას შემდეგ, რაც სალომე ზურაბიშვილმა (პრეზიდენტმა) ქვემო ქართლში ვიზიტისას განაცხადა, რომ საქართველოს არაქართველ მოქალაქეებს ქართულის, ანუ სახელმწიფო ენის გარდა, არც ერთ სხვა ენაზე არ დაელაპარაკებოდა, გრიგოლ ვაშაძემ („ნაციონალური მოძრაობის“ ახალმა თავკაცმა) გარდაბანში სტუმრობისას დაიჩივლა (ადგილობრივებთან შეხვედრისას), რომ, თურმე, „არც ერთ სამსახურში არ იღებენ საქართველოს მოქალაქეს, აზერბაიჯანელს. აი, აქ მაგალითად, გარდაბნის რაიონში, თუ მან ქართული არ იცის.“
რადგან გამორიცხულია, არ იცოდეს (განსაკუთრებით, საბჭოთა დიპლომატიის სკოლაგამოვლილმა) პოლიტიკოსმა, რა მნიშვნელობა აქვს სახელმწიფო ენის ცოდნას სახელმწიფოს სრულფასოვანი ფუნქციონირებისთვის (განა ტყუილად აძალებდა სსრკ რუსულ ენას საბჭოთა რესპუბლიკებს) და ისიც (როგორც ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა), რომ ამის გარეშე გამორიცხულია მოქალაქეთა ერთიანობა სახელმწიფო ინტერესების გარშემო, ვითომ სკამი სახელმწიფოს ყოფნა-არყოფნაზე უფრო ძვირფასია?!