კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№16 როგორ გადაურჩა სიკვდილს შაკო გველესიანი და როგორ გაძლო მან ოთხი დღე და ღამე რვამეტრიან ორმოში

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

თითქმის ერთი წლის წინ შაკო გველესიანის ერთი ჩვეულებრივი საღამო ნამდვილ საშინელებათა ფილმის სიუჟეტად იქცა და კინაღამ მისი სიცოცხლე იმსხვერპლა.
შაკო გველესიანი: საღამო იყო, გზაზე მივდიოდი, პარალელურ ქუჩაზე მინდოდა გადასვლა, უცებ, მიწა ჩამენგრა და ორმოში ჩავვარდი. გონს რომ მოვედი მივხვდი, რომ საკმაოდ ღრმა იყო და წელამდე წყლით ვიყავი დაფარული. თან მივხვდი, რომ შლამი იყო. ამოსვლა დავაპირე, შლამიდან შეძლებისდაგვარად ამოვაღწიე და მოპირდაპირე მხარეს მიწაზე დავდექი. რომ წამოვიწიე და ხელებით მოვეჭიდე ზემოთ მიწას, მთლიანად მოწყდა და ზემოდან დამეყარა, საერთოდ ჩამხერგა. მიწა რომ ჩამოწვა, წყალმა ზემოთ ამოიწია და სხეული მთლიანად დამეფარა. ავნერვიულდი, იმდენად გამჭედა მიწამ, მივხვდი, რომ ფიზიკურად ვერ შევძლებდი იქიდან ამოსვლას. თან, დიდი ქვები ეყარა და თხრაში ხელს მიშლიდა. მთელი ღამე ვთხრიდი, მაგრამ ვერ შევძელი თავი გამეთავისუფლებინა. კიდევ და კიდევ იყრებოდა მიწა ზემოდან და აზრი არ ჰქონდა. გამიმართლა, რომ ხელები თავისუფალი მქონდა. მაგრამ ამდენი თხრისაგან ისე დამიზიანდა, რომ კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა, შემინარჩუნდებოდა თუ ამპუტაცია დამჭირდებოდა. როგორც კი გათენდა, დავიწყე ყვირილი და სტვენა, მაგრამ უშედეგოდ, ვერავის გავაგონე.
– რა ადგილას მოხდა ეს ამბავი?
– ბელიაშვილის ქუჩაზე, ტელეკომპანია „იმედის“ ასახვევთან ახლოს. არც ისე უმოძრაო ადგილია, მაგრამ ძირითადად, ტრანსპორტი დადის, საფეხმავლო გზა-მეთქი, ვერ ვიტყვი, მაგრამ ორას მეტრში საცხოვრებელი კორპუსია და წესით, ჩემი ხმა უნდა გაეგოთ, მაგრამ როგორც ჩანს, ორმო  ახშობდა და ზემოთ ვეღარ აღწევდა. ყვირილმა რომ შედეგი არ გამოიღო, ისევ თხრა განვაგრძე. მოსაღამოვებულზე ვიგრძენი, რომ სიცხე მიწევდა, კანკალი დამაწყებინა. იმ ღამეს აღარ მითხრია, მეორე დღის ლოდინში გავატარე, იქნებ როგორმე მიპოვონ-მეთქი. მზისგან სახე და თავი დამეწვა, ძალიან ცუდ მდგომარეობაში ვიყავი. წყალი ისე მწყუროდა, გონებას ვკარგავდი. ხელით ამოვიღე ეს ტალახიანი წყალი და დაველოდე, ცოტა რომ დალექილიყო. ცხოვრებაში ასე გემრიელი წყალი არ დამილევია. თავი ჩავყავი შიგ და დავეწაფე – სული მოვითქვი. იმ დღემაც ასე ჩაიარა. მესამე დღეს წელს ქვემოთ სხეული გამიბუჟდა, ქვედა კიდურებს ვეღარ ვგრძნობდი. მარჯვენა ფეხის ძლიერი ტკივილი დამეწყო და ვეღარ ვამოძრავებდი. ხელებიც დამისისხლიანდა. ვგრძნობდი, რომ უნარი აღარ შემწევდა, მაგრამ სხვა გამოსავალი არ იყო და თხრას ვაგრძელებდი. მესამე ღამე ჩამეძინა, მანამდე საერთოდ არ მძინებია. დილით რომ გავიღვიძე, უკვე ძალიან ცუდად ვიყავი, აზრებს ვეღარ ვალაგებდი, სავარაუდოდ, მზის დარტყმაც მივიღე. მეოთხე დილიდან ჰალუცინაციები დამეწყო და პერიოდულად ვითიშებოდი. ტალახებიდან სახეები „ამოდიოდა“ და სხვადასხვა ენაზე მელაპარაკებოდნენ. მეჩვენებოდა, რომ ვიღაც თოკს მიგდებდა, მაგრამ ვერ ვიჭერდი. ტალახში გამოკვეთილ სახეებს ვეხვეწებოდი, აქედან თავის დაღწევაში დამეხმარეთ-მეთქი. მერე ხანგრძლივი გათიშვები დამეწყო, ნელ-ნელა აგონიაში ვვარდებოდი. ვხდებოდი, რომ ვკვდებოდი და აღარაფრის გაკეთება აღარ შემეძლო. ყველაფერი ამერია ერთმანეთში – სახეები, ხმები, რეალობა, ჰალუცნაციები. იმ მომენტში უკვე შევეგუე სიკვდილს. ღმერთს მხოლოდ იმას ვევედრებოდი, რომ არ ეწვიმა. წვიმა რომ წამოსულიყო, ორმოს ამოავსებდა და ჩემი პოვნა გამორიცხული იყო. ამიტომ მხოლოდ იმაზე ვდარდობდი, მკვდარი მაინც მიპოვონ და ჩემი გვამი მაინც მიიტანონ სახლში-მეთქი. მერე დაიწყო ძალიან დიდი სიზმარი, რომლის ბოლოსაც თვალი რომ გავახილე, საავადმყოფოში ვიწექი.
– არ გახსოვს, როგორ გიპოვეს და ამოგყვანეს?
– არა, რეანიმაციაში ორი კვირა ვიყავი გათიშული და სიზმარს ვხედავდი. გამოფხიზლება მინდოდა და ვერ ვფხიზლდებოდი. მეზისმრებოდა, რომ ორმოდან ამოვედი, სახლში მივედი და მეუღლე შემოვირიგე, რადგან გაბრაზებული იყო, დაკარგული რომ ვიყავი და ვარწმუნებდი, ორმოში ვიყავი ჩავარდნილი-მეთქი. მერე რესტორანში წავედი და ფეხი ამტკივდა, მერე ისევ ორმოში აღმოვჩნდი, მერე აზერბაიჯანში და იქ უკვე იმდენი რამ გადამხდა და ეს ყველაფერი იმდენად რეალურაც მეჩვენებოდა, რომ გონს მოსვლიდან მეოთხე-მეხუთე დღეს ძლივს დავიჯერე, რომ აზერბაიჯანი მხოლოდ სიზმარი იყო. მიმტკიცებდნენ, ორმოში გიპოვეთო და არ ვიჯერებდი. საკმაოდ დიდი ხანი მოვუნდი იმ კადრების აღდგენას.
– როგორ გიპოვეს?
– ჩემმა ძმამ მიპოვა. ტელეფონს არასდროს ვთიშავ და ღამე რომ გაითიშა, დილით მეუღლე მივიდა პოლიციაში, რადგან მიხვდა, რომ რაღაც მოხდა, მაგრამ უთხრეს, რომ ორმოცდარვა საათი ვერაფერს იზამდნენ. მანამდე ოჯახი უშედეგოდ მეძებდა. მერე პოლიციაც ჩაერთო, ტელეფონის ზარებით, კამერების ჩანაწერებით მიახლოებითი პერიმეტრები დაადგინეს საძიებლად. ჩემს ძმას ჩემი ბოტასის ნაკვალევი შეუმჩნევია და მას გამოჰყვა. თავზე რომ დაგადექით, გათიშული იყავი და ცოცხალი არ გვეგონეო. თურმე, იმ ტერიტორიაზე წინა დღითაც მეძებდა.
– ოთხმეტრიანი ორმო იყოო...
– მაშველებმა თქვეს, რვა მეტრიაო. ზუსტად არ ვიცი, მაგრამ ოთხ მეტრზე ნაკლები რომ არ იყო, ამის თქმა დანამდვილებით შემიძლია. ჩემი ძმის მეგობარი ჩამომხტარა და რომ ნახა ცოცხალი ვიყავი, ატყდა ერთი ამბავი. ორი საათი მოუნდნენ გაწმენდას და ჩემს ამოყვანას. საავადმყოფოში რომ მიმიყვანეს, ძალიან ბევრი სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაავადება აღმომაჩნდა. მეოთხე დღეს ძალიან დავმძიმდი და სიკვდილის პირას ვიყავი. საშინლად მომწამლა იმ ბინძურმა წყალმა და მკურნალობას დიდი ხანი დასჭირდა, მაგრამ ექიმებმა მითხრეს, რომ სიკვდილსაც ამ წყალმა გადამარჩინა და ის რომ არ დამელია, იმ სიტუაციაში, თურმე მესამე დღეს მოვკვდებოდი. საბედნიეროდ, მეორე ფეხი და ხელები გადამირჩა, მხოლოდ ერთი ფეხის ამპუტაცია დამჭირდა, წვივის ერთი მესამედის. აუცილებელი იყო, ორგანიზმს კლავდა. ქვებში გაიჭედა და სისხლი აღარ მიეწოდებოდა. ქსოვილები მოკვდა და მისი აღდგენა შეუძლებელი იყო. ისეთი მძიმე მდგომარეობა მქონდა, ფეხის მოჭრა ყველაზე მაგარი ვარიანტი იყო. არ იცოდნენ, თუ ფეხის მოჭრის შემდეგ სეფსისი უკან დაიხევდა და საბედნიეროდ, ფეხის მოჭრა საკმარისი აღმოჩნდა. მერე ისევ დავმძიმდი, დიდი საფრთხე იყო, მაგრამ საბედნიეროდ, ყველაფერი კარგად დასრულდა. დღეს აბსოლუტურად ჯანმრთელი ვარ და თავს ძალიან კარგად ვგრძნობ. მაქვს ოჯახი, ჩემი საქმე, რომელიც ძალიან მიყვარს. ჩემი ტრავმა ხელს არაფერში მიშლის, პროთეზი გავიკეთე და ჩვეულებრივად დავდივარ. ჩემს ცხოვრებაში არაფერი შეცვლილა.
– ფსიქოლოგიურად როგორ შეძელი თავის გართმევა, როცა გააცნობიერე, რა მოხდა და მერეც, როცა საშველი აღარ ჩანდა.
– თავიდან არ მიდარდია, არ მეგონა თავის დაღწევა ასე რთული თუ იქნებოდა. მერე, რომ ჩავიხერგე არც მაშინ შემშინებია, გათენდება და მიპოვიან-მეთქი. მხოლოდ იმას ვფიქრობდი, ჩემებს რა დააჯერებს, რომ ეს ყველაფერი გადამხდა-მეთქი. ვერ აგიწერთ, იმხელა ძალა მომეცა ბრძოლისთვის. ყველაფერი გავაკეთე, სამი დღე და ღამე არ მეძინა. წყალსა და მიწაში გაჭედილი ვთხრიდი, დასისხლიანებული ხელებით და წამით არ მიფიქრია, რომ შეიძლებოდა, რამე მომსვლოდა. მაგრამ მეოთხე დღეს ის ყველაფერი რომ დამეწყო, შევეგუე იმ აზრს, რომ ვკვდებოდი, თუმცა, ვერ ვიტყვი, რომ ძალიან გამიჭირდა. სხვა გზა, უბრალოდ, არ იყო, ისე ცუდად ვიყავი, დარდის თავიც არ მქონდა. შემდეგ რეაბილიტაციის პერიოდი იყო ძალიან მძიმე. ვერც ხელებს ვრძნობიდი, ვერც ფეხებს, ძალიან გავსივდი, თავს საშინლად ვგრძნობდი. ჭრილობა სამი თვე არ მიხორცდებოდა. თუმცა გამოფხიზლებიდან ერთი კვირის თავზე, პალატაშივე დავიწყე მუშაობა. ნარკოზების შემდეგ გონების მოკრება ძალიან მიჭირდა, მაგრამ თავს ძალას ვატანდი და პირველი ორი თვე ძალით ვმუშაობდი.
– ფეხის მოკვეთა კარგი გამოსავალი იყოო, თუმცა შეგუება რთული იქნებოდა.
– ძალიან დიდი ზეგავლენა მოახდინა ჩემმა მეგობრის სიტყვებმა, „მთავარია, ტვინით იარო“ – ეს გახდა ჩემთვის სტიმული. მას უბედურება შეემთხვა, ხერხემლის ტვინი დაუზიანდა და დღეს ეტლში ზის. სწორედ მან არ მომცა დანებების უფლება. მივხვდი, ბრძოლა უნდა გამეგრძელებინა.  დღეს ისევ ისე ვცხოვრობ, როგორც ამ შემთხვევამდე. მყავს მეუღლე და ორი შვილი. გვაქვს ბიზნესი და გავხსენით ჩვენი ფიტნესცენტრი, რომელიც ამ შემთხვევის შემდეგ შშმ პირებისთვის უფასოა.

скачать dle 11.3