№16 მურაზ მურვანიძე: არ შემიძლია მამაკაცის მოსმენა, რომელიც ქალებზე ლაპარაკობს
ნინო კანდელაკი ხათუნა კორთხონჯია
სახელი: მურაზი.
გვარი: მურვანიძე.
პროფესია: მხატვარი.
– მოგონება ბავშვობიდან:
– ყოველთვის კარგი, დამჯერი ბავშვი ვიყავი, გამომგონებელი. სულ რაღაცას ვიგონებდი, ჩემს მეგობრებს სათამაშოებს ვუკეთებდი მუყაოსგან, ფანერისგან, მავთულებისგან, რაც ხელში შემხვდებოდა. ძალიან მოსწონდათ. ამით ყველასგან გამორჩეული ვიყავი და ამიტომ ყველას ვუყვარდი. მეგობრებს დღემდე ვუყვარვარ.
– მეტსახელი გქონდათ?
– მოფერებით სახელებს მეძახდნენ, თეიმურაზი, მურაზად გადაიქცა. ძველი ბიჭები „კულტურულს“ მეძახდნენ – „კულტურული“ მოვიდა. მოდი, ვკითხოთ, მაგან იცის რაღაცებიო. ძალიან განათლებული ბებია და ბაბუა მყავდა, ბევრს მიკითხავდნენ. მეც ბევრს ვკითხულობდი.
– ვისთან შეხვედრამ მოახდინა თქვენზე ყველაზე დიდი გავლენა?
– ასეთი ბევრია, მაგრამ ჩემპიონი არის მსტისლავ რასტროპოვიჩი, ვირტუოზი ვიოლონჩელისტი. ვეტრფოდი, როგორც ხელოვანს და მერე ისე მოხდა, რომ ერთად დავიწყეთ მუშაობა. მონტე-კარლოში დაარსდა ორგანიზაცია „მსოფლიო მუსიკალური ასოციაცია“, სადაც შეიკრიბა მსოფლიოს მუსიკალური ნაკრები და მე, როგორც მუსიკალური თეატრის მთავარი მხატვარი, რასტროპოვიჩი – მუსიკალური ხელმძღვანელი, ფრანკო ძეფირელი – მთავარი რეჟისორი, იქ იყო პლასიდო დომინგო, მაზელი, შოლტი... ოთხი წლის განმავლობაში ვიყავით მონტე-კარლოში მსოფლიო ნაკრები 12 ადამიანი. მერე დაიხურა ეს ორგანიზაცია. აქედან რამდენიმე ადამიანი გარდაიცვალა, ვიგლოვეთ... 1990 წელს პლასიდო დომინგოს, პავაროტისა და კარერასს გავუკეთე პირველი კონცერტი რომში, მერე დომინგოს – „ოტელო“ ესპანეთში. იმ ქალღმერთს, მონსერატ კაბალიეს გავუკეთე კონცერტი და ასე ყველასთან ვიყავი ამ მსოფლიო ხელოვნების ღვთაებებთან. მქონდა ურთიერთობა რონალდ რეიგანთან, მამა ბუშთან, რომელმაც თეთრ სახლში დამპატიჟა. რეიგანთან ჩემი შეხვედრა მოხდა იმ დროს, როცა „მარინის თეატრის“ მთავარი მხატვარი ვიყავი. იმ პერიოდში ჩვენი თეატრი გასტროლებზე მიიწვიეს. მანამდე დაპატიმრებული თეატრი იყო. ნურიევი, ბარიშნიკოვი და მაკაროვა, ეს უდიდესი მოცეკვავეები, მსოფლიოს ვარსკვლავები „მარინის თეატრიდან“ გაიქცნენ და ამიტომ ჩვენი გასტროლები დააკონსერვეს. მე რომ ჩავედი, უცებ გაიხსნა და ამერიკაში წავედით. პრეზიდენტმა რონალდ რეიგანმა რეკლამა გააკეთა ჩვენზე: ამერიკელებო, იცოდეთ, დაპატიმრებული თეატრი მოდის და პატივი ეცითო. ამიტომ გადაწყდა, რაღაც საჩუქარი გაგვეკეთებინა, ფეხსაცმელს ხომ არ ვუყიდდით და მითხრეს, იქნებ დავხატოთ რაღაც და მივართვათო, მაგალითად, „რუსული ბალეტი ამერიკაში“. ერთი კვირა ვიმუშავე დღე და ღამე, საკმაოდ დიდი და კარგი ნამუშევარი გამომივიდა. მერე „კაგებემ“ წაღება გადათქვა. ამერიკელი იმპრესარიო იყო ჯონ კრიპტონი, რომელმაც მითხრა, რომ მოდი, დუბლი გააკეთე, იმათ ჩააბარე, მე კი ამას წავიღებ და გადავცემ, ოღონდ ისე ჩუმად, რომ შენ საქმე არ გაგიფუჭდესო. ჯონ კრიპტონმა ნენსის და რონალდ რეიგანებს ნახატი მიუტანა და უთხრა: ამის მხატვარი აქ არისო და მოუყვა ამ ნახატის ისტორია. რონალდმა უთხრა, შემახვედრეო, მათ ვაშინგტონში, კენედის ცენტრში შევხვდი. ნენსის ხელზე ვემთხვიე, მითხრა, ძალიან მომწონს, დიდი მადლობაო და რონალდს უთხრა, რონი, შეხედე რა კარგი გარეგნობის ახალგაზრდაა და „ჰოლივუდში“ დარეკე, იქნებ სადმე გადაიღონ, არ შეიძლება ამის ასე გაშვებაო. რეიგანმა შემომხედა და უთხრა: არა, მე ამაში ჩემს მეგობარს ვხედავ, რომელიც რუსეთის პრეზიდენტი გახდება და ასეთი ადამიანი რომ იყოს პრეზიდენტი, რა კარგი იქნება მსოფლიო, მშვიდობა დამყარდებაო და ვიცინეთ. ასე კინაღამ გავხდი, რუსეთის პრეზიდენტი. ინგლისის დედოფალს და მის დას შევხვდი „კოვენტ გარდენში“, სამეფო თეატრში. პრემიერა მქონდა და მთელი სამეფო ოჯახი მოვიდა. სპექტაკლის ერთადერთი ცოცხალი ავტორი მარტო მე ვიყავი, გამოვედი სცენაზე, მუხლი მოვიდრიკე და სცენას ვემთხვიე. ძალიან მოეწონათ ეს ჟესტი და ბუკინგემის სასახლეში დამპატიჟეს.
– შური?
– მე ის ადამიანი ვარ, შურის გრძნობა რომ ვერ განვმარტე. ის ადამიანი, რომელიც სხვისი სიხარულით ხარობს და ეს არის ჩემი ბედნიერება.
– რისი გრცხვენიათ?
– მე არაფრის მრცხვენია, სხვისი საქციელის მრცხვენია ხოლმე. ილია მეორემ მკითხა, შენ როგორ ცხოვრობო, მე ვუთხარი, არცერთ მცნებას არ ვარღვევ, ერთის გარდა, ახლა დავბერდი და იმასაც არ ვარღვევ-მეთქი.
– რას აგროვებთ?
– მე არაფერს ვყიდი, ჩემს ნახატებს ვაგროვებ, მუზეუმს ვაკეთებ, რომ მერე შთამომავლობას დარჩეს, ჩემი უფასო მუზეუმი უნდა იყოს.
– არის სურვილი, რომელიც ვერ აისრულეთ?
– მთელი ცხოვრება ვოცნებობ იმაზე, რომ ტბასთან პატარა სახლი მქონდეს. მყავს ნავი და იმით გამოვიდე დილაობით და ვიარო, რადგან მე ნიჩბოსანი ვარ. არც მონტე-კარლო მინდა, არც კანარის კუნძულები, სადმე ვიყო ტბასთან და იქ ვიცხოვრებდი.
– როდის ყვირით?
– გურული ვარ, ფიცხი და ყვირილი მახასიათებს. ვისწავლე თავის შეკავება, მაგრამ თავის შეკავებამ არ მომიტანა კარგი შედეგი, დიდხანს მრჩება, ამიტომ
ვიცლები და მერე აღარაფერი მახსოვს.
ვიცლები და მერე აღარაფერი მახსოვს.
– სიყვარული ეს არის...
– უდიდესი გრძნობა, რომლის ფასი და ტოლი არაფერია და უბედურად მიმაჩნია ის ადამიანი, რომელსაც ეს გრძნობა არ აქვს.
– რამდენჯერ მოდის სიყვარული?
– მე ერთხელ მიყვარს. მე ყველაფერი მიყვარს, რაც ერთხელ მომეწონება, შემიყვარდება. მეგობარს კი არა, საგანსაც ვერ ვცვლი. მანქანა არასდროს გამიყიდია, სულ ძმას ვჩუქნი, ან სიძეს, ან ვიღაცას. იმიტომ რომ მერე ხანდახან ვეფერები. საგნებთან მაქვს ასეთი ურთიერთობა და ადამიანებთან – მით უმეტეს. ერთმოყვარე ადამიანი ვარ.
– სიყვარულს წესები აქვს?
– რახან წესიერი კაცი ვარ, არასდროს მიფიქრია, წესები აქვს თუ არა, მაგრამ ერთი წესი აქვს, რომ სიყვარულში უწესო არ უნდა იყო.
– ქალის გამო სიგიჟეები ჩაგიდენიათ?
– არა. ვისთვისაც სიყვარული გამომიხატავს, უარი არ მიმიღია. სიყვარულით თვითონ ვგიჟდებოდი.
– სიურპრიზების გაკეთება გიყვართ?
– მთელი ჩემი ცხოვრება მე მხოლოდ სიუპრიზებზე ვფიქრობ. მაკა მახარაძეს, ჩემს ყოფილ მეუღლეს, 50 წლის იუბილეზე ხომ ვაჩუქე მანქანა, მაგ დროს საქართველოში არ ვიყავი. ახლა არ ვართ ერთად და კიდევ ვაჩუქე მანქანა. მე საერთოდ არ მიყვარს წვრილმანი რაღაცების ჩუქება, დიდხანს ველოდები იმას, თანხა რომ მომიგროვდეს და ძვირფასი საჩუქარი ვუყიდო, ეს იქნება ძვირფასი ავეჯი, თუ ანტიკვარული ნივთები, მაგრამ ყველაზე ძალიან მანქანების ჩუქება მიყვარს. დიდი ხანია, მეგობარი არ მინახავს და გავუგზავნე საჩუქარი. აუცილებელი არ არის, ჩემ გვერდით იყოს მეგობარი თუ მეუღლე, რომ საჩუქარი გავუკეთო. თუ გიყვარს, გინდა, რომ გაუკეთო, სურვილი სულ მაქვს.
– რა არის ქალი თქვენთვის?
– ქალი ჩემთვის არის ღვთაება. სულ იმას ვამბობ, როგორ შეიძლება, მამაკაცს მამაკაცი უყვარდეს, სულ ის მიკვირს, ქალს როგორ უყვარს მამაკაცი, ეს მახინჯი არსება. მამაკაცს ქალი უნდა უყვარდეს. საოცრად მახინჯები ვართ მამაკაცები. ქალი ჩემთვის სრულყოფილი არსებაა. ინტელექტის გარეშე მე არ შემიძლია. სილამაზეს დავხატავ, ხელზე ვემთხვევი, მაგრამ თუ ინტელექტი არ აქვს, ვერ შემიყვარდება. მონსერატ კაბალიე იყო ჩემთვის ქალღმერთი, რომ დაიწყებდა სიმღერას, მაგაზე ლამაზი ქალი არ მეგულებოდა. შინაგანად ლამაზი ყველა ქალი ლამაზია. შეიძლება, ერთი დანახვით არ მოგეწონოს, მაგრამ მერე დაინახო სილამაზე. ქალი საოცრებაა. მე შემიძლია, სულ ქალს ვუყურო, თანაც არ მაქვს ეს ჟინი და თვალები არ მიწითლდება.
– რა არის თქვენთვის ამორალური?
– ბილწ ადამიანს ვერ ვიტან, არ შემიძლია, მამაკაცის მოსმენა, რომელიც ქალებზე ლაპარაკობს. რომ უთქვამთ: მურაზ, შენს ცხოვრებაში „ისეთი“ ქალები ყოფილან. მე ხმა არასდროს ამომიღია, ვერ ვიტან.
– რისთვის იბადება ადამიანი?
– ადამიანის დაბადება იმ შემთხვევაში, თუ არ ხარობს იმით, რომ ეს სასწაული დაინახა და თავისი ყოფა დედამიწაზე არ დააფასა, თუ თავის ქმედებით ღმერთს არ სწირავს რაღაც საჩუქარს, არაფერს მატებს ამ პლანეტას ან ნაგავს არ გაიტანს, ფუჭია და არ უნდა დაიბადოს. თუ დაიბადა აუცილებლად უნდა გასცეს, უნდა იცოდეს, რომ დაბადება არის უდიდესი საჩუქარი.
– როგორ უნდა ეძებოს ადამიანმა საკუთარი თავი?
– ეს ძალიან რთულია, იმიტომ რომ ამ სამყაროში რა შემთხვევაში გამოავლენს თავის დაფარულ ნიჭს, რომელსაც ის ვერ ხედავს არავინ იცის. რამდენი ადამიანი ვიცი, რომელსაც მშობელმა სამედიცინოზე ჩააბარებინა და ამ დროს სისხლის დანახვაზე ცუდად ხდება. ამიტომ ადამიანმა არავის არ უნდა დაუჯეროს, გარდა საკუთარი ხმისა, რომელსაც უნდა მისდიოს და აუცილებლად გაიტანოს. ბავშვს ისეთი მიმართულება უნდა მისცე, რომ საკუთარი თავი ეძებოს.
– რჩევა, რომელიც სულ გახსოვთ?
– საქართველოში, შტატში არასდროს მიმუშავია. საზღვარგარეთ მთავარი მხატვარი ვიყავი, „მარინის თეატრის“, რომის თეატრის, „მეტროპოლიტენ თეატრის“, „კოვენტ გარდენის“, „ლა სკალასი“. საქართველო ნეპოტიზმის ქვეყანაა, აქ არის გამოგონილი ეს სიტყვა. სოლიკო ვირსალაძემ მომცა რჩევა და ის დამამხსოვრდა. იმ პერიოდში არ ვმუშაობდი, ვზარმაცობდი, სოლიკომ მკითხა, რას შვებიო? არაფერს, არ მაქვს შეკვეთები-მეთქი. იმუშავე და შეკვეთა გიპოვისო. ეს რჩევა მართლა გამომადგა.