№16 რა შემოთავაზება მიიღო ირმა გოგლიძემ ნიუ-იორკიდან და რატომ ვერ შეუშალა მან ხელი ქრისტინე იმედაძეს დაქორწინებაში
ნინო კანდელაკი ეთო ხურციძე
ცნობილი მომღერლისა და ტელეწამყვანის, ქრისტინე იმედაძის დედა, ქალბატონი ირმა გოგლიძე ულამაზეს სამკაულებს ქმნის. ერთი წელია, რაც მან ამ საქმიანობას სერიოზულად მოჰკიდა ხელი, თუმცა ყოველთვის ჰქონდა სამკაულებზე მუშაობის სურვილი.
ირმა გოგლიძე: მთელი ჩემი ცხოვრება მაინტერესებდა ხელოვნება, თუმცა უფრო ხელოვნების სხვა მიმართულებას ვანიჭებდი უპირატესობას – ქანდაკებას, ფერწერას... პროფესიითაც ხელოვნებათმცოდნე ვარ. ხელოვნების ინსტიტუტში ვმუშაობდი, მაგრამ ქვეყანაში არეულობა რომ იყო და ყველაფერი გართულდა, 90-იანების პერიოდს ვგულისხმობ, სამსახურიდან წამოვედი და სხვადასხვა მხატვრის გამოფენების მოწყობა დავიწყე. მერე, რაღაც პერიოდი, პროფესიონალურად გაჩერებული ვიყავი. ქრისტინეს ვეხმარებოდი, ბავშვი რომ გაუჩნდა და საკუთარი საქმეებისთვის დრო აღარ მრჩებოდა. თავად ძალიან დაკავებული იყო – გადაღებები ჰქონდა და ბავშვს ჩემთან ტოვებდა. მართალია, ძიძა გვყავდა, მაგრამ ასე მარტოს ვერავის ვანდობდით. ტაისია გაიზარდა, 11 წლისაა. ახლა უკვე მოვიცალე საკუთარი თავისთვის და ეს საქმიანობა დავიწყე.
– რამდენი ხანია, რაც სამკაულების დიზაინს ქმნით?
– უკვე ერთი წელია. ამ სამკაულების პირველი პრეზენტაცია გასული წლის მაისში მქონდა. თუმცა, მანამდე სულ ვაკეთებდი ჩემთვის, დედასთვის, ჩემი დებისთვის – 4 და მყავს. ყოველთვის მიტაცებდა ეს საქმე. ჩემმა მეგობრებმაც იცოდნენ ამის შესახებ და მათი რჩევითა და თხოვნით სერიოზულად მოვკიდე ხელი. რამდენიმე მათგანი „მერიოტში“ არსებულ გალერეაში მუშაობს, სადაც თუკი რამე ძვირფასი შექმნილა ქართულ ხელოვნებაში, ყველაფერია გამოფენილი. ასევე ეწყობა საიუველირო გამოფენებიც. მეც იქ მქონდა პირველი პრეზენტაცია, რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა – ყველას მოეწონა. ამან სტიმული მომცა, რომ ეს საქმე გამეგრძელებინა. უკვე ორჯერ მქონდა პრეზენტაცია.
– პარიზის მოდის კვირეულზე ხართ მიწვეული, როდის გეგმავთ გამგზავრებას?
– პარიზის „ფეშენ-ვიქზე“ ვიყავი და ერთ-ერთი შოუ-რუმის მეპატრონემ მიმიწვია. წესით, მარტში უნდა წავსულიყავი, მაგრამ ვერ მოვახერხე – ბევრი რამ დაემთხვა. გადავწყვიტე, რომ ჯერ თბილისში ვანახო ფართო საზოგადოებას ჩემი ნამუშევრები ოქროში და მერე ვიფიქრო უცხოეთზე. ალბათ, შემოდგომისთვის გადავდებ პარიზის მოდის კვირეულზე კოლექციის გატანას. ახლახან ნიუ-იორკიდანაც დამიკავშირდნენ და მათაც გამოთქვეს თანამშრომლობის სურვილი.
– რა მასალისგან ამზადებთ სამკაულებს? როდის გეგმავთ გამოფენას?
– აქამდე ვერცხლში ვმუშაობდი, ახლა ოქროზე გადავედი. უფრო სერიოზული სახე მივეცი ამ საქმიანობას, თუმცა ვერცხლში ნამუშევრებიც ძალიან საინტერესოა. უბრალოდ, ოქრო მეტ ღირებულებას წარმოადგენს. ჩემი ინსპირაციის წყარო კი ქვა არის. ძალიან მდიდარია სამყარო ამ ქვებით – დედამიწაზე სასწაული სილამაზის ქვები არსებობს. ვიყენებ, როგორც ძვირფასს, ასევე, ნახევრად ძვირფას ბუნებრივ ქვებს. მაისის დასაწყისში ვფიქრობ პრეზენტაციის გაკეთებას და ვნახოთ.
– რითია გამორჩეული თქვენი სამკაულები და საზოგადოების რა ნაწილისთვისაა განკუთვნილი?
– ისეთი ძველებური სამკაულები გვაქვს, მათ დიზაინში რთულია რამე ახალი მოიგონო. განსხვავებული არის ის, რომ ვაკეთებ ჩემებურს, რაც მე მომწონს და რასაც თავად ვატარებ. თითოეული მათგანი მხოლოდ ჩემი გემოვნებითაა შექმნილი. როგორც ამბობენ, კარგი გემოვნება მაქვს (იცინის). რაც მთავარია, თითოეული სამკაული მხოლოდ ერთია და არ ვიმეორებ. ამასთან, არ ვტვირთავ ქვას. ჩემი აზრით, სილამაზე სისადავეშია. ჩემი სამკაული ყოველდღიური სატარებელია, მაგრამ ქვა იმდენად ლამაზი და ძვირფასია, საღამოს წვეულებაზეც თავისუფლად შეუძლია გაიკეთოს ადამიანმა.
– ქრისტინესაც აქვს თავისი ტანსაცმლის ხაზი, ეხმარებით ერთმანეთს?
– დიახ, აქვს ონალინ-მაღაზია „სამი“, რომელიც სამმა მეგობარმა დააარსა და ეს საქმე საკმაოდ წარმატებული გამოდგა. წარმოუდგენლად იაფია მათი პროდუქცია, ხანდახან ვეუბნები, ეტყობა, ქველმოქმედება გაქვთ-მეთქი. ჩვენ საერთოდ არ ვერევით ერთმანეთის საქმეში. იმდენი იდეა აქვს ქრისტინეს, დახმარება არ სჭირდება. მეც მარტო მირჩევნია მუშაობა – ჩემი ფანტაზიის ირგვლივ. სხვათა შორის, პარიზის „ფეშენ-ვიქზე“ მეცვა ქრისტინეს დიზაინით და სადაც შევდიოდი, ცნობილი ბრენდების შოურუმებში, ყველა მეკითხებოდა, ვაა, რა გაცვია? ამ დროს 120-ლარიანი მოსასხამი მეცვა (იცინის).
– როგორი ბავშვი იყო ქრისტინე?
– ქრისტინეს არ უყვარს, როცა მასზე ვლაპარაკობ, რადგან ძალიან უბრალო ადამიანია. არ აქვს დიდი წარმოდგენა საკუთარ თავზე. თურმე, ახლა თვლიან, რომ ბავშვს უნდა უთხრა, რა ლამაზი და ნიჭიერია. მე არ ვიყავი ასეთი. ყოველთვის მომწონდა ქრისტინე, დაბადებიდან ლამაზი და დამჯერი იყო. სიამოვნებას მგვრიდა მასთან ურთიერთობა, მაგრამ შვილის ქება, რაღაც უცხოა ჩემთვის. ერთხელ მისაყვედურა კიდეც, თუ ოდესმე შესახედი ვიქნებოდი, არც მეგონა, ისე მზრდიდიო (იცინის). თავისი მიკროსამყარო ჰქონდა. საბალეტო სკოლაში დადიოდა. თინეიჯერობისას დროის ძირითად ნაწილს სახლში ატარებდა. სიმღერა უყვარდა და კლუბშიც მაგიტომ მიდიოდა ხოლმე. დიდხანს გაუგრძელდა თოჯინებით თამაში. მგონი, ვიდრე თავისი ცოცხალი თოჯინა არ გაუჩნდა, იქამდე თამაშობდა (იცინის). ბავშვობიდან შრომისმოყვარე და მიზნადასახულია. ბევრი იშრომა, ჯერ მარტო ამ საბალეტო სკოლაში ჩადო უზარმაზარი შრომა.
– რატომ დაანება ბალეტს თავი?
– ქრისტინეს ძალიან კარგი მონაცემები ჰქონდა. 10 წლის ასაკში უკვე ქორეოგრაფიულ სასწავლებელში დადიოდა. პედაგოგებსაც მოსწონდათ და თვითონაც უყვარდა ეს საქმე. 13 წლის იყო, როცა მაროკოში გაემგზავრა სასწავლებლად და სწორედ იქ იტკინა ფეხი. ამ ტრავმის გამო, ვეღარ შეძლო პროფესიულ დონეზე ბალეტის გაგრძელება. მერე დაიწყო სიმღერა, რომელიც ბავშვობიდან უნდოდა. მე არ ვიყავი ამის მომხრე, თუმცა, საბოლოოდ, მაინც მან გაიტაცა, სიმღერას გაჰყვა, მასზე გადაერთო და მთელი ენერგია მასში ჩადო.
– რატომ არ გინდოდათ, რომ მომღერალი ყოფილიყო?
– უფრო სხვა გეგმები მქონდა, ჯერ მინდოდა, ცეკვას გაჰყოლოდა, თუმცა ეს ვერ მოხერხდა. სიმღერა რომ დაიწყო, ძალიან აქებდნენ პედაგოგები - რუსიკო ბახტაძე, მარინა ბერიძე. მარინას ისე მოსწონდა და უყვარდა, რომ ენერგიას არ იშურებდა – გამუდმებით ამეცადინებდა. მერე უკვე თავისი ხელფასიც ჰქონდა. იყო ასეთი პროექტი – „არტ იმედი“ და მასში ერთ-ერთი პირველები ქრისტინე და მერაბ სეფაშვილი იყვნენ. ძალიან პატარას, 16 წლისას, უკვე თავისი შემოსავალი ჰქონდა. მაშინ ეს უფრო იშვიათი იყო, ვიდრე დღეს. მიუხედავად მისი პოპულარობისა, არ მინდოდა, ქართულ შოუ-ბიზნესში ყოფილიყო.
– რატომ?
– უფრო სერიოზული კუთხით მინდოდა სიმღერაში წასულიყო. ამის პოტენციალიც ჰქონდა და შემოთავაზებებიც. საოპერო კუთხით ვურჩევდი გაეგრძელებინა, მაგრამ აქ ცოტა დაეზარა. 15 წლისას დათო ამირანაშვილი, მედეა ამირანაშვილის ძმა, ეუბნებოდა: თუ დამიჯერებ, 5 წელში მონსერატ კაბალიეს დავაყენებ შენგანო, მაგრამ ქრისტინემ იუარა – 5 წელიწადში რაღად მინდა რამეო (იცინის). არ მინდა, ქებად ჩამითვალონ, მართლა გულწრფელად ვამბობ, რაც იყო.
– როგორი ურთიერთობა გაქვთ?
– ძალიან მეგობრული ურთიერთობა გვაქვს-მეთქი, რომ გითხრათ, არა. ჩვენ შორის ყოველთვის არის დედაშვილური საზღვარი. ახლა დიდი გოგოა, თვითონაც დედაა და სიმკაცრე უკვე ზედმეტია, თუმცა, ჩემს აზრს ყოველთვის ვეუბნები. ხან მეთანხმება, ხან – არა, რომც არ დამეთანხმოს, ვიცი, რომ აუცილებლად გაითვალისწინებს.
– როგორი დედაა?
– 24 წლის იყო ტაისია, რომ დაიბადა. სიმართლე გითხრათ, არ ვიყავი მზად ბებიობისთვის და იმასაც კი ვამბობდი, რომ ბავშვს ხელში ვერ დავიჭერდი, მაგრამ ყველაფერი პირიქით მოხდა. სულ თავიდან ექთანსაც კი არ აკარებდა ბავშვს, თავად უკეთებდა ყველაფერს – მარჯვე და მოხერხებულია. მერე ამ პერიოდს კლიპის გადაღება დაემთხვა და ტაისია მე დამიტოვა. ამის შემდეგ ყველანაირად ვეხმარებოდი, ჩვენს ოქროს გოგონას მარტო ძიძას ვერ ვანდობდით (იცინის). ფეთიანი დედა არ არის, არც მე ვარ ეგეთი. ყოველთვის უნდა, რომ ტაისიას უფრო მეტი დრო დაუთმოს, მაგრამ ნორმის ფარგლებში აქვს ეს დროც გადანაწილებული – სულ სახლში ვერ დაჯდება. სხვათა შორის, ძალიან მეგობრობენ. მიუხედავად იმისა, რომ ტაისიას ძალიან ვუყვარვარ და მასზე დიდი ამაგი მაქვს, მეტ დროს მაინც დედასთან ატარებს. ადრე ერთად ვცხოვრობდით, ახლა ცაკლე გადავიდნენ. მე უფრო მკაცრი ვარ, სულ რაღაცებს ვთხოვ – ეს გააკეთე, ის ისწავლე, უსაქმოდ ერთი წუთი არ ვაჩერებ. ამიტომ ხანდახან ბავშვსაც უნდა, რომ მომცილდეს (იცინის).
– ქრისტინეს ბავშვობიდან ბევრი თაყვანისმცემელი ეყოლებოდა...
– კი, ჰყავდა. ვინც კარგი ბიჭი იყო, მგონი, ყველას ქრისტინე მოსწონდა. მერე ისე მოხდა, რომ ოჯახი შექმნა, თუმცა არ აეწყო და დასცილდნენ. თავიდან ვერ შევუშალე ხელი – სიყვარული იყო და უფლება არ მქონდა ამ ურთიერთობაში ჩავრეულიყავი. ოჯახი რომ ინგრევა, ამის მოხმრე არ ვარ, ამ საკითხს ცოტა ძველმოდურად ვუყურებ, მაგრამ რას ვიზამთ. მთავარი არის ტაისია, რომელსაც დედაც ძალიან უყვარს და მამაც.
– პირად ურთიერთობებზე გესაუბრებათ?
– ფრთხილობს, რადგან ძალიან კრიტიკული ვარ. რაც უფრო ახლობელია ადამიანი, მეტად შემტკივა გული მასზე და კიდევ მეტად კრიტიკული ვხდები. ხანდახან ქრისტინეს ისიც კი დაუმალავს, რაიმე გადაცემაში თუ ყოფილა, რადგან ჩემს კრიტიკას თავს არიდებს (იცინის). ისეთი არ ვარ, შენიანის ყველაფერი რომ უნდა მოგწონდეს. ყოველთვის ყველაფრის საქმის კურსში ვიყავი. თუმცა, დედა-შვილი ერთად „ტუსოვკებზე“ რომ დადიან, ასეთი ურთიერთობაც არ გვქონია. მსგავსი რამ არ მომწონს.