№16 როგორ გახდა ზაქარია ჭელიძე მიხეილ სააკაშვილის პირადი მიმტანი და რა ხდებოდა მის თვალწინ
ნინო კანდელაკი ეთო ხურციძე
34 წლის ფოტოგრაფის, ზაქარია ჭელიძის ობიექტივში ძალიან ბევრი ადამიანი მოხვდა, მათ შორის „ჰოლივუდის“ ვარსკვლავები: ანტონიო ბანდერასი, კიანუ რივზი, უილიამ დეფო, ედვარდ ნორტონი, მაილი საირუსი... მან წელიწად-ნახევარია, რაც საკუთარ თავს ფოტოგრაფი უწოდა, რადგან მისთვის თითოეულ სიტყვას დიდი მნიშვნელობა აქვს.
ზაქარია ჭელიძე: გურიიდან ვარ, ქალაქ ოზურგეთში დავიბადე. მეოთხე კლასამდე იქ ვსწავლობდი, მერე ქვეყანაში შიმშილობა და მთელი ამბები რომ დაიწყო, ჩემი მშობლები თბილისში წამოვიდნენ. მამა და დედა სამხედროები იყვნენ და ბოშურად ვცხოვრობდით. 12 წელი ვცეკვავდი და მინდოდა, ქორეოგრაფიას გავყოლოდი. ჩემი ოცნება იყო სამხატვრო აკადემიაში, ხელოვნებათმცოდნეობაზე ჩამებარებინა, თუმცა, ოჯახი არ დამთანხმდა. ამიტომ პასუხისმგებლობის გრძნობის გამო იურიდიულზე ვსწავლობდი.
– ოჯახი როგორ შეხვდა შენს გადაწყვეტილებას?
– ფინანსურად არ მქონდა ის მდგომარეობა, რომ ვიღაცას რაღაც გაეპროტესტებინა – ოჯახის რჩენის პასუხისმგებლობა პატარა ასაკში ავიღე საკუთარ თავზე. სოციალური სტატუსის აღების თაობაზეც იდგა საკითხი. მამაჩემს სიმსივნე ჰქონდა და ამის გამო სამსახურში შემცირებაში მოჰყვა. დედა არ მუშაობდა, მყავს ორი ძმა, მათ შორის უმცროსი ახლა 14 წლისაა. შუათანა ძმაც სტუდენტი იყო – სამხატვრო აკადემიაში სწავლობდა. იმდენმა პრობლემამ მოიყარა ერთად თავი, არჩევანი უნდა გამეკეთებინა. ამ გადასახედიდან, რომ გითხრათ, გული მწყდება-მეთქი – არა. მგონია, რომ ეს ჩემი გზაა, რომელსაც უნდა გავყოლოდი. როცა მამაჩემს დიაგნოზი დაუსვეს, ძალიან შემეშინდა. ეს ყველაფერი მე ვიცოდი, მამა ისე გარდაიცვალა, ამ დაავადებაზე ინფორმაცია არ ჰქონდა. ჩემი ხელფასი იმდენი არ იყო, რომ მის მკურნალობას გასწვდომოდა – ექიმი, როგორც ყასაბი ისე მელაპარაკებოდა: 10 000 დადე და ახლავე გავჭრი... ერთ დღესაც აივანზე ვიდექი და ვფიქრობდი, აი, ახლა გადავდგამ ფეხს, მაგრამ მერე უცებ გამიელვა – ეს რომ გავაკეთო, ამათ რა ეშველებათ. რაღაცნაირი სიძლიერე წამოვიდა ჩემში. ამაში ის ბავშვები დამეხმარნენ, რომლებთანაც ვმუშაობდი და მათი ისტორიები.
– რას საქმიანობდი?
– ძალიან დიდი ხანი მომსახურების სფეროში ვმუშაობდი. ასევე, ბავშვებთან – ძიძად. ეს ბავშვები შშმ პირები იყვნენ. მერე ორგანიზაციაში „ცხოვრების შანსი“ ვმუშაობდი, სადაც ბავშვთა სახლისა და სოციალურად დაუცველ ბავშვებთან მქონდა ურთიერთობა. ზოგადად, განსაკუთრებული კავშირი მაქვს ბავშვებთან და ცხოველებთან. სამუშაოდ პირველად გერმანიაში წავედი. ორი ბავშვის ძიძა ვიყავი – ერთი 4 წლის იყო და მეორე – წლის. თავიდან ვერ მივხვდი, როგორ უნდა გამომეცვალა პამპერსი, თან შევარდნაძის დროს უშუქობისა და უყველაფროის პერიოდში, პამპერსი პირველად გერმანიაში ვნახე (იცინის). პატარა ბავშვს სმენის პრობლემა ჰქონდა. მასთან ერთად დავდიოდი ბაღში და ვსწავლობდი ჟესტების ენაზე საუბარს. ღამე, რომ დაიძინებდა, ეს აპარატი უნდა მომეხსნა, ელემენტი არ უნდა დამრჩენოდა ჩართული, რადგან მერე მთელი დღე ვეღარაფერს გაიგონებდა და მოკლედ, დიდი პასუხისმგებლობა მეკისრებოდა. ურთულესი იყო, მაგრამ არის მეორე მხარეც. არასოდეს დამავიწყდება მისი პირველი ქოთანზე დაჯდომა, პირველი ნაბიჯები, პირველი სიტყვები და ასე შემდეგ. იქ ერთი წელი ვმუშაობდი, მერე საქართველოში დავბრუნდი და მიმტანად დავიწყე მუშაობა. ამის შემდეგ ვიყავი ბარმენი, ადმინისტრატორი და მენეჯერი. ეტიკეტის კურსი გერმანიაში გავიარე და ეს ბევრ რამეში დამეხმარა. ჩემი სტუმრები იყვნენ ელჩები, პოლიტიკოსები და მსგავსი საზოგადოების წარმომადგენლები. მათთან არასოდეს მიგრძნია თავი მიმტანად. ამ სისტემაში რვა წელი ვიმუშავე, ბოლო ერთი წელი მიშა სააკაშვილის პირადი მიმტანი ვიყავი.
– როგორი იყო მიხეილ სააკაშვილთან მუშაობა?
– საკუთარი დამოკიდებულება მაქვს იმ ადამიანებთან, რომლებიც ჩემი სტუმრები იყვნენ და მნიშვნელობა არ აქვს, ისინი ახლა არიან მთავრობაში თუ არა.
როცა ასეთი რანგის ხალხთან გიწევს მუშაობა, ეს ცოტა ინტელექტუალური ამბავია, მარტო მიიტანე-მოიტანე არაა. ერთადერთი, რაც შემიძლია ვთქვა მასზე, ის არის, რომ ძალიან უყვარდა ქართველები, რომლებიც უცხოეთში წარმატებას აღწევდნენ. ხშირად განიხილავდა ამ საკითხს და ცდილობდა, როგორმე ეს ხალხი საქართველოში ჩამოეყვანა. ჩემ თვალწინ მიდიოდა ყველა შეხვედრა პრეზიდენტებთან, მინისტრებთან, უცხოელებთან და ასე შემდეგ. დაკვირვებული ადამიანია და ცდილიბდა, გამოეცადე. თუ, თვლიდა, რომ შენს სფეროში მაგარი იყავი, აუცილებლად გაღიარებდა. მეც მაღიარა, თორემ მასთან არ ვიქნებოდი (იცინის). ბოლოს მივხვდი, რომ ეს სფერო დავხურე და სხვა რამეთი უნდა ჩამენაცვლებინა.
როცა ასეთი რანგის ხალხთან გიწევს მუშაობა, ეს ცოტა ინტელექტუალური ამბავია, მარტო მიიტანე-მოიტანე არაა. ერთადერთი, რაც შემიძლია ვთქვა მასზე, ის არის, რომ ძალიან უყვარდა ქართველები, რომლებიც უცხოეთში წარმატებას აღწევდნენ. ხშირად განიხილავდა ამ საკითხს და ცდილობდა, როგორმე ეს ხალხი საქართველოში ჩამოეყვანა. ჩემ თვალწინ მიდიოდა ყველა შეხვედრა პრეზიდენტებთან, მინისტრებთან, უცხოელებთან და ასე შემდეგ. დაკვირვებული ადამიანია და ცდილიბდა, გამოეცადე. თუ, თვლიდა, რომ შენს სფეროში მაგარი იყავი, აუცილებლად გაღიარებდა. მეც მაღიარა, თორემ მასთან არ ვიქნებოდი (იცინის). ბოლოს მივხვდი, რომ ეს სფერო დავხურე და სხვა რამეთი უნდა ჩამენაცვლებინა.
– ამიტომ დაიწყე ფოტოგრაფობა?
– ამ თემაზე საუბარი არ მიყვარს, რადგან ეს ჩემი სულის ნაწილია, ჩემი არჩევანია. ბევრი ინფორმაცია, სტრესი და ისტორია დაგროვდა ჩემს პიროვნებაში. შეიძლება, გიყვარდეს ბავშვები და გესმოდეს მათი პრობლემების, მაგრამ მერე ამას რაღაცნაირი გადინება უნდა მოუძებნო, თორემ პიროვნულად დაგანგრევს. შეუძლებელია, ამ ისტორიების მერე მშვიდად გეძინოს, მით უმეტეს, თუ მგრძნობიარე და ემოციური ადამიანი ხარ. კამერა სწორედ ამ ყველაფერმა ამაღებინა. ეს გახდა საშუალება, რომლის დახმარებითაც გავითიშებოდი ამ სამყაროდან და სხვა სამყაროში გადავერთვებოდი. ალბათ, წელიწად-ნახევრის უკან ვთქვი, რომ ფოტოგრაფი ვარ, რადგან ჩემთვის თითოეულ სიტყვას დიდი მნიშვნელობა აქვს. ფოტოგრაფობა არ მისწავლია. მისი სწავლა ცოტა რთული ამბავია, თვალი ან გაქვს, ან – არა.
– ამერიკაში რატომ წახვედი?
– აუტისტურ სპექტრზე მინდოდა მეტი გამეგო და მესწავლა. ყველა მეუბნებოდა, რომ ამ მხრივ, ამერიკას კარგი გამოცდილება ჰქონდა და სრულყოფილად შესწვლას იქ შევძლებდი. ჩემმა თანამშრომელმა მითხრა, რომ ამერიკაში იყო ქართველი ბავშვი, რომელსაც ეს დიაგნოზი ჰქონდა და ეძებდნენ ბიჭს, რომელიც მასთან იქნებოდა. მეც დავინტერესდი და წავედი. ბოლო 4 წელი ამ ბავშვთან ვმუშაობდი. როცა სკოლაში იყო, დასვენებისთვის თავისუფალი დრო მქონდა. თუმცა, არ მინდოდა, ეს მხოლოდ სკვერში დაჯდომა ყოფილიყო და კამერა კომუნიკაციისთვის კარგი საშუალება იყო. ბოლოს აღმოჩნდა ისე, რომ ჩემი კამერის დამსახურებით ძალიან ბევრ ადამიანთან მქონდა ურთიერთობა. თავიდან აკრო-იოგის სფეროში მოღვაწე ტრენერები გადავიღე, მერე გალერეებში გადავედი – პოპარტისტებს ვიღებდი. თან, გალერეების მეილ-ლისტში ვიყავი და ყველა სიახლე მომდიოდა. იყო შემთხვევა, როცა გალერეამ ჩემი ფოტო თავის გვერდზე გადაიტანა, რასაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ამის შემდეგ გავიცანი მოცეკვავეები და მერე, უკვე პაპარაცებთან მოვხვდი.
– როგორია პაპარაცობა? ვარსკვლავები როგორები არიან ურთიერთობაში?
– საოცარი შეგრძნებაა. ძალიან დიდი მოთმინებაა საჭირო – შეიძლება, საათბოთ ელოდო ადამიანს და მისი ნახვა მხოლოდ, 2-3 წუთით ან წამით შეძლო. თან ზამთრის პერიოდი დამემთხვა. ძალიან ციოდა, მაგრამ გაუნძრევლად ვიდექი ხოლმე. ხანდახან ისეც ხდება, რომ „ფანებთან“ შეხვედრას ვერ ახერხებენ, თუმცა ურთიერთობაში ძალიან ადამიანურები არიან. არც ერთი დიდი ადამიანისგან არ მიგრძნია, რომ შენ ვიღაც პატარა ხარ, პირიქით – ერთ დონეზეა ყველაფერი. ამ ყველაფერს საქართველოში უფრო ვგრძნობდი, ვიდრე იქ.
– „ჰოლივუდის“ რამდენი ვარსკვლავი გყავს გადაღებული და რომელიმესთან პირადი საუბარი თუ გქონია?
– დაახლოებით, 50 მყავს გადაღებული. პირველად უილიამ დეფო გადავიღე. სიგიჟემდე მიყვარს და ცხოვრებაში ვერც წარმოვიდგენდი, რომ მის ნახვას შევძლებდი. ეს არაფერ კავშირშია პაპარაცებთან, ერთ-ერთ ადგილზე ვიყავი და ჩაიარა ადამიანმა, რომლის სახე ძალიან მეცნო, ვერ მივხვდი, ვინ იყო. უცებ ვთქვი, ეს ისაა და გამოვეკიდე. შევხვდი და დავუწყე, რომ ვარ ქართველი და ასე შემდეგ (იცინის). მან ნინო ქათამაძეზე მიამბო – მის კონცერტზე ყოფილა ნამყოფი. ეს სახელები და გვარები ჩვენ ვიცით საქართველოში, ამერიკაში ახლა პოპულარულები არ არიან. მახსოვს, ანტონიო ბანდერასს მარტო ველოდებოდი. დანარჩენები „ტომ რაიდერის“ მთავარ პერსონაჟს უცდიდნენ. ანტონიო ბანდერასზე მეუბნებოდნენ – ეს ვინ არისო (იცინის). ანტონიო ბანდერასმა ჩემი ფოტო თავის ოფიციალურ გვერდზე დადო მადლობებით, მონიშვნებით და მთელი ამბებით. ეს ჩემთვის ძალიან მაგარი ამბავი იყო. კიანუ რივზს ორწელიწად-ნახევრის განმავლობაში დავდევდი (იცინის). ბლოგერებს და ყველას ვეცნობოდი, რომ გამეგო, სად ჩამოდიოდა. ბოლოს პაპარაცებისგან ყველაფერი ვიცოდი: რომელ სასტუმროში ჩერდებოდა, რომელ რესტორანში ჭამდა, საიდან სად გადაადგილდებოდა... ხშირად დავდიოდი ამ ადგილებში და ვამოწმებდი, მაგრამ ვერსად გადავაწყდი. ბოლოს გავიგე, რომ ნიუ-იორკში ფილმის გადაღება ჰქონდა, სადაც სამი დღე გაჩერდებოდა. ჩემდა გასახარად, ეს სამი დღე ორი კვირა გაგრძელდა, მაგრამ როცა ლოკაციაზე მივდიოდი, გადაღება უკვე დამთავრებული იყო ხოლმე. გადაღების ადგილებიც ხშირად იცვლებოდა. ორკვირიანი ძებნის შემდეგ, ერთ-ერთმა ფანმა დაწერა, მე მგონი, რომ მეორე დღესაც იგივე ლოკაციაზე იქნება გადაღებაო. ეს „მე მგონი“ ჩემთვის დიდი იმედის მომცემი იყო. ბავშვის მშობლებს ვთხოვე, რომ გავეთავისუფლებინე და იმ ადგილზე ყოველ ერთ საათში მივდიოდი. ვნერვიულობდი იმაზე, რომ ერთ კვირაში საქართველოში ვბრუნდებოდი და არ მინდოდა, მისი ფოტოს გარეშე წამოსვლა. ბოლოს ჩემი და კიანუ რივზის შეხვედრა ღამის ოთხ საათზე მოხდა (იცინის). 30 მეტრი ვიარეთ ერთად და როგორც გურული, არ გავჩერდი და მასაც საქართველოზე დავუწყე ლაპარაკი. მანქანაში რომ ჩაჯდა, ფანჯარა ჩამომიწია და მითხრა, რომ გადამეღო, თუმცა თავიდან წინააღმდეგი იყო.