№16 როდის ემართება ანომალიური გარდასახვები ნოდარიკო ხუციშვილს და რა მინიშნება გამოუგზავნა მას გარდაცვლილმა მამამ
ნინო კანდელაკი ნონა დათეშიძე
ნოდარიკო ხუციშვილი სცენაზე ერთი გამოჩენით გახდა პოპულარული, თუმცა ეს მისი მიზანი არ ყოფილა და ამაზე, არც კი უფიქრია. მანამდე ბევრმა ისიც კი არ იცოდა, რომ მომღერალ გიო ხუციშვილს უფროსი ვაჟი ჰყავდა და ეს, მხოლოდ მაშინ გაიგეს, როცა ის მამის გარდაცვალების შემდეგ დიდ სცენაზე დადგა.
– ამბობენ, როცა მშობელი იმქვეყნად მიდის, იმ წამს ხვდები, რომ ბავშვობა დასრულდა და იაზრებ, რომ უკვე დიდი ხარ. როცა მამა გარდაიცვალა, რა მოხდა შენში?
– გიოს გარდაცვალების მერე, გამიმძაფრდა ის გრძნობა, რომ საყვარელი ადამიანი ჩემ გვერდით აღარ იყო. არასოდეს მქონია სერიოზული კონფლიქტი მასთან, მამაშვილური დამოკიდებულება მქონდა და არასდროს ცდილობდა ჩემს შეცვლას. მისი წასვლა ყველაფერში დამაკლდა, თუნდაც რჩევა რომ ვკითხო.
– მამას ვიზუალურად და მუსიკალური მონაცემებით რომ ჰგავხარ, ეს ფაქტია. ხასიათით თუ დაემსგავსე მას?
– კი, ამბობენ ფიზიკურად მამას ჰგავხარო, მაგრამ დედასა და მის გარდაცვლილ ძმას, ანუ ბიძაჩემსაც ვგავარ. თუმცა, უფრო მამის იერი მაქვს და მასავით ის ხასიათი, რომ ერთ ადგილას ვერ ვჩერდები. მუსიკალური ნიჭიც მხოლოდ მამისგან არ დამყვა, დედის მხარეც კარგად მღეროდა. სხვათა შორის, მჯერა, რომ ადამიანის გარდაცვალების მერე, მისი ენერგეტიკა დედამიწაზე რჩება და რაღაც ფორმით, ჩვენ გვერდითაა. „მხოლოდ ქართულის“ ქასთინგზე ინოლა გურგულიას სიმღერა – „სიზმარი“ ავარჩიე. იმ დღეებში წავედი ჩემს ნათლიასთან, მამაჩემის მეგობართან. მან არ იცოდა რა სიმღერა ავარჩიე და მითხრა: დამესიზმრა, გიო და „თავგასა“, სუფრასთან ისხდნენ და „სიზმარს“ მღეროდნენო. შეიძლება, ეს დამთხვევა იყო, მაგრამ მე უფრო მინიშნება მგონია.
– ოდესმე თუ გამოგიყენებია მამის ცნობადობა?
– კი, როგორ არა (იცინის). მეგობრებთან ერთად რომ მინდოდა კლუბში შესვლა, გიოს სახელი „ჭრიდა“. მინდა გითხრათ, რომ მამის პუპულარობას არასდროს შევუწუხებივარ. გიოს ცნობადობა ჩემთვის წნეხი არ იყო. შეცდომა თუ დამიშვია, იმის გამო კი არ მრცხვენოდა, რომ გიოს შვილი ვიყავი, უბრალოდ, ჩემი პიროვნებიდან გამომდინარე. რაც გიო გარდაიცვალა, ვხვდები, სხვანაირად გვერდით დგომა მჭირდება და ზუკასთან, ჩემს ძმასთან ურთიერთობა უფრო დასაყრდენი გახდა. გამიმართლა, რადგან ცხოვრებაში ბევრი სირთულეც გადავლახე და ოჯახის წევრები და მეგობრები სულ გვერდით მედგნენ. ასე რომ, ჩემი იღბლის გაძლიერებაში, ჩემმა ოჯახმა დიდი როლი ითამაშა, გენეტიკურად იღბლიანი აღმოვჩნდი. ბევრჯერ იდგა რთული პერიოდი ჩემს ცხოვრებაში, თუმცა დეპრესიაში არ ჩავვარდნილვარ და პირიქით, უფრო აქტიური გავხდი.
– ამბობ, ბავშვობიდან კარგად ვმღეროდი და ეს ნიჭი გენეტიკურად, ორივე მხრიდან დამყვაო. თუმცა, დიდ სცენაზე 35 წლის ასაკში დადექი და მაშინ გაგიცნო საზოგადოებამ. მანამდე, ამის სურვილი არ გქონდა?
– ამ კონკურსზე ნამდვილად არ გავსულვარ იმისთვის, რომ ტელევიზიით გამოვჩენილიყავი და პოპულარული გავმხდარიყავი. მიზანი იყო, გამოცდილება მიმეღო და მუსიკალურად წინ წავსულიყავი. ამ პროექტით გზები გამეხსნა, დაინტერესება წამოვიდა და დღეს, „რუსთავი 2-ის“ გადაცემის, „სხვა შუაღამის“ წამყვანიც გავხდი. ბევრი მეუბნება, კარგად გამოგდისო. ეს არ ვიცი, მაგრამ ერთი რამ ზუსტად ვიცი – არ ვარ შებოჭილი.
– ცნობადობა არ მინდოდაო, არადა, ერთი გამოჩენით გახდი პოპულარული.
– ასე გამოვიდა. ფართო საზოგადოებაში და ტელევიზიით რომ არ ვჩანდი, ბევრმა არც კი იცოდა, რომ გიო ხუციშვილის შვილი ვიყავი და ამ პროექტიდან გამიცნეს. ზოგმა, ისიც კი თქვა, გიოს გამო გაიყვანესო, მაგრამ ეს რომ მდომოდა, 35 წლამდე გამოვიყენებდი ამ შანსს. ახლაც, მხოლოდ სცენაზე დგომას არ ვაპირებ, სპეციალობით მარკეტოლოგი ვარ, კომპანიებში გიდად ვმუშაობდი, ახლა კი ჩემით ჩამომყავს ტურისტები უცხო ქვეყნებიდან და საქართველოს ვაცნობ. ადამიანებთან კომუნიკაციის ნიჭითაც მამას ვგავარ. სხვათა შორის, ვინც არ მიცნობს, ერთი შეხედვით, მშვიდი ადამიანი ვგონივარ, თუმცა, ფეთქებადი ვარ. დიდხანს შემიძლია მოთმენა და მერე ჩემში ანომალიური გარდასახვა ხდება და „ვფეთქდები“. რამეს კი არ ვლეწავ და ვინმეს კი არ ვცემ, ხმას ვუწევ (იცინის).
– ალბათ, ბევრი გოგონა ცდილობს შენთან დაახლოებას და გეპრანჭება. უცნაური თაყვანისმცემლები თუ გყავს?
– ბევრი გოგონა მეხმიანება სოციალურ ქსელში და ზოგი, ისეთ უცნაურ რაღაცებს მწერს, არც კი ვიცი, რა ვუპასუხო. მაგალითად, ფოტოს მიგზავნის და მეკითხება, რას შეცვლიდი ჩემს გარეგნობაშიო ან კაბის ფოტოს მანახვებს და მეუბნება, მომიხდებაო? (იცინის).
– ამბობენ, რომ საპირისპირო სქესთან „გახსნა“ გიჭირს და მაინცადამაინც, არც რომანტიკული ხარ. ეს სიმართლეა?
– ტყუილია! გახსნა არავისთან მიჭირს, არც საპირისპირო სქესთან და საკმაოდ რომანტიკულიც ვარ. ვინც კარგად მიცნობს, ამაში დამეთანხმება. ბავშვობიდან იმდენად რომანტიკული ვარ, მეგობრებისთვის, ჩემი დისთვის, ეს თემა დასაცინიც კია (იცინის). თუმცა, ეს იმდენად ინტიმურია, არ მიყვარს ამაზე საუბარი. ყველაფრის მოყოლა არ მიმაჩნია მართებულად. რამეს კი არ ვმალავ? უბრალოდ, ვთვლი, რომ ყველამ არ უნდა იცოდეს ის, რაც მხოლოდ მე მეხება.
– როცა ცნობადი ადამიანი ხარ და აინტერესებთ შენი პირადი?
– კიდევ ვამბობ, არაფერს ვმალავ. ათასი შეცდომა დამიშვია პირადში, ვნანობ კიდეც, უბრალოდ, არ ვფიქრობ ამაზე. ცუდია, როცა ადამიანს გულს სტკენ, მაგრამ ხანდახან ასეც ხდება. როცა ძვირფას ადამიანთან ყოველდღიური ურთიერთობა გაქვს, გამორიცხულია, შეცდომა არ დაუშვა, ოღონდ, ამაში ღალატს არ ვგულისხმობ.
– ორ თვეში დაგენგრა ოჯახი, მომღერალ ელენე კალანდაძესთან. ამის მიზეზი, შენი მხრიდან ღალატი არ იყო?
– ჩემი ოჯახი ღალატის გამო ნამდვილად არ დანგრეულა. უბრალოდ, მივხვდით, რომ სხვადასხვა პლანეტიდან ვიყავით, ვერ შევეწყვეთ და თანაცხოვრება არ გამოვიდა. მე არ ვამბობ, რომ შეცდომა არ დავუშვი, მაგრამ ნამდვილად არ მიღალატია. ბუნებით მოღალატე არ ვარ და ძვირფას ადამიანს ვერ ვუღალატებ, თუმცა, ადამიანი არაფრისგან ხარ დაზღვეული.
– ეჭვიანი თუ ხარ?
– ვერ ვიტყვი „ჩაკეტილი“ მაქვს ეგ მხარე და ეჭვიანი არ ვარ-მეთქი. როგორც ყველა, მეც ზომიერად ეჭვიანი ვარ.
– დღეს რა ხდება შენს პირად ცხოვრებში?
– დღეს ჩემს პირად ცხოვრებაში არაფერი ხდება. ყველა ამას მეკითხება, მაგრამ სიყვარული თავისით უნდა მოვიდეს და ძალდატანებით ვერ მოვიყვან (იცინის).