№16 მაზლის აღვირახსნილობის გამო ქმარმა ჩემზე ეჭვიანობა დაიწყო
მშვიდი და წყნარი ოჯახი მქონდა. პრობლემები, გაუგებრობები და კამათი ყველა ოჯახშია, მაგრამ მე და ჩემი ქმარი ისე ვაგვარებდით ყველაფერს, არავის ვრევდით. ჩვენს შორის სერიოზულად მაშინ დაიძაბა ურთიერთობა, როცა ჩემი მაზლი შემოგვისახლდა. ვალების გამო გაყიდა ბინა და ჩვენთან ისე გადმოსახლდა, არც კი უკითხავს, გვინდოდა თუ არა მასთან ერთად ცხოვრება. ბინა, სადაც მე და ჩემი ქმარი ვართ, მამამთილმა დაგვიტოვა, ჩემს მაზლს კი, ახალაშენებულ კორპუსში უყიდა. მან კი ცხოვრება აღვირახსნილ ქალებს გადააყოლა, ვალები დაიდო, მერე საცხოვრებელი გაყიდა, ჩვენთან გადმოვიდა და ურცხვად გვითხრა: მე ამ ბინაში გავიზარდე, მამაჩემისაა და წილი მეც მეკუთვნისო. მოკლედ, სხვა გზა არ გვქონდა, ქუჩაში ხომ არ დავტოვებდით და დავიწყეთ ერთად ცხოვრება. ყოველ საღამოს ჩემს ქმარს ისეთ ისტორიებს უყვებოდა ქალებზე, კაცი ჭკუიდან გადაიყვანა. სულ იმას ეუბნებოდა: სულაც არ არის რთული გათხოვილი ქალის „შებმა“ და საწოლში ჩაგორება, მთავარია სითბო დაანახო და საჩუქარი და რესტორანი არ მოაკლოო. თან, გადმომხედავდა და აყოლებდა: ქალი რომ იპრანჭება, ეს იმას ნიშნავს, უნდა კაცის ყურადღება მიიპყროსო. არადა, ისეთი სამსახური მაქვს, სულ ფორმაში უნდა ვიყო. მეც მიყვარს გაპრანჭვა და ლამაზად ჩაცმა, თუმცა ამის გამო ქმართან არასდროს მქონია პრობლემა, არც სხვა კაცისკენ გამიხედავს და არც უეჭვიანია. მაგრამ მისი ძმის ისტორიების მერე, ეჭვიანობა და კონტროლი დაიწყო. ყოველ დილით, როცა სამსახურში წასასვლელად ვემზადები, მაკვირდება, თვალს არ მაცილებს, მითითებებს მაძლევს და მეუბნება: ბოლო დროს ზედმეტად დაიწყე პრანჭვა და რა ხდებაო. ვხვდები, რომ ჩემი მაზლის გავლენაა და რა უნდა ვუთხრა? დღის განმავლობაში ათასჯერ მირეკავს, მეკითხება ვის გვერდით ხარ, რას აკეთებო. მოკლედ, ჩემი მაზლის აღვირახსნილმა ცხოვრებამ, იმდენი ქნა, ჩემს ქმარსაც აურია თავგზა და უაზრო ეჭვიანობა დააწყებინა. საქმე იქამდე მიდის, რომ ვფიქრობ, მეტს ვეღარ გავუძლებ. ამას წინათ, საღამოს, ტელევიზორის საყურებლად რომ დავჯექით, ჩემმა მაზლმა ისევ დაიწყო თავისი ამბების მოყოლა და მკაცრად ვუთხარი: ხომ ხედავ, შენი ძმა ამ ამბებზე ცუდად რეაგირებს, ჩემზე დაიწყო ეჭვიანობა და ურთიერთობა გაგვიფუჭდა. არ შეიძლება, შენი ამაზრზენი ინტიმური ამბები, შენთვის შეინახო-მეთქი. ამაზე სულ გადაირია ჩემი ქმარი, წამოხტა და ყვირილი დამიწყო: შენ თუ პატიოსანი ქალი ხარ და არაფერს მალავ, რატომ მოგხვდა გულზე ამის მონაყოლიო. სამი დღე არ ველაპარაკებოდი. მერე მიხვდა, რომ ზედმეტი მოუვიდა და შემირიგდა. მაგრამ, თუ ახალი ტანსაცმლის ან ფეხსაცმლის ყიდვას ვთხოვ, სულ ჭკუიდან იშლება. მეუბნება: ადრეც იპრანჭებოდი, მაგრამ ახლა ნამეტანი მოგდის, ამდენი ჩასაცმელ-ფეხსაცმელი გაქვს და ის ჩაიცვიო. დაქალებთან წასვლაზეც მკაცრად რეაგირებს და მეუბნება, აქ მოვიდნენ თუ საჭორაო გაქვთ. არ არის აუცილებელი, კაფეში ფეხი-ფეხზე დაგაიდოთ და სხვების ყურადღება მიიქციოთო. ფაქტია, ჩემი მაზლი არ აპირებს ჩვენგან წასვლას, თავს კარგად გრძნობს, არც საჭმელი აკლია, არც სისუფთვე და არც გადასახდელებზე დარდობს. მე კი ქმართან ურთიერთობა გამიფუჭა, ამირია დაწყობილი ცხოვრება და ასეთ ეჭვიანობასა და უაზრო კონტროლში არ ვიცი, ჩვენი ოჯახური თანაცხოვრება როგორ წარიმართება.
თათია, 32 წლის.