№16 კითხვა-პასუხი
კითხვა: ვარ 32 წლის, ქალი. ცხვირის მიდამოში, კანზე მაქვს ღია და დიდი ზომის ფორები და რას მირჩევთ მის მოსაშორებლად და ამ პრობლემისგან თავის დასახსნელად?
პასუხი: ღრმა ფორმების პრობლემა ბევრ ქალს აწუხებს, განსაკუთრებით, მათ, ვისაც ცხიმიანი კანი აქვს. თუმცა, ამ პრობლემის გადაწყვეტა მარტივად შეგიძლიათ. ღრმა ფორები სახის მიდამოებში, ძირითადად, ცხვირზე და მის გარშემო შეინიშნება. ამ უსიამოვნო პრობლემის მოსაგვარებლად დაგჭირდებათ: ნახევარი ჩაის კოვზი ჟელატინი, 1 ჩაის კოვზი რძე და 1 აბი აქტივირებული ნახშირი. ნიღაბი ასე უნდა მოამზადოთ: დააქუცმაცეთ ნახშირის აბი და შეურიეთ ჟელატინი. შემდეგ, დაამატეთ რძე. კარგად აურიეთ, ისე, რომ ერთგვაროვანი მასა მიიღოთ. გამზადებული ნიღაბი შედგით მიკროტალღურ ღუმელში 15 წამით და როგორც კი მიკროტალღური ღუმელიდან გამოიღებთ, ოდნავ შეაგრილეთ და ფუნჯით სუფთა კანზე გადაინაწილეთ. ჯერ ფორების ადგილებში კარგად შეიზილეთ, ხოლო შემდეგ, სახის სხვა ადგილებზე. დაელოდეთ ნიღბის სრულად გაშრობას და დაახლოებით, 10-15 წუთის შემდეგ, ჩამოიბანეთ. სასურველია, ფორების შესამცირებელი ნიღაბი შხაპის მიღების შემდეგ გაიკეთოთ, რადგან ამ დროს სახის კანი კარგად არის დარბილებული. ნიღბის მოშორების შემდეგ კი სახეზე მკვებავი კრემი გადაისვით.
მოამზადა
ანი რევიამ