კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№16 სიყვარულის მავნე შედეგები

ნინო კანდელაკი ნინო წულუკიძე

გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ #14-15(954)


მარიკა სამზარეულოში ჭურჭელს რეცხავდა, ტელეფონმა რომ დარეკა. ისე ხმამაღლა და ისე მომაბეზრებლად რეკავდა, რომ ტელევიზორის წინ მყუდროდ მოკალათებული მარიკას ქმარიც შეაწუხა. უკმაყოფილოდ შეიჭმუხნა და ცოლს გასძახა:
– გამოხედე რა, ამ ტელეფონს, ტვინი წაიღო. შენი რომელიმე დაქალი იქნება. ვერ ხვდება, რომ არ გცალია!
მარიკა სამზარეულოდან მორბოდა, თან წინსაფარზე იმშრალებდა ხელებს.
– რა მოხდებოდა, რომ გეპასუხა. იქნებ, ვინ რეკავს.
კაცმა ხელი აიქნია – ნეტავი ერთი შენცო და ისევ ტელევიზორს მიუბრუნდა. მარიკა შეჩვეული იყო ქმრისგან ასეთ „ტკბილ“ რეპლიკებს. არაფერი შეიმჩნია, ტელეფონი აიღო და გამოტოვებული ზარი მოძებნა. ლიზა იყო, საათს შეხედა, დარწმუნდა, უკვე საკმაოდ გვიან რომ ურეკავდა დაქალი. ეს რომ ანანო ან მაშო ყოფილიყო, არ გაუკვირდებოდა. ლიზას კი ასეთ დროს, ჩვეულებრივ,  ეძინა ხოლმე. ტელეფონი სამზარეულოში გაიტანა და დარეკა.
– ლიზა, რა ხდება, ხომ მშვიდობაა?
– ოჰ, რადგან მიპასუხე... ვიფიქრე, დაიძინა-მეთქი.
– როდის იყო ამ დროს ვიძინებდი. ჭურჭელს ვრეცხავდი და ზარის ხმა ვერ გავიგონე.
– ოჰ, მარიკა... შენ როცა გისმენ, გათხოვება მარტო ჭურჭლის რეცხვა მგონია.
– მაგის სათქმელად მირეკავდი? ამოიოხრა მარიკამ.
– არა, რა თქმა უნდა. პრობლემა გვაქვს. ჩაიცვი, ოც წუთში გამოგივლი, ანანოსთან უნდა ავიდეთ.
– რა მოხდა? – შეშფოთდა მარიკა, – გოგო, ძალიან გვიანია და გიოს რა ვუთხრა, სად მივდივარ-მეთქი?
– ვაიმე, გამაგიჟებ მე შენ! სადაც მიდიხარ, ის უთხარი. საყვარელს ხომ არ ხვდები?
– შენთვის ადვილია. სამი ბავშვი დავუტოვო და გამოვიდე? გადაირევა.
– ჯერ ერთი, ბავშვებს ახლა უნდა ეძინოთ და მეორეც – მაგის შვილები არ არიან? მოკლედ, გადაეცი...
– მითხარი მაინც, რა ხდება. ანანოს სჭირს რამე?
– სავარაუდოდ სჭირს. ნახევარი საათის წინ დამირეკა, ისტერიკაში იყო.
– ვაიმე, მუცელი ხომ არ მოეშალა?
– მუცელი რომ მოშლოდა, საავადმყოფოდან დარეკავდა. სახლშია. გავერკვევით ადგილზე.
კაცმა გაოცებით შეხედა წასასვლელად გამოწყობილ ცოლს, – შენ რა, სადმე აპირებ წასვლას?
– ჰო. ლიზა გამომივლის და ანანოსთან უნდა ავიდეთ.
– აჰა, ანუ უკვე შუაღამითაც დადიხარ გამოძახებებზე? იცი, რომელი საათია?
– გიო, ისე ლაპარაკობ, თითქოს სახლში სულ არ ვიყო და მთელ დღეს ჩემს მეგობრებთან ვატარებდე. დავჭირდი ადამიანს და რა ვქნა, ქმარი არ მიშვებს-მეთქი, ვუთხრა?
– ქმარი რა შუაშია, შენ თვითონ როგორ მიდიხარ? ბავშვებს ვის უტოვებ?
– შენ ხომ ხარ? სძინავთ თან. მალე მოვალ.
– ვიცი, შენი მალე მოსვლა. ამჯერად რა დაემართა ანანოს?
მარიკა ცოტა შეყოყმანდა. სათქმელს წონიდა.
– ფეხმძიმედ არის.
– ოჰო, ყოჩაღ მაგას! მოახერხა გათხოვება? მე რატომ არ მითხარი?
– რა უნდა მეთქვა? ორსულობის ამბავი ერთი თვის წინ გავიგე. არ ამბობდა. გათხოვებაზე კი რა ვთქვა, არ გათხოვილა.
– აბა, ისე აჩენს? გაგიჟდა? იმ ერთს ძლივს უვლის და მეორეს იმატებს? შენი ყველა დაქალი ცოტათი შერყეული რატომ არის?
– გიო, გეყოფა, არც შენი ძმაკაცები არიან დალაგებულები, – გაწყრა მარიკა.
კაცს გაეღიმა.
– ჰო, კარგი. ნუ ბრაზობ. ჩემი ძმაკაცები შვილებს მაინც არ აჩენენ ცოლების გარეშე. მორჩა, ვიხუმრე. მეტს აღარ ვიზამ. ოღონდ, ნუ იბღვირები და ბავშვებს დავიტოვებ. მაგრამ შენ რომ იცი ხოლმე, ისე არ ქნა. გათენებამდე იქ არ დაჯდე. მანქანა წაიყვანე.
– არ მინდა მანქანა-მეთქი, ხომ გითხარი, ლიზა გამომივლის. აი, რეკავს, მგონი, მოვიდა კიდეც.
გიომ ხელი ჩაიქნია და ამოიოხრა.
***
– შეიძლება, ქალები არც ისეთი ჭკვიანები ვიყოთ, მაგრამ კაცების მართვა მაინც შეგვიძლია – თუკი მოვინდომებთ, რა თქმა უნდა, – დიკომ ყავა მოსვა და მაშოს ამაყად გადახედა, რომელიც აცრემლებულ ანანოს ადგა თავზე წყლით სავსე ჭიქით.
– დიკო, რა დროს ეგ არის. ვერ ხედავ, რა დღეშია? – უსაყვედურა მაშომ, – მეშინია, ცუდად არ გახდეს. ხმასაც არ იღებს.
– არაფერი მოუვა. უარესს ვეღარაფერს გაიგებს, არა, მაინც, რა ჭკუაში მოუვიდა, რომ აიღო ტელეფონი და იმ კაცს დაურეკა, თანაც მისი ცოლის თანდასწრებით. პროვოკაციაზე ისე წამოეგო, ვერც მიხვდა.
– რომელ პროვოკაციაზე ლაპარაკობ, – ლამის წამოხტა ანანო. აქამდე რომ ჩუმად იჯდა და მხოლოდ ცრემლებს იწმენდდა.
– აბა, დავმშვიდდით! – შეშფოთდა მარიკა, იქნებ, მეც ამიხსნათ, რა მოხდა.
– მე მოგიყვები, ოღონდ, არ გაგიჟდე. გეფიცები, ძლივს დავიჯერე, – წამწამები დაახამხამა დიკომ. ანანო ისევ დაჯდა და ასლუკუნდა.
– მოკლედ, ამ ქალბატონმა გადაწყვიტა, ბოლომდე გამოექექა ყველაფერი. ჩვენ არც გვითხრა, ისე მისწერა იმის ყოფილ ცოლს „ფეისბუქში“ მესიჯი და შეხვედრა დაუნიშნა. სამწუხაროდ, ყოფილი ცოლი მოქმედი აღმოჩნდა და მოხდა, რაც არ უნდა მომხდარიყო.
– რა? – მარიკას თვალები გაუფართოვდა, – აი, ხომ ვამბობდი, ვხვდებოდი... ნაძირალა! ეგ შენ სულ გატყუებდა. ახლა რა იქნება?
– მოიცა, ბოლომდე ყველაფერი არ გითქვამს, – გააპროტესტა მაშომ.
– იქნებ, აჯობებს, თავად ანანომ მოყვეს, –  თქვა ლიზამ, – დიკო ისეთ ინტერპრეტაციას უკეთებს, საერთოდ დავიბენი, ანუ, ანანო იმ ტიპის ცოლს შეხვდა? იმ რეზოსას? კი მაგრამ, რანაირად?
– ვაიმე, რა ვერ გაიგე? – აღშფოთდა დიკო, – ამან მისწერა, იმან პაემანი დაუნიშნა და რა აღმოჩნდა? კაცს ორი ცოლი ჰყავს – ეს და ის. ოფიციალურად ის და ისიც ორსულადაა, თან საყვარელი ქმრისგან დაორსულდა. ღმერთო, სერიალია, ჩვეულებრივი არგენტინული სერიალი.
– ვაიმე, შოკში ვარ! – ხელები გაასავსავა მაშომ, – ანუ ორივეს ატყუებდა, ცოლს არასოდეს გაშორებია?
– არც უფიქრია, – სიტყვა ჩაურთო დიკომ, – დეგენერატი. მოიწყო ბიჭმა ცხოვრება: იქით – ცოლი, აქეთ – შეყვარებული, იქით – სამი შვილი, აქეთ – ორსული საყვარელი... უნდოდა პრობლემები?! არა. ჰოდა, მალავდა ცოლისგან, როგორც შეეძლო. მაგრამ არ გაუვიდა. უმადური გამოდგა ცოლიც და საყვარელიც. არ შეარჩინეს ბიჭს ერთი „გაშრიალება“.
– მოიცა, მე რაღაც ვერ გავიგე, – ამოიოხრა მარიკამ, – უფრო გასაგებად ვერ იტყვით?
ანანომ ხელისგულებით მოიწმინდა ცრემლით სველი სახე და გოგოებს მიუბრუნდა. თავდაპირველად მარიკას მიმართა:
– მაინც, რა ვერ გაიგე. ფეხმძიმედ ვარ კაცისგან, რომელსაც ცოლის მიტოვება არც კი უფიქრია. იცი, როგორ მიყურებდა? მე რომ იქ არ ვყოფილიყავი, იტყოდა, ბავშვი ჩემი არ არისო.
– მოიცა, იმას რაღა უნდოდა იქ? შეხვდით ერთმანეთს და ცოლი წამოგადგათ თავზე?
დიკომ დაუსტვინა და ხელები გაშალა.
– ამან მართლა ვერაფერი გაიგო. აი, რას ნიშნავს ქმარი და სამი შვილი. რეალობას ხარ მოწყვეტილი. გოგო, ჯერ ქალები შეხვდნენ, მერე ამან, იმის ცოლის თხოვნით, დაურეკა ვაჟბატონს. ისიც მივიდა და პირდაპირ ლომის ხახაში აღმოჩნდა.
– ახლა უკვე მივხვდი, – მარიკამ ანანოს შეხედა, – შენ მოგიკვდი, რა დღეში იქნებოდი, რას გადაიტანდი... ნაძირალა, უსირცხვილო, მატყუარა, უტიფარი! რაო, რა ბრძანა?
– ანანოს თვალები ისევ ცრემლით აევსო.
– აღარ იტირო, თორემ გავგიჟდები, – აღშფოთდა მაშო, – რა გახდა, ბოლოს და ბოლოს, ეს კაცი. საერთოდ რაში გჭირდება.
– რას ნიშნავს, რაში სჭირდება? ბავშვს ელოდება მისგან, – მაშინვე გამოეპასუხა ლიზა, – არაა ეს ამბავი მარტივად მოსანელებელი.
– რა თქვა? – მარიკას გულწრფელად აინტერესებდა მთელი ისტორია. აუ, რას არ მივცემდი, მისი სახე რომ დამენახა.
– იდგა და გაშტერებული გვიყურებდა. თვალებსაც არ უჯერებდა, მგონი. ცოლმა ჰკითხა...
– უსირცხვილო! – წამოიძახა მაშომ.
– მოიცა, ცოლს რას ერჩი, არც ეგ არის უკეთეს დღეში, – მხრები აიჩეჩა ლიზამ.
– ჰო? სწორედ ეგეთი უპრინციპო, უთავმოყვარეო ცოლების ბრალია მათი ქმრების თავგასულობა. გამაოგნებელი ამბავია, რისთვის სჭირდებათ ასეთი კაცები მით უფრო, ქმრებად. საკუთარი თავები არ უყვართ. მერე უნდათ, ქმრებს უყვარდეთ. გააღე კარი და გააგდე. მარიკამ საყვედურით შეხედა.
– ორი შვილი რომ გყავს და მესამესაც ელოდები, ასე ადვილი არ არის, გააღო კარი და გააგდო.
– აჰა, გამოხტა კიდევ ერთი უპრინციპო. დარწმუნებული ვარ,  გიომ რომ გიღალატოს, აპატიებ.
– ახლა ავდგები და წავალ, – აღშფოთდა მარიკა, – რას გადამეკიდე. ჩემზეა ახლა საუბარი? ჩემსა და გიოს ურთიერთობაზე? სხვათა შორის, ბავშვები გიომ დაიტოვა, აქ რომ წამოვსულიყავი.
– ოჰო, რაღა გვიჭირს. გამოგვადგა სიძე, – ჩაიცინა დიკომ და დაქალის სახეს რომ შეხედა, შემრიგებლურად გაიცინა. კარგი. დავუბრუნდეთ ჩვენს მთავარ პრობლემას. ანანო, იქნებ გვითხრა. რას აპირებ.
– რაღას უნდა ვაპირებდე. ყველაფერი ისედაც ნათელია. ალბათ, ცოტა ადრე უნდა მექნა ეს ყველაფერი. მორჩა, ჩემი ცხოვრებიდან უკვე წავშალე. ეს ბავშვიც მარტო ჩემია, მარტო გავაჩენ და მარტო გავზრდი.
– ფიქრობ, ცოლმა აპატია? – გულუბრყვილოდ იკითხა მაშომ.
– აღარ მაინტერესებს, გესმის? არა. მორჩა! – იყვირა ანანომ. მისი სახელიც არ ახსენოთ ჩემთან. უნდა აპატიოს, უნდა – არა. დამთავრდა ეს ყველაფერი და აღარ გამახსენოთ.
– ნეტავი თუ ფიქრობ, როგორ უნდა გაზარდო ეგ შვილი... ან სოფოს როგორ უნდა მიხედო. რით აპირებ ცხოვრებას? ახალდაბადებულ ბავშვს რამდენი ფული უნდა, იცი მაინც?
– ასე ნუ მელაპარაკები, მაშო. როგორმე მივხედავ თავს. არ დავიკარგები. მაგისნაირები გადამიტანია? – ანანომ მუცელზე დაიდო ხელი, – ჩემი შვილია, არ მინდოდა, ასე მომხდარიყო, მაგრამ რადგან მოხდა...
დიკომ ამოიოხრა და ჭერისკენ ააპყრო თვალები.
– ღმერთო, არც კი ვიცი, რა ვთქვა. გოგო, როდემდე უნდა იფრინო ღრუბლებში. დაეშვი დედამიწაზე და ხვალინდელ დღეზე იფიქრე.
– იცი, მე რა მაწუხებს? – თქვა ანანომ ცრემლნარევი ხმით, – უსიყვარულოდ როგორ უნდა ვიცხოვრო. განადგურებული ვარ. ყველაფერი მტკივა...
– რა უნდა ველაპარაკო ამას. ჩვენ ვნერვიულობთ, ეს სიყვარულს მისტირის. იმ კაცს მისტირის, რომელსაც პასუხისმგებლობის ნასახიც არ გააჩნია.
– რა შუაშია ის კაცი, მარიკა, – მე ახლა კაცზე ვლაპარაკობ თუ საკუთარ თავზე და ცხოვრებაზე. ვფიქრობ, არც ის არის კარგ დღეში.
– რა? – დიკო წამოხტა და გოგოებს ხელი აუქნია, – აბა, ადექით და წავიდეთ. აზრი არ აქვს ამასთან ლაპარაკს.
მაშომ ლიზას შეხედა, თითქოს მისგან ელოდა მითითებას, დაჰყოლოდა დიკოს შეძახილს თუ არა. მარიკა საერთოდ გაოგნდა. ანანომ ამოიოხრა და მხრები აიჩეჩა.
– კარგი, წადით. თუ აქ ჩემთვის ჭკუის დასარიგებლად მოხვედით, მართლა აზრი არა აქვს ლაპარაკს. მეგონა, მეგობრები მხარში დამიდგებოდით და გამამხნევებდით ნებისმიერ გადაწყვეტილებაში. რეალობა კი სხვა რამეს მანახვებს. ვწუხვარ, მაგრამ არაფრის შეცვლას არ ვაპირებ. რაღაცას მოვახერხებ. არ დავიკარგები. საშველი ყოველთვის არის. ღმერთი არ გამწირავს.
– ქადაგად ნუ დავარდები ახლა, – შეიჭმუხნა დიკო, – გეყოფა ჩვენთვის გულის აჩუყება. მშვენივრად იცი, რომ გვიყვარხარ ოთხივეს და არაფერს გაგიჭირვებთ, მაგრამ ვცოფდები, რატომ უნდა იტანჯებოდე. დარწმუნებული ვარ, ცოლი მაგას ისევ შეირიგებს. დრო რომ გავა, შენც კი აპატიებ.
– არა. აღარაფრის პატიებას აღარ ვაპირებ. მისი ნამდვილი სახე დავინახე. გოგოებო, ისეთი შეშინებული იყო... აი, როგორ ვთქვა... ცოტათი შემეცოდა...
– რაო? – აღშფოთება ვერ დამალა დიკომ, – გესმით, ხალხო? ანანო, შენ გაგიჟდი? რა სჭირს მაგ ნაძირალას შესაცოდი. ბედნიერად გატყუებდათ ორივე ქალს და სავარაუდოდ, ორივე აპატიებთ, თუ ძალიან შეგეხვეწებათ.
– არა! – მტკიცედ თქვა ანანომ.
– რა არა? – ჩაეკითხა ლიზა.
– მე არ ვაპატიებ. ყველაფერს მატყუებდა, სულ ყველაფერს, არცერთი დღე არ ყოფილა ცოლთან გაშორებული. ორი მობილური ტელეფონი და ორი ნომერი აქვს, ჩემთვის – ცალკე, ცოლისთვის – ცალკე. მანქანა ცოლისაა, სახლი, რომელშიც ცხოვრობს, ასევე ცოლისაა და საერთოდ... – ანანომ თავზე იტაცა ხელები, – როცა ცოლმა უთხრა, მანქანის გასაღები დადე და წაეთრიეო, რა თქვა იცი? აი, ვერასოდეს წარმოიდგენთ.
– ბოდიშს მოიხდიდა. იტყოდა, ეს ის არ არის, რაც თქვენ იფიქრეთო, – ჩაიცინა დიკომ, – მაგისი პრიმიტიული ტვინი მეტს ვერ გასწვდებოდა.
– უარესი – მანქანის გარეშე როგორ უნდა ვიყოო. გამოვშტერდი, ორ საყვარელ ქალს ერთდროულად კარგავდა, ოჯახიც თავზე ენგრეოდა, ჩემთან ურთიერთობაც და მანქანას მისტიროდა.
– რატომ არ მიკვირს?! – მხრები აიჩეჩა დიკომ, – ეგენი ყველანი ერთ ყალიბში არიან ჩამოსხმულები. გეუბნებოდი მე, არ დამიჯერე. უნდა დაიკიდო. ეს ყველაზე კარგი ვარიანტია.
ანანომ თავი გააქნია.
– რაო, რა თავს აქნევ. იცოდე, კიდევ ერთხელ რომ შეხვდე მაგ ნაძირალას, ჩემი სახელი აღარ ახსენო.
– აღარ შევხვდები, მაგრამ იმის პირობას ვერ მოგცემ, რომ ასე მალე დავივიწყებ. გული მტკივა, ადვილი არ არის.
– ვინ გეუბნება, რომ ადვილია, მაგრამ კარგი გაკვეთილი იქნება შენთვის, – აომიოხრა მაშომ.
ლიზამ ხელები გაშალა.
– არა, რა, ერთ ნაბიჯზე არ უნდა ენდო კაცებს. ისეთ წნეხში უნდა გყავდეს ეგენი – სულერთია ქმარი იქნება თუ საყვარელი, რომ ამოსუნთქვის საშუალება არ ჰქონდეთ. მარიკა, შენც გაითვალისწინე.
მარიკა აქამდე რომ ჩაფიქრებული იჯდა და თმის ბოლოებს ნერვიულად იწიწკნიდა, მოულოდნელობისგან შეხტა.
– ჩემგან რაღა გინდა? საერთოდ რა შუაში ვარ.
– იმ შუაში ხარ, რომ გიოს მეტისმეტად ენდობი. შეამოწმე ხოლმე.
– ოჰ, რისი თქმა გინდა, ქმარს არ უნდა ვენდო?
– დიახ, არ უნდა ენდო. თავი უნდა მოაჩვენო, რომ ენდობი, მაგრამ ყველა ნაბიჯი უნდა შეუმოწმო, – თქვა ლიზამ. დიკომაც მოწონებით დაუქნია თავი.
გაგრძელება შემდეგ ნომერში
скачать dle 11.3