№16 როგორ გახსნა ბერიამ სამხედრო შეთქმულება საბჭოთა კავშირში
ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური

1936-1937 წლებში ლავრენტი ბერიას მიერ „გათამაშებული პარტია“ მართლაც ძალიან ჩახლართული და ისეთი გროსმაისტერული იყო, რომ თვით ჭადრაკის კორიფეებსაც კი შეშურდებოდათ. „სამხედრო შეთქმულების“ გახსნა ვლადიმირ მაიაკოვსკის მუზის – ლილია ბრიკის მეშვეობით განხორციელდა. საქმე ის იყო, რომ პროლეტარიატის დიადი პოეტის მუზა, ლილია ბრიკი ჯერ კიდევ 1925 წელს მოექცა ლავრენტი ბერიას ინტერესის სფეროში. იმ პერიოდში საქართველოში დაბადებულ-აღზრდილი მაიაკოვსკი, რომელიც საკუთარ თავს ქართველად თვლიდა, მშობლიურ ენად კი ქართულს მიიჩნევდა, ხშირად ჩამოდიოდა საქართველოში თავის მუზასთან ერთად. მიუხედავად იმისა, რომ მაიაკოვსკი ხელშეუხებელი იყო და მას პირადად სტალინი და გორკი მფარველობდნენ, ეს ფუტურისტი პოეტი საკმაოდ ლიბერალური ყოფით გამოირჩეოდა. ლიბერალიზმი კი კომუნისტურ საბჭოეთში „ცუდ ტონად“ ითვლებოდა. სწორედ ამიტომ უთვალთვალებდა მას „ჩეკას“ საიდუმლო-ოპერატიული განყოფილება, რომელსაც მაშინ ლავრენტი ბერია ხელმძღვანელობდა. ეშმაკი ბერია მაიაკოვსკის სათოფეზეც არ გაჰკარებია, სამაგიეროდ, მისი მუზა, მომხიბვლელი ლილია ბრიკი პირადად გადაიბირა. ამის საფუძვლად კი ამ დაუდგრომელი ქალის სექსუალური მისწრაფებები გამოიყენა, რაც „ჩეკას“ ფირზე ჰქონდა გადაღებული და ახალგაზრდა ბერიამ სწორედ ეს კოზირი ჩართო საქმეში. როგორც „ბოროტი ენები“ ამბობენ, ბრიკთან სქესობრივი კავშირიც კი დაამყარა. ამგვარად, „ჩეკას“ მომავალში კი „ენკავედეს“ აგენტი ლილია ბრიკი უკვე პირადად ბერიას დაქვემდებარებაში იმყოფებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ბერია თბილისში, ბრიკი კი მოსკოვში ცხოვრობდა, შეთანხმებისამებრ, ქალი ბერიას აგენტურულ ცნობებს აწვდიდა ანტისაბჭოურ ქმედებებზე, რაზეც მას ხელი მიუწვდებოდა. მაიაკოვსკისთან დაშორებისა და დიდი პოეტის თვითმკვლელობის შემდეგ ლილია ბრიკი გენერალ ვიტალი პრიმაკოვს გაჰყვა ცოლად. პრიმაკოვი კი მიხეილ ტუხაჩევსკის ხელქვეითი და თანამოაზრე იყო და სწორედ აქედან გავიდა „ენკავედე“ სამხედრო შეთქმულებაზე.
ძალზე საინტერესო და საგულისხმო ფაქტია ის, რომ 1978 წელს ლილია ბრიკმა, რომელიც მაიაკოვსკის მუზაც იყო, რამდენიმე ცნობილ ადამიანზე გათხოვილი და საბჭოთა უშიშროების აგენტი, 86 წლის ასაკში, ანუ – ღრმა მოხუცებულობაში სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა...
ლილია ბრიკს დარჩა ჩანაწერები, რომლებშიც ზუსტადაა აღწერილი მისი მოღვაწეობის დაფარული მხარე, ანუ, „ენკავედეს“ აგენტობა. ბრიკი თავის დღიურებში აღნიშნავს იმ გაცხოველებულ მზადებას, რომელსაც ტუხაჩევსკის მეთაურობით აწარმოებდა ფარული სამხედრო ოპოზიცია და რომელშიც აქტიურად იყო ჩართული მისი მეუღლე – ვიტალი პრიმაკოვი. სწორედ ქმარი უყვებოდა ამ ამბებს მეუღლეს, შემდგომ კი ისინი ბერიასთან ხვდებოდა და იქიდან – სტალინთან... როგორც ცნობილია, ეჟოვს სწორედ სტალინმა მიაწოდა ბერიას მიერ მოპოვებული ინფორმაცია და როდესაც ეჟოვმა თავისი საქმე შეასრულა, შემდეგ თავადაც სიკვდილით დაისაჯა. მისი ადგილი კი ბერიამ დაიკავა, რომლის ღვაწლი სათანადოდ დააფასა ბელადმა, რამეთუ ბერიას წყალობით ის უეჭველ სიკვდილს გადაურჩა“.