№16 მოძღვარი გვირჩევს
კითხვა: სასარგებლოა თუ არა აღსარების ხშირად თქმა?
პასუხი: აღსარების ხშირად თქმა ძალიან სასარგებლოა, რადგან ადამიანები ცოდვებს იოლად ივიწყებენ. მოძღვართან ცოდვების გამხელით კი მათ ძირფესვიანად ამოძირკვავენ. გარდა ამისა, ადამიანს სინანული უფრო დააფიქრებს ცოდვებზე – ერთს რომ მოინანიებს, შემდეგ სხვა ცოდვების დანახვას იწყებს და ვინც მიეჩვევა, ამქვეყნიურ ცხოვრებაში აგოს პასუხი თავის ცოდვებზე, მას არც ქრისტეს სამსჯავროზე გაუჭირდება პასუხის გაცემა. იმიტომაც დადგინდა აქაური მცირე სამსჯავრო, რომ აქ მონანიებით განწმენდილები შეურცხვენლად წარდგნენ ქრისტეს საშინელი სამსჯავროს წინაშე.
კითხვა: სამწუხაროდ, ჩვენს ქუჩებში ძალიან მომრავლდნენ ადამიანები, ვინც დახმარებას ითხოვენ. მათ შემხედვარეს დახმარების სურვილი მიჩნდება, მაგრამ ამ განცდას ხანდახან უხილავი წინააღმდეგობაც დაჰყვება ხოლმე. ამით ხომ არ ვცოდავ?
პასუხი: ამის პასუხად შემოგთავაზებთ მღვდელმონაზონ იოანეს გაფრთხილებას: ყურადღებით იყავით საკუთარი თავის მიმართ, როდესაც გაჭირვებული მოგმართავთ დახმარებისთვის, ფარული მტრები ამ დროს გაშმაგებით გებრძვიან: გულს გაგიქვავებენ, გაგაცივებენ და უგრძნობელს გაგხდიან სხვისი გაჭირვების მიმართ. უნდა სძლიოთ საკუთარ თავს და გადალახოთ უფლის საწინააღმდეგო ეს განწყობა. გააღვივეთ თქვენს გულში თანალმობიერი სიყვარული მოყვასის მიმართ. შეძლებისდაგვარად აასრულეთ, რასაც გთხოვენ, რათა ქრისტე მაცხოვარმაც შეგიყვაროთ თქვენ.
კითხვა: უფლის ჯვარცმასთან მარტო მიცვალებულებისთვის შეიძლება სანთლების დანათება?
პასუხი: ჯვარცმის წინაშე ნებისმიერ დროს შეგიძლიათ დაანთოთ სანთელი. რატომღაც, არასწორად არის დამკვიდრებული, რომ ჯვარცმა მხოლოდ მიცვალებულთა ხსოვნას ეკუთვნის. ეს არასწორია. ჯვარცმით არა მხოლოდ მიცვალებულთა სულები იყვნენ ჯოჯოხეთიდან დახსნილი, არამედ ცოცხლებიც მოელიან უფლისგან დახმარებას.
კითხვა: ცნობილია, რომ უფალი შეისმენს ადამიანების თხოვნებს, მაგრამ ხდება ისეც, რომ ზოგჯერ ქრისტიანულად მცხოვრებ ადამიანს სურვილი არ უსრულდება. რატომ?
პასუხი: ღვთის განგებით, „ლოცვა მართლისა შეისმინების“, როცა უფალს რაღაცას ვთხოვთ, უნდა დავფიქრდეთ, ვართ თუ არა მართლები. ამიტომ უფალს ჯერ ჩვენი ცოდვების შენდობა უნდა ვთხოვოთ, სინანულში განვიწმინდოთ და შემდეგ შევკადროთ სათხოვარი. დანარჩენი უფალმა თავად იცის. მან უკეთ უწყის, თუ რა გვჭირდება, რა არის ჩვენი სულისთვის აუცილებელი. არ დაგავიწყდეთ, რომ უფალი ყვავილებსა და ფრინველებს მოსავს და არ ტოვებს უყურადღებოდ და ადამიანებს როგორ არ გააძლიერებს თავისი წყალობით? ისიც ცნობილია, რომ ხშირად უფალი ისეთ ადამიანებს უსრულებს სურვილებს, ვინც ამას არ იმსახურებს, ეს კი იმიტომ ხდება, რომ ადამიანმა დაინახოს, თუ რამდენად უყვარს ღმერთს და ამ სიყვარულის გამო დაადგეს ქრისტიანული ცხოვრების გზას.