№16 სიყვარულის საიდუმლო
სიყვარული არსად მიდის, ის თქვენთან დარჩება, თუ ურთიერთობას ცოტა მეტ ყურადღებას დაუთმობთ და გაითვალისწინებთ მთავარ პრინციპებს, რაც აუცილებლად საჭიროა სიყვარულში.
* თუ ძალითა და ცინიზმით ცდილობთ თქვენი პარტნიორის შეცვლას, მას ძალიან გაანაწყენებთ. პარტნიორი უნდა მიიღოთ ისეთი, როგორიც არის. ეს ნიშნავს, რომ ყველაფერი მოუთმინოთ – ის უხეშობდეს, თქვენ კი უღიმოდეთ. ადამიანს შეუძლია, ჩვევების შეცვლა და იდეალური სწორედ ის ურთიერთობაა, როცა პარტნიორები უკეთესობისკენ იცვლებიან, მაგრამ ეს ნელი და ხანგრძლივი პროცესია. მიიღეთ ერთმანეთი ისეთები, როგორებიც ხართ. პარალელურად კი, განაგრძეთ მუშაობა საკუთარ თავზე და არა პარტნიორის გადაკეთებაზე.
* ხანდახან საკუთარი სიმართლის „დაჩემება“ საჭიროცაა და სასარგებლოც, თუმცა, როცა საქმე საყვარელ ადამიანს ეხება, ნუ იკამათებთ მასთან ნებისმიერ თემაზე, მით უფრო, როცა ამას სასიცოცხლო და პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს. გახსოვდეთ, ასეთი პატარ-პატარა შეტევები საბოლოოდ დიდ უთანხმოებამდე მიგიყვანთ.
* არ გაქვთ პარტნიორთან იდეალური ურთიერთობა?
იქნებ ელოდით, რომ ისე იფიქრებდა, როგორც თქვენ. მაგალითს ყოველთვის თქვენგან აიღებდა. ადამიანური შეცდომაა ის, რომ ჩვენ ძალიან დიდ დროს ვუთმობთ იდეალური პარტნიორის ძიებას და შემდეგ ვცდილობთ, მისგან სრულყოფილება შევქმნათ. ჰკითხეთ საკუთარ თავს – რა დროს უთმობთ იმას, რომ ურთიერთობაში თავად იყოთ სრულყოფილი.
* ხშირად ვფიქრობთ, რომ არავის ვუყვარვართ. განაწყენებულები საკუთარ თავში ვიკეტებით და ლაპარაკი არავისთან გვსურს. ურთიერთობები რომ იდეალური იყოს, არასდროს გამოიტანოთ დასკვნა საკუთარ ვარაუდებზე დაყრდნობით. თუ რაღაც გაინტერესებთ, თქვენს საყვარელ ადამიანს პირდაპირ ჰკითხეთ, ყოველგვარი შესავლებისა და ქვეტექსტების გარეშე.
რატომ ვარ მარტო
სტატისტიკამ აჩვენა, რომ მარტოხელა ქალების რიცხვი იმატებს. ვიღაც დაიღალა იმ ადამიანთან ცხოვრებით, ვინც მხოლოდ პრობლემებს უჩენს, ვიღაც ჯერაც ვერ შეხვდა საოცნებო მამაკაცს, ხოლო ზოგს წარუმატებელი ქორწინების გამოცდილება აქვს, თანაც, რამდენიმე ქორწინების. არის თუ არა ეს ყველაფერი მიზეზი, რომ ქალი მამაკაცის გარეშე ცხოვრებას ირჩევს. ფსიქოლოგები მიიჩნევენ, რომ მარტოობის აბსოლუტურად განსხვავებული მიზეზები არსებობს.
როგორც წესი, მარტოხელა ქალებს არ ბეზრდებათ იმაზე საუბარი, რა კარგია მარტო ცხოვრება, რა ბედნიერებაა, იყო თავისუფალი და დამოუკიდებელი, თუმცა, რეალურად ასე არ არის.
ემოციები უდიდეს როლს ასრულებს ქალის ცხოვრებაში. ემოციები სუსტ სქესს ჰაერივით სჭირდება. მარტოხელა ქალი, ხშირ შემთხვევაში ემოციების უდიდეს დეფიციტს განიცდის და საკმარისია, მამაკაცს შეხვდეს, რომ თავს ევლება, მისდამი დიდ ყურადღებასა და მზრუნველობას იჩენს, მთელ თავის სითბოს მხოლოდ მას ჩუქნის და ასე ცდილობს ემოციური დეფიციტის დაკმაყოფილებას. ასეთი ქალის გვერდით ყოფნა კი კაცისთვის აუტანელია. რადგან ხვდება, რომ თუ ერთად იქნებიან, საკუთარ სივრცეში ყოფნის საშუალება არასოდეს მიეცემა. რაც, როგორც წესი, აშინებთ და აბრკოლებთ კაცებს ქალთან ურთიერთობაში.
მთავარია, ქალმა გააცნობიეროს, რომ საჭიროა, იყოს გულწრფელი და არ ითამაშოს. მთავარია, ცხოვრება იყოს საინტერესო. მხოლოდ ამ დროს არ გახდება კაცი მისთვის დადებითი ემოციების მიღების ერთადერთი წყარო. მნიშვნელოვანია, საკუთარ თავთან ჰარმონიაში ყოფნა.
P.S. ცხოვრება მამაკაცის გარეშე შესაძლებელია, მაგრამ „უკუჩვენებებიც“ აქვს. გააკეთეთ ყველაფერი, რომ საკუთარ თავთან ჰარმონიაში იყოთ. ნებისმიერ შემთხვევაში კი უკეთესია, გიყვარდეთ და უყვარდეთ!
მისთვის ზედმეტად
კარგი ხართ
ეს რჩევები არ არის, უბრალოდ, საინტერესო კვლევის შედეგებია. არსებობს ფორმულა, რომლის მიხედვითაც შესაძლებელია, გაიგოთ შეგეფერებათ თუ არა პარტნიორი. წაიკითხეთ თითოეული პუნქტი და თუ უმრავლესობა გეცნობათ, ეს იმას ნიშნავს, რომ პარტნიორისთვის ზედმეტად კარგი „ვერსია“ ხართ.
* თქვენი წარმატებები არ აინტერესებს. თქვენს ცხოვრებაში მომხდარ პოზიტიურ ცვლილებებს ყურადღებას არ აქცევს, არ უხარია და რეაქცია საერთოდ არ აქვს;
* მუდმივად გიბიძგებთ რაღაც ისეთის გაკეთებისკენ, რაც თქვენთვის დიდი სირთულეა;
* მის გამო ხანდახან გრცხვენიათ;
* თქვენს გარშემო მყოფებში ის არავის მოსწონს. არც თქვენს მეგობრებს და არც მშობლებს და ამას არც მალავენ;
* მისი ახლობლები გაოცებულები არიან – ვერავინ წარმოიდგენდა ასეთ ადამიანს თქვენნაირი კარგი თუ შეხვდებოდა;
* სხვადასხვა კულტურულ სამყაროს ეკუთვნით. თქვენი შინაგანი სამყარო მისას არაფერში ემთხვევა;
* მის გვერდით სულ მოწყენილი ხართ. იუმორით კი გაცოფებთ;
* პასუხისმგებლობას ყველაფერზე თქვენ გაკისრებთ, თვითონ სულ მართალია;
* გრძნობებზე მხოლოდ თქვენ საუბრობთ;
* ის მხოლოდ საკუთარ თავზე ზრუნავს, თქვენ – ორივეზე;
* სულ არ ანტერესებს როგორ გამოიყურებით;
* გამუდმებით იმეორებს სიტყვებს – „ქალი ვალდებულია“.