№16 რატომ ეჯიბრებიან პოლიტიკოსები ერთმანეთს ზვიად გამსახურდიასადმი დამოკიდებულებაში და რატომ გადის ძალაუფლების სკამისკენ მიმავალი გზა მისადმი სიყვარულზე
ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე
თითქმის 30 წელი გავიდა ზვიად გამსახურდიას გამოჩენიდან ქართულ ოფიციალურ პოლიტიკაში, მან ერთ წელიწადსაც ვერ მართა ქვეყანა, ბუნდოვანია მისი დამხობის ზუსტი ისტორიაც და გარდაცვალებისაც. თუმცა მისი პიროვნება 30 წლის შემდეგაც აქტუალურია. იმდენადაც კი, რომ პოლიტიკოსები ძალაუფლების შესანარჩუნებლად ერთმანეთს ექიშპებიან მის სიყვარულში და, საბოლოოდ, ვინც უფრო წრფელად შეძლებს ამის გამოხატვას, ამომრჩევლის გულსაც ის მოინადირებს. მეორე მხრივ, ისიც სათქმელია, რამდენად სახელმწიფოებრივია სამეგრელოს ასე ხელოვნურად გამოკვეთა საერთო ქართული კონტექსტიდან. აკაკი ასათიანთან ერთად განვიხილავთ საკითხს, თუ რატომ რჩება 30 წლის შემდეგაც ცოცხალი პოლიტიკოსებისთვის გარდაცვლილი პოლიტიკოსისადმი დამოკიდებულება ამდენად აქტუალური.
– ვფიქრობ, ამ შემთხვევაში საკითხი სცდება პიროვნებას და ზვიად გამსახურდია რაღაც უფრო სხვა მოვლენაა, თქვენ რით ხსნით? 30 წელი საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდია.
– მგონია, მართებულად უდგებით საკითხს და კიდევ 30 და 30 წელი დარჩება, იმიტომ რომ ის მართლაც მოვლენაა. მისადმი უარყოფითად განწყობილი და ჩემი მოძულე არ დამეთანხმება, მაგრამ ზვიად გამსახურდია მოვლენად დამკვიდრდა. ის დაბადებიდან იყო ამ საქმეში, როგორც კონსტანტინე გამსახურდიას შვილი და მამამისი, იმას გარდა, რომ შესანიშნავი მწერალია, ქართული დამოუკიდებლობის იდეის ბოლო მოფრიალე დროშას წარმოადგენდა. დადიოდა ანეკდოტები, რომ ჯარიმა ჰქონდა დაწესებული თავის სახლში რუსულად ლაპარაკის გამო, მიუხედავად იმისა, რომ თავად მშვენივრად ლაპარაკობდა რუსულად, ისევე, როგორც ზვიადი. პატარა ვიყავი და დამინახავს ხოლმე რუსთაველის გამზირზე, ჩოხაში. ყველამ იცოდა, რომ მისი შვილი საქართველოს დამოუკიდებლობისთვის იბრძვის და, როცა დადგა ჟამი, შეიღო დიდი „ლაგერის“ კარიბჭე, არ უშველა „კაგებესა“ და კომუნისტებს არაფერმა: არც, ეგრეთ წოდებულმა, მონანიებამ, არც დისკრედიტაციის მრავალმა მცდელობამ, არც სერბსკის ფსიქიატრიის ინსტიტუტის, ნაძირლების ბუდის, ყბადაღებულმა დასკვნამ, რომ ზვიადი ვერ არის ჭკუაზე. სხვათა შორის, სერბსკის ფსიქიატრიული ინსტიტუტი სწორედ ასეთი უმსგავსობების გამო გარიცხეს მსოფლიო ფსიქიატრიის ასოციაციიდან. არც აქაური ფსიქიატრები აკლებდნენ ხელს, აღარ მინდა მათი სახელების ხსენება. მოკლედ, არაფერმა უშველათ, იმიტომ რომ მოვლენა იყო და არა ერთი რიგითი კაცი, რომელიც დამოუკიდებლობისთვის იბრძოდა, ისევე, როგორც ძალიან ბევრმა ადამიანმა იბრძოლა – რომელი ერთი ჩამოვთვალო. გავითვალისწინოთ ფონიც: მის წინაშე ადამიანებს დანაშაულის არა, მაგრამ ერთგვარი უხერხულობის გრძნობა ჰქონდათ, იმიტომ რომ ქვეყანაში დაუსრულებელი სმა-ჭამა იყო, გასული საუკუნის 60-70-ან წლებს ვგულისხმობ. მეხსიერებაში დამრჩა – თითოეული სახლიდან გამოდიოდა სიმღერის ხმა. ანუ ყველა დროს ატარებდა. რა ექნათ?! შრომობდნენ, წვალობდნენ, კარიერას იკეთებდნენ და ამ დროს ყველამ იცოდა, რომ ვიღაც კაცი მათი, როგორც ქართველების, არსებობას ამართლებს. იმ კაცს იჭერენ, აწვალებენ, მაგრამ არ ჩერდება. შესანიშნავი პოეტის, იოსებ ნონეშვილის ვაჟმა, სანდრომ მიამბო: როკფელერი რომ იყო სტუმრად, სხვათა შორის, სუფრას იოსებ ნონეშვილი თამადობდა, ზვიადი მისულა მათთან, როკფელერისთვის რაღაც საბუთები გადაუცია და წასულა. ჩვენ გვეგონა, რომ როკფელერის წასვლის შემდეგ ჩვენი ამბავი დამთავრდებოდა, მაგრამ არ მოუკითხავთო. რაღაცნაირად ისე მოახერხა, რომ „კაგებეს“ მისი მისვლა გამოეპარა. ეს დეტალი მეც არ ვიცოდი. ასეთი ამბები არ ხმაურდებოდა, მაგრამ ეს ყველაფერი ადამიანებმა იცოდნენ. თუმცა, დამოუკიდებლობაზე რომ ელაპარაკებოდი, უკეთეს შემთხვევაში, გეუბნებოდნენ, კარგია, მაგრამ, ხომ იცი, შეუძლებელი და გამორიცხულიაო.
– იგივე პათოსია დღესაც, როდესაც ამბობენ, რუსეთი მაინც არ დაგვთმობს, მაინც ვერ მოვერევითო.
– 200 წელს ნუ ვეხუმრებით. მეც ვღიზიანდები, მაგრამ, ვცდილობ, გონებით შევიკავო თავი და არ დავიწყო ჩხუბი. ორივე პაპა დამიხვრიტეს და გასაგებია, ბებიები როგორ გამზრდიდნენ. ბევრს ჰქონდა მსგავსი ისტორია და ისინი ანტისაბჭოელებად გაიზარდნენ. დიდი ნაწილი კი საბჭოთა პროპაგანდით იყო გაბრუებული და ისიც მიკვირდა, რომ გულის სიღრმეში მაინც უღვიოდათ ეს ნაპერწკალი, რომელიც უცბად აგიზგიზდა და ვისი მეშვეობით?! გამსახურდიას მეშვეობით, მიუხედავად იმისა, რომ ყველას წვლილს ვაფასებ, იქნება ეს თამარ ჩხეიძე, ცხონებული გია ჭანტურია, ირაკლი წერეთელი და მერაბზე ხომ, მართლაც, შეუდრეკელ რაინდსა და უკეთილშობილეს კაცზე, რომელიც ზვიადს მხარში ედგა, ლაპარაკიც არ არის. წარმოიდგინეთ: ქართველები და რუსები, რომლებსც თავიანთი ხელმძღვანელის არჩევის საშუალება მიეცათ. თავდაპირველ არჩევანში ნაცია ირჩევს თავის ოცნებას, მერე უკვე იცვლება ეს დამოკიდებულება. ქართველისთვის სამაგალითოა კარგი ოჯახიშვილი, სიმპათიური, განათლებული და სამშობლოს მოყვარული კაცი. ეს ყველაფერი გამსახურდიაში იყო თავმოყრილი. რუსებმა აირჩიეს ელცინი – სვამს, ჯიგარია, ქალებს ჩქმეტს. თუმცა, მართლაც, ძალიან ნიჭიერი კაცი იყო, მაგრამ რუსებმა მაინც თავიანთი „ბილინების“ გმირს მიამსგავსეს და იმიტომ აირჩიეს. ქართველებმა კი ზვიადი „ვეფხისტყაოსნის“ გმირს მიამსგავსეს, რაც ქართველისთვის საკულტოა, რაზეც დგას კულტურა.
– მუხრან მაჭავარიანთან ერთადერთხელ ჩავწერე ინტერვიუ, ალბათ, 15 წლის წინათ და ზვიად გამსახურდიაზე ასეთი რამ მითხრა: უცნაური ადამიანი იყო, არავინ აინტერესებდა, არც ნათესავი, არც მეგობარი, არც ამხანაგი, მხოლოდ რაღაც განყენებული საქართველოო. ეს მკაფიოდ დამამახსოვრდა.
– დიახ, ასე იყო და ეს უნდა იცოდეს ხალხმა. სხვანაირად ვერაფერს შეძლებდა. 5 მილიონი კაცი უნდა ამოგებრუნებინა, იქაც – 300-მილიონიან მსოფლიოს უმძლავრეს იმპერიას უნდა შესჭიდებოდი. „კაგებეს“ ერთმა ძველმა გენერალმა მითხრა, არ გეწყინოს და მართლაც გიჟი იყო. აბა, გიჟის მეტი ვინ შეებრძოლებოდა საბჭოთა კავშირსო და, მართლაც, გიჟები იყვნენ ისინი, რომლებიც ციხეებში მიდიოდნენ საბჭოეთთან ბრძოლაში. მე არ მოვხვედრილვარ და ჩემზე ეს არ თქმულა. შეპყრობილი იყო ზვიადი ამ იდეით და ამან ერთგვარად დაუშავა კიდევ, როდესაც სახელმწიფოს სათავეში მოვიდა, იმიტომ რომ ასეთი აბსოლუტური კონცენტრირება ერთ იდეაზე, ასეთი არანორმალური სიყვარული თავისი ქვეყნისა და ხალხის, მართვისას მაინც ხელისშემშლელია. დანამდვილებით ვიცი, რომ ილიასა და, ალბათ, ზვიადს უყვარდათ საქართველო ისე, როგორც ყველას ერთად აღებულს არ გვყვარებია. მაგრამ ილია მშვიდი კაცი იყო, თუმცა, რომ გაჯავრდებოდა, საკმაოდ მრისხანე. სხვათა შორის, ილიას მკვლელობა იმ ბანდიტი არაკაცების საქმე არ არის მხოლოდ. იმ საზოგადოების ამბავიცაა. ჩვენ იოლად ვუყურებთ ამ მკვლელობას, რომ თითქოს მხოლოდ შვიდმა არამზადამ და საზიზღარმა ბოლშევიკებმა მოიშორეს თავიდან. რა თქმა უნდა, მოიშორეს, იმიტომ რომ რევოლუციასა და არეულობას ელოდნენ და არ იყო იმის საჭიროება, რომ ასეთი ეროვნული ავტორიტეტი ვინმეს ჰქონოდა და, სხვათა შორის, ასე თვლიდნენ მენშევიკებიც. მაგრამ ზვიადი მხოლოდ ქვეყანაზე იყო კონცენტრირებული და ბევრ რამეს უყურადღებოდ ტოვებდა, თუმცა ბოლო კაცს გამოესარჩლებოდა, ნაცნობები და ახლობლები კი ამის გამო განაწყენებულები რჩებოდნენ. წესიერი ადამიანები და სამშობლოს მოყვარულები ბოლომდე აფასებდნენ მას. ეს ზვიადს, მართლაც, უშლიდა ხელს, ამიტომ ერთია, როგორც ადამიანი და მეორე – როგორც მოვლენა. როგორც ადამიანს, შეცდომებიც აქვს, ნაკლიც, ხასიათის თვისებებიც და მტერი ცდილობდა, როგორმე ეს გაეთამაშებინა. ცნობილი ანეკდოტია, ქალები შიმშილობენ მის გამო, მიადგნენ „ედეპეშნიკები“ და ეუბნებიან, თქვენ აქ შიმშილობთ, ის კიდევ კოშკში ზის და შოპენს უკრავსო. – დაკვრაც იცის, მაგას ვენაცვალეთო, – უპასუხიათ ქალებს. ასეთმა დამოკიდებულებამ – მედროშე ვარ თავისუფლებისო, შვა ერთგვარი არადემოკრატიზმი, რომ, ვინც მე მებრძვის, ის შენიღბულად ებრძვის დამოუკიდებლობის იდეას და, სხვათა შორის, აბსოლუტურად სწორი იყო. ვერ ბედავდნენ, განსაკუთრებით, ჩვენი „სახელოვანი“ ინტელიგენცია, ეთქვათ: კარგად ვართ საბჭოეთში და შეეშვითო და ამიტომ ამბობდნენ, გამსახურდიას არადემოკრატიზმია პრობლემა, თორემ დამოუკიდებლობა გადასარევია, ოღონდ არა მისი მეთაურობითო. მაშინაც ვეკითხებოდი, აბა, ვისი მეთაურობით შეიძლება-მეთქი.
ზვიადი იდეით შეპყრობილი კაცი იყო და ეს იწვევდა მის სრულ მიუღებლობას. ის არ თვლიდა, რომ პირადად მას ებრძოდნენ, მან საკუთარი თავი ქვეყანასთან გააიგივა. მე ვფიქრობ, ესეც პრობლემა იყო, მაგრამ, მეორე მხრივ, ასეთი კონცენტრაციის გარეშე ეს ამბავიც ვერ მოხდებოდა. სასწაული იყო საბჭოეთის დაშლა. სასწაულებშიც იღებენ მონაწილეობას ადამიანები: ადამიანებისთვის ხდება და ადამიანების მეშვეობით. ყველასთვის წარმოუდგენელი ამბავი მოხდა, იმავე შეერთებული შტატებისთვის, მათი სადაზვერვო სამსახურისთვის, მთელი დასავლეთისთვის. მერე ამ ჩვენი ბრძოლით ყველამ დრო იხელთა, თორემ საბჭოეთის შეზანზარებასა და დაშლაზე ფიქრისას გული უსკდებოდათ. რუსებმა აღმოსავლეთ ევროპაში სროლა ვერ გაბედეს, თუმცა საბჭოეთში ისროლეს. ბევრი რომ გვიკიჟინებდა, აი, სისხლი დაიღვარა, არადა მაინც გავთავისუფლდებოდითო, გავახსენებ – ყველგან სისხლი დაიღვარა. მიუხედავად იმისა, რომ ბალტიისპირეთს ფორაც კი ჰქონდა – მათ არ აღიარებდნენ საბჭოეთის შემადგენლობაში, ამერიკელები უთვლიდნენ ლანდსბერგისს, არ გამოაცხადო დამოუკიდებლობაო. ვილნიუსშიც სისხლი დაიღვარა და სად – აღარ. ბაქოში 200-მდე კაცი გასრისეს, საზარელი საქმე ჩაიდინეს, ისხდნენ ყირგიზები და ყაზახები და მაინც გათავისუფლდნენო. ეს ასე არ იყო, მაგრამ ამაზე საუბარი შორს წაგვიყვანს.
– ეს რომ სხვაგვარად იყო ნაზარბაევის მმართველობამ აჩვენა. საბჭოთა პარტიულმა მუშაკმა ეროვნული სახელმწიფო შექმნა.
– აღარავის ახსოვს, რომ ნაზარბაევის დანიშვნამდე ყაზახეთის ცეკას პირველ მდივნად გენადი კოლბინი დანიშნეს, რომელიც მანამდე მეორე მდივანი იყო საქართველოში. მაგრამ ყაზახეთში გამოსვლები დაიწყო, რასაც მსხვერპლიც მოჰყვა. იმიტომ რომ ყაზახებმა ყაზახი მოითხოვეს და ნაზარბაევი ამ ტალღაზე დაინიშნა. თავისთავად არაფერი ხდება ხოლმე. „კაგებემ“ იფიქრა და მიხვდა, იდიოტების როლში გამოვდივართო და შექმნეს მითი, რომ, თურმე, თვითონ მოაწყვეს საბჭოეთის დაშლა და თუ მოაწყვეს, რა მიზნით?! თუ „კაგებემ“ მოაწყო მათი „პალკოვნიკი“ რატომ დაგვდევს ყველას – ჩვენ, უკრაინას, ბელორუსიას, შუა აზიას?! ამიტომ, ეს არის მონების ლაპარაკი... ერთი სიტყვით, ზვიადმა თავისი სიკვდილით გაასწორა ყველა ანგარიში და ხომ ვიცით, რომ არ დათანხმდა აფხაზეთის ჩაბარებასა და ქვეყნის გაყოფას?! ამას იმ ამოცანის სიდიადე მოითხოვდა, რომელსაც ის შეეჭიდა და, მართლაც, მოხდა საოცრება. მან აღასრულა თავისი მისია დედამიწაზე, რაც ბევრის ხვედრი არ არის და ამიტომ, ცხადია, ზვიადი მოვლენაა.