კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№16 შეძლებს თუ არა „ნატო“ ხელი შეუშალოს რუსეთს განახორციელოს თავისი სამსაუკუნოვანი ინტერესი კავკასიასა და შავ ზღვაში და როგორია საქართველოს როლი ამ დაპირისპირებაში

ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე

  მას შემდეგ, რაც ზურგის გასამაგრებლად ყირიმის ნახევარკუნძული მიიერთეს, ცხადი იყო, რომ რუსეთის ფედერაცია ქერჩის სრუტის კონტროლსაც მოისურვებდა და კიდეც დააკავეს უკრაინელი მეზღვაურები, რომლებიც კვლავ არ გაუთავისუფლებიათ. სულ ახლახან „ნატოს“ წარმომადგენელმა განაცხადა, რომ „ნატოს“ სამხედრო ხომალდები დაეხმარებიან უკრაინულ გემებს, უსაფრთხოდ გამოიყენონ ქერჩის სრუტე. მართალია, უცნობია, რა ფორმით, მაგრამ გასაგებია, რომ შავ ზღვაში „ნატოს“ სამხედრო გემების შემოსვლა იგეგმება. თუ თვალს გადავავლებთ შავი ზღვის სანაპიროზე ამერიკული და რუსული გავლენების არეალებს, საკმაოდ მოზაიკურ სურათს მივიღებთ: თურქეთი ისევ „ნატოს“ წევრია, მაგრამ რუსეთთანაც მეტად თბილი ურთიერთობა აქვს, ოღონდ მისი სამხედრო ხომალდები ფორმალურად „ნატოს“ სამხედრო ხომალდებად ითვლება; „ნატოური“ სამხედრო გემები საქართველოს არაოკუპირებული სანაპიროსთვისაც სასურველი სტუმრები არიან, ოკუპირებული ტერიტორიის სანაპირო კი რუსული სამხედრო გემების თარეშის ადგილია, ამას საკუთრივ რუსეთის კუთვნილი შავი ზღვის სანაპირო მოჰყვება, შემდეგ – უკრაინის ტერიტორიული წყლები, რომლებშიც „ნატოს“ გემები უნდა განთავსდეს... ბევრი რომ არ გავაგრძელო, რუკა ყველას გვაქვს ნანახი და ისიც იცით, რომ შავი ზღვის საპირისპირო სანაპირო, ფაქტობრივად, „ნატოსია“. საკმაოდ საინტერესო კონფიგურაცია იქმნება, რის შესახებაც მამუკა არეშიძესთან ერთად ვისაუბრებთ.
– შავი ზღვა უკვე იქცა დაპირისპირების საგნად?
–ზურგის კონტროლის თვალსაზრისით, „ნატოს“ სამხედრო შენაერთი არა მხოლოდ რუსეთს აკონტროლებს, არამედ ურჩ თურქეთსაც შავი და ხმელთაშუა ზღვებიდან. მიუხედავად იმისა, რომ თურქეთის ფლოტი შავი ზღვის აკვატორიაში ყველაზე ძლიერია, აშშ-ს სამხედრო ფლოტის გამოჩენა თურქეთის სიძლიერეს ასუსტებს და უნდა თუ არა თურქეთს, იძულებულია, მონაწილეობა მიიღოს „ნატოს“ სამხედრო ოპერაციებში, ანუ, ფორმალურად, მისი ხომალდები „ნატოს“ ესკადრილიის შემადგენლობაში არიან, რომლებიც რუსეთს უპირისპირდებიან.
– ეს, ერთგვარად, თურქეთის ინტერესიც არის, იმიტომ რომ ყირიმის ნახევარკუნძულზე, ყოფილი ყირიმის სახანოს ტერიტორიაზე, თურქეთსაც აქვს გავლენის სურვილი?
– რაღა დროს სახანოა, მაგრამ, რასაკვირველია, თურქეთი ყირიმელი თათრების დამცველად გვევლინება, მაგრამ ეს უფრო პოლიტიკური ზეწოლის იარაღია რუსეთზე, იმიტომ რომ ყირიმელი თათრების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა ისეთივე მძიმე იყო უკრაინის შემადგენლობაში ყოფნისას, როგორიც დღესაა რუსეთის შემადგენლობაში. ჩვენ ხშირად მოგვისმენია რუსებისგან, რომ გადაგვარჩინეს, შეგვიფარეს, ჩვენ გამო წამოიწყეს ომი ოსმალეთთან და ასე შემდეგ. ეს ასე არ არის, მიუხედავად იმისა, რომ ქართლ-კახეთის სამეფო დემოგრაფიულად განადგურების პირას იყო მისული, რუსეთს, უპირველესად, თავისი ინტერესები ჰქონდა. მისი მთავარი ინტერესი კი იყო ოსმალეთისა და სპარსეთის შევიწროება კავკასიაში და, რასაკვირველია, შავი ზღვის კონტროლის სადავეების ხელში ჩაგდება. ეს იმპერიული ინტერესი ჯერ კიდევ მეჩვიდმეტე საუკუნიდან მოდის.
– აზოვის ზღვაზე პირველი სამხედრო კამპანია პეტრე პირველმა ჩაატარა, იმავე მიზნით, ისევე, როგორც კავკასიისკენ წამოსვლის პირველი მცდელობაც იმავე პეტრეს ეკუთვნის.
– ნუ დაგვავიწყდება, რომ რუსეთის გეოპოლიტიკური ინტერესი ყირიმის სახანოს გადანადგურება, კავკასიის დაპყრობა და შავი ზღვის კონტროლი იყო. რუსეთის პოლიტიკურ არსენალში მუდმივად იყო დიდი ბრიტანეთისთვის კონტრღონისძიებების დაპირისპირების სცენარები – ინდოეთის მიმართულება იქნებოდა ეს, ავღანეთის თუ სხვა რომელიმე. ამ კონტრღონისძიებებისთვის კი აუცილებელი იყო შავ ზღვაში დომინანტობა.  გრძელი ისტორიაა და ყველაფერს ვერ მოვყვებით, მაგრამ, რაც ხდებოდა ისტორიულად, ის ხდება დღესაც. უბრალოდ, დასავლეთში, დაინახეს რა, რომ რუსეთის უკრაინის წინააღმდეგ მიმართული ქმედების ერთ-ერთი მიზანი შავი ზღვის მაქსიმალური კონტროლი იყო,  წამოიწყეს კონტრღონისძიება – „ნატო“ შავ ზღვაში. ეს არის გეოპოლიტიკური დაპირისპირების კიდევ ერთი სივრცე, სადაც განსაკუთრებული ადგილი უჭირავს საქართველოს და როდესაც გაუთავებლად ლაპარაკობენ ანაკლიის პორტის აშენება-არაშენებაზე, შემიძლია, დაბეჯითებით გითხრათ, რომ ანაკლიის პორტი არ არის მხოლოდ ქართული და მხოლოდ ეკონომიკური პროექტი, ეს არის სამხედრო-პოლიტიკური პროექტი, რომელიც აუცილებელია დასავლეთის გეოპოლიტიკური ინტერესების განხორციელებისთვის. თურქეთი არ არის სანდო პარტნიორი და ეს ძალიან კარგად ესმით ბრიუსელში.
– ერთი ღრმაწყლოვანი პორტი, თუნდაც, წყალქვეშა გემებისთვის, ნამდვილად სჭირდება დასავლეთს შავ ზღვაში, მოკავშირის სანაპიროზე.
– რასაკვირველია. მიაქციეთ ყურადღება – ანაკლიის პროექტის საპასუხოდ თურქეთმა დაიწყო ასეთივე პორტის მშენებლობა სამსუნში. თუ ანაკლია მართლაც ეკონომიკური პროექტი იყო, მაშინ თურქეთი უფრო მალე ააშენებს, თავისი რესურსებიდან გამომდინარე, მაგრამ არა – ანაკლიის პორტის მშენებლობაზე უამრავი რესურსი იხარჯება: ცალკე აშშ-ს კერძო კომპანიები აქტიურობენ, ცალკე ევროკავშირი გამოყოფს ფულს საქართველოსა და აზერბაიჯანის ინფრასტრუქტურის მოსაწყობად. ასე რომ, ანაკლიის პორტი არის გეოპოლიტიკური დაპირისპირების ნაწილი. გვინდა თუ არა ამ დაპირისპირებაში ყოფნა, ჩვენი გადასაწყვეტია.
– არის კი ჩვენი გადასაწყვეტი ეს საკითხი?
– შეგვიძლია, უარი ვთქვათ ამაზე, მაგრამ საქმე ის არის, რომ რუსეთი პოზიციებს არც თმობს და არც ცვლის. რუსეთს ახასიათებს ხისტი დიპლომატია და ამ ფონზე, საქართველოს სხვა გამოსავალს არ უტოვებს. ბოლო პერიოდში რუსეთში რამდენიმე კონფერენცია გაიმართა ექსპერტთა მონაწილეობით და იმას, რასაც ცოტა ხნის წინათ რუსები მალავდნენ და შეფუთვას დელიკატურად ცდილობდნენ, დღეს უკვე პირდაპირ ამბობენ, რომ პოსტსაბჭოთა სივრცე არის მათი ბოსტანი. აქედან გამომდინარე, თვლიან, რომ პოსტსაბჭოთა სივრცეში ხელები აქვთ გახსნილი. მაგალითად, მოსკოვში სერიოზულად განიხილება ბელარუსის მიერთების საკითხი. იგივე მიდგომაა სხვა რესპუბლიკებისადმიც, მაგალითად, ყაზახეთისადმი. რუსეთს სერიოზული გეგმები აქვს, რომ ყაზახეთის სამხედრო-პოლიტიკური კონტროლი გაიზარდოს. ამ თვალსაზრისით, შავი ზღვა ერთგვარი გასაღებია. თუ მანამდე გვესმოდა, რომ ასეთი ტიპის დაპირისპირებაა პოლონეთისა და რუსეთის საზღვარზე, იგულისხმებოდა ის მონაკვეთი, სადაც კალინინგრადია, ახლა ეს ჩვენს კართან ხდება, ამდენად, სახიფათო თემაა და ძალიან გამიჭირდება რეცეპტის გამოწერა საქართველოს ხელისუფლებისთვის, ამიტომ ვამბობ, ძალიან სერიოზული და ძლიერი დიპლომატიური კორპუსია საჭირო, რომ ამ გამოწვევებში რაციონალური და საქართველოსთვის ყველაზე მოსარგები მოდელი იპოვო.
– სანამ მოდელს ვიპოვით, როგორია ძალთა ბალანსი შავ ზღვაში?
– დღეს შავ ზღვაში „ნატოს“ ისეთი კონტინგენტი არ არის წარმოდგენილი, რომლებსაც სამხედრო დაპირისპირების შემთხვევაში მყისიერი ზემოქმედების მოხდენა შეეძლებათ. აქ ძალიან მნიშვნელოვანია თურქეთის პოზიცია და მონტრეს საერთაშორისო ხელშეკრულება, რომელიც 1936 წელს დაიდო. ჯერ ერთი, ამ ხელშეკრულებით, შავი ზღვის აუზის ქვეყნებს არ შეუძლიათ, სამხედრო ხომალდები 21 დღეზე მეტი ხნით დააყოვნონ შავ ზღვაში და, მეორე მხრივ, სრუტეებში მხოლოდ გარკვეული წყალწყვის გემებს შეუძლიათ გავლა. მაგალითად, ავიამზიდი ვერ შემოვა, მაგრამ ავიამზიდის მოქმედების არეალი საკმაოდ დიდია, იმას გარდა, რომ მარმარილოსა და ხმელთაშუა ზღვებში განლაგებულ ავიამზიდებსაც შეეძლებათ მისწვდნენ ისეთ წერტილს, როგორიცაა ყირიმი, უკვე დაიწყო როგორც რუსულ, ისე თურქულ პრესაში შემოგდებული თემის განხილვა – ხომ არ გადავხედოთ მონტრეს ხელშეკრულებას, მაგრამ, დარწმუნებული ვარ, როგორც კი დაიწყებენ ამ ხელშეკრულების გადახედვას, უარეს შედეგს მიიღებენ. ეს საერთაშორისო ხელშეკრულებაა და სხვა ქვეყნებმაც მოაწერეს ხელი, ამიტომ, თუ ეს ხელშეკრულება გაუქმდება და ახალზე დაიწყება ზრუნვა, ის ევროპული ქვეყნები, რომლებიც ამაში იყვნენ ჩართულები, სულ სხვა პირობებს მოახვევენ თავს რუსეთსაც და თურქეთსაც.
რაც შეეხება ძალთა თანაფარდობას: არც რუსეთის შავი ზღვის ფლოტია ისეთი – დედა, ეს რა ვნახეო. მიუხედავად იმისა, რომ გადაიარაღებაც მოხდა და ახალი სახეობის ხომალდებიც დაემატა, ეს მაინც არ არის ის ძალა, რომელსაც შეუძლია აშშ-ს ან ბრიტანეთის ფლოტისთვის წინააღმდეგობის გაწევა. მაგრამ ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან დღევანდელი ტექნოლოგიების პირობებში საჭირო არ არის ფლოტების დაპირისპირება. სამხედრო ფლოტი უფრო ძალის დემონსტრირების საშუალებაა, ვიდრე მთავარი საბრძოლო იარაღი. ჩვენ ფლოტი გვჭირდება, თუნდაც, იმისთვის, რომ საზღვაო აკვატორია გააკონტროლოს, მაგრამ ეს სხვა საკითხია.
– სულ ამ კითხვას ვსვამ: მესმის, რომ საერთაშორისო ხელშეკრულება აკონტროლებს შავ ზღვაში სამხედრო ხომალდების შემოსვლა-გასვლას, მაგრამ შემოსასვლელი სრუტეები თურქეთის არის და შეიძლება, დაპირისპირება იმ დონეზე მივიდეს, რომ ანკარამ ამერიკული და „ნატოს“ სამხედრო გემები არ შეუშვას?
– ამ წუთს თურქეთი, სამხედრო-პოლიტიკური თვალსაზრისით, ისე მყარად ვერ დგას ფეხზე, რომ „ნატოსთან“ თანამშრომლობა შეწყვიტოს. ეს დასავლეთმა შეიძლება, გარიცხოს თურქეთი „ნატოდან“, რაც საეჭვოა, რადგან საჭირო ქვეყანაა წინა აზიაში, როგორც პლაცდარმი და „ისკანდერუნის“ ბაზა უმნიშვნელოვანესია „ნატოს“ ძალებისთვის, რომლებიც ახლაც იქ არიან, ამდენად, მანევრებია, ხან ამერიკა რომ იმუქრება თურქეთის „ნატოდან“ გარიცხვით და ხან თურქეთი რომ ამბობს, წავალთ „ნატოდანო“. ობიექტურად, ორივეს სჭირდება ერთმანეთი. აქედან გამომდინარე, თურქეთი უარს ვერ იტყვის „ნატოს“ გემების სრუტეებში გატარებაზე, ამას „ნატოს“ წევრობაც ავალდებულებს და, გარდა ამისა, შავ ზღვაში კიდევ არის „ნატოს“ ორი სხვა ქვეყანაც – ბულგარეთი და რუმინეთი და არც ის დაგავიწყდეთ, რომ იქვეა საბერძნეთიც, რომელიც შავი ზღვის ქვეყანა არ არის...
– მაგრამ შავი ზღვის შესასვლელთანაა ახლოს.
– ამდენად, ასე მარტივად ვერ გადაწყდება ეს საკითხი, ანუ მხოლოდ თურქეთის სურვილზე არ არის დამოკიდებული. თავის დროზე, მონტრეს ხელშეკრულებაც თურქეთის დასახმარებლად, საბჭოთა კავშირის აგრესიის შესაზღუდად მომზადდა.

скачать dle 11.3