№16 სიყვარული რუსულად
ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე
ანუ იძულება სიყვარულისთვის
მართალია, რფ-ის მოსახლეობის მესამედს ფეხსაცმლის პრობლემა აქვს, 80 პროცენტს კი – სურსათისა და პირველადი მოხმარების ნივთების, მაგრამ, სამაგიეროდ, აწ უკვე ბელორუსიის შემოერთებას გეგმავენ (ყირიმი ხომ ააყვავეს?!).
თუმცა სამართლიანობის გამო უნდა ითქვას, რომ, თავის დროზე, ბელორუსიამ თავად მოუწერა ხელი ელცინის რუსეთს შეთანხმებაზე ერთიანი სახელმწიფოს შექმნის შესახებ.
ჰოდა, რაკი მოუწერა, პრ. პუტინის რუსეთმა გაუხსენა, მაგრამ, ვინაიდან მინსკი ეურჩება, რფ-ის სანიტარულმა სამსახურმა რუსეთის ტერიტორიაზე ბელორუსული მსხლისა და ვაშლების იმპორტი აკრძალა. უფრო მეტიც, თურქული მსხლებისაც – ბელორუსიის გავლით.
ამიტომაც ბელორუსიის უცვლელმა ლიდერმა დაადგინა, რომ რუსეთი ხელების გადაგრეხვის პოლიტიკას ატარებს (სიტყვა სიტყვით ასე თქვა ბ-ნმა ლუკაშენკომ – „გათავხედებული რუსეთი“) და, რადგან, ლუკაშენკოსვე თქმით, რუსეთის ბაზრის დაკეტვა ბელორუსიისთვის იგივეა, რაც სანქციების დაწესებაო, საკუთარ სახელმწიფოს მოუწოდა, არ დაეხმაროს რუსეთს ნავთობსადენის შეკეთებაში.
რატომ? იმიტომ რომ (მომყავს ციტატა ბელორუსიის პრეზიდენტის გამოსვლიდან): „ის სიკეთე, რასაც ვუკეთებთ რუსეთს, როგორც წესი, ყოველთვის ბოროტებად გვიტრიალდებაო“.
თეთრი და უბრალოდ რუსი, ცხადია, ჩვენი ჩარევის გარეშეც მორიგდებიან, მაგრამ ადვილი წარმოსადგენია, უკრაინელსა და ბელორუსს რომ ერჩის, ჩვენ რას შეიძლება, მოგვწიოს, თუმცა ისიც ფაქტია, რომ რუსული ფანტაზია მწვანილსა და ვაშლს (თუ ბომბებს არ ყრის) ვერა და ვერ გასცდენია.