№15 რატომ არის კახაბერ ცისკარიძისთვის რთული „ოჯახობა“ და რის შემდეგ აიწია მასზე ფასმა
ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე
კახაბერ ცისკარიძემ საკუთარი შოკოლადის წარმოება დაიწყო. ეს არის შემეცნებით-გასართობი ხასიათის პირველი ქართული ზღაპარი შოკოლადის სახით – „თხა და ვენახი“. როგორც ამბობს, წინ კიდევ ბევრი სიახლე აქვს და მათ შორის, კვლავ აპირებს პოლიტიკაში ბედის ცდას.
კახაბერ ცისკარიძე: მას შემდეგ, რაც მუსიკალური პროდუქცია „თხა და ვენახი“ შეიქმნა, ბევრს ვფიქრობდი შოკოლადის გამოშვებაზეც და ბედნიერი ვარ, რომ ეს მოხდა. მიხარია, რომ ამ საკითხშიც, ისევე როგორც ბევრ სხვა პროექტში, პირველი ვარ. ჩვენს ქვეყანაში პირველი მუსიკოსი ვარ, ვინც თავისი ტანსაცმლის ხაზი გამოუშვა, როგორც არტისტმა და ამ ყველაფრის კონცეპტუალური გაგრძელებაა შოკოლადი „თხა და ვენახი“. ეს არის პირველი ქართული შემეცნებით-გასართობი ზღაპარი შოკოლადის სახით. ეს ყველაფერი დაკავშირებულია მუსიკოსთან, რომელიც ქმნის ქართულ ელექტროფოლკს. ამ სახით მუსიკა საქართველოში პირველად მე შევქმენი, 1998 წელს და მას შემდეგ ამ პროექტზე ვმუშაობ. მიხარია, რომ მსოფლიო მუსიკაში გათანამედროვებული ქართული ფოლკლორი შევიტანე.
– შოკოლადის იდეა როგორ გაჩნდა?
– ყველაფერი ერთმანეთთან ახლოსაა. ტანსაცმელიც სიახლე იყო და ერთი შეხედვით, მუსიკასთან არაფერ შუაში, მაგრამ ჩემი ყველა პროექტი ჩემი მუსიკიდან გამომდინარეობს. ტანსაცმელს არ ვქმნი იმიტომ, რომ უბრალოდ, მინდა, ტანსაცმელი შევქმნა. ტანსაცმელი ჩვენს ატელიეში იქმნება ჩვენი ნაციონალურ-რეგიონალური მუსიკიდან გამომდინარე, რომელსაც წლებია, წარვადგენ და მაქსიმალურად ვცდილობ, პოპულარიზაცია გავუწიო სხვა ქვეყნებში. მინდა, ეს ქართველებისთვისაც ახალი და მიმზიდველი ფორმა იყოს ძველი ფოლკლორის სწავლისთვის. ეს ტანსაცმელი კი არის ქართული ფოლკლორის გათანამედროვება. დღეს ჩემი ყაბალახები და მაისურები, ჩემი დიდი ბაბუის სურათი ბევრმა ადამიანმა იცის და სხვადასხვა ქვეყანაშიც ძალიან ბევრს მოგზაურობს, ისევე როგორც ჩემი მუსიკა. ანუ ტანსაცმელი ჩემი მუსიკალური კონცეფციის ორგანული ნაწილია. შოკოლადის შემთხვევაშიც ზუსტად ასეა, ქართული ფოლკლორი დღევანდელობის შესაბამისად შევფუთეთ. ვიცით, რომ ამ ზღაპარს ჰყავს რვა პერსონაჟი და შესაბამისად, ეს რვა პერსონაჟი რვა ფილა შოკოლადის სახით ერთადაა შეფუთული და ბავშვებმა უნდა დააწყონ იმისდა მიხედვით, ვინ ვინ შეჭამა. როგორც მეუბნებიან, ეს არა მხოლოდ პატარებისთვის გახდა კარგი გასართობი, უფროსებისთვისაც დიდად სახალისო აღმოჩნდა.
– რამდენად მომგებიანია ეს ყველაფერი კომერციული თვალსაზრისით?
– ტანსაცმლის ხაზი მომგებიანი რომ არ იყოს, დავხურავდით და დღეს აღარ იარსებებდა. ჩემთვის მოულოდნელი იყო ამხელა აჟიოტაჟი და ამ მასშტაბის მოთხოვნა, რისთვისაც მზად არ ვიყავით. პირველივე დიდი პარტია გამოსვლიდან სამ თვეში მთლიანად გაიყიდა. მერე, რაღაც პერიოდი, მასიურის გამოშვება შევაჩერეთ, რადგან ვეღარ ვუმკლავდებოდით და ახლა კვლავ აღდგენის პროცესი გვაქვს უფრო დიდი მასშტაბებით. ორიენტირებულები ვართ ონლაინ გაყიდვებზე. აქ აქცენტი მხოლოდ საქართველოზე აღარ გავაკეთეთ, არამედ იმ ქვეყნებზე, სადაც ჩვენი სიმღერებით ვმოგზაურობთ: უკრაინა, აზერბაიჯანი, თურქეთი, ბრიტანეთი, ისრაელი, ჩინეთი და ასე შემდეგ. ყველგან განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა – ადამიანს ეგრევე გამორჩეულობას ანიჭებს. ახლახან მომწერეს, რომ იტალიაში თითით აჩვენებდნენ ჩემს მაისურსა და ყაბალახს. მოდის ქვეყანაში რომ ასეთ შეფასებას იწვევს, ეს ჩვენთვის დიდი მოტივაციაა.
– ცოტა ხნის წინ, კახაბერმა პოლიტიკაშიც მოსინჯა ძალები, რაც გამარჯვებით არ დამთავრდა. დღეს როგორ აფასებთ ამ ნაბიჯს?
– პოლიტიკა ჩემი ერთ-ერთი საინტერესო პროექტი იყო. პირველივე განაცხადი გამარჯვებით ვერ დამთავრდებოდა და მე ამისთვის, რა თქმა უნდა, მზად ვიყავი. ეს იყო განაცხადი, თუნდაც იმისთვის, რომ ეს თემა განხილვადი ყოფილიყო. მთავარი ის კი არ იყო, რომ მე პოლიტიკაში წავედი, რის გამოც ხალხი ისტერიკაში ვარდება ხოლმე, ჩემი ამ პროექტში მონაწილეობა ნიშნავდა, რომ მე განაცხადი გავაკეთე არა პოლიტიკაში შესვლაზე, არამედ ბათუმის მერის თანამდებობის გამოტანაზე პოლიტიკური პოზიციიდან. ბათუმის მერი არ უნდა იყოს პოლიტიკოსი, ეს იყო ჩემი მიზანი. ჩემი პროგრამა მინიმუმი კახაბერისა და კახაბერის იდეების პიარი იყო, რაც ძალიან კარგად შესრულდა და ამ არჩევნებში ჩემმა მონაწილეობამ ჩემდამი უფრო მეტი ინტერესი გამოიწვია. კომერციული თვალსაზრისითაც რომ შევხედოთ, ძალიან კარგი შედეგი მივიღე, რადგან იმ ყველაფერზე, რაზეც მე ვმუშაობ, რაც ჩემს სახელს უკავშირდება, ინტერესმა და ფასმა უფრო აიწია. ასე რომ, ჩემმა ნაბიჯმა გაამართლა. არჩევნებზე მე თანხაც კი არ დამიხარჯავს და ამ ფონზე ავიღე ერთი პროცენტი პირველივე განაცხადზე, რაც ცოტა არაა და ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. კიდევ უფრო მეტი მობილიზაცია იყო საჭირო, რასაც მომდევნო არჩევნებზე აუცილებლად გავითვალისწინებ.
– კიდევ აპირებთ ბათუმის მერის არჩევნებში მონაწილეობის მიღებას?
– რა თქმა უნდა და მიღებული გამოცდილებიდან გამომდინარე, მომდევნო არჩევნებში უკეთეს შედეგს ველოდები. კამპანიაც სხვა მასშტაბის მექნება. მხოლოდ ველოსიპედით სიარულს აღარ ვაპირებ.
– თუმცა ველოსიპედით სიარულმაც უდანაკარგო პიარი მოგიტანათ.
– რა თქმა უნდა, ვიღაცას შეიძლება, ეს არასერიოზულად მიაჩნდეს, მაგრამ მე მათ ვეუბნები: მე ამას გთავაზობთ, უკეთესი თქვენ შემოგვთავაზეთ. იქნებ, მე მინდა, ვიყო ყველაზე ცუდი კანდიდატი კანდიდატთა შორის?! და ესაა ჩემი განაცხადი, მათ სხვა შეთავაზება გააკეთონ და გადაწყვეტილებას ხალხი მიიღებს. უკვე ბევრჯერ მომისმენია ბათუმში: რატომაც არ უნდა იყოს კახაბერი ბათუმის მერი?! რატომაც არა?! მე ყველაზე კარგი გზებისა ან წყალგაყვანილობის გამყვანი ვიქნები-მეთქი, არ ვამტკიცებ. პირადად არცერთი ქალაქის მერს არ გაჰყავს კანალიზაცია, ამისთვის არსებობს შესაბამისი კადრები. მთავარია, პრიორიტეტები და რეკლამა, ჩემთვის მთავარი პრიორიტეტი კულტურისა და ხელოვნების სწორად შეფუთვა და წარმოჩენაა. მოკლედ, პროექტი „აპოლიტიკური პოლიტიკა“ გრძელდება და განაცხადს ქალაქ ბათუმის მერის კანდიდატურაზე კიდევ გავაკეთებ. პოლიტიკოსი ისედაც ბევრი გვყავს, მერს კარგი მენეჯმენტის წარმოების უნარი უნდა ჰქონდეს.
– ამბობენ, ხელოვანი ადამიანი ოჯახში რთულიაო. თქვენს შემთხვევაში როგორაა?
– ყველა არტისტისთვის რთულია „ოჯახობა“. მე ბედნიერი ვარ, რომ მყავს ორი შვილი – 16 წლის ლუკა და ცხრა წლის ალექსანდრე, რომლებიც უყურებენ ჩემს პროექტებს და მათ ანთებულ სახეს რომ ვხედავ, მიხარია, რადგან ამ ყველაფერს სწორად აღიქვამენ. მინდა, ოჯახთან მეტი დრო გავატარო, რაც სამწუხაროდ, ყველა არტისტისთვის და მათ შორის ჩემთვისაც დიდი პრობლემაა, თუმცა ყველანაირად ვცდილობ.