№15 იყო თუ არა შოთა რუსთაველი განდობილი და რა საიდუმლოს მოპოვებას ცდილობდა ჰიტლერი კავკასიაში
ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე
განდობილები იდუმალებით მოცული და დიდი ცოდნის მქონე ადამიანები არიან, რომელთა ვინაობაც გასაიდუმლოებულია.
კახაბერ ჭიღლაძე (მკვლევარი): განდობილები ძალიან მისტიკური ადამიანები არიან. მათ ირჩევს ღმერთი ან ანგელოზი და მათგან უდიდესი ცოდნა მოევლინებათ. ისინი ცხოვრობენ ხევსურეთში, სვანეთში, აჭარაში. თუ დავაკვირდებით, ეს ყველაფერი მთაში ხდება, რაც უხსოვარი დროიდან მოდის. როცა ბიბლიური წარღვნა მოხდა, ყველაფერი წყლით იყო დაფარული და მხოლოდ მთებზე შემორჩა ხალხი, რომელმაც ძველი ბიბლიური ცოდნა შეინარჩუნა. მათ აქვთ ტელეპათიური ხედვები და შეუძლიათ, გაიგონ, როგორც აქაური, ისე იქაური ცხოვრება. დედამიწაზე ამ თვალსაზრისით რამდენიმე გამორჩეული ადგილი არსებობს: ტიბეტი, ანდები და კავკასია – ამ ხალხს, მიუხედავად იმისა, რომ ამხელა მანძილი აშორებთ და ტექნიკური კომუნიკაცია მათ შორის არ არსებობს, მაინც აქვთ ერთმანეთთან კონტაქტი, ესაა ტელეპათიური კონტაქტი. მე გადავთარგმნე „კავკასიური იოგა“, რასაც ჩვენთან „სიცოცხლისა და სიკვდილის წიგნს“ ეძახდნენ. „კავკასიური იოგა“ გრაფმა ვალევსკიმ დაარქვა, რომელიც ტიბეტელმა ბერებმა – ლამებმა გამოაგზავნეს კავკასიაში. პირადად არც ის ლამა იყო ნამყოფი კავკასიაში და არც ჩვენი განდობილები ჩასულან ტიბეტში, შესაბამისად, უშუალო კომუნიკაცია ვერ ექნებოდათ, მაგრამ მათ სწორედ ტელეპათიური კომუნაკაციის წყალობით იცოდნენ, რა ცოდნას ფლობდნენ სვანი განდობილები. სხვადასხვა დროსა და კულტურაში მათ ეძახდნენ განდეგილებს, ბერებს, ვარსკვლავთმრიცხველებს... ხევსურეთში კიდევ სხვა ინსტიტუტია, იქ არიან ხევისბერები და ჰყავთ თავიანთი „დასტურები“. ისინი სამ დღეს ძილში ატარებენ. არავინ იცის, ნამდვილად სძინავთ თუ არა, მაგრამ სამი დღით იკეტებიან და ღმერთისგან იღებენ ინფორმაციას, რომელსაც დასტურებს გადასცემენ და ხალხს ისინი აცნობენ განგების ნებას. აჭარაში განდობილი ქურუმები მთაში ადიოდნენ და იქ ამზადებდნენ საკუთარ მოსწავლეებს, რომლებსაც ხალხისთვის უნდა გადაეცათ მათი მონათხრობი, ანუ ღვთაების ნება. წლობით წვრთნიდნენ მოსწავლეებს და ამ წვრთნაში შედიოდა როგორც ფიზიკური, ისე სულიერი მომზადება. შემდეგ აწვენდნენ სარკოფაგში, როგორც მიცვალებულს და გარკვეული პერიოდი იქ ტოვებდნენ. საერთოდ, ნულის დონეზე დადიოდა მათი ნივთიერებათა ცვლა, მათი მდგომარეობა სიკვდილს უტოლდებოდა. ამ დროს იღებდნენ ინფორმაციას ზესამყაროდან. ამ ცოდნის მიღება ადამიანურობის დათრგუნვის ხარჯზე ხდებოდა. დღემდე არავინ იცის, ვინ არიან ეს განდობილები. არაერთხელ ითქვა, რომ ჩამოსულები იყვნენ და ზვიად გამსახურდიას გაესაუბრნენ, მაგრამ ესეც ლეგენდის დონეზეა. ზუსტად არავინ იცის მათი ვინაობის შესახებ, რადგან ამას თავად ასაიდუმლოებენ. მხოლოდ ზეციდან ხელდასხმულებს ენიჭებათ ეს ცოდნა. არც იმის განსაზღვრაა შესაძლებელი, ვინ შეიძლება, გახდეს განდობილი და არც მემკვიდრეობით გადადის.
– თუმცა, თქვით, საამისოდ წვრთნიანო.
– არა. განდობილები წვრთნიან იმ ადამიანების, რომლებიც ქურუმები უნდა გახდნენ და ხალხს უნდა გადასცნენ ის ცოდნა, რაც მათ აქვთ.
– რამდენიმე მთიანი ადგილი ვახსენეთ, სადაც განდობილები ცხოვრობენ, მაგრამ ამ თვალსაზრისით თითქოს სვანეთი უფრო გამორჩეულია. რა არის ამის მიზეზი?
– სვანეთი ერთადერთი ადგილია, სადაც ვერავინ შეაღწია. მხოლოდ რუსეთის არმიამ მოახერხა ასვლა, ხალდე დაანგრია, მაგრამ ამ განდობილების მიერ გამოზრდილმა „ფუსტებმა“ (არსებობდა ასეთი ინსტიტუტი. ფუსტები იცავდნენ ჩვენს სულიერ საგანძურს) მათ თავი შეაკლეს და ჩვენი საგანძური მაინც შეინახეს. მეფის რუსეთმაც კი ვერ მოახერხა ამ ინსტიტუტის განადგურება. მეოცე საუკუნემდე კაციშვილს არ ჰქონდა ფეხი დადგმული სვანეთში. შესაბამისად ეს ცოდნა ხელშეუხებლად შემორჩა. ამიტომაცაა სვანეთი დღემდე გამორჩეული. ამიტომაც გამოაგზავნეს ტიბეტელმა ლამებმა პოლონელი გრაფი ვალევსკი სვანეთში. რომელმაც მოახერხა კიდეც სვანი განდობილების ნახვა. წარმოიდგინეთ, განდობილების ვინაობა არავინ იცის, მაგრამ ამ ადამიანმა ეს, ისევ და ისევ მათი ტელეპათიური კავშირის წყალობით, შეძლო. ეს არაა ზღაპრების დონე, მოგეხსენებათ, თვითონ ჰიტლერიც გამწარებული ცდილობდა ტიბეტსა და კავკასიაში ამ საიდუმლოების ხელში ჩაგდებას. მაგრამ მისი ძალით მოპოვება შეუძლებელია. მხოლოდ ვალევსკიმ მოახერხა ის, რომ მას ჩააწერინეს „სიცოცხლისა და სიკვდილის წიგნში“ არსებული ინფორმაცია. ვინც მას გაეცნობა, გაოგნებული დარჩება, რადგან მასში უდიდესი ცოდნა დევს და მას „კავკასიური იოგა“ დაარქვა. მასშია პასუხები კითხვებზე: რისთვისაა ადამიანი ამქვეყნად მოსული, რა მისია აქვს, რა დონეზე შეუძლია განვითარება. გრაფი ვალევსკი დაინტერესებული იყო იოგით. იმოგზაურა ტიბეტში, სადაც უთხრეს, რომ თუ უფრო მაღალ საფეხურზე უნდოდა ასვლა, მაშინ კავკასიაში უნდა წამოსულიყო. ეს იმას ნიშნავს, რომ აქ რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი ხდებოდა. ჩამოდის ეს ადამიანი და იღებს ამ კითხვებზე პასუხებს. სხეულისა და გულის გასაწმენდი ვარჯიშებიც კი ჩააწერინეს და ისიც, ამ ყველაფრის შემდეგ როგორ უნდა მიაღწიოს ბუნებაზე ზემოქმედებას, როგორ უნდა დაუკავშირდეს სხვა განდობილებს, როგორ უნდა გაიაქტიუროს მესამე თვალი, რომლითაც ის მეოთხე განზომილებას ხედავს, რისი უნარიც ჩვეულებრივ ადამიანებს არ გვაქვს. მართალია, გრაფი შეჰპირდა, რომ ამ ინფორმაციას არ გამოსცემდა, მაგრამ ისე მოხდა, რომ მისი დაღუპვის შემდეგ გამოვიდა „კავკასიური იოგა“, პატარა ტირაჟით. ზუსტად არავინ იცის, თუმცა ამბობენ, რომ რადგან მიცემული სიტყვა გატეხა, ამიტომ დაიღუპა. არსებობს, მეორე ვერსიაც, რომ ვიღაცებმა ხელში ჩაიგდეს ეს ინფორმაცია და მოკლეს. მინდა გითხრათ, რომ განდობილები მთლად დამალულებიც არ ყოფილან. მაგალითად, შოთა რუსთაველი. „ვეფხისტყაოსანი“ მთლიანად დნმ-ის სტრუქტურაზეა აგებული, ანუ სამყაროს სტრუქტურაზე. ერთი სტრუქტურა აქვს სამყაროს, მოლეკულას, ადამიანს და ასეთი რაღაცები შემთხვევით არ ხდება. მისი ავტორიც განდობილი იყო და შეფარულად და ხატოვნად გადმოგვცა დიდი ინფორმაცია, რომელიც აუცილებლად გასაშიფრია. „ვეფხისტყაოსანი“ – ესაა სხეულისა და სულის განვითარების და ჰარმონიის ფორმულა.
– ზვიად გამსახურდიასთან შეხვედრა ახსენეთ. თუ გვაქვს ცნობები განდობილების სახელმწიფოებრივ საკითხებში ჩართულობის შესახებ?
– ცნობილია, რომ დავით აღმაშენებელი განდობილების გარეშე ფეხს არ გადადგამდა, ასევე თამარ მეფე. ფარნავაზის გვერდითაც იყვნენ ასეთი ადამიანები და მათი დახმარებით გავრცელდა ანბანი, რომელიც ვარსკვლავების განლაგებით მიიღო.
– ალბათ, მათთან დაკავშირებული ლეგენდებიც გვაქვს შემორჩენილი.
– მაგალითად, ხევსურეთში ძალიან ბევრი ყვება ლიქოკელზე. ეს ადამიანი აკეთებდა ტრეპანაციას და ტვინზე ურთულეს ოპერაციებს ჩვეულებრივი დანით ატარებდა. გაოგნებულები არიან და ექიმები დღესაც დაობენ, რა საიდუმლოს ფლობდა ის. თვითმხილველები ამბობენ, რომ არაფერი განსაკუთრებული, ჩვეულებრივი ჟიპიტაურით აკეთებდა დეზინფექციას, მაგრამ ადამიანს თვალებში ჩახედავდა და ეტყოდა: შენ ახლა აქ არ ხარ, შენ ხარ სხვაგან, შენ ეს არ გტკივა – ჰიპნოზისმაგვარ პროცედურას უტარებდა. ადამიანი გაუნძრევლად იჯდა და ტვინზე სამ-ოთხსაათიან ოპერაციას უტარებდა, არანაირი ნარკოზი. იმ ადამიანს ზებუნებრივი ძალა ჰქონდა და ადამიანების განკურნებისთვის იყენებდა.