№15 ვინ არის ქალი, რომელმაც რომა რცხილაძესთან ერთად დაამარცხა სიკვდილი და როგორ ხვდება მუსიკოსი ახლობელი ადამიანების გარდაცვალებას ერთი შეხედვით
ნინო კანდელაკი ნონა დათეშიძე
მუსიკოსი და მომღერალი რომა რცხილაძე ის ადამიანია, რომელიც ნებისმიერ მომენტში მზად არის ახლობლების დასახმარებლად. მისი დიდი და მკაცრი ვიზუალის მიღმა, სათნო, თბილი და მოსიყვარულე ადამიანი იმალება. მართალია, ცხოვრებამ წლების წინ, საკმაოდ რთული მომენტის წინაშე დააყენა, გამოცდა მოუწყო და სიკვდილს თვალებში ჩახედა, მაგრამ ღმერთის წყალობით, ძლიერი აღმოჩნდა – სიკვდილიც დაამარცხა და თავიდან ცხოვრებაც დაიწყო.
რომა რცხილაძე: ცხოვრების დიდი გზა გავიარე – ნახევარ საუკუნეზე მეტი. იყო ბევრი ტკივილი, სიხარული, გამოცდები, წარმატება, წარუმატებლობა. ყველაფერი მარტომ, ღმერთისა და იმ ადამიანების დახმარებით გავიარე, ვისაც ჩემი ესმით. ისეთი ქვემოსვლები და ჩავარდნები იყო ჩემს ცხოვრებაში, იმის ქვემოთ რომ აღარ არსებობს. იქიდან ამოსვლა კი საკმაოდ რთული იყო. ბევრი მახე და გამოცდა დამიგო ცხოვრებამ და ჩემი განვლილი გზა, გულის კარდიოგრამასავითაა. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ სამი ადამიანის ცხოვრების გავლა მოვასწარი.
– როდის იდგა თქვენს ცხოვრებაში ყველაზე რთული პერიოდი, როცა ბედმა მახე დაგიგოთ და გამოცდის წინაშე დაგაყენათ?
– ყველაზე რთული პერიოდი მაშინ იდგა, როცა 40 წლის ასაკში სიკვდილს თვალებში ჩავხედე. აბასთუმანში მომიწია მკურნალობა, ფილტვებზე პრობლემის გამო. საკმაოდ მძიმედ ვიყავი და 40 წლის ასაკში თავიდან სიარული დავიწყე. ნულის ქვემოდან ამოვძვერი და ამ სირთულემ და სიკვილთან ბრძოლამ, ბევრი რამ დამანახვა. მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი, რამდენი რამ მქონდა გასაკეთებელი და ჯერ სიკვდილი ადრე იყო. ასე რომ, ბრძოლა ღირს, ყველაზე რთულ სიტუაციაშიც კი. ფაქტია, 15 წელი ვებრძოლე დაავადებას და ვაჯობე. ამის მერე, 55 წლის ასაკში, ახალი ცხოვრება დავიწყე და დღეს ენერგიით სავსე ვარ. სულ ვამბობ, ბუმერანგივით დამიბრუნდა ის სიკეთე, რაც მე უანგაროდ ვთესე-მეთქი. არ მიყვარს ამის აფიშირება, მაგრამ ფაქტია, სიკეთე არ იკარგება.
– ამბობენ, ინტუიცია სასწაულად გაქვთ განვითარებული და ადამიანის აურას, შინაგან განწყობას თუ მოსალოდნელ სიკვდილს წინასწარ გრძნობთ. ეს სიმართლეა?
– ადამიანს შევხედავ და ეგრევე „ვშიფრავ“, მაგრამ ეს მღლის. წარმოიდგინეთ, ასტროლოგიურად, წლით „გველი“ ვარ, თვით –„მშვილდოსანი“ და სჭარბობს „მორიელი“ და თქვენ თვითონ გამოიტანეთ დასკვნა, რა ვიქნები (იცინის). „გველის“ წელში დაბადებამ ინტუიცია და სიბრძნე შემმატა, „მშვილდოსანმა“ – მიზანში ზუსტი სროლა და „მორიელმა“ კი გამოწერა რეცეპტი და კარგად კბენა მასწავლა (იცინის). რაც შეეხება ადამიანის შინაგან სამყაროს, მას ვხედავ. ვგრძნობ, როგორი პიროვნებაა და რა ელის. ეგრეთ წოდებული, „მესამე თვალი“ მეხსნება – ესეც „გველის“ წელში დაბადებას უკავშირდება და ადამიანის პერსონას მის თვალებზე, სხეულზე, სიარულის მანერაზე დაკვირვებით ვშიფრავ.
– არის კონკრეტული პერიოდები, როცა თქვენი ინტუიცია ზენიტშია? როდის გეხსნებათ ეს, ეგრეთ წოდებული, „მესამე თვალი“?
– „მესამე თვალი“ სულ გახსნილი მაქვს და ეს ერთგვარი ტანჯვაა. ძალიან რთულია, წინასწარ იგრძნო ადამიანის გარდაცვალება. ყოფილა მომენტი, შემიხედავს ადამიანისთვის თვალებში და მივმხდარვარ, ის მალე დატოვებდა ამქვეყანას. ფაქტობრივად, შეხედვაც არ მინდა, ამას ადამიანის ქცევითაც ვხვდები. ახლახან ბავშვობის მეგობარი დამეღუპა, საოცარი ადამიანი. წინასწარ ზუსტად ვიცოდი, რომ მალე გარდაიცვლებოდა და მასთან განშორება მომიწევდა. წარმოიდგინეთ, რა რთულია, ეს ერთგვარი სასჯელია ჩემთვის.
– საკმაოდ მკაცრი შესახედაობა გაქვთ და ვინც არ გიცნობთ, ძნელია იმის წარმოდგენა, რომ ამ ვიზუალის მიღმა თბილი, მოსიყვარულე, ზედმეტად მგრძნობიარე მამაკაცი „იმალება“.
– ჩემი მატყუარა გარეგნობის გამო დამარქვეს სპილო (იცინის). სხვათა შორის, ჩემი ყველა მეგობარი ამბობს, სანამ კარგად გაგიცნობდით, დარწმუნებულები ვიყავით, რომ მკაცრი და მიუკარებელი ადამიანი იყავიო. თუმცა, რეალურ ცხოვრებაში, ამ გარეგნობის მიღმა, მართლა ნამდვილი სპილო ვარ, მასავით დიდი და ბუნჩულა (იცინის). იმდენი უცხო ადამიანისთვის გამიმართავს ხელი, იმდენი გამიცია და დავხმარებივარ, ეს უანგაროდ გაცემული სიკეთე არ დაიკარგება.
– იმასაც ამბობენ, თუ გაბრაზდა ბუნჩულა სპილო, მტრისას, ისეთი გადარევა იცის... ეს გურული გენეტიკის ბრალი ხომ არ არის?
– (იცინის) ჩემი გადარევა ნამდვილად ჩემი გურული გენეტიკის ბრალია. დიდხანს შემიძლია მომთმენა, მაგრამ თუ ყელში ამომივიდა და გავბრაზდი, ისე გამოვდივარ ტყავიდან, მტრისას. უდისციპლინობას ვერ ვიტან, ჩემს ცხოვრებაში არსად დამიგვიანია და როცა ადამიანი აგვიანებს, ამ დროს შეურაცხადი ვხდები (იცინის).
– ერთხელ მითხარით, სუსტი სქესის წარმომადგენლებთან ჩემი დამოკიდებულება მაქვსო.
– მე ქალთან თამაში არ მიყვარს, ჩემი მუსიკითა და უანგარობით ვხიბლავ. ბევრი ქალი, რომელსაც დღეს ბედნიერი ოჯახი აქვს და წარმატებულია, ჩემი შემოქმედების დამსახურებაცაა. ვთვლი, კაცი არ არის ძლიერი სქესი. ჩვენ არ ვართ ძლიერები, ქალები გვჯობნით, თქვენ წინაშე უძლურები ვართ. კაცები ყოყლოჩინები ვართ, ვიბრალებთ – ძლიერი სქესი ვართო, საბოლოო ჯამში კი, ყველაფერს ქალი წყვეტს. ქალთან ლიდერობა არ ღირს, ის ისეთი არსებაა, შეუძლია, ნებისმიერი ბუმბერაზი არსება კურდღლად აქციოს. სხვათა შორის, ქალის „შებმა“ არასდროს დამჭირვებია, სულ მათგან მოდიოდა ინიციატივა (იცინის).
– როგორ გრძნობდით, რომ ქალს თქვენი „შებმა“ უნდოდა და მოხიბლული იყო?
– ამასაც წინასწარ ვგრძნობ, თვალებში ჩახედვით (იცინის). ჩემი პროფესიის, ენერგეტიკის, უანგარო, მეგობრული და მოხეტიალე მუსიკოსის ცხოვრება ვერ იქნება ადვილი. როგორც გითხარით, 40 წლის ასაკში მეორედ მომიწია დაბადება და ამ დროს ისეთი ადამიანი გამომიგზავნა ღმერთმა, ვისი მადლიერიც ცხოვრების ბოლომდე ვიქნები. ესაა, ჩემი ცოლი – ნინო, რომელმაც ჩემთან ერთად ჩახედა სიკვდილს თვალებში, ჩემთან ერთად გამოიარა ის განსაცდელი, ტკივილი, თავიდან ფეხზე წამოდგომა, დარდი და სიხარული, ჩემთან ერთად გაიზიარა სიყვარული. ის დღესაც ჩემ გვერდით დგას და ყველაფერს აკეთებს, რომ ჯანმრთელად და კარგად ვიყო. ის ჩემით ცხოვრობს.
– პირად ცხოვრებაში ნამდვილად გაგიმართლათ. რაში არ გაგიმართლათ?
– არ გამიმართლა, რომ ამ ქვეყანაში გავჩნდი და არა სადმე უცხოეთში – უფალმა ასე ინება. ჩემს ქვეყანაში ხალხს ვუყვარვარ და ეს უდიდესი ჯილდოა. თუმცა, როგორც მუსიკოსს, დაფასება არ მაქვს –არსად მეძახიან, არ ვუნდივარ, არ მპატიჟებენ, არადა, როგორც მუსიკოსი, ხელწამოსაკრავი ნამდვილად არ ვარ. ქუჩაში უცხო ადამიანები მაჩერებენ, სითბოსა და სიყვარულს გამოხატავენ და ამით ბედნიერი ვარ. მაგრამ იმათზე მწყდება გული, ვინც ვერ მამჩნევს და ჩემი სახით ბევრს კარგავს. როცა ვჭირდები, კი ბატონო – მეხმიანებიან.