№15 როგორ ცხოვრობდა ელენა სიყმაშვილი ტყეში, ზამთარში სამი თვე ბიჭებთან ერთად და რატომ დაშორდა ის მეუღლეს
ნინო კანდელაკი ხათუნა კორთხონჯია
ლამაზი, წარმატებული და ძლიერი ქალი, ელენა სიყმაშვილი პროფესიონალი მოკრივეა. ელენა 36 წლისაა, პროფესიონალურ სპორტში გვიან ჩაერთო. ის, ასევე, სამხედრო სერჟანტია და მუშაობა, ძირითადად, სულ მამაკაცების გარემოცვაში უწევს. როგორ გახდა პროფესიონალი მოკრივე და სამხედრო, როგორ ზრდის შვილს მარტო და უწევს თუ არა თავისი ძალის რინგს გარეთ გამოყენება, ელენა თავად გვიამბობს.
ელენა სიყმაშვილი: 2003 წელს დავიწყე ვარჯიში პროფესიონალური კრივის კლუბში. ჩემი ასაკისთვის ცოტა გვიან იყო, თუმცა ყოველთვის ძალიან მინდოდა, რადგან ძლიერი ვიყავი, შეკრებებზე ბიჭებთან ერთად სულ ვჩხუბობდი. ოჯახიც ხედავდა ამას და მათგან წინააღმდეგობა არ მქონია. სკოლის პერიოდში ბიჭებს მაგრად ვტყეპავდი ხოლმე, ოღონდ არა ჩემთან მიმართებაში, გოგონებს ვიცავდი. პირველი შეჯიბრება ძალიან ცუდად მახსენდება, რადგან საკმაოდ ძლიერ მოწინააღმდეგესთან ვიჩხუბე. ბოლომდე დავიხარჯე, მაგრამ ვერ გავიმარჯვე. თუმცა წაგების გარეშე არც გამარჯვებაა – ხან წააგებ და ხან მოიგებ. ეს სპორტია და როგორც მარცხი არ არსებობს გამარჯვების გარეშე, ისე გამარჯვება არ არსებობს მარცხის გარეშე. შემდეგ იყო მოგებები, მედლები, ქამარი...
– განსაკუთრებულად რომელი ბრძოლა გახსენდება?
– ყველაზე მაგარი ჩხუბი მქონდა გერმანიაში, როდესაც ნიკი ადლერს ვეჩხუბე, ეს გოგო იყო უძლიერესი, თექვსმეტი ნოკაუტის ავტორი... კი ვიცოდი, რომ უნდა მეჩხუბა, მაგრამ საქართველოდან რომ ჩავედი, შიში დამეწყო. არ უნდა ვამბობდე, მაგრამ ფსიქოლოგიური პრობლემები, შიშები მაქვს ხოლმე. ყველა სპორტსმენმა იცის, გასახდელიდან რინგზე გასვლამდე, სპორტული „მანდრაჟი“ რა არის. სანამ რინგზე ახვალ, შენი გემართება, ცუდად ხარ. მერე ან გეხსნება, ან არ გეხსნება და რომ ადიხარ, შეიძლება, შეჭამო მოწინააღმდეგე. „მერსედესის“ ცენტრში გაიმართა წონის ჩაბარება, ძალიან ბევრი ხალხი იყო და მახსოვს, ამდენი ფოტოგრაფი და კამერა რომ დავინახე, შემეშინდა. იქ გავიგე, რომ თურმე ქამარზე იყო ბრძოლა, არც მიკითხავს, ისე წავედი და ძალიან შემეშინდა, ამდენი ხალხია, თან მსოფლიო ქამარზე უნდა ვიჩხუბო. გასვლა აღარ მინდოდა, ტრენერს ვეხვეწებოდი, აღარ მინდა ჩხუბი-მეთქი, რას ჰქვია, არ გინდა, ადიო. უცებ სასწაული რაღაც მოხდა. ხატი მქონდა წაღებული, ამ ხატს ვუყურებდი და იმდენად მეშინოდა, ვტიროდი და ვეხვეწებოდი: ღმერთო შემიწყალე, განდევნე ჩემგან შიში-მეთქი და ზუსტად წამებში სასწაული მოხდა, თავიდან კოჭებამდე რაღაცამ ჩაიარა, უცებ სიმსუბუქე ვიგრძენი, სასტუმროში ისე ვიყავი, არ ვჭამდი, არ გამოვდიოდი, არავის დანახვა არ მინდოდა, გამოფიტული ვიყავი და უცებ ორი დღის უჭმელს, გაუბედურებულს იმხელა ძალა მომეცა, თითქოს ტონიანი „ბალონები“ მედგა მხრებზე. უცებ ტრენერს ვუთხარი: ჩქარა გამიყვანე-მეთქი და ათრაუნდიანი ბრძოლა ჩავატარე. იმ ბრძოლის შემდეგ მარჯვენა ცერა თითი ტრავმირებული დამრჩა, რადგან მარჯვენა „ბაკავოის“ ვურტყამდი, „ფინგალები“ მქონდა სახეზე, მაგრამ ქამარი წამოვიღე. ეს ჩხუბი ჩემთვის განსაკუთრებული იყო, იმიტომ რომ რაღაც სასწაულის წინაშე დავდექი.
– სამხედრო სამსახურში როგორ შეხვედი?
– 2007 წელს „რუსთავი 2-ზე“ გავიდა რეალითი შოუ „ყაზარმა“, რადგანაც სიძნელეებთან იყო დაკავშირებული, მომინდა, რომ მონაწილეობა მიმეღო. ამ პროექტის შემდეგ შემომთავაზეს შეიარაღებულ ძალებში მსახურობა. მივედი და დღემდე ვმსახურობ. ურთულესი კურსები გავიარე სერჟანტთა სკოლაში, სადაც ბიჭებთან ერთად მიწევდა ყოფნა. ას ოც ბიჭთან ერთი გოგო ვიყავი. ზამთრის პერიოდში სამწყობრო მომზადებით დავიწყეთ – შეტევა, ტყეში დაბანაკება, თოვლში, სანგრებში მეძინა. მთელი სამი თვე, ფაქტობრივად, ტყეში ვცხოვრობდი. წარმატებით დავამთავრე და ავიღე სერტიფიკატი. მომწონდა ეს ყველაფერი. სხვათა შორის, იმ შოუში ბოლომდე გავედი და მხოლოდ ბიჭებმა გამომაგდეს. უფრო ბიჭების გამო გადავწყვიტე, რომ სერჟანტი გავმხდარიყავი და ეს ყველაფერი გამომეყენებინა. დღემდე წარმატებული სერჟანტი ვარ.
– რინგს გარეთ თუ გამოგიყენებია შენი ძალა?
– „ფეისბუქზე“ მეგობრებში მყავდა ვიღაც ბიჭი. მე ქიზიყელი ვარ და „ფეისბუქზე“ ვირის ფოტო დამიდო – როგორც კახელს, დამცინა. გავბრაზდი, იქვე გამოვლანძღე კახურად, თვითონ უამრავი შეურაცხმყოფელი ტექსტი მომწერა და დამბლოკა. მერე მის „ფეისბუქზე“ შევედი და ვნახე, რომ კოსტავას ექვს ნომერში რაღაც ბიჭების კონკურსის ქასთინგზე იყო დაბარებული. დავრეკე, მათ პიარ-მენეჯერს ვესაუბრე და ვკითხე, რომელ საათზე მივიდოდა, სიურპრიზის მოწყობა მინდა-მეთქი. ზუსტად სამ საათზე მივედი, იდგა ბიჭებთან ერთად და ჩემზე და ჩემს მეგობარ გოგოზე ყვებოდა, ისიც ჯარისკაცია. ღადაობდა, რომ დღეს ჯარისკაცის დედებს მაგრად ვაგინეო. რომ დამინახა, შეეშინდა, დაბლა ჩამოვიყვანე, რომ დამინახა, ტანით ამხელა ვიყავი, ჩემს მეგობარ გოგოს გაეჭიმა, ის კარატისტია, ქამრების მფლობელი. ეს გოგო გავწიე, დგომში დავუდექი და ძალიან მაგრად ვცემე. კიბეებზე გაქცევა უნდოდა, ფეხებით ჩამოვათრიეთ და ვურტყით. ყველაზე მაგარი ის იყო, რომ ზემოდან გოგოები და ბიჭები გვეძახდნენ, თქვე საზიზღრებო, თქვე არაქალებო, ნუ ურტყამთ. სისხლი სდიოდა. ძლივს აიყვანეს.
– შენს ოჯახზეც გვიამბე.
– ცხრა წლის ბიჭი მყავს. ყველას ეუბნება, დედაჩემი „ბოქსიორიაო“. 29 წლის გავთხოვდი, ორი წელი ვიცხოვრე ქმართან ერთად და შემდეგ დავშორდი. ვერ შევეწყვე, ის სხვა იყო, მე სხვა ვარ. ჩემი შვილის მამაა და ჯიგრულად ვემეგობრები. ჯარში გავიცანი ჩემი მომავალი მეუღლე, ჩემი სერჟანტი იყო, უცებ განვითარდა მოვლენები და მალე გავყევი ცოლად, მაგრამ ბავშვის დაბადების შემდეგ მივხვდი, რომ არ მყვარებია. დაოჯახებაზე აღარც მიფიქრია, აქვე ქალებს მინდა ვუთხრა, როდესაც ქალი მარტო ცხოვრობს და დამოუკიდებელია, თვითონ აკეთებს ყველაფერს, შრომისუნარიანია, თვითონ შეუძლია მოიპოვოს ყველაფერი, მას კაცი არ სჭირდება. ქალს მაშინ სჭირდება ქმარი, როდესაც ყველაფრის გაკეთება დამოუკიდებლად არ შეუძლია. ჩემ გვერდით დიდი, მხარბეჭიანი, ჩემზე მაღალი კაცი უნდა იყოს, რომელიც არ სვამს და არ ეწევა და რაც მთავარია – მამაკაცური. კაცმა კაცობით უნდა მომაწონოს თავი. ამ ეტაპზე არავინ მყავს, არ მაინტერესებს. სამომავლოდ თუ ჩემს ცხოვრებაში გამოჩნდება ადამიანი, რომელთანაც მე სუსტ არსებად, ქალად ვიგრძნობ თავს, მასთან მექნება ურთიერთობა. ერთგულიც ვარ და ეჭვიანიც.