№15 რატომ გახდა დათო დარჩია იძულებული, ყველაფერი გაყიდოს და რის გამო თვლის ის თავს მათხოვრად
ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე
მატერიალური პრობლემები ჩვენს ქვეყანაში, ალბათ, გასაკვირი და უცხო არავისთვისაა, თუმცა ერთი შეხედვით, გვიკვირს ხოლმე, როცა ამ პრობლემებზე საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი და წარმატებული ადამიანები იწყებენ საუბარს.
დათო დარჩია: უკაცრავად და, ქვეყანა გვაქვს ჩაჯმული (მე მაპატიეთ) და შესაბამისად, მსახიობებიც ჩაჯმულები (კიდევ ერთხელ, ბოდიში) ვართ, როგორც ყველა სხვა პროფესიის წარმომადგენლები. აქ კარგად არიან მხოლოდ ბიზნესმენები და მთავრობის წარმომადგენლები. არც ერთი ვარ და არც – მეორე, სხვა ვინმე გინახავთ კარგად? მე ოროცდაათი წლის კაცი ვარ და არ მინახავს.
– ბევრს გაუკვირდება თქვენი პრობლემა, როცა ეკრანზეც ხშირად ჩანხართ, სერიალებსა და ფილმებში გიღებენ, თეატრში ხართ.
– არც კინოშია ფული და არც – თეატრში. დღეს ჩემი ხელფასით მათხოვრებში ვარ. ღატაკებში ვიყავი და ახლა მათხოვრებში გადავედი. მათხოვარს კინოში ვინ მოგცემს მილიონებს. ვიღაცები ამბობენ, რომ ყველაფერი კარგადაა. არაფერიც არაა კარგად, ყველაფრი ცუდადაა და ერთი სული მაქვს, ამ ქვეყნიდან გავიქცე. იქ წავალ, სადაც შრომა და ნიჭი ფასდება. ამერიკაზე ვფიქრობ. ამ ეტაპზე მარტო ვაპირებ, მაგრამ ჩემს შვილებსაც ვურჩევ, აუცილებლად გაიქცნენ ამ ქვეყნიდან.
– ბოლო პერიოდში რა შეიცვალა?
– ბევრი ცუდი მიეწყო ერთმანეთს, ოჯახური ამბებია. ვერ ვხვდები, რა აზრი აქვს რამეს? გამოსავალი სად არის? არაფერს აქვს აზრი. არც ამ და არც წინა მთავრობას არ უნდა ჩვენი პროფესიის ხალხი. კომუნისტების შემდეგ მსახიობი არავის უნდა, კომუნისტებს უნდოდათ, რატომღაც პატივს სცემდნენ და აფასებდნენ ამ ადამიანებს. ახლა რუსთაველის თეატრში „ბედი ქართლისა“ ვითამაშეთ, რომელიც პარლამენტის ასი წლისთავს მიეძღვნა, მოვიდნენ ეს პარლამენტარები და გონზე ვერ მოვიდნენ, ვერც „იკაიფეს“ სპექტაკლით. ამდენი დეგენერატი ერთად?! მეორე დღეს „ჩვეულებრივი ხალხი“ დავპატიჟეთ და დარბაზი დაინგრა. გადაღებები გაჩერებულია და ალბათ, კაი ხანი, არც არაფერი იქნება. ერთი „ჩცდ“ იღებს და მსახიობი არ არსებობს, რომ იქ არ ეთამაშოს. ცოტა ხანში, ალბათ, საერთოდ აღარ დასჭირდებათ ეს პროფესია. ჩემმა შვილმა ჩააბარა, გოგოა და მისთვის კიდევ შეიძლება, შანსი არსებობდეს. ქალი მაინც არაა ოჯახის მარჩენალი და შეიძლება, კიდევ გაძვრეს.
– როგორც მახსოვს, წინააღმდეგი იყავით, ეს პროფესია აერჩია.
– აუცილებლად. რატომ უნდა გახდეს მათხოვარი? ჩემი სახით, ერთი მათხოვარი არაა საკმარისი და კიდევ ჩემი შვილები გახდნენ? მინდოდა, სხვა პროფესიები აერჩიათ, მაგრამ სამწუხაროდ, გოგომ მაინც ეს არჩევანი გააკეთა.
– ამიტომაც გადაწყვიტეთ სახლის გაყიდვა?
– ორი სახლი მაქვს და ნახევარ-ნახევრებს ვყიდი, ერთის ნახევარი უკვე გავყიდე. ამან ოდნავ მომიგვარა პრობლემები, რომლებიც ძირითადად, ვალებს უკავშირდება. ყველაფერს ვყიდი, თუ გაიყიდა, მაგრამ მყიდველიც ნაკლებია, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან კარგ ფასად ვყიდი. უფრო ახალი ბინები იზიდავთ, კაცმა რომ არ იცის, რითაა აშენებული. ჩემი სახლი ძველი ნაშენებია და ძალიან კარგი ხარისხით, მაგრამ მისი გაყიდვაც პრობლემა გახდა. თუ გავყიდე, ყველაფერს დავალაგებ და მერე ვიზრუნებ წასვლაზე. თუ ვიზა ჩამირტყეს, კი არ წავალ, გავიქცევი ამ ქვეყნიდან. იქ, სავარაუდოდ, ჩემი პროფესიით არავინ მამუშავებს – მილიონია ჩემნაირიც და ჩემზე უკეთესიც, მაგრამ რაც არ უნდა გააკეთო, შრომა დაგიფასდება. ფიზიკურად ჩემი გულის პატრონი ძლიერ დატვირთვას ვერ შევძლებ, მაგრამ რაც შემიძლია, არაფერს ვიუკადრისებ. არ მინდა, სულ ვინმეზე ვიყო დამოკიდებული და სულ ვიღაც ვაწუხო – აბა, მიშველე და პურის ფულით დამეხმარე-მეთქი. არ ვარ ასე გაზრდილი, მაგრამ ბოლო წლებია, ასე ვარ და საკუთარი თავი მზიზღდება. ათასი ლარი მაქვს ხელფასი და ამ ფულით როგორ უნდა ვიცხოვრო? მთელი ფული გადასახადებს მიაქვს და რით ვარჩინო ექვსსულიანი ოჯახი, თავის ძაღლით, დარჩენილი ორასი ლარით? ზამთარი რომ მოდის, მეშინია, ყველაფრის გადასახადი ორმაგდება. ცალკე ბანკის ვალები და რაღა რჩება თვიდან თვემდე საარსებოდ. მით უმეტეს, ორი სტუდენტი შვილი მყავს. მართალი გითხრათ, აქედან გამომდინარე, უკვე ჩემი პროფესიაც ავითვალწუნე, გული ამიცრუვდა. ხალხს რომ ვხედავ, თავს ბოლომდე ვდებ – პროფესიონალიზმის ამბავია, მაგრამ სპექტაკლი რომ მაქვს, აღარ მიხარია.
– ჯანმრთელობის მხრივაც პრობლემები გაქვთ?
– სავარაუდოდ, ისევ სასტენტე ვარ. ერთხელ უკვე გამოვიარე ეს ყველაფერი და კიდევ ვგრძნობ, რომ მაწუხებს. მირჩევნია, მოვაგვარო და ისე წავიდე. ბევრი გაჭირვება გამოგვივლია ჩვენს ქვეყანაში, მაგრამ ასეთ გამოუვალ მდგომარეობაში არასდროს ვყოფილვარ. ომში, იცი მაინც, ვინ არის შენი მტერი და როგორ ებრძოლო, აქ კაცმა არ იცის, ვინ ვინაა და რა უნდა. არ მინდა, რომ ოჯახი ზედმეტად ვანერვიულო და ვცდილობ, ამ თემას ნაკლებად შევეხო. დინებას მივყვები, მაგრამ ბუნებრივია, რომ ოჯახში დაძაბულობაა. მსახიობს რომ ერთი თვე ამუშავებ და ხუთას ლარს მისცემ, მითხარით, ეს რომელ ლოგიკაში ჯდება?! კაცი რომ სცენაზე გამოდის და გეუბნება – „მე მეფე ვარ“ და ამ დროს სახლში პურის ფული არ აქვს, მისი გონება ნახევრად ამ ფიქრებშია და მისი დადებული შედეგი როგორი იქნება? ეს ხომ ყველაფერზე აისახება. ადრე ვამბობდი ხოლმე, კიდევ რამე გამოჩნდება-მეთქი, მაგრამ ახლა ასე აღარ ვფიქრობ. ყოველ შემთხვევაში, 15-20 წელი არაფერი შეიცვლება და მე არ მომესწრება. ისეთი მთავრობა უნდა მოვიდეს, ეს პროფესია რომ უყვარდეს, პრიორიტეტად დაისახოს. ამ ჯარს რომ აძლევ შვიდ მილიარდს, ჩაცმულია ჯარისკაცი, ტანკი ჰყავს და იარაღი აქვს, მერე რისი მომგები ხარ? ვის მოუგებ? ის, რაც საჭიროა გაქვს, მაგრამ ჯარით გააკვირვებ ვინმეს? ამერიკას გააკვირვებ თუ რუსს? ჩვენს პროფესიაში რომ ჩადო ფული, შეიძლება, ყველა გააკვირვო. იმას კი არ ვამბობ, რომ ჯარს არ უნდა დაფინანსება, მაგრამ ცოტა ბალანსი ხომაა საჭირო?! პრიორიტეტების დალაგებაა საჭირო, თორემ ყველა გაიქცევა.
– შვილებიც არ მუშაობენ?
– უფროსი ბიზნესზე სწავლობს, მაგრამ არც ერთი არ მუშაობს. უნდოდათ მუშაობის დაწყება, მაგრამ სტუდენტობასაც ხომ თავის ხიბლი აქვს. მუშაობა ცუდი არაა, მაგრამ მე მახსოვს, რომ ეს პერიოდი გართობასთან ასოცირდებოდა. იმუშავებენ და მე შენ გეტყვი, ანაზღაურება ექნებათ, ამიტომ არ ვაძალებ, გინდათ თუ არა, დაიწყეთ-მეთქი. ამ ეტაპზე მთელი ოჯახი ჩემზეა დამოკიდებული. პენსიონერი დედა რომ დაგეხმარება, რაღაზეა ლაპარაკი. ისიც რით უნდა დამეხმაროს, საყურეს და ბეჭედს თუ მიიტანს ლომბარდში ან ვინმეს სთხოვს, რომ მასესხოს ფული. ვყიდი ყველაფერს, სახლიდან დაწყებული, ერთი ნამუსს ვერ გავყიდი, დანარჩენი – კი, ბატონო. გაქცევა მინდა, ქვეყანასაც ვეღარ ვიტან. ქვეყანამ რა დამიშავა, ამაზე ლამაზი არაფერი მეგულება ამ სამყაროში, მაგრამ ასეთი ადამიანების ხელში უკვე აღარც საკუთარი ქვეყანა მინდა. თეატრში ჩემს გარშემო იგივე მდგომარეობაა. ვისაც რამე აქვს გასაყიდი, ყიდის, ვისაც არა და ტირის.