№15 რატომ არ უნდა დავიბანოთ პირი ცხელი წყლით და როგორ მოვამზადოთ გამომშრალი კანის მკვებავი საცხი
ნინო კანდელაკი ანი რევია

მკვებავი კრემისთვის დაგჭირდებათ: 10-10 კაფსულა A და E ვიტამინი, 50 მილილიტრი გლიცერინი ან ზეითუნის ზეთი და 1 სუფრის კოვზი გახეხილი თაფლის სანთელი. კრემი კი ასე უნდა მოამზადოთ: ჩაასხით ჭურჭელში ზეითუნის ზეთი ან გლიცერინი, ჩაყარეთ მასში გახეხილი სანთელი, დადგით ძალიან დაბალ ცეცხლზე და გამუდმებით ურიეთ. როგორც კი სანთელი გადნება, გადმოიღეთ ცეცხლიდან და გააცივეთ. ჩაამატეთ ვიტამინი. კარგად გათქვიფეთ, მოათავსეთ სახურავიან ჭურჭელში და შეინახეთ მაცივარში. მიღებული კრემი, შეგიძლიათ გამოიყენოთ ერთი თვის განმავლობაში, ყოველდღე. ის კარგი მკვებავია და დამატენიანებლის როლსაც ასრულებს. შედეგს კი მალევე დაინახავთ.
ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს სწორ დაბანას. უნდა იცოდეთ, რომ დაბანისას კანს არა მარტო ჭუჭყს აცილებთ, არამედ ბუნებრივ დამცავ ცხიმის საფარსაც, რომელიც აუცილებელია მისთვის. ცხელი წყალი კანს ზედმეტად აშრობს, ამიტომ შეეცადეთ, სახე ცივი წყლით დაიბანოთ. გამორიცხეთ ძლიერმოქმედი საპნები. გამოიყენეთ დამატენიანებელი დუშის გელი, რომელიც მშრალი კანისთვისაა განკუთვნილი. დაბანის შემდეგ გაიმშრალეთ და მაშინვე წაისვით დამატენიანებელი კრემი. თუ კანი ძალიან მშრალია და იქერცლება, გაშრობამდე წაისვით საბავშვო ნუშის ან E ვიტამინის შემცველი რომელიმე მინერალური ზეთი. ხშირი დაბანა მშრალი კანისთვის მავნებელია. უმჯობესია, დილით სახეზე მხოლოდ ცივი წყალი შეისხათ - გამოსაფხიზლებლად.
ზოგადად, დამატენიანებელი კრემი აუცილებლად უნდა შეიცავდეს კერამიდებს. ეს ის ინგრედიენტია, რომელიც კანს ტენიანობასაც უნარჩუნებს და დამამშვიდებლადაც მოქმედებს. კანს ტენიანობას უნარჩუნებს, ასევე, ჰიალურონის მჟავა, ლანოლინი, ვაზელინი, გლიცერინი, დიმეტიკონი, მინერალური ზეთი. ისინი კანს უნარჩუნებენ იმ სითხეს, რომელიც მან ბანაობისას მიიღო. ამიტომ მათი გამოყენება სწორედ დაბანის შემდეგ არის საჭირო.
კანს მზის სხივებიც აშრობს. ამიტომ, აუცილებელია მზისგან დამცავი კრემების გამოყენებაც. შეეცადეთ ისეთი მზის დამცავი საშუალებები გამოიყენოთ, რომელთ შეფუთვაზეც 15 პროცენტზე მეტი დაცვა აქვთ მითითებული. გაზაფხულზე კი კვების რაციონში შეიტანეთ თევზის პროდუქტები, თევზის ქონი, ომეგა 3, ნიგოზი, სტაფილო, თქვენი სახის კანისათვის აუცილებელია A და E ვიტამინების შემცველი პროდუქტები. გახსოვდეთ, ჯანსაღად რომ გამოიყურებოდეს, სწორი კვება, კარგი ძილი, ფიზიკური ვარჯიში, დასვენება და მშვიდი გარემო ყველა ტიპის კანს სჭირდება.