№15 უკან არ მიბრუნდე
რობერტ კოლბი
ჰოლანდმა მანქანა სანსეტისა და ბევერლის გადაკვეთაზე გააჩერა. მიმღებში ოპერატორის ხმა გაისმა.
– ოცდამეშვიდე! სასტუმრო „ბელ ჰაუსში“ კლიენტი გელოდება.
ჰოლანდმა მანქანა დაქოქა და სიბნელეში გაუჩინარდა. ამ სასტუმროდან კლიენტის აყვანა დიდ ბედნიერებად ითვლებოდა, რადგან იქ ფულიანი ხალხი ჩერდებოდა.
ვიდრე კლიენტი მანქანამდე მოვიდოდა, ჯერი მისი სიარულის მანერაზე მიხვდა, რომ ნაყლაპში იყო. გულზე სქელი პორტფელი ჰქონდა მიხუტებული. თითქოს ეშინოდა, არ მომტაცონო. მისამართი როცა თქვა, ჯერი მიხვდა, რომ ბევრს ვერაფერს გამორჩებოდა. იქამდე სულ ორი მილი იყო. თან, პრეტენზიულიც აღმოჩნდა. აუხირდა, რატომ არ მელაპარაკები, ტაქსისტებს ხომ გიყვართ ენის მოფხანაო. ჯერიმ ისიც კი გაიფიქრა, მანქანას გავაჩერებ და შუა გზაში ჩამოვსვამო.
დიდ, შავ სახლთან მივიდნენ. კლიენტი მანქანიდან ძლივს გადავიდა. მერე ფანჯარაში ხელი შემოჰყო და სავარძელზე ათდოლარიანი დააგდო. მრიცხველი დოლარს და ოც ცენტს უჩვენებდა. ვიდრე ჯერი ხურდას ეძებდა კლიენტი სიბნელეში გაუჩინარდა.
მხოლოდ ნახევარი მილი ჰქონდა გავლილი, როდესაც დაინახა, რომ სალონში პორტფელი იდო. ჯერიმ მანქანა გააჩერა. პორტფელში ფული არ აღმოჩნდა. ის საქმიანი დოკუმენტაციით იყო გატენილი. ჯერი უკან, გულმავიწყი კლიენტის სახლთან დაბრუნდა და პორტფელით ხელში კარისკენ გაემართა. ერთბაშად, გასროლის ყრუ ხმამ შეაჩერა. ერთმანეთის მიყოლებით, კიდევ ორი გასროლის ხმა გაისმა.
სასტუმრო ოთახის ფანჯრიდან ჯერიმ ახალგაზრდა, ლამაზი, ქერა ქალი დაინახა. იმასაც მიხვდა, რომ ის მის ტაქსის მისჩერებოდა. ჯერიმ ზარი დარეკა.
– რა... რა გნებავთ? – დაბნეულად იკითხა ქალმა. ჯერი მაშინვე მიხვდა, რომ ქალი ისტერიკის ზღვარზე იყო.
– ჯენტლმენმა პორტფელის მოტანა მთხოვა, – იცრუა შეგნებულად, – სასტუმროში დარჩა და მითხრა, რომ მომეტანა.
– მომეცით, – ძლივს ამოთქვა ქალმა, – გადავცემ...
– თქვენ ცოლი ხართ?
– არა. ოჯახის მეგობარი.
– ბოდიში, მაგრამ ასე არ გამოვა. პორტფელი პატრონს პირადად უნდა ჩავაბარო. შემოვალ და დაველოდები. – ვიდრე ქალი პასუხს გასცემდა, ის სასტუმრო ოთახში შევიდა.
– რას აკეთებთ? – აღშფოთდა ქალი, – ახლავე გაეთრიეთ!
– დამშვიდდით, – ჯერი სკამზე მოხერხებულად მოკალათდა, – მხოლოდ პორტფელის პატრონისთვის დაბრუნება მინდა. თუ საჭირო გახდა, მზად ვარ, აქ მთელი ღამე ვიჯდე.
– მგონი ვხვდები, რაც გინდათ – ფული გაწეული სამსახურისთვის. ორმოცდაათი დოლარი გეყოფათ?
– ორმოცდაათი დოლარი? – ჩაფიქრდა ჯერი, – ძალიან ბევრია ხუთდოლარიანი სამსახურისთვის. უცნაურია, ამისთვის ორმოცდაათ დოლარს რომ მთავაზობთ. მეტიც, მე ეს მაშფოთებს. მეჩვენება, რომ რაღაც ისეთს მალავთ, რაც ასჯერ უფრო ძვირია. მოკლედ, მე გასროლის ხმა გავიგონე.
ქალი აკანკალდა. შემდეგ ნელა ატირდა და სახე ხელებით დაიფარა.
– ეს უბედური შემთხვევა იყო, – ამოიკვნესა მან.
– უბედური შემთხვევა სამი გასროლით? არ მჯერა. საინტერესოა, ვინ არის ის...
– ფლოიდ ვილსონ ვანდერგრიფტი. თავისი სიამოვნებისთვის ცხოვრობდა. გამოუსწორებელი ნაძირალა და სადისტი იყო.
ჯერი მეორე ოთახში გავიდა, იატაკზე მკვდარი ფლოიდ ვანდერგრიფტი ეგდო. სახეზე გაკვირვება შეყინვოდა...
– მაგიდაზე გადამაწვინა და მახრჩობდა, – აუხსნა ქალმა, – ვიცოდი, რომ ზედა უჯრაში პისტოლეტი იდო. როდესაც ვიგრძენი, რომ გონებას ვკარგავდი, გავისროლე.
– სახლში როგორ მოხვდით?
– ფლოიდმა თავად მომიყვანა. ვიჩხუბეთ. შემდეგ დაურეკეს. დამელოდეო, მითხრა და წავიდა. რომ დაბრუნდა, ჩემთან სექსი მოინდომა. უარი ვუთხარი. დიდი ხანია, ერთმანეთს ვხვდებოდით. იგი ცოლთან განშორებას და დაქორწინებას მპირდებოდა. შემდეგ რამდენიმე ქალის წერილი ვიპოვე და მივხდი, რომ ჩემზე არასოდეს დაქორწინდებოდა. როდესაც ვუთხარი, რომ ყველაფერი დამთავრდა. ასდოლარიანების ორი შეკვრა ამოიღო, მომაყარა და მერე ჩემთან დაწოლა მოინდომა...
ქალმა ჩანთიდან დოლარების შეკვრა ამოიღო:
– არ გინდა, ერთი წელი დაისვენო? ერთადერთი, რაც უნდა ქნა, უნდა გაჩუმდე.
– რატომ უნდა მჯეროდეს, რომ სიმართლეს ამბობთ? – მოიღუშა ტაქსისტი. თუმცა ფული ჯიბისკენ მაინც გააქანა.
– სიტყვაზე უნდა მენდოთ.
– კარგი... სად არის პისტოლეტი? აქ ყველაფერი უნდა გაწმინდოთ, რასაც კი შეხებიხართ.
ქალმა ყველაფერი შეასრულა. მერე ჯერის აკოცა.
– კარგი ბიჭი ხარ. არც კი ვიცი, მადლობა როგორ გადაგიხადო.
– სად ცხოვრობთ?
– „ბევერლი ჰილტონში“ წამიყვანეთ. ჩემზე რაც ნაკლები გეცოდინებათ, მით უკეთესი. იცხოვრეთ თქვენი ცხოვრებით და ბედნიერი იყავით.
– ის მაინც მითხარით, რა გქვიათ.
– ლაურა დამიძახეთ.
ქალი ოტელში შევიდა, ჰოლანდმა ცოტა გაიარა და გაჩერდა. დაელოდა. ქალი ოც წუთში გამოვიდა სასტუმროდან, სხვა ტაქსიში ჩაჯდა და წავიდა. ჯერიც გაჰყვა.
მეორე დღეს, სადილის შემდეგ, ჯერი ქალთან მივიდა. ლაურა შავ საბანაო კოსტუმში იყო გამოწყობილი.
– მითვალთვალებდი? – გაბრაზდა ქალი, – როგორ არ გრცხვენია! რატომ მოხვედი?
– არ ვიცი, – აღიარა ჯერიმ, – ალბათ, ცნობისმოყვარეობის გამო.
– კიდევ ფული გინდა? – ჰკითხა მასპინძელმა, – ეს შანტაჟია. კარგი. რამდენი?
– მაგისთვის არ მოვსულვარ. მრცხვენია, რომ თქვენი გამოუვალი მდგომარეობით ვისარგებლე და ფული ავიღე. დახმარება იმიტომ გაგიწიეთ, რომ თქვენი დავიჯერე. ეს სისხლიანი ფულია... მოდი, შუაზე გავიყოთ და ერთად დავხარჯოთ.
ქალი რამდენიმე წუთი უნდობლად მისჩერებოდა.
– ამას სერიოზულად ამბობთ? – ჰკითხა ბოლოს მან, – ასეთ შემთხვევაში, თქვენ ფსიქოპათი ხართ. მიმზიდველი და კეთილი ფსიქოპათი. ასეთ ადამიანს ჯერ არ შევხვედრივარ... გაერთეთ ბოლომდე, ოღონდ ჩემ გარეშე. შიგნიდან მე უკვე მკვდარი ვარ.
– ესე იგი, ჩვენ ერთნაირები ვართ, – გაუხარდა ჯერის, – მეც უკვე დიდი ხანია, დამმარხეს.
მან ქალს ხელი ბეჭებზე მოჰხვია და თავისკენ მიიზიდა. ქალი რამდენიმე წამი მსუბუქ წინააღმდეგობას უწევდა, შემდეგ კი მის ტუჩებს თავისი მიაწება. ბოლოს უთხრა:
– შემეშვით და აღარასდროს დაბრუნდეთ. თქვენთვის და ჩემთვისაც ასე აჯობებს.
ხუთშაბათს ლაურასთან ისევ მივიდა. სითამამისთვის ცოტა გადაჰკრა.
– ლაურა! – წამოიძახა მან, – ჩემო პატარა...
ქალის ყინულივით ცივმა მზერამ ხმა გააკმენდინა. ლაურამ იგი ბინაში შეუშვა და ჰკითხა:
– ახლა რაღა გინდათ?
– მე ამ ფულს ვერ მივიღებ, – იცრუა მან, – მინდა, დავაბრუნო.
– მშვენიერია! მომეცით!
– თან არ მაქვს. შემიძლია, ერთ საათში მოვიტანო. უკეთესი იქნება, თუ ჩემთან ერთად წამოხვალთ. გზაში ბარში შევივლიდით. სახლში მარტო უნდა იყოთ და საზიზღარი ფლოიდი იტიროთ.
– საიდან მოიტანე, რომ მარტო იქნება?
ლაურა და ჯერი ერთდროულად შემობრუნდნენ. საძინებლის კარში მაღალი, შავგვრემანი მამაკაცი იდგა. მას ხელში პისტოლეტი ეჭირა. ჯერი მიხვდა, რომ ახლა გასროლის ხმას გაიგონებდა.
... ჯერის გულში ტყვიის ფუტკარი შეიჭრა. იგი ნელ-ნელა დაეშვა იატაკზე.
– რატომ? – ლაურამ ხელი თავში იტაცა. – ხომ დამპირდი, რომ თუ ისევ მოვიდოდა, მხოლოდ შეაშინებდი?
– ჰოდა შევაშინე, სიკვდილამდე შევაშინე. ვიცნობ მაგისთანებს. დიდი შანტაჟისთვის გამზადებდა. რამდენიმე კვირაში ორმოცდაათი ათასს მოითხოვდა. ეს ტიპი იმავე ღამეს უნდა მოგვეკლა, რათა ყველას ეფიქრა, რომ იგი ვანდერგრიფტმა მოკლა... ისე, ყოჩაღ, იმ სპექტაკლისთვის, რაც გაითამაშე, „ოსკარი“ გეკუთვნის.
– რატომ მოკალი, ახლა ჩვენზე გამოვლენ. გაიგებენ, რომ შენ ნასამართლევი ხარ, ხოლო მე კი მისის ვანდერგრიფტის მომვლელი ვიყავი და ყველაფერს მიხვდებიან.
– ხმა ჩაიწყვიტე!
– ფანჯარა გააღე. მინდა, სუფთა ჰაერი მაინც ჩავისუნთქო. რატომ მოკალი იგი. უკვე მომწონდა. შენ ამასთან შედარებით ურჩხული ხარ...
– იდიოტი იყო, საყვარელო. მასეთებს ჩვენ საუზმეზე ვჭამთ... იმაზე იფიქრე, რომ დიდი ფული შეგვრჩა, ძალიან დიდი...
თარგმნა
ნინო წულუკიძემ
თარგმნა
ნინო წულუკიძემ