№15 როგორ გააცურა სტალინმა გერმანია ჯერ კიდევ ოცი წლით ადრე დიდ ომამდე
ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური
მიუხედავად იმისა, რომ მავანნი სტალინს საშუალო გონებრივი განვითარების ადამიანად მიიჩნევდნენ, საბჭოთა ბელადის ინტელექტი თვით ამერიკელებმა და ბრიტანელებმა მიიჩნიეს (გამოკვლევების შედეგად) ადამიანის უმაღლეს გონებრივ მონაცემებად, რითაც მან თვით ალბერტ აინშტაინიც კი ჩამოიტოვა... ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი მოისეი დორმანი წერს: „საყოველთაოდ მიჩნეული იყო, რომ კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე მაღალი ინტელექტი გენიალურ ალბერტ აინშტაინს ჰქონდა. თუმცა, 2018 წელს, ამერიკის შეერთებული შტატების სოლიდურმა ორგანიზაციამ, სახელწოდებით, „ახმ“, ჩაატარა სერიოზული სამეცნიერო კვლევა, თუ ვის ჰქონდა ყველაზე მაღალი ინტელექტი და პირველი ადგილი სტალინმა დაიკავა, მეორე კი – აინშტაინმა, საბჭოთა ბელადმა გენიალურ ფიზიკოსს არც ისე ცოტა ქულით აჯობა, რაც საოცარი შედეგი იყო...
იოსებ ჯუღაშვილი (სტალინი) აინშტაინივით ფიზიკოსი არ ყოფილა და მათი ინტელექტების შეფასება ზოგადი კრიტერიუმით განხორციელდა და სწორედ ამ კუთხით მოუგო საბჭოთა დიქტატორმა ებრაელ გენიოსს...
„ცეერუს“ ლეგენდარული შეფი, მწვავე ანტიკომუნისტი ალენ დალესი სტალინზე წერდა: „მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს უწყებას („ცეერუს“), რომ იტყვიან, ატომ-ატომ ჰქონდა შესწავლილი სტალინის პიროვნება, ამ ადამიანის ჭეშმარიტი არსის ჩაწვდომა მაინც ვერ მოვახერხეთ, რომ კონტრმოქმედებებით ის (სტალინი) ჩვენს სასარგებლოდ გამოგვეყენებინა.“
სტალინის გამოყენება რომ შეუძლებელი იყო, ამას თვით მისი (სტალინის) დაუძინებელი მტერი, ლევ ტროცკიც აღიარებს, რომელიც სტალინზე წერს: „თავისი უდრეკი, დემონური ნებისყოფის წყალობით, სტალინის მოტყუება, მისი გამოყენება შეუძლებელი იყო და ამით ის (სტალინი) ბოლშევიკებში განსაკუთრებით გამოირჩეოდა. ასევე, სტალინი იმით იყო გამორჩეული, რომ თავად მას (სტალინს) შეეძლო სხვების გამოყენება და ამას ის შესანიშნავად ახორციელებდა...“
სხვების გამოყენება სტალინის თვითმიზანი არასდროს ყოფილა. საბჭოთა ბელადი ამას პოლიტიკური მიზნების მისაღწევად აკეთებდა, რაც ამ ადამიანისთვის ყველაზე მაღლა იდგა. მისი პოლიტიკური მიზანი კი კომუნისტური იდეების გამარჯვება იყო, თუნდაც ერთ, ცალკეულ ქვეყანაში, რომელსაც თავად მეთაურობდა და რომლის სახელი იყო საბჭოთა კავშირი.
ვიაჩესლავ მოლოტოვი ყვებოდა: „თქვენ ამბობთ, რომ სტალინი იყო ტირანი? (ინტერვიუ ჩაწერილია „პერესტროიკის დროს) მე კი გპასუხობთ: დიახ, სტალინი იყო ტირანი, მაგრამ იმათ მიმართ, ვინც ხელს უშლიდა მას სამართლიანი სახელმწიფოს მშენებლობაში, სადაც ყველა ადამიანი თანასწორი იქნებოდა და ფაქტობრივად, შესძლო კიდეც მან ამის მიღწევა. სტალინს რომ კიდევ ოცი წელიწადი ეცოცხლა, გარწმუნებთ, რომ ის საბჭოთა კავშირს კომუნისტურ წყობამდე მიიყვანდა. ან – ჰიტლერთან ასეთი საშინელი ომი რომ არ გვქონოდა, მაშინ გამორიცხული არ იყო, რომ სტალინს სიცოცხლეშივე მოეხერხებინა კომუნიზმის დამყარება საბჭოთა კავშირში. გარწმუნებთ, რომ იოსებ სტალინი მთელ თავის პრაქტიკულობასთან, სიმკაცრესა და თუ გნებავთ, დესპოტიზმთან ერთად, იდეალისტი იყო და რასაც აკეთებდა, გულწრფელად, დიადი მიზნის მისაღწევად აკეთებდა. ამ მიზნისთვის სტალინი ძალიან დიდ პოლიტიკურ გამჭრიახობას იჩენდა და ხშირად ეშმაკობასაც მიმართავდა, მაგრამ სხვაგვარად არაფერი გამოვიდოდა...“
სტალინის ერთ-ერთი ყველაზე დიდი პოლიტიკური ეშმაკობა ის იყო, რომ საბჭოთა ბელადმა ჯერ კიდევ მეოცე საუკუნის ოციან წლებში მოახერხა საბჭოთა სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის გაძლიერება გერმანიის ხარჯზე... ისტორიკოსი როი მედვედევი წერდა: „ვერსალის ხელშეკრულებით, გერმანიას აკრძალული ჰქონდა მსხვილი სამხედრო შეიარაღების წარმოება, ხოლო მისი არმია კი 100 ათასზე მეტი არ უნდა ყოფილიყო. სტალინმა ჯერ კიდევ ოციანი წლების შუაში ივარაუდა, რომ საბჭოეთს გერმანიასთან მოუწევდა ომი. ისტორიიდან გამომდინარე, სტალინი არ შემცდარა და დარწმუნებული იყო, რომ გერმანია მოძებნიდა გზას შესაიარაღებლად. ამიტომ მომავალ დიდ მეტოქეს რომ სხვა ქვეყანა არ აერჩია, სტალინმა თავად შესთავაზა „მეგობარ გერმანელებს“, რომ თავიანთი სამხედრო მრეწველობა საბჭოთა კავშირში აეღორძინებინათ. მოგვიანებით კი გერმანული არმიაც საბჭოთა კავშირში ძლიერდებოდა და ამით ყველაზე მეტად საბჭოეთმა და სტალინმა მოიგეს...“
ჯერ კიდევ ადოლფ ჰიტლერის გააქტიურებამდე მიხვდა სტალინი, რომ გერმანია ახალ ბელადს „შობდა“, რომელიც ვერსალის სირცხვილის გამოსწორებას შეეცდებოდა. ანუ ყოველმხრივ მოემზადებოდა და დაკარგული ტერიტორიების დაბრუნებას შეეცდებოდა, რაც ომის გარეშე შეუძლებელი იყო. ომს კი შეიარაღება და ჯარი სჭირდებოდა. სწორედ ამის პირობები შეუქმნა სტალინმა გერმანელებს საბჭოთა კავშირში და ყველაზე მეტად თავად იხეირა... როი მედვედი წერს: „სტალინის ეს „კეთილმეგობრული ჟესტი“, პირველ რიგში, საბჭოეთის უსაფრთხოებისთვის იყო გათვლილი. „ჩეკას“ სტალინისგან საგანგებო დავალება ჰქონდა მიცემული, რომ ოცდაოთხი საათის განმავლობაში ედევნებინათ თვალი ყველაფრისთვის, რაც გერმანულ ქარხნებში ხდებოდა და იქ წარმოებული საიდუმლო თუ არასაიდუმლო იარაღების სრული აღწერილობა ლუბიანკაზე (საბჭოთა უშიშროების შტაბ-ბინა) იყრიდა თავს. და საბჭოთა კონსტრუქტორებს ყველა ნახაზი თუ სხვადასხვა სახის იარაღის მცირედი ნაწილების ზუსტი ასლები ჰქონდათ. ისინი აუმჯობესებდნენ გერმანელი კოლეგების მიერ შექმნილ იარაღებს, რომლებიც მოგვიანებით მათივე წინააღმდეგ გამოიყენეს დიდ ომში“.
მოგვიანებით, 1945 წელს, ყირიმის კონფერენციის დროს, ჩერჩილმა სტალინს უთხრა: „მე ქედს ვიხრი თქვენი შორსმჭვრეტელობის წინაშე. თქვენ ჯერ კიდევ ოციანი წლების შუიდან მოიქციეთ მუჭში გერმანული სამხედრო მანქანა და მომზადებული შეხვდით ჰიტლერის გამოჩენას. სამწუხაროდ, ჩემმა თანამემამულე პოლიტიკოსებმა ასეთი პოლიტიკური ალღო ვერ გამოიჩინეს და ჰიტლერი მიუშვეს...“
რა თქმა უნდა, ჩერჩილი, რომელსაც პრეზიდენტი რუზველტიც ეთანხმებოდა, ამ სიტყვებს, სულაც არ ამბობდა საბჭოეთისა და სტალინის სიყვარულით, არამედ დიდი სინანულით აღიარებდა, რომ „ნორჩმა“ საბჭოეთმა პატარა ბავშვივით გააცურა ისეთი ტრადიციული ქვეყანა, როგორიც დიდი ბრიტანეთის სამეფო იყო...“