№15 ექიმის რჩევები
კითხვა: აღმომაჩნდა არამომწამვლელი მრავალკვანძოვანი ჩიყვი. მაინტერესებს, რამდენად ვნებს აღნიშნულ დაავადებას თამბაქოს მოხმარება და სოლარიუმში ვიზიტი?
პასუხი: თამბაქოს მოხმარება და სოლარიუმით სარგებლობა არ არის რეკომენდებული.
კითხვა: ლაქტაციის პერიოდში თუ შეიძლება თმის ქიმიური დახვევა?
პასუხი: თმის შეღებვა ან ქიმიით დახვევა ლაქტაციის პერიოდში აკრძალული არ არის, თუმცა ამ პერიოდში ჰორმონული ფონი არის შეცვლილი და შესაძლოა, სასურველი შედეგი ვერ მიიღოთ. გარდა ამისა, მშობიარობიდან 3-4 თვის შემდეგ ხშირად იწყება თმის ცვენის ინტენსიური პროცესი, რომელიც 7-8 თვემდეც კი გრძელდება. თმის ქიმიური დახვევით ან ამიაკიანი საღებავის გამოყენებით კი ხელს შეუწყობთ ამ არასასიამოვნო პროცესის გახანგრძლივებას. უშუალოდ ჩვილის ჯანმრთელობაზე თმის დახვევა ან შეღებვა არ მოქმედებს.
კითხვა: ზუსტად 1 წლის წინ მქონდა, ეგრეთ წოდებული, კენჭის გავლა. კენჭი ლაზერით დამიშალეს და მითხრეს, რომ 1 წელიწადში ექოსკოპიური გამოკვლევა ჩაიტარეო. შესაძლებელია, ამ ხნის განმავლობაში კენჭის გავლა ისევ გამეორდეს?
პასუხი: კენჭის დაშლა არ ნიშნავს იმას, რომ პაციენტი განიკურნა, რადგან კენჭები იმიტომ ჩნდება თირკმელში, რომ ადამიანს დარღვეული აქვს ნივთიერებათა ცვლა, ხდება შარდის ჭარბი გაჯერება მარილოვანი ელემენტებით, თირკმლის ქსოვილის ანთებითი დაზიანება და მარილოვან ცვლაზე პასუხის გაუკუღმართება, შეგუბებითი პროცესები საშარდე სისტემაში, კვების თავისებურება... ამიტომ უნდა იყოთ უროლოგის მეთვალყურეობის ქვეშ და პერიოდულად მიმართოთ მას. კენჭები ისევ რომ არ ჩამოყალიბდეს, საჭიროა პროფილაქტიკური ზომების მიღებაც, კერძოდ, თირკმელკენჭოვანი დაავადების არსებობისას დიეტური რეკომენდაციები, რაც კენჭის სტრუქტურაზეა დამოკიდებული. უნივერსალური პრევენციული რჩევაა, დღის განმავლობაში შეძლებისდაგვარად დიდი ოდენობით მიიღოთ არამინერალური წყალი.
კითხვა: შარდის PH-ს დასარეგულირებლად ექიმმა „უროდანი“ გამომიწერა. საქმე ისაა, რომ რამდენიმე თვის წინ თირკმლის კოლიკა მქონდა და ორივე თირკმელში აღმომაჩნდა კრისტალები. მაქვს მეორე ტიპის შაქრიანი დიაბეტი. გავეცანი ინსტრუქციას და აღმოჩნდა, რომ მთავარ უკუჩვენებად სწორედ შაქრიანი დიაბეტია მოცემული. როგორ მოვიქცე?
პასუხი: აუცილებლად მიმართეთ ექიმს მედიკამენტის დაწყებამდე, შეახსენეთ, რომ შაქრიანი დიაბეტი გაქვთ და თუ სარგებელი რისკზე უფრო მაღალია ამას ექიმი გადაწყვეტს.
რუბრიკას უძღვება ოჯახის ექიმი
მაია ნუცუბიძე
მაია ნუცუბიძე