№15 ანევრიზმა – შენელებული მოქმედების ნაღმი
ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

ანევრიზმით ადამიანი წლობით ცოცხლობს, მისდევს ჩვეულ საქმიანობას და არაფერს უჩივის. ამასობაში ანევრიზმა ნელ-ნელა იზრდება და ნებისმიერ მომენტში შეიძლება გასკდეს.
ძირითადად განასხვავებენ:
* თავის ტვინის არტერიის ანევრიზმას;
* აორტის ანევრიზმას;
* პერიფერიული სისხლძარღვების ანევრიზმას.
აორტა ადამიანის ყველაზე დიდი სისხლძარღვია. აორტაში სისხლი გულიდან ხვდება, მერე კი მრავალრიცხოვანი ტოტის გავლით ყველა ორგანომდე მიდის. თავად აორტა გამოდის გულის ზემოთა ნაწილიდან, ქმნის რკალს, ეშვება ქვემოთ, გაივლის გულმკერდის ღრუს (გულმკერდის აორტა) და მუცლის ღრუს (მუცლის აორტა). ანევრიზმა შესაძლოა მის ნებისმიერ უბანზე გაჩნდეს. ამის კვალობაზე, გამოყოფენ გულმკერდის აორტისა და აორტის რკალის ანევრიზმას, რომლის თავისებურება ის არის, რომ შესაძლოა, ტრავმიდან 20 წლის განმავლობაში განვითარდეს. მუცლის აორტის ანევრიზმაც ხშირად უსიმპტომოა. ძალიან გამხდარმა პაციენტმა მუცელზე ხელის დადებისას შესაძლოა, პულსაცია შეიგრძნოს. არ არის გამორიცხული მუცლისა ან ზურგის ტკივილი. როცა ანევრიზმა ზურგის ტვინის ფესვებს აწვება, ტკივილი აუტანელია. ანევრიზმის მიდამოში აორტის კედელი ნორმაზე გაცილებით თხელია, ამიტომ შესაძლოა, სისხლის წნევას შიგნიდან ვეღარ გაუძლოს და გასკდეს. გახეთქვის რისკი ანევრიზმის ზომაზეა დამოკიდებული. აორტის ანევრიზმის გახეთქვას თან ახლავს მუცლისა და ზურგის ძლიერი ტკივილი. ამ დროს იწყება ძლიერი შინაგანი სისხლდენა, რის გამოც სწრაფად ეცემა წნევა. ერთადერთი გამოსავალი გადაუდებელი ოპერაციაა.
* თუ ანევრიზმის დიამეტრი 5 სმ-ზე მეტია, ასიდან 25 შემთხვევაში გახეთქვა 8-9 წლის განმავლობაშია მოსალოდნელი. ანევრიზმის ზრდასთან ერთად გახეთქვის რისკიც იმატებს. ამ შემთხვევაში საჭიროა სასწრაფო ოპერაცია – აორტის დაზიანებული უბნის პროთეზით შეცვლა საშიში გართულების თავიდან ასაცილებლად.
* მცირე ზომის ანევრიზმა მოცემულ მომენტში შესაძლოა, არ იყოს საოპერაციო, მაგრამ 6 თვეში ერთხელ საკონტროლო გამოკვლევა აუცილებელია.
პერიფერიული არტერიების ანევრიზმა ქირურგიული მკურნალობის აბსოლუტური ჩვენებაა: მიუხედავად იმისა, რომ ძალიან იშვიათად სკდება, ხშირად რთულდება თრომბოზით და თრომბოემბოლიით, რაც კიდურების არეში ლოკალიზაციისას იწვევს განგრენას, კისრის არტერიის მიდამოში ლოკალიზაციისას – ინსულტს, ვისცერული არტერიების დაზიანებისას – ნაწლავის განგრენას ან თირკმლის ინფარქტს. პერიფერიული არტერიების ანევრიზმის ქირურგიული მკურნალობისას ტარდება შუნტირება ან პროთეზირება, ან ენდოვასკულური სტენტირება. ამ უკანასკნელს მიმართავენ, როდესაც მაღალია ქირურგიული ჩარევის თანმხლები რისკი. მკურნალობის გარეშე ან არაადეკვატური მკურნალობისას შესაძლოა, კიდურის განგრენა განვითარდეს. ამ შემთხვევაში პაციენტის გადარჩენის ერთადერთი გზა კიდურის ამპუტაციაა.