№15 ფარისებრ ჯირკვალთან დაკავშირებული მითები და რეალობა
ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე
ყველაფერში ეკოლოგიაა დამნაშავე – სინამდვილეში: ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების დროს, რომლებიც უკავშირდება მისი ჰორმონების დიდი (ჰიპერთირეოზი) ან მცირე რაოდენობით (ჰიპოთირეოზი) გამოყოფას, მნიშვნელოვანია მემკვიდრეობითი წინასწარგანწყობა. გარემომ – თუ ჭარბი ულტრაიისფერი ან ელექტრომაგნიტური გამოსხივებაა – შეიძლება „ამძრავი მექანიზმის“ როლი შეასრულოს. ფარისებრ ჯირკვალზე უარყოფითად მოქმედებს სიგარეტის მოწევა. სხვა ეკოლოგიური ფაქტორების მავნე ზეგავლენა არ არის დამტკიცებული.
უმჯობესია, ფარისებრ ჯირკვალს საერთოდ არ შეეხო, ეს სახიფათოა – სინამდვილეში: თუ ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიას არ უმკურნალებთ, შეიძლება, ცხოვრება კოშმარად გექცეთ. მისი ჰორმონების სიჭარბისას წარმოიქმნება გულის ამოვარდნის შეგრძნება, გულის არითმია, ასეთი ადამიანები შესამჩნევად კარგავენ წონას, განიცდიან ძლიერ სისუსტეს, იტანჯებიან მომატებული აღგზნებადობით და გუნება-განწყობილების მკვეთრი ცვლილებებით. ასეთი პაციენტები წლების განმავლობაში მკურნალობენ ანემიის, ქრონიკული შეკრულობის, დეპრესიის, უშვილობის, მენსტრუალური ციკლის დარღვევისა და სხვათა გამო, თანაც ჰგონიათ, რომ ისინი დამოუკიდებელი დაავადებებია. მათ აწუხებთ სისუსტე, ძილიანობა, მეხსიერების გაუარესება, მათ მშრალი კანი და მქრქალი, მტვრევადი თმა აქვთ.
ფარისებრ ჯირკვალს „უყვარს“ ზღვა, თევზი, ხურმა, ფეიხოა, ქარვა – სინამდვილეში: მართალია, ექიმები იოდით მდიდარი პროდუქტის მიღებას ურჩევენ პაციენტებს, მაგრამ იოდდეფიციტური დაავადებების (მაგალითად, ენდემური ჩიყვის) პროფილაქტიკის ერთ-ერთი ეფექტური და უნივერსალური მეთოდი საკვებში იოდიანი მარილის გამოყენებაა. ეს მეთოდი მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერაა დამტკიცებული. საზოგადოებას იოდიანი მარილის გამოყენების დაახლოებით 100-წლიანი წარმატებული გამოცდილება აქვს. სადღეისოდ, საერთაშორისო ორგანიზაციების მოღვაწეობის შედეგად, მარილის დაახლოებით 20 პროცენტის იოდიზება ხდება. გარდა ამისა, ორსული და მეძუძური ქალებისთვის მიზანშეწონილია ინდივიდუალური პროფილაქტიკა სპეციალური ვიტამინური კომპლექსებით, რომლებშიც მიკროელემენტ იოდის დამატებითი დოზაა შეტანილი. ეს, რა თქმა უნდა, მკურნალ ექიმთან შეთანხმებით უნდა მოხდეს.
ფარისებრ ჯირკვალში კვანძოვანი ახალწარმონაქმნები საშინელებაა! – ბევრი ფიქრობს, რომ კვანძების წარმოქმნა ონკოლოგიურ პრობლემას უკავშირდება. სინამდვილეში: 100 კვანძიდან 95 კეთილთვისებიანია და საშიში არ არის. არც მათი ამოკვეთაა აუცილებელი. ექიმები ამტკიცებენ, რომ საკმარისია რეგულარული კვლევები და ავადმყოფის მდგომარეობაზე დაკვირვება. დანარჩენ 5 შემთხვევაში კი, როცა კვანძებს ავთვისებიანი უჯრედები აქვს, ქირურგიული ჩარევა აუცილებელია.
ფარისებრი ჯირკვლის გაჯანსაღების საუკეთესო მეთოდია სუფთა ან წყალში განზავებული იოდის მიღება – სინამდვილეში: ექიმები კატეგორიულად გვაფრთხილებენ: ამის გაკეთება დაუშვებელია! შეიძლება, დოზის გადაჭარბების გამო ჯანმრთელობას უდიდესი ზიანი მიადგეს.
თუმცა, ფარისებრი ჯირკვლის მუშაობის დარღვევამ შეიძლება, უშვილობა გამოიწვიოს – სინამდვილეში, ეს მართლაც ასეა. ექიმები სრულიად ეთანხმებიან ამ აზრს, რადგან ფარისებრი ჯირკვლის ყველა პრობლემა ჰორმონების უკმარისობას (სიჭარბეს) ან ადამიანის ორგანიზმში ჰორმონულ არევას უკავშირდება. სწორედ ამის გამო რთულდება ჩასახვის პროცესიც.