კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№15 როგორ ეცდება რუსეთი 2020 წელს ხელისუფლებაში პრორუსი ძალების მოყვანას და რატომ იქცა ჩვენი საზოგადოება უცხო სპეცსამსახურებისთვის იდეალურ მასალად

ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე

მიუხედავად იმისა, რომ 2008 წელს რუსეთმა საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციაც მოახდინა, მისი ორი რეგიონიც აღიარა, იქ თავისი სამხედრო ბაზები განათავსა და სამხედროების რაოდენობაც გაზარდა, ისევე, როგორც შეიარაღების, დასავლეთს მისთვის სანქციები არ დაუწესებია, თუმცა უკრაინისთვის ყირიმის წართმევისა და დონბასსა და ლუგანსკში გაჩაღებული საომარი მოქმედებების გამო რუსეთი მკაცრი სანქციების ქვეშ მოექცა და პროცესი დღესაც გრძელდება. უფრო მეტიც, სავარაუდოა, რუსეთს დამატებითი აკრძალვები ვენესუელის არეულობის გამოც დაუწესონ. ცნობილია, რომ 2008 წელს რუსეთსა და დასავლეთს შორის თვისებრივად განსხვავებული ურთიერთობა იყო, ობამასდროინდელი აშშ იმედოვნებდა, რომ გადატვირთვის პოლიტიკა შედეგს გამოიღებდა, დღეს უკვე დაპირისპირება ლამის პიკზეა და, თუმცა საქართველოს ტერიტორიაზე მავთულხლართების გავლებაც გრძელდება და ადამიანების გატაცებაც, მათ შორის, მათი მკვლელობაც, საკუთრივ საქართველოს გამო რუსეთი დამატებითი სანქციით არ დაუმძიმებიათ, თუ რატომ, ამის შესახებ ზაალ კასრელიშვილთან ერთად ვისაუბრებთ.
– ამდენადაც არ ვუღირვართ, ჩვენ არ ვაქტიურობთ თუ, ბოლოს და ბოლოს, რა გახდა, რუსეთის ფედერაციას საქართველოს გამო ერთი სანქცია ზრდილობისთვის მაინც რომ დაუწესონ?
– 2009 წლიდან 2013 წლამდე სააკაშვილი იყო პრეზიდენტი, „ნაციონალური მოძრაობა“ კი 2012 წლამდე – უმრავლესობაში, 4 წელი ჰქონდათ მათ იმისთვის, რომ ამ მიმართულებით ემუშავათ და საქართველოს გამო დასავლეთისთვის რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გამოეთხოვათ. მათ ეს არ გააკეთეს და არ ვიცი, რატომ. იქნებ ეშინოდათ რუსის?! ძალიან კარგად იცოდა სააკაშვილმა, რომ 2013 წლამდე ჰქონდა ვადა და იქნებ ცდილობდა, რამენაირად თავი მოეწონებინა რუსეთისთვის. ამის გარკვევა ისტორიას მივანდოთ, თუმცა, ძალიან ბევრი არგუმენტი შეიძლება, მოვიყვანოთ იმის სასარგებლოდ, რომ დასავლეთმა სააკაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის მიერ დაშვებული შეცდომების გამო და იმიტომაც, რომ ეს იყო პირველი პრეცედენტი ცივილიზებული სამყაროსთვის, თან, რუსულმა მედიასაშუალებებმა მოახერხეს თავის გამართლება, სანქციების სახით, შედეგი ვერ მივიღეთ. თუ გახსოვთ, მაშინ რუსეთის სპეცსამსახურები და პოლიტიკური ხელმძღვანელობა დასავლეთში ავტორიტეტულ პოლიტიკოსებთან სერიოზულად მუშაობდნენ და საქართველოს გამო სანქციების დაწესების იდეას მხარდამჭერები არ ჰყავდა, მაგრამ მთავარი მაინც ის არის, რომ სააკაშვილსა და „ნაციონალურ მოძრაობას“ ეშინოდათ, კიდევ ერთხელ არ შემოსულიყვნენ რუსები და მართლაც არ გაეკრათ ისინი ჯვარზე. იმის ნახევარიც არ უაქტიურიათ მაშინ, რასაც დღეს აქტიურობენ. ხომ არ მეშლება?!
– არა, არ გეშლებათ, დღეს უფრო აქტიურობენ ამ მიმართულებით, ვიდრე მაშინ, ომის შემდეგ, როდესაც ხელისუფლებაში იყვნენ, მაგრამ ეს ხომ არ ნიშნავს, რომ ახლა არ შეუძლია ხელისუფლებას, იაქტიუროს?
– არ მითქვამს, რომ ხელისუფლებას ახლა არ შეუძლია აქტიურობა. პროცესები მიდის. რა თქმა უნდა, ხელისუფლებამ უფრო მეტად უნდა იაქტიუროს და აუცილებელი არ არის, საერთაშორისო ტრიბუნებიდან ქვების სროლა, დუჟის გადმოყრა, ისტერიკა, მუქარა და საკუთარი მოსახლეობის ცრუ შეძახილებით გამხნევება. დასავლეთში არიან ძალები, რომლებიც გადაწყვეტილებებს იღებენ და პირდაპირ მათთან უნდა იმუშაონ. თუმცა ჩვენ არ გამოვრიცხავთ, რომ სწორედ ის ძალები, რომლებმაც უკრაინის მაგალითზე ნათლად აჩვენეს მთელ მსოფლიოს, რომ დასავლეთის მიერ ეკონომიკურად გაძლიერებული რუსეთი მათთვის საფრთხედ გადაიქცა და რომ ეს სააკაშვილი-პუტინის დავა  და რუსეთ-საქართველოს კონფლიქტი აღარ არის, ჩვენს პოლიტიკურ ისტებლიშმენტს ეუბნებოდნენ, რომ ზედმეტი ემოციების გარეშე იმოქმედონ. უკრაინა, ყირიმი სერიოზული თემაა, ვენესუელაც, კიდევ რაღაც-რაღაცებიც აუცილებლად დაემატება და, ვფიქრობთ, ეს სავსებით საკმარისია, რომ რუსეთს კიდევ უფრო მაღალი რანგის სანქციები დაუწესონ.
– ვენესუელის ამბავიც მესმის, თუ გუაიდო გაიმარჯვებს, რომელსაც ჩვენი პარტნიორები უჭერენ მხარს, ჩვენთვის ძალიან კარგია, რადგან ვენესუელა ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლად აღიარებებს უკან გაიწვევს. მეორე მხრივ, არ მგონია, რომ დასავლეთმა რუსეთს უკრაინის აქტიური პოლიტიკის გამო დაუწესა სანქციები. ამიტომაც ვერ ვიგებ ლოგიკას, საქართველოს გამო არ აღიზიანებენ რუსეთს თუ რა ხდება?
– რეზოლუციაში უკრაინის ტერიტორიების ოკუპაციასთან ერთად შესულია საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია და ადამიანის უფლებების დარღვევის შემთხვევები, ოღონდ მეორე საკითხია, აჩერებს თუ არა ეს სანქციები ჩვენს მტერს?!
– ან ჩვენთან, ან უკრაინაში.
– ჩვენ იმაზე ვლაპარაკობთ, რომ ვერ აჩერებს და ასეთ მოქმედებებს რუსეთი შეგნებულადაც სჩადის, იმისთვის, რომ პერიოდულად დასავლეთის ავტორიტეტი დასცეს ქართველი და უკრაინელი მოსახლეობის თვალში, გარდა ამისა, უკრაინასა და საქართველოში პრორუსული ორიენტაციის ადამიანებს საბჭოთა კავშირის ნოსტალგია გაუღვივოს და მისცეს მათ საშუალება, საზოგადოების წინაშე გამოვიდნენ პოლიტიკური გზავნილებით, რომ რუსეთთან დიალოგი და შეთანხმებაა საჭირო, ხოლო ის, თუ როგორი შეთანხმება შეუძლია რუსეთს და როგორ მართავს დიალოგს, ინგუშეთის მაგალითზე დავინახეთ.
– ბოლოს და ბოლოს, რით დასრულდა მოსკოვის მიერ ინიცირებული ჩეჩნებისა და ინგუშების ტერიტორიული დავა?
– მეორედ სცადა კრემლმა ჩეჩნებისა და ინგუშების დაპირისპირება, მაგრამ მეორედ გააკვირვა დასავლეთი ინგუშების სიბრძნემ და პოლიტიკურმა სიმწიფემ, ისინი ჩეჩნებს კი არ დაუპირისპირდნენ ან კრემლს, საკუთარი ხელისუფლების გადადგომა მოითხოვეს. კრემლის შემსრულებლებს შეურყიეს პოზიციები და კრემლს აჩვენეს, რომ ინგუშეთში გადაწყვეტილებებს მოსახლეობა იღებს და არა კრემლის „სერჟანტები“. ასე რომ, იქაც ძალიან საინტერესო პროცესები მიდის. რუსეთს ძალიან უჭირს და ამიტომ ასეთ რამეებს იგონებს, რაც, როგორც ჩანს, გრძელვადიან პერსპექტივაზეა გათვლილი. მას ძალიან უნდა, რომ ინგუშეთიც ისევე დაიმორჩილოს, როგორც ჩეჩნეთი და თავისი ჯარი კიდევ უფრო ახლოს მოიყვანოს საქართველოს საზღვართან.
ვფიქრობთ, რომ კრემლი მადურის ვერ შეინარჩუნებს. უკეთეს შემთხვევაში, მიიღებს ვენესუელის ერთ მესამედ ტერიტორიაზე გამაგრებულ წითელ ვენესუელელებს, როგორც მიიღო სირიის 25 პროცენტ ტერიტორიაზე გამაგრებული ბაშარ ასადი. თუმცა რუსეთი არ დაიხევს უკან და თუნდაც მარტო იმიტომ, რომ მთელ მსოფლიოს და უპირველესად, მსოფლიოს იმ ნაწილს, რომელშიც მას კიდევ ესალმებიან და ხელს ართმევენ, აჩვენოს, რომ ძალა აქვს და დასავლეთს პოზიციებს არ დაუთმობს. ასე რომ, ძალიან კარგად ესმის რუსეთის ხელმძღვანელობას, რომ მან კონტროლი უნდა შეინარჩუნოს ვენესუელის ჭაბურღილებზე და მაქსიმალურად შეეცდება, მადური გაამაგროს იმ ტერიტორიებზე, სადაც ჭაბურღილებია, რომ ნავთობის ფასი არ დავარდეს და რუსეთის ბიუჯეტი კიდევ უფრო მეტად არ შემცირდეს. მაგრამ ამ პროცესს ვერ აიცილებს, იმიტომ რომ რეალობას, მინიმუმ, 45 პროცენტითაა აცდენილი.
რუსეთი ჩრდილო კავკასიაში შეეცდება სიტუაციის არევას, აფხაზეთსა და ცხინვალს შეიერთებს თუ ვენესუელაში გააჩაღებს სამოქალაქო ომს, ეს ყველაფერი მოხმარდება მხოლოდ დროის გახანგრძლივებას, რომ გლობალურ პოლიტიკურ პროცესებში იტივტივოს. თუმცა, ჩვენ ვფიქრობთ, რომ სამაგიეროდ, ძალიან უკან-უკან წავა ფინანსურად და ეკონომიკურად. და გვეეჭვება, ისეთი რესურსი ჰქონდეს, რომ ასე გრძელვადიანად ითამაშოს.
– ტრამპმა ირანი ამოაგდო მსოფლიო ნავთობის ფასების რეგულირებიდან, მას შემდეგ, რაც სანქციების გაყინვა შეაჩერა. ირანის ჩართვა ნავთობის ფასების ფორმირებაში ხომ გააიაფებდა ნავთობს და დააზარალებდა  რუსეთს? ხელის ერთი მოსმით რატომ ამოაგდო ირანი აშშ-ს პრეზიდენტმა ამ მრავალკომბინაციური თამაშიდან?
– გეთანხმებით, მაგრამ როგორ ფიქრობთ, დიდი დონის მოლაპარაკებებზე, რომლებზეც ამერიკის, ირანის, ვენესუელისა და, საერთოდ, მსოფლიო ეკონომიკის მმართველი ელიტის პირველი პირები საუბრობენ, ეს საკითხი არ განიხილებოდა?!
– რომ განიხილავდნენ, იმიტომაც ვსვამ კითხვას.
– განიხილავდნენ და დარწმუნებული ვარ, ირანის პოლიტიკური ხელმძღვანელობა არ წავიდა იმ დათმობებზე, რასაც მისგან ითხოვდნენ. ამას გარდა, ვფიქრობ, რომ ირანის შიგნით ისეთი პროცესებია მომწიფებული, რომ დასავლეთს არც უღირდა არსებული მმართველობის გაძლიერება და მათთვის ხელისუფლებაში დროის გახანგრძლივება. ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ ჩრდილოეთ კორეასთან მოლაპარაკებები ჩავარდა, ირანის საკითხი გადაუწყვეტელია და პროცესი რუსეთის სასარგებლოდ მიდის, საჭადრაკო დაფაა და ხანდახან პაიკის შეწირვა მოგიწევს, რომ ლაზიერი მოიგო.
– არადა, ჩვენ ვერა და ვერ გავხდით ისეთი პაიკი, დედოფლად რომ იქცევა.
– გლობალური პოლიტიკური პროცესისთვის პაიკები აღარ ვართ. პაიკები ვიყავით გასული საუკუნის 90-ან წლებში, ახლა ჩვენს ქვეყანას იმხელა ფასი დაედო, რომ ჭადრაკის დაფაზე, მინიმუმ, ლაზიერის პოზიცია გვაქვს. ყველასთვის გასაგებ ენაზე ვიტყვი: სულ მცირე, რეგიონის მაყურებლები ვართ. სამომავლოდ დასავლეთი საქართველოს შავი და კასპიის ზღვების აუზების ქვეყნების კავშირურთიერთობების ფინანსურ-პოლიტიკურ-ეკონომიკურ ცენტრად მოიაზრებს. ოღონდ უბედურება ისაა, ჩვენ ვერ დავიჯერეთ, რომ პაიკები აღარ ვართ. დაფიდან რომც გადაგვაგდონ, ვინ უნდა დასვან ჩვენ გარდა?! რუსეთი ხომ ჩვენი დაუძინებელი მტერია, მაგრამ მისი ინტერესიც არ არის ჩვენი ქვეყნის მთლიანად განადგურება, მისი ინტერესია ხელისუფლებაში პრორუსულების მოყვანა და 2020-ში ის ამას შეეცდება. ამით იმის თქმა მინდა, თუ ჩვენ არა, მაშ ვინ?! გნებავთ – ისტორიულად, გნებავთ – მორალურად და გნებავთ – გეოპოლიტიკურად. უბრალოდ, ჩვენ ვერ ვიჯერებთ, არ ვიცით საკუთარი შესაძლებლობების ზღვარი. გასული საუკუნის 90-ანი წლებიდან იმდენი უბედურება გადავიტანეთ, იმდენმა ადამიანმა გამოამჟღავნა ცუდი თვისებები, რომ საკუთარი პოტენციალი ვერ დავინახეთ, ყველას ეს არ ეხება, მაგრამ ქართულ პოლიტიკურ ისტებლიშმენტში მძვინვარებს ეს სენი – თვითგადარჩენის ინსტინქტი უფრო ამოძრავებთ, ვიდრე რეალობის შეგრძნება და იმის გააზრება, რა მოთხოვნები აქვს გლობალურ პოლიტიკურ პროცესებს და რას ვპასუხობთ და რას ვერა.


скачать dle 11.3