№15 გონებადაბინდულები
ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე
ანუ რამ
აურია ტვინი დეპუტატებს
აურია ტვინი დეპუტატებს
განათლების რეფორმის მორიგი ტალღის ფარგლებში სკოლის მოსწავლეებს (რასაკვირველია, ზემოდან) დაჰპრდნენ, რომ გამოსაშვებ გამოცდებს გააუქმებდნენ.
ჰოდა, რაკი ქურდს რა უნდა და, ბნელი ღამეო, აბიტურიენტებმაც მოილხინეს (თითქოს ჩვენს საჯარო სკოლებში ისეთი გაცხოველებული სწავლა იყოს, გამოცდები ტვირთად აწვებოდეს მოსწავლეთა გონება-მხრებს).
მაგრამ ისე მოხდა, რომ საქართველოს პარლამენტმა (რა ტყუილად ვაჭმევთ პურსა?!) ამ გადაწყვეტილებას კენჭი ვერ უყარა, როგორც დეპუტატებმა განგვიმარტეს, ტექნიკური ხარვეზის გამო და, განსაკუთრებით, აბიტურიენტებს დაჰპირდნენ, რომ ხარვეზს გამოასწორებენ და გამოცდებს საკანონმდებლო დონეზე გააუქმებენ.
ხოლო, რაკი ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც დეპუტატებმა „მომხრის“ მწვანე ღილაკის ნაცვლად „წინააღმდეგის“ წითელ ღილაკს დააჭირეს თავიანთი რჩეული თითები, ჩნდება ეჭვი, რომ ან გაზაფხულმა იმოქმედა (ტვინს ურევსო სურნელების ბანგი), ან უიმედო სიყვარულმა გადარიათ, ამიტომაც უპრიანი იქნებოდა, სხდომების წინ თავიანთი ხელფასების ოდენობა და დეპუტატობით მიღებული ბენეფიტები წარმოედგინათ, იქნებ ყურადღების საშუალო დონეზე კონცენტრაცია მაინც მოეხერხებინათ!