№14 რის გამო დასჭირდა მარკუს მეტრეველს შინაგან საქმეთა სამინისტროს დახმარება და აპირებს თუ არა ის „ლუი ვიტონის“ მოდის სახლთან თანამშრომლობაზე უარის თქმას
წელიწადზე მეტია, რაც მარკუს მეტრეველმა სამოდელი სფეროში დაიწყო საქმიანობა. მის მიერ შექმნილმა კოსტიუმებმა კი პირველივე წუთებიდან დაიმსახურა ყურადღება. მარკუსი ცოტა ხნის წინ ბერლინში იმყოფებოდა, სადაც წარმატებული ჩვენება გამართა.
მარკუს მეტრეველი: ჩემი ბერლინური ვოიაჟი საკმაოდ წარმატებული იყო და შთაბეჭდილებებით დავბრუნდი. დიდი მადლობა რუსა მაკოვსკის ამ არაჩვეულებრივი საღამოსთვის. მისი მიწვევით გალერეა „მაკოვსკში“ გაიმართა ორი დიზაინერის – ჩემი და თინათინ მაღალაშვილის ჩვენება. წაღებული მქონდა მამაკაცების კოლექცია, რომელიც იმავდროულად, უნისექსია და ძალიან დიდი მოწონება დაიმსახურა. სიმართლე გითხრათ, არ ველოდი ასეთ ემოციებს. თინათინი ჩემი მოტივატორია და სულ მეუბნება: მარკო, დროა შენი ჰობი ბიზნესად გადააქციოო. რაც შეეხება საღამოს, ძალიან კარგად ჩაიარა. მოწვეული იყო მაღალი საზოგადოება, ბიზნესმენები, პოლიტიკოსები, ხელოვანები, მომღერლები. საინტერესო საზოგადოება გავიცანი. რაც მთავარია, გალერეა „მაკოვსკი“ გახსნილია ბერლინის ცენტრში, ბევრი ხალხი ირევა და ბევრი ნახავს ჩვენს კოლექციას. შეუძლიათ, შეიძინონ. ეს არის საგამოფენო სივრცე, სადაც ნახატებია გამოფენილი და ჩვენს კოლექციას დათმობილი აქვს თავისი კუთხე. სიმართლე რომ გითხრათ, ჩემს ნამუშევრებს, როგორც ხელოვნების ნიმუშებს, ისე ვუყურებ, რადგან მათზე ძალიან ბევრს ვფიქრობ. ახლა, ბერლინიდან რომ მოვდიოდი, ძალიან ვინერვიულე, მეგონა, იქ ჩემს შვილებს ვტოვებდი. შოუს დამთავრებისთანავე ჩვენთან მოვიდა „ბერლინ ფეშენ-ჰოლის“ დირექტორი, რომელმაც რუსა მაკოვსკის შესთავაზა, რომ ივლისში, მოდის კვირეულზე ახალი კოლექცია წარვადგინოთ.
– მახსოვს „ლუი ვიტონის“ მოდის სახლიდან მიწვევა გქონდა და თქვენი თანამშრომლობა იგეგმებოდა. ამ კუთხით რა სიახლეებია?
– ეს კოლექცია, რომელიც ბერლინში წავიღე „ლუი ვიტონისთვის“ შევქმენი. ექვსი ლუქი გავაგზავნე პარიზში, მოდის სახლში და იქიდან ძალიან კარგი პასუხი მომივიდა – პარიზში უნდა წავიდე და დავიწყო მუშაობა. უბრალოდ, ერთი მომენტია: მე იქ ვერ ვიქნები ერთი კრეატიული დიზაინერი. რამდენიმე დიზაინერი ჰყავთ და მეც ერთ-ერთი უნდა ვიყო, რაც ჩემთვის დამთრგუნველია. სხვათა შორის, ერთი ძალიან დიდი შემოთავაზებაც მაქვს, ისევ და ისევ მოდის სფეროდან, უბრალოდ, მეკრძალება ამაზე საუბარი. ეს მხოლოდ პარიზს კი არა, ნახევარ მსოფლიოს ეხება.
– არჩევნის წინაშე დგახარ?
– კი. მათ იციან, რომ „ლუი ვიტონთან“ მქონდა მოლაპარაკება და მკითხეს: ხომ არ შეგვექმნება პრობლემები, დაპირისპირება, რადგან გვსურს, ორი წლის განმავლობაში ჩვენთან ითანამშრომლოო. ამ კომპანიაში უნდა ვიმუშაო საკუთარ თავზე, ამასთან, ჩემი სახელით. ბუნებით ეგოისტი ვარ – როცა ვმუშაობ და მერე სხვისი აბრევიატურა ეკვრება, ეს ჩემთვის დიდი პრობლემაა. ვიმუშაო, ღამეები ვათენო და მერე სხვა ბრენდის სახელი დაეწეროს, ძალიან ვინერვიულებ. მაისის თვეში კიდევ ვიწყებ ათ ლუქზე მუშაობას, რომელსაც ამ კომპანიას გავუგზავნი და პრეზენტაციას ისინი მოახდენენ. იმედი მაქვს, ორივე კომპანიასთან დავალაგებ სიტუაციას. სამი შემოთავაზება მაქვს: ბერლინი, პარიზი და ნახევარი მსოფლიო. რა თქმა უნდა, ძალიან ბედნიერი ვარ, ოცნება ავისრულე და ვნახოთ, რა იქნება. „ლუი ვიტონისთვისაც“ ჯერ უარი არ მითქვამს, ჩვენი შეთანხმება ძალაშია. უბრალოდ, მე სულიერად უფრო ბედნიერი ვიქნები, რომ ჩემი ლოგოს ქვეშ, ჩემს ბრენდზე ვიმუშაო, ვიდრე სხვა, თუნდაც, ლეგენდარული სახელის ქვეშ. რასაც ვაკეთებ, ის ჩემი უნდა იყოს ბოლომდე და ნახევრად ჩემი – არა. თავისუფლება ჩემთვის ყველაფერია, არ შემიძლია, ვიღაც „ჰედი“ მედგეს თავზე და ჯოხით მაკონტროლებდეს. ასეთი შემთხვევა არასდროს ყოფილა, არასდროს არავის ვემოჩილებოდი – არც მასწავლებელს, არც დირექტორს, მუდმივად კონფლიქტებში ვიყავი. მე რასაც ვიტყოდი, ისე უნდა გაკეთებულიყო და დღემდე ასეა. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი მშობლები კონსერვატორები, მკაცრები არიან და ასეც გამზარდეს, მე მაინც რქებით ვაწვებოდი ცხოვრებას.
– ის ადამიანი, ვისაც ახალი სიმღერა მიუძღვენი, შენი შეყვარებული ხომ არ არის?
– კი და ჩვენ ურთიერთობის ძალიან მაგარ ეტაპზე ვართ. ზოდიაქოს ნიშნით „კუროა“, რომელიც ერთგულების ნიშანია და მე ვაფრენ ერთგულებაზე. ბუნებით ძალიან ერთგული ვარ და ერთმანეთს ისე მაგრად შევეწყეთ, ყველაფერს ერთად ვგეგმავთ, ვახორციელებთ. შეყვარებული მარკუსი დიდი ბავშვია, ბუტია, საზიზღარი, ეჭვიანი, ეგოისტი, ყველაფერი ცუდი. ადამიანი ყველაფრით მინდა, ან – არაფრით.
– ისიც ეჭვიანია?
– დოზირებულად არის ეჭვიანი, საკუთარ თავს არ აკადრებს ამას. მეც არ ვაძლევ ეჭვიანობის საბაბს. ბევრს ვსაუბრობთ, ცივილური ურთიერთობა გვაქვს. უბრალოდ, მე ვარ ბუტია. მაგალითად, რომ მეტყვის, ამა და ამ დროს დაგირეკავო და გადააცილებს, ეგრევე ვიბუტები. ან მეტყვის: მეძინება, დავისვენებო, ამაზე ვბრაზდები და საშინლად ვჩხუბობთ. თუ დაიძინებს, მე მარტო უნდა დავრჩე, ვეგოისტობ და ვეუბნები: სანამ მეც არ დავიძინებ, არ დაიძინო-მეთქი.
– უკვე ერთად ცხოვრობთ?
– ჯერჯერობით არა, მაგრამ სამომავლოდ ვგეგმავთ, რომ ერთად ვიცხოვროთ. ჩემი ოჯახი უკვე იცნობს, ჩემი მეგობრებიც. ძალიან კარგი ადამიანია, უბოროტო, კეთილი, მზრუნველი და მის ფონზე ყველა „კურო“ შემიყვარდა. ერთმანეთი არაორდინარულ სიტუაციაში გავიცანით – ქალთა ციხეში. 14 სექტემბერს კონცერტი მქონდა და იქ იყო მოსული, როგორც ერთ-ერთი ბიზნესლედი. იქვე შედგა ჩვენი ქიმია, მოწონება. მომეწონა მისი „დასტოინობა“, ძალიან მოწესრიგებული იყო, კარგად შემოსილი, კარგი სურნელით, ძალიან ელეგანტური. სცენაზე რომ ვმღეროდი, წინ იჯდა და მას ვუმღეროდი. მერე რომ ვისაუბრეთ, მითხრა: მაშინვე მივხვდი, რომ მე მიმღეროდიო.
– ასაკით შენზე უფროსია?
– კი. ჩემზე უფროსია, მაგრამ ურთიერთობაში ეს ისე არ იგრძნობა, რომ მგონია, ის არის ჩვილი და მე მასთან – ბაბუა. ხმას თუ ავუწევ ან ტონს გავამკაცრებ, მეუბნება: უკაცრავად, მე შენზე უფროსი ვარ და იქნებ დამიჯერო, მე უფრო სწორი ვარო.
– იცი ხმის აწევები?
– კი, საშინლად და ძალიან ხისტი ვარ. ოჯახში სხვა ტიპი ვარ: ქართველი, ტრადიციული კაცი, მაგიდაზე მუშტს რომ დაარტყამს. ასეთი ვარ იმ ადამიანებთან, ვინც მიყვარს. ელემენტარული რამე რომ შეეშალოს, არ ვაპატიებ. შეიძლება, მთელი სახლი თავზე დავამხო, ოღონდ არა შეყვარებულს, არამედ მეგობარს, ძმაკაცს. მაგრამ მერე ისე ვნანობ, საკუთარ თავს ვინადგურებ. მაგრამ ჩემი კარგი თვისება ის არის, რომ კონფლიქტი აღარ მახსოვს. ზოგს გიჟი ვგონივარ, შეიძლება, ადამიანს რაღაც თავზე დავამხო და ერთ საათში ჩავეხუტო: ჩემო ცხოვრება, როგორ მიყვარხარ! ჩემი მეგობრები გაოცებულები მიყურებენ ხოლმე და უკვე იციან, რომ მე ვაფრენ. შეყვარებულთან ასეთ რამეს ვერ დავუშვებ, რადგან ფაქიზი მომენტია. ღმერთმა არ ქნას, რომ ჩემი სიგიჟე ჩემმა შეყვარებულმა ნახოს. ჩემი „კურო“ ყოველთვის მითმობს და ამას ვხედავ. რომ დავწყნარდები, მერე მაწვეთებს, რომ ეს არასწორად გავაკეთე, შეცდომა დავუშვი. ბედნიერი ვარ, რომ ჩემ გვერდით ასეთი ძლიერი ქალია. სულ მინდოდა, გვერდით მყოლოდა ძლიერი, განათლებული, შემდგარი, ჩამოყალიბებული ქალი. მე არ მიყვარს სისუსტე და ღმერთმა ასეთი დიდი საჩუქარი გამომიგზავნა.
– ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში დაწერე, რომ ვიღაცას „ფეისბუქზე“ შენი სახელითა და გვარით შექმნილი გვერდი აქვს, რომელსაც ძალიან ცუდად იყენებს. დახმარებისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროსაც მიმართე. რა ხდება, რომ ამიხსნა.
– არის ერთი უსაქმური ადამიანი, რომელმაც ჩემი სახელითა და გვარით შექმნა გვერდი და საშინელ რაღაცებს წერს არასრულწლოვან ბიჭებსა და გოგონებს. ჩემი სახელით შეხვედრაზე იბარებს, აგინებს, სიკვდილითა და განადგურებით ემუქრება. ყველას მოვუწოდებ, რომ ეს არ ვარ მე, მე მხოლოდ ერთი ოფიციალური პროფილი მაქვს და ის „დაარეპორტეთ“. ჩემმა მოსწავლეებმა მითხრეს, მშობლებიც მოვიდნენ: ჩვენი შვილები თქვენთან მოდიან, რომ ისწავლონ და ასეთ საშინელებებს რატომ წერთო. მართლა ისეთ საშინელებებს სწერს 13-14 წლის ბავშვებს, ვერ ვიტყვი: ეს გამიკეთე, თუ გამიკეთებ ამას, გნახავ, თუ ამას გიზამ, გნახავ... მშობლები გაოცებულები იყვნენ – ვერ დავიჯერეთ, მაგრამ მაინც გადავამოწმეთო. ერთი გოგონა დაიბარა: დისკს მოგცემო და ძლივს დაუსხლტა ხელიდან. როგორც გავარკვიეთ ეს არის მამაკაცი, რომელიც ჩემი სახელით იცნობს ქალებს, მამაკაცებს და აგზავნინებს შიშველ ფოტოებს, შემდეგ ონანიზმით კავდება. შინაგან საქმეთა სამინისტროს მივმართე, რომ გაიგონ ვინ არის, რადგან ეს ადამიანი საშიშია. პროფილზე რომ შევიხედე, მის დადებულ ფოტოებს იმდენი ლაიქი აქვს, კომენტარები, თან საშინელებები. ამას წინათ მომწერა კიდეც: მარკო პროფილი გავაკეთე და შენს პროფილზე პოპულარულიო. ყურადღება არ მიმიქცევია, მაგრამ ახლა რომ გავიგე, რაც ხდება, გადავირიე. შემპირდნენ, დაგეხმარებითო. ერთ-ერთმა გოგომ სპეციალურად მისწერა: მომწონხარ, შევხვდეთო და ბიუსტჰალტერიანი ფოტო გაუგზავნა. ხომ წარმოგიდგენია, იმან რისი ფოტო გაუგზავნა. ბოლოს მისწერა: მარკუსი არ ვარ, მაგრამ არც მასზე ნაკლები ვარო და თავისი ფოტო გაუგზავნა. არ ვიცი, ვინ არის, ცხოვრებაში არ მინახავს.