№14 ვის ულამაზებდა რომანტიკულ საღამოებს მალდივებზე ქრისტინე მარტიაშვილი და რის გამო სჭირდება მას „შემოლაწუნება“
მომღერალი ქრისტინე მარტიაშვილი ახლახან დაბრუნდა მალდივებიდან, სადაც ის სამუშაოდ იყო წასული. როგორც თავად ამბობს, შეყვარებული წყვილებისთვის განსაკუთრებული გრძნობით მღეროდა და რომანტიკულ გარემოს ულამაზებდა. მართალია, ქრისტინეს საქართველოში, დიდ სცენაზე ხშირად ვერ იხილავთ, თუმცა მას უცხოეთში იწვევენ და როგორც თავად ამბობს, იღბალიც თან დაჰყვება.
ქრისტინე მარტიაშვილი: ძალიან იღბილიანი გოგო ვარ, მაგრამ ძალიან ზარმაცი (იცინის). საქმის დაწყება მიყვარს, მაგრამ მისი ბოლომდე მიყვანა მიჭირს და ეს ჩემი სიზარმაცის ბრალია. თუმცა, იღბალი რომ „შემომილაწუნებს“, მეტყვის: სიზარმაცე ცუდ დღეში ჩაგაგდებსო, აზრზე მოვყავარ. ჰოდა, საბოლოო ჯამში, მიმართლებს.
– ასეთი „შემოლაწუნებები“ ხშირად ხდება?
– საკმაოდ ხშირად. ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, საკმაოდ იღბლიანი ვარ, თუნდაც იმიტომ, რომ დედამიწის მერვედი მაინც შემოვიარე.
– მალდივებიდან ახლახან დაბრუნდი. იქ ვინ მიგიწვია და მართალია, რომ თაყვანისმცემელი, მილიონერი ბიჭები ხელისგულზე გატარებდნენ?
– შარშან ვმუშაობდი მალდივებზე და წელსაც დამპატიჟეს. ორი კვირით წავედი, მაგრამ ძალიან მთხოვეს და ერთი თვით დავრჩი. სასტუმროების ქსელი „რობინზონი“ მთელს მსოფლიოშია, ერთ-ერთი მალდივებზეც არის და იქ ვმღეროდი. ასევე, მონაწილეობას ვიღებდი შოუებში და კვირაში ერთი დღე სოლო კონცერტს ვმართავდი. ძირითადად, შეყვარებული წყვილები მისმენდნენ. მარტო კი მოვიწყენდი ხოლმე, მაგრამ ბედნიერი ვიყავი, რომ მათ რომანტიკულ საღამოებს ვულამაზებდი (იცინის). რაც შეეხება მილიონერებს, მალდივებს ძირითადად, შეძლებული ადამიანები სტუმრობენ და ჭორები, თითქოს ჩემს მოსასმენად მხოლოდ მილიონერი მამაკაცები მოდიან, საჩუქრებით მავსებენ და თაყვანს მცემენ, სიამრთლეს არ შეესაბამება. ჭორაობენ ჩემზე, თითქოს იქ მილიონერმა მამაკაცმა დამპატიჟა და საჩუქრებით ამავსო. დიახ, მალდივებზე, ძირითადად, ფულიანი ხალხი დადის და თუ მიყურებენ და მისმენენ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველა მილიონერი მამაკაცი ჩემზეა შეყვარებული.
– ისეთი გარეგნობა გაქვს, რომ იტყვიან, „გემრიელი“ გოგოაო. თან, საოცრად მღერი. დავიჯერო, მამაკაცების ყურადღებასა და მათგან საჩუქრებს არ იმსახურებდი?
– მალდივებზე ჩემი ხმა არის მთავარი და არა ჩემი ვიზუალი, სილამაზე და „გემრიელი“ გარეგნობა. კიდევ ვამბობ, იქ, ძირითადად, შეყვარებული წყვილები დადიან, ერთმანეთს თვალებში უყურებენ და ჩემი მხოლოდ ხმა ესმით. თუმცა, ვერ უარვყოფ, კომპლიმენტებიც მიმიღია, მამაკაცისგან დაჟინებული მზერაც მიგრძნია და ძვირად ღირებული საჩუქარიც მიმიღია. ერთი გერმანელი მუსიკოსი ბიჭი მეფლირტავებოდა. იყო რომანტიკული დღეები, თუმცა, ჩემთვის ფლირტი ფლირტად რჩება, რადგან ვიცი, ეს ურთიერთობა დიდხანს არ გაგრძელდება და მის განვითარებას ვერიდები.
– რატომ ფიქრობ, რომ ურთიერთობა მალე დასრულდება? ხომ შეიძლება, გაგრძელდეს და ზღაპრული დასასრულიც ჰქონდეს? მაინც, როგორი მამაკაცი წარმოგიდგენია შენ გვერდით?
– იმიტომ, რომ ცხოვრებაში კარგი გაკვეთილი მაქვს მიღებული, მქონია მსგავსი სიტუაცია და აღარ გავიმეორებ. ამბობენ, ფული მთავარი არ არისო, მაგრამ საჭიროა. ფულის გარეშე ვერაფერს აკეთებ, არავინ ხარ. შეიძლება, ამას რომ ვამბობ, ბევრი ჩემ მიმართ აგრესიით განეწყოს, მაგრამ არ მინდა, ჩემ გვერდით ისეთი მამაკაცი, რომელსაც ჩემზე ნაკლები შემოსავალი ექნება. მასთან ურთიერთობაში, თავად გამიჩნდება კომპლექსი. ჩემ გვერდით ისეთი მამაკაცი წარმომიდგენია, რომელსაც ბევრი საქმე ექნება, სულ მომენატრება და ყელში არ ამომივა (იცინის). ამ ეტაპზე კი, ასეთი მამაკაცი არ ჩანს, პატარ-პატარა ფლირტები კი არის. ძალიან კარგია, როცა ვიღაც გიყვარს და გრძნობ, მარტო არ ხარ. მაგრამ, ხშირად ისე არ ხდება, როგორც ჩვენ გვინდა. სხვათა შორის, მალდივებზე გავიცანი ოთხი გერმანელი, ორმოც წელს გადაცილებული ქალბატონები, ამჟამად მარტოხელები. თუმცა ოთხივე რამდენიმეჯერ იყო გათხოვილი, ჰყავდათ შვილები. იქ მეგობრის დაბადების დღის აღსანიშნავად იყვნენ ჩამოსული. რომ დავაკვირდი, მამაკაცების გარეშეც ძალიან ბედნიერები იყვნენ. რა თქმა უნდა, მე იმას არ ვამბობ, რომ არ მჭირდება გვერდით ისეთი მამაკაცი, რომელსაც ვენდობი და დავეყრდნობი, მაგრამ ვერც მარტოობაში ვხედავ ტრაგედიას. სხვათა შორის, იმ გერმანელ ქალებს ფრანკფურტში კომპანია აქვთ და ბენდთან ერთად კორპორაციულ ივენთზე მიმიწვიეს.
– ქრისტინე, მალდივებიდან საკმაოდ თამამ ფოტოებს დებდი სოციალურ ქსელში. ძირითადად, მამაკაცები აკომენტარებდნენ და წერდნენ: რა გიჭირს, ფულიანი გოგო ხარო. გავიგე, ბევრი უცნობი დახმარებას გთხოვს, ასეა?
– სხვათა შორის, რადგან ბევრს ვმოგზაურობ, უცხოებს ფულიანი ვგონივართ. ჯერ მწერენ, რომ ლამაზი ვარ, მერე თხოვნაზე გადადიან, ფული მასესხეო. ერთმა ისე შემაცოდა თავი, ვეცადე დავხმარებოდი. მწერდა: ძალიან მიჭირს, ბევრი მეგობარი გყავს, იქნებ, სამსახური მაშოვნინო და დამეხმაროო. მეგობარს აქვს მესტიაში რესტორანი, დავურეკე და ვთხოვე. მოკლედ, იმ ბიჭს სამოსიც გავუგზავნე, მესტიაში მზარეულის დამხმარედ ვუშოვე სამსახური, არც ბინის ფულს გადაიხდიდა და არც კვებისას. როგორც ჩანს, მუშაობა არ უნდოდა. მომწერა: არ მინდა სამსახური, ორასი ლარი მასესხეო. მოდი ახლა და, გაუკეთე ასეთს სიკეთე. ბევრისთვის გამიწვდია დახმარების ხელი და არ მიყვარს ამის აფიშირება. თუმცა, ამ ფაქტმა წყობიდან გამომიყვანა. ბევრ ჩემს კოლეგასაც დავეხმარე და მტრად გადამეკიდნენ, ზურგს უკან ჭორაობენ ჩემზე. არ ვაქცევ ყურადღებას, მაგრამ მწყინს. არ ვარ ბოროტი ადამიანი, ყოველი დღით ვტკბები და ვცდილობ, ისე ვიცხოვრო, როგორც სიცოცხლის უკანასკნელ დღეს ვიცხოვრებდი. დღეს მინდა, ვიყო ბედნიერი, რადგან არ ვიცი, ხვალ რა იქნება.