№14 რა გახდა ნიკოლოზ რაჭველისა და მიხეილ გიორგაძის დაპირისპირების მიზეზი და როგორ აღმოჩნდა მაესტრო ბარბრა სტრეიზანდის წინ პრინც ჩარლზთან და მადონასთან ერთად
ევგენი მიქელაძის სახელობის ეროვნული სიმფონიური ორკესტრი სახელწიფოს მიმართავს თხოვნით, რომ ფილარმონიის შენობა დაუბრუნონ. ორკესტრის ხელმძღვანელი ნიკოლოზ რაჭველი ამბობს, რომ ამ გზით ორკესტრის მრავალწლიანი პრობლემა მოგვარდება.
ნიკოლოზ რაჭველი: საქართველოს ეროვნული ორკესტრის წინაშე ყოველთვის იდგა დარბაზის პრობლემა. შენობა, რომელშიც ახლა ვართ, დასანგრევია – შესაბამისი დასკვნა სამხარაულის ექსპერტიზამ დადო. შეიძლება, ამის გარემონტება უფრო ძვირი დაჯდეს, ვიდრე თავიდან აშენება. ამიტომ გადაწყდა, აშენებულიყო ახალი საკონცერტო დარბაზი. საამისოდ ორი წლის წინ კულტურის სამინისტრომ ათმილიონიანი დაფინანსება შემოგვთავაზა. თავიდან არ ვიცოდით, რამხელა ბიუჯეტი იყო საჭირო და მოკვლევა დავიწყეთ. გავარკვიეთ, რომ ათი მილონი საკმარისი არ იყო და ამის შესახებ მაშინდელ პრემიერს, გიორგი კვირიკაშვილს ვუთხარით. პრემიერმა ჩვენ და მაშინდელ კულტურის მინისტრს – მიხეილ გიორგაძეს დაგვავალა, გაგვეგო საკონცერტო სივრცის აგების ღირებულება და აღმოჩნდა, რომ ეს მინიმუმ ორმოცი მილიონი ევროს ინვესტიციას მოითხოვდა. ვიფიქრეთ, რომ ამხელა თანხა სახელმწიფოს ამ საქმისთვის არ ჰქონდა. ჩვენ, უბრალოდ, პრემიერ-მინისტრის დავალება შევასრულეთ – მოვიკვლიეთ, რა დაჯდებოდა ეს ყველაფერი და ინფორმაცია მივაწოდეთ. ჩვენს მიმოწერაში არსად ჩანს, რომ 45 მილიონ ევროს ვითხოვთ, როგორც დღეს მიხეილ გიორგაძე ამბობს. ამ დროს გავიგეთ ფილარმონიის მდგომარეობის შესახებ. მას წლების განმავლობაში „ინთერნეიშენალ ივენთი“ მართავდა, სახელმწიფოსგან იჯარით ჰქონდა აღებული, მაგრამ ვერ ან არ ასრულებდა ნაკისრ ვალდებულებებს, რის გამოც მრავალმილიონიანი ჯარიმა და ბევრი გამაფრთხილებელი წერილი დაუგროვდა მართვის ხელშეკრულების შეწყვეტასთან დაკავშირებით. ეს პროცესი წლები გრძელდებოდა, მაგრამ მხოლოდ ამ წლის იანვარში შეუწყვიტეს ხელშეკრულება. ეს რომ გავიგეთ, ჩავთვალეთ, რომ საზოგადოებისთვის და სახელმწიფოსთვის შეგვეხსენებინა, რომ ჩვენ ვართ ის კოლექტივი, რომელიც იმსახურებს ფილარმონიაში დაბრუნებას. დაბრუნებას იმიტომ, რომ თავის დროზე ის სწორედ ჩვენი ორკესტრისთვის აშენდა. უფრო სწორად, ააშენა ჩვენი ორკესტრის სამხატვრო ხელძღვანელმა, ალექსი მაჭავარიანმა. მისი თხოვნით გამოიყო კრემლიდან დაფინანსება საბჭოთა კავშირის დროს და ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზი, სწორედ, ჩვენი ორკესტრის კონცერტით გაიხსნა. ამიტომ ჩვენი სურვილი აბსოლუტურად ბუნებრივი და სამართლიანი იყო. ამით ახალი სივრცის ასაშენებლად დამატებითი მილიონების მოძიების საჭიროებაც მოიხსნა. წარმოვადგინეთ ჩვენი ხუთწლიანი შემოქმედებითი თუ ეკონომიკური ხედვა საკონცერტო დარბაზთან დაკავშირებით, რომელმაც ეკონომიკის სამინისტროში, როგორც ვიცი, მაღალი შეფასება დაიმსახურა. მაგრამ ამ ყველაფრის მიუხედავად, ჯერ კიდევ გაურკვეველი მდგომარეობა გვაქვს.
– როგორი იყო ემოცია მიხეილ გიორგაძის მუქარანარევ განცხადებაზე, რომ თუ ვითარება არ მოგვარდებოდა, თქვენი დაკავებულ პოზიციასთან შესაბამისობის საკითხი დადგებოდა და რომ გიგანტომანია დაგემართათ.
– არცერთი ცივილიზებული ქვეყნის სახელმწიფო ჩინოსანი თავისი ქვეყნის აკადემიური სიმფონიური ორკესტრის მთავარ დირიჟორს არ მოიხსენიებს ტერმინით, რომელიც დამაკნინებელი ან ირონიულია. ეს რაღაც დონეზეც მიუთითებს და პატივისცემის კოეფიციენტზეც. სამწუხაროდ, როგორც ჩანს, ჩემი შემოქმედებითი ცხოვრება, ჩემი ორკესტრის შემოქმედებითი ხარისხი და სტატუსი, რომელიც მე მაქვს – ერთი მხრივ, როგორც ეროვნული ორკესტრის ხელმძღვანელს, მეორე მხრივ, რუსთაველის პრემიის ლაურეატს და მესამე მხრივ, გაეროს იუნისეფის ელჩს, არ აღმოჩნდა პატივსაცემი. ადამიანს თუ პატივს სცემ, ალბათ, გაცილებით უფრო მორიდებული იქნები მასზე აზრის გამოხატვისას, მით უფრო საჯარო სივრცეში. მან, როგორც მინისტრმა, თავიდან ძალიან სწორად დაიწყო ჩვენთან ურთიერთობა, მაგრამ გარკვეულ ეტაპზე მხარე გახდა და ამით ასცდა მთავარ ვალდებულებას, რომელსაც მისი სამსახური აკისრებს. ის აუცილებლად უნდა იყოს იმ ადამიანების მხარეს, ვინც ეროვნულ ორკესტრს გვერდით ედგა და უდგას. მიხეილ გიორგაძე ხელფასს იღებს იმისთვის, რომ ამ ადამიანების მხარეს იყოს. მაგრამ მას მოუწია სამი მეგობრის მხარის დაჭერა, მუსიკალური საზოგადოებისა და ჩვენი ძალიან ბევრი გულშემატკივრის წინააღმდეგ.
– ალბათ, თქვენი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე მძიმე პერიოდი გაქვთ, როგორია შემოქმედებითი პროცესი ამ ფონზე?
– ლამის სტაგნაციამდე მივედით, რადგან ამდენი ხანი არ ვიცოდით, რა გაგვეკეთებინა. კონცერტების ჩასატარებლად დარბაზი და თანხები არის საჭირო. წინასწარი ხედვაა საჭირო, ასეთ პირობებში კი ძალიან რთულია რამის წინასწარ განსაზღვრა. თუმცა, ხანდახან სიმართლისა და მუსიკისთვის ბრძოლა შემოქმედებაზე უკეთესადაც აისახება, უფრო მეტი მოტივაცია გაქვს. შეიძლება, ამ ფონზე რეპეტიციები ძალიან დამღლელია, ფიზიკურად ძალიან მიჭირს, მაგრამ სულისთვის საჭიროა, რომ ასეთ დროს მუსიკისგან შორს არ ვიყო.
– ახლა ალბათ, რთული იქნება ბედნიერი ისტორიების გახსენება, მაგრამ მოდით დავაბალნსოთ ჩვენი ინტერვიუ და თქვენი ცხოვრების ის პერიოდიც გავიხსენოთ, როცა იმდენად ბედნიერი იყავით, რეალობის აღმაც კი გიჭირდათ, რადგან საკუთარ კუმირს შეხვდით.
– 13 წლის ვიყავი, როცა ბარბრა სტრეიზანდს პირველად მოვუსმინე და მალე ის ჩემი კერპი გახდა და მასთან შეხვედრაზე ვოცნებობდი. წლების შემდეგ საშუალება მომეცა, სტინგთან მეთანამშრომლა. კრის ბოტი ჩემი მეგობარია, სხვა მსოფლიო ლეგენდებთანაც მიმუშავია, მაგრამ ბარბრასთან ყველაფერი სხვაგვარად მოხდა... 2005 წელს ლონდონში საერთაშორისო კლასიკური მუსიკის ფესტივალზე ჩავედი. გავიგე, რომ ბარბრა სტრეიზანდი ატარებდა ტურნეს, რითაც ეთხოვებოდა სასცენო მოღვაწეობას და ფინალური კონცერტი ლონდონში გაიმართებოდა. არანორმალური სურვილი გამიჩნდა, ამ კონცერტს დავსწრებოდი, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ყველა ბილეთი ექვსი თვით ადრე იყო გაყიდული. იხტიბარი არ გავიტეხე, ლონდონელი მეგობრებისგან შევიტყვე, რომ ყოველი კონცერტის წინ გადამყიდველებისგან ბილეთის შეძენა შეიძლებოდა. ბილეთის ფასი ათასი გირვანქიდან იწყებოდა, გადამყიდველთან კი ორმაგი ან სამმაგი ეღირებოდა. ამხელა თანხა არც დამესიზმრებოდა, მაგრამ არ მომერიდა და ჩემი ოცნება ნაცნობ ბიზნესმენებს გავანდე. მათ შემიგროვეს სამი ათასი გირვანქა, რომელიც კონვერტში განვათავსე და დავაწერე: „ბარბრა სტრეიზანდი“. ჩავფრინდი ლონდონში, კონცერტის დაწყებამდე ოთხი საათით ადრე მივედი დარბაზთან და დავიწყე გადამყიდველების ძებნა. ერთი ქალბატონი საეჭვოდ დიდხანს მომჩერებოდა, მივედი და პირდაპირ ვუთხარი, რაც მინდოდა, თურმე პირდაპირ პოლიციის თანამშრომელს მივდგომივარ. მითხრა, გადამყიდველების მიმართ კანონი გამკაცრდა და დღეს პოლიცია მკაცრად აკონტროლებს ამ საქმიანობასო. უკან არ დავიხიე და მეც მოვუყევი, როგორ მინდოდა ამ კონცერტზე დასწრება, რომ შორეული ქვეყნიდან ვიყავი ჩასული და ისიც ვუამბე, როგორ შემიგროვეს თანხა მეგობრებმა. გულაჩუყებულმა პოლიციელმა ხელი მომკიდა და სალაროსთან მიმიყვანა, არის შემთხვევები, ბილეთებს აბრუნებენ და აქ ჩაუსაფრდიო. ჩემ წინ უკვე იდგა ვიღაც ცოლ-ქმარი და მათ შემდეგ დავდექი. სამ საათში დაახლოებით ასი მსურველი შემოგვიერთდა. ორმოცი წუთით ადრე გვითხრეს, რომ მხოლოდ სამი ბილეთი დააბრუნეს, რაც იმას ნიშნავდა, რომ მეც გამიმართლა. ჩემ წინ მდგარ ცოლ-ქმარს შეხვდა ადგილები, რომელიც ძალიან შორს იყო სცენიდან, მაგრამ იმდენად ბედნიერები იყვნენ, გახარებულები ერთმანეთს გადაეხვივნენ. როცა მე მივედი ბილეთის ასაღებად, მოლარე ემოციებს ვერ მალავდა, რა ბედი გქონიათო. თურმე დაბრუნებული მოსაწვევი შემხვდა და ფულის გადახდის უფლებაც არ მქონდა, უფასოდ მაძლევდნენ. ისე დავიბენი, რა მექნა, არ ვიცოდი. ვცდილობდი, კონვერტში განთავსებული ფული როგორმე მათთვის დამეტოვებინა, რაც, რა თქმა უნდა, არ აიღეს. კართან რომ მივედი, დაცვამ მითხრა, თქვენი შესასვლელი ეს არააო და სხვა მხარეს მიმითითა. როგორც კი კარი შევაღე, უცნაურ რესტორანში აღმოვჩნდი. ცოტა ხანში შემოვიდა პრინცი ჩარლზი თავის მეუღლესთან ერთად. მას მოჰყვნენ მერილ სტრიპი და სხვა ცნობილი ადამიანები. როგორც ჩანს, მოსაწვევი, რომელიც მე მერგო, ერთ-ერთმა ვარსკვლავმა დააბრუნა. ცოტა ხანში გამოგვიცხადეს, თქვენს სექტორში უნდა გადაინაცვლოთო და აღმოჩნდა, რომ ჩემი ადგილი პირველი რიგის ცენტრში იყო. წარმოიდგინეთ, ბარბრა სტრეიზანდისგან მხოლოდ 1,5 მეტრი მაშორებდა. მის წინ ვიჯექი და ძირითადად, მე მიყურებდა. იქ დაიწყო ნამდვილი შოკი. ზურგს უკან დამისვეს პრინცი ჩარლზი, ბარბრა სტრეიზანდის და და დის ქმარი. გვერდით, ერთ მხარეს – მერილ სტრიპი, მეორე მხარეს – ელტონ ჯონი, მის გვერდით კი მადონა იჯდა. სცენაზე რაღაც განსაკუთრებული რომ ხდებოდა, ერთმანეთს გადავხედავდით და სასიამოვნოდ ვუღიმოდით. მეც ისე ვიქცეოდი, ვიფერებდი, თითქოს არაფერს განვიცდიდი. ცენტრალურ ადგილას ვიჯექი, პირდაპირ ჩემ წინ იყო მიკროფონი. სცენაზე უზარმაზარი ეკრანი იყო დამონტაჟებული. კონცერტის ბოლოს ბარბრამ მადლობა გადაუხადა დამსწრეთ მოსვლისთვის და ამ უზარმაზარ ეკრანზე სულ ჩვენი სექტორი ჩანდა. პრინც ჩარლზს აჩვენებდნენ თუ სხვა ვინმეს, კადრში სულ მე ვჩანდი და ამას რომ ვხედავდი, ვეღარც აღვიქვამდი, ეს რომ ჩემს თავს ხდებოდა. კონცერტის ბოლოს გამოგვიცხადეს, ვინც ამ სექტორში სხედხართ, ბარბრა სტრეიზანდი ყველას თავის საგრიმიოროში გელოდებათო. წავიდნენ მისალოცად ეს მსოფლიო ვარსკვლავები და მეც ვალდებული ვიყავი, შევსულიყავი. როცა მივუახლოვდი, ცოტა ხანს ვუცქირე და მერე თავში დამარტყა სურვილმა, მოვტრიალებულიყავი და წამოვსულიყავი. მსურდა, ისეთივე მიუწვდომელ ვარსკვლავად დარჩენილიყო ჩემთვის, როგორიც ბავშვობაში იყო. წამოვედი და ჩემს ბინამდე მანქანით 45 წუთის სავალი გზა სულ ფეხით გამოვიარე.