კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№14 რატომ განასახიერებდა მაკა მახარაძე ყოველთვის ზნედაცემულ ქალებს და ვინ გაუვრცელა მას ბავშვობაში გაუპატიურების ამბავი

ნინო კანდელაკი ხათუნა კორთხონჯია

სახელი: მაკა.
გვარი: მახარაძე.
– ყველაფრის პატიება შეიძლება?
– მე მიმტევებელი ვარ – ასეთი ხასიათი მაქვს. მაგრამ მახსოვს დედაჩემის სიტყვები, რომელსაც ახალგაზრდობაში მეუბნებოდა: ასე არ შეიძლება, უნდა მიუტევო. ვერ ვიხსენებ, რაზე მეუბნებოდა, მაგრამ ეტყობა, ახალგაზრდობაში უფრო ფიცხი ვიყავი.
– რისი გეშინიათ?
– მეშინია დაუძლურების და იმის, რომ სხვისი მოსავლელი არ გავხდე.
– რისი გრცხვენიათ?
– მრცხვენია რომ მსუქანი ვარ, მაგრამ რა ვქნა...
– რა არის თქვენთვის ამორალური?
– ამას წინათ, ჩემი ძმის, თემურ ჩხეიძის ინტერვიუში წავიკითხე: იცით, რა არის მორალის განმარტებაო? თემური ყვება: ბავშვობაში ენციკლოპედიაში წავიკითხე მორალის განმარტება და თავზარდაცემული დავრჩი. მორალი ყოფილა, როდესაც შენს ინტერესებს არ აყენებ საზოგადო ინტრესებზე მაღლა. ჯერ უნდა გააკეთო ის, რაც ყველასთვის სასარგებლოა და მერე – შენთვის სასარგებლო. ეს ყოფილა მორალი, ასე რომ, ამას სრულიად ვეთანხმები. ეს ძალიან ცოტას შეუძლია და ბევრს კი, საერთოდ, არ მიაჩნია საჭიროდ.
– ინტრიგის მსხვერპლი თუ ყოფილხართ?
– კი – როდესაც 12 წლის ვიყავი. დედაჩემი დარწმუნებული იყო, რომ ეს მათ წინააღმდეგ იყო აგორებული. მაშინ გამოვიყურებოდი, როგორც ჯოხი, საერთოდ ქალის არანაირი ნიშანწყალი არ მქონდა. ქალაქში გაავრცელეს ჭორი, რომ მე ვიღაცამ შემაცდინა. ამით უნდოდათ, ჩემი მშობლებისთვის გული ეტკინათ. აღშფოთდნენ, მაგრამ რა უნდა ექნათ. ჩემთვის კი ეს ამბავი ცოტა გაუგებარი იყო. ხომ არის ზოგი გოგო პრანჭია, მე არასდროს ვყოფილვარ პრანჭია და კეკლუცი. ახლაც ასე ვარ – ერთხელ დილით ჩავიხედავ სარკეში და დამთავრდა. სავარცხელიც არ დამაქვს, იმიტომ რომ ჯოხებივით თმა მაქვს. თუმცა პარტიებით, რომელიც მე მითამაშია, ყოველთვის ზნედაცემულ ქალს განვასახიერებდი. სულ ვნებათაღელვაში ვიყავი. ამ დროს, როდესაც ბალეტზე მივედი, წარმომედგინა, რომ რომანტიკულ ჟიზელს ვიცეკვებდი, თვითონ ასეთი ტიპი ვარ, არათვალებისბრიალა. არადა, კარმენი და თუ რამე ესპანური ცეკვა იყო, ყველას მე ვცეკვავდი. ესპანური ცეკვა კი ყველა ვნებიანია.
– ინტუიციას ენდობით?
– ზედმეტად მიმნდობი ვარ და აქედან გამომდინარე, არ მაქვს კარგი ინტუიცია.
– ზედმეტსახელი თუ გქონდათ?
– მაკა უკვე ზედმეტსახელია. მე მარიამი ვარ. მაკა რომ დამარქვეს, მაშინ საერთოდ არ იყვნენ მაკები. მამაჩემი ამბობდა, რომ მაკა მოდაში ჩვენგან წამოვიდა. მაშინ დაბადების მოწმობაში სრული სახელი იწერებოდა – კნინობითი არ უნდა ყოფილიყო. ბებიაჩემს მარიამი ერქვა და მეც მარიამი დამარქვეს. ბანკიდან რომ დამირეკავენ, ქალბატონო მარიამ, ვფიქრობ, ალბათ, ეშლებათ-მეთქი –  ჩემთვის უცხოა.
– სიზმრები გიხდებათ?
– მე თვითონ – არა. ერთი-ორჯერ ამიხდა – რაღაც უბედურება მოხდა. სიზმარში ვნახე, რომ ჭერი ჩამოგვექცა, წყალი ჩამოგვივიდა და გაგვაღვიძეს, რომ ჩვენი ახლობელი გარდაიცვალა.
– რამის ფობია თუ გაქვთ?
– გველის ფობია მაქვს. რომ დავინახავ, ყურებში თითქოს ფრთების ფრიალის ხმა მესმის, ეს საშინლად მიშლის ხელს ბუნებასთან ურთიერთობაში, რომელიც ძალიან მიყვარს.
– სიყვარული მხოლოდ ერთხელ მოდის?
– არის იმის ბევრი მაგალითი, რომ მხოლოდ ერთხელ მოდის და იმის ბევრი მაგალითიც, რომ მრავალჯერ მოდის.  თუნდაც ლიტერატურულად, თუნდაც მამაჩემის ცხოვრებაში, იმიტომ რომ დედასთან ძალიან დიდი სიყვარული ჰქონდა, მაგრამ ოც წელიწადში დამთავრდა, მერე გაჩნდა სოფიკო, სოფიკომდეც ჰყავდა მეუღლე, მაგრამ ამას არ აღვნიშნავთ, მიუხედავად იმისა, რომ იქ შვილი ჰყავს. ასე მოხდა ჩემს ცხოვრებაშიც. ვინმეს რომ ეთქვა ჩემთვის, ჩემი სიყვარულის ისტორია ასე დამთავრდებოდა, ალბათ, ყელს გამოვღრღნიდი. არც მიზეზი გვქონდა, თითქოს, რაღაცნაირად გაილია, მაგრამ მშვიდობიანად დამთავრდა. ურთიერთობაც გვაქვს და ნორმალურად ვართ.
– სიყვარული და ვნება ერთი და იგივეა?
– თუ ერთი მეორეს ემთხვევა, კარგია. ერთმანეთის გარეშე სხვადასხვა რაღაცაა: ის არის პლატონური სიყვარული და ის არის ვნება, რაც მალე მთავრდება.
– რა გენატრებათ?
– ცეკვა მენატრება, მაგრამ მაინც ამ სფეროში ვარ და ეს არ მაკლია. გული დამწყდა, თუმცა ბალეტის მოცეკვავემ თავიდანვე იცის თავისი ვადა. მესიზმრებოდა და ახლაც მესიზმრება: მეუბნებიან, სცენაზე უნდა გახვიდე და უნდა იცეკვოო. მე ვნერვიულობ – ამსისქე სცენაზე როგორ გავიდე? ამდენი წელია, არ გავნძრეულვარ, კოსტიუმი როგორ შემეკვრება? მუსიკა ისმის, უკვე ჩემი გამოსვლაა და საბედნიეროდ, ამ დროს მეღვიძება. გაგრძელება აღარ შეიძლება.
– რჩევა, რომელიც სულ გახსოვთ...
– თინეიჯერობის ასაკში რაღაც მოვიტყუე და მამამ მითხრა: არასოდეს მოიტყუო. ჯობია, მწარე სიმართლე თქვა, ოღონდ ტყუილს ნუ იტყვი. იმიტომ რომ ისე მიეჩვევი ამ ტყუილს, სიმართლისგან ვეღარ გაარჩევო. ეს ვაქციე ჩემი ცხოვრების დევიზად.
– სირთულეები ცხოვრებაში?
– ჩემი ოჯახის შვილობამ, პასუხისმგებლობა მომიმატა. ჩემი შვილი, ნატოც იმავეს ამბობს. უბედნიერესი ვარ, რომ ასეთ ოჯახში დავიბადე, მაგრამ ჩემთვის ეს მძიმე ტვირთია. არ უნდა შევარცხვინო, არ უნდა გავაკეთო ის, რასაც სხვა დაუფიქრებლად გააკეთებს და ასე შემდეგ. ამდენად, ეს რთულია.
– ძლიერი ქალი ხართ?
– არ ვარ ძლიერი. ფიანდაზით არ არის მოფენილი ეს ცხოვრება, უნდა იბრძოლო. პლისეცკაია ჩემი კერპია. ამას წინათ წავიკითხე მისი გამონათქვამი: არასდროს არ დაყაროთ ფარ-ხმალი, ბოლომდე იბრძოლეთ, ამ ცხოვრებაში ბრძოლა არის მთავარი. მას უწევდა ბრძოლა. მე უფრო მეტს ვიბრძოდი, ვიდრე ვცეკვავდიო. მისი რჩევა მე არ გამომადგა. მე ისე ვერ ვიბრძვი, ვერც დავრეკავ, ვერავის შევაწუხებ.
– ბოდიშის მოხდა გიჭირთ?
– არ მიჭირს. თუ რაღაც ხდება, ვამბობ, რომ ჩემი ბრალია, თუნდაც სულ არ იყოს ჩემი ბრალი. კლასშიც გამოვირჩეოდი. ბიჭები სულ მე მაწვალებდნენ, იმიტომ რომ მე სამაგიეროს ვერ გადავუხდიდი – გოგონები ჩანთას ჩააფარებდნენ თავში, მე არ შემეძლო.
– დაოჯახება გინანიათ?
– არასდროს. არც ის მინანია, რომ ადრე გავთხოვდი, იმიტომ რომ ეს ქორწინება ძალიან დიდი სიყვარულის შედეგი იყო. ასე რომ, არ მინანია.
– მეორედ ქორწინებაზე გიფიქრიათ?
– არა, ჩვენ ახლაც არ ვართ განქორწინებული, ოფიციალურად ისევ ცოლ-ქმარი ვართ.
– ბავშვი რამდენად ცვლის წყვილის ურთიერთობას?
– რა თქმა უნდა, ცვლის. მეუღლე უკანა პლანზე გადადის. ნატო გათხოვებიდან ცხრა თვეში გავაჩინე. რომ იტყვიან, წყვილმა უნდა ისეირნოსო, მართალია. ჩემი შვილიშვილი და მისი ცოლი ათი წელია, ცოლ-ქმარი არიან და ჯერ არ აჩენენ ბავშვს. თუმცა ბავშვის გარეშე ჩემი ცხოვრება წარმოუდგენელია, აზრი არ აქვს.. ახალგაზრდობაში გინდა ყველაფერი მოასწრო, გააკეთო. რასაც ვამბობ, პროფესიული თვალსაზრისით არ არის სწორი, მაგრამ ჩემთვის ოჯახი ყოველთვის პირველ ადგილზეა. ძალას და  ენერგიას არასდროს ვიშურებდი. მიუხედავად ურთულესი პროფესიისა, ყველაფერს მე ვაკეთებდი.  ყველაფერს ვასწრებდი, იმიტომ რომ კარგი ოჯახი იყო და არის, არც ბაზარი მაკლდა, არც სარეცხის ხარშვა, მაგრამ ახალგაზრდა ვიყავი და ძალ-ღონე მერჩოდა. ახლა დიდი ხანია აღარ ვდგავარ სამზარეულოში, მას მერე, რაც აღარ ვცეკვავ. 38 წლისა მოვრჩი ცეკვას, ახლა 69 წლის ვარ. სხვათა შორის, ერთხელ ჩემმა ქმარმა მითხრა: შენ შეგეძლო, პრინცესასავით გეცხოვრაო. რას ნიშნავს პრინცესასავით? სპექტაკლის შემდეგ მოვიდე და წამოვწვე? მე ვხედავდი დედაჩემს, რომელიც ძალიან მშრომელი იყო, მის კისერზე გადაიარა იმ წლების რუსთაველის თეატრის რეპერტუარმა, კინო, გახმოვანება, ტელევიზია, რადიო... თავაწეულმა შემიძლია, ვთქვა,  რომ დედა ვარსკვლავი იყო, მაგრამ ნურავის ჰგონია, ან დედაჩემს, ან მამაჩემს იმხელა ხელფასი ჰქონდათ, რომ სამი შვილი ერჩინათ და კარგად ვყოფილიყავით. ერთადერთი ხსნა მაშინ კინო იყო. ამიტომ, სადაც კი შეიძლებოდა, ყველგან მუშაობდნენ, რომ რაღაც შეეკოწიწებინათ და ეყიდათ, თუნდაც, სკამები.
– გაბუტვა თუ გჩვევიათ?
 – ბოლო დროს დავიწყე. დედა მყავდა ბუტია. ასაკში მამაც ბუტია გახდა, ოღონდ მხოლოდ 15 წუთი.
– მკითხავთან თუ ყოფილხართ?
– ორჯერ მიმკითხავა მეგობარმა ყავაში და ორჯერვე ამიხდა. ერთხელ მითხრეს, რომ გათხოვდებიო. 18 წლის ვიყავი. ჩვენ ორი თვე ვხვდებოდით ერთმანეთს და მესამე თვეს დავქორწინდით. სანამ გავიცნობდი, ცოტა ხნით ადრე მითხრა დედაჩემის მეგობარმა, გათხოვდები, აგერ ფატა გადევს თავზეო, ოღონდ ისე გავთხოვდი, რომ ფატა არ მქონდა. მოვკვდი სიცილით, თუმცა ამიხდა. ერთხელ თეატრიდან წამოსვლას ვაპირებდი, რაღაც პრობლემები მქონდა და ჩემმა მეგობარმა ჩამიხედა ყავაში და მითხრა: აგერ ცეკვავ, არ წამოხვალო და მართლაც ასე მოხდა. ძალიან არ მიყვარს მკითხავი, იმიტომ რომ მეშინია, რაღაც ისეთი არ მითხრას, რაც ამირევს გონებას და ამის გამო ავფორიაქდები.
– ბოლოს რა სიურპრიზი გაგიკეთეს?
– ერთი სიურპრიზი მახსოვს. 19 წლის წინ, როდესაც 50 წლის გავხდი, ჩემმა ქმარმა მანქანა მაჩუქა. ეს იყო სიურპრიზი. ჩემმა მაზლმა მომაწოდა რაღაც კოლოფი კარგად „დასკოჩილი“, ეს მურაზმა გამოგიგზავნაო. მურაზი არ იყო თბილისში. დედაჩემი გვერდით მეჯდა, ფეხზე ადგა და ხუმრობით მეუბნება: ერთი ბრილიანტი არ იყოს, იცოდე არ აიღო, არ გამოართვაო. გეგონება, მაყრია ბრილიანტები. გავხსენი და – მანქანის გასაღები. ჩემი მაზლი მეუბნება, გამოდი გარეთო. მაშინ ახალი თაობის „ჟიგული“ იყო გამოსული და არ მინდოდა, ნახმარი მანქანა ყოფილიყო. ახალთახალი იყო, შიგნით კი ყვავილები – ორმოცდაათი კალა იდო. ცოტა ხანში ერთმანეთს დავშორდით. ასეც ხდება ხოლმე. განლევა ხომ ხდება და ასე გაილია ჩვენი სიყვარული. არც გარჩევა ყოფილა და არც კამათი. დიდხანს მუშაობდა პეტერბურგში, ხშირად იქ იყო და ასე მოხდა. ახლა ჩვეულებრივად ვმეგობრობთ. არასდროს გვიჩხუბია, ერთმანეთისთვის შეურაცხყოფაც არასდროს მიგვიყენებია.
скачать dle 11.3