№14 ვინ არის გოგონა, რომელმაც ქართული კრივის ისტორია შეცვალა და რისი წინააღმდეგი იყო მისი ოჯახი
მოკრივე ანა ხუნჯუამ საქართველოს ისტორიაში პირველმა მოიპოვა მედალი ევროპის ჩემპიონატზე. 19 წლის გოგონამ ხობიდან ქართული კრივის ისტორიაში ახალი ფურცელი ჩაწერა. ევროპის 22 წლამდე მოკრივეთა ჩემპიონატზე მან მეოთხედფინალში ბელარუსი მოწინააღმდეგე დაამარცხა და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა. რა გზა განვლო მან წარმატებამდე, ინტერვიუდან შეიტყობთ.
– ანა, შენს შესახებ გვიამბე, რატომ დაინტერესდი სპორტით?
– ხობში დავიბადე და ახლაც იქ ვცხოვრობ. და და ძმა მყავს. ჩვენს ოჯახს სპორტთან კავშირი სულ ჰქონდა – მამა მოჭიდავე და ტრენერია. ჩემი ძმაც ჭიდაობს. აქედან გამომდინარე, სპორტით მეც პატარაობიდანვე დავინტერესდი.
– ანუ, ოჯახში ჩვეულებრივად მიიღეს შენი გადაწყვეტილება, ძალისმიერ სპორტში რომ გევარჯიშა?
– არა. როცა ეს გადაწყვეტილება მივიღე, ოჯახი წინააღმდეგი იყო, განსაკუთრებით დედა. კრივს პირდაპირი შეხება აქვს სხეულთან, აუცილებლად მოგხვდება ხელი სახეში და ასე შემდეგ. დედასთვის რთულია, უყუროს, როგორ ურტყამენ თავის შვილს. ამიტომ ეშინოდა და წინააღმდეგი იყო. იმდენად დიდი სურვილი მქონდა და იმდენად მინდოდა ვარჯიში, ბოლოს მაინც ვერ მითხრეს უარი. თან, მამასა და ჩემი შეხედულებებიც ერთმანეთს დაემთხვა. დღეს ყველა მხარს მიჭერს და მაქსიმალურად მიწყობენ ხელს.
– რატომ კრივი? თავიდან მამა გავარჯიშებდა?
– დიახ, თავიდან თავისუფალ ჭიდაობაში ვვარჯიშობდი, კრივში მერე გადავინაცვლე. გოგონებისთვის ჭიდაობა ნაკლებად განვითარებულია და წარმატების შანსიც ნაკლებია. პირველად რომ საქართველოს ჩემპიონატზე გავედი, ფინალი მოვიგე და ჩემპიონიც გავხდი, თუმცა მივხვდი, რომ ეს არ იყო ის, რაც მინდოდა. ამიტომ გადავედი ძიუდოზე. 3 წელი ძიუდოში ვვარჯიშობდი. ბოლოს კრივში გადავინაცვლე. ეს იყო, ის რასაც სპორტში ვეძებდი და თავი აღარ დამინებებია.
– საქართველოს ისტორიაში პირველი გოგონა ხარ, ვინც ევროპის ჩემპიონატზე მედალი მოიპოვა, როგორი შეგრძნებაა? რთული ბრძოლა იყო?
– ძალიან ამაღელვებელია. პირველად სერიოზული წარმატებაა ჩემს კარიერაში. წლები ვოცნებობდი ამ მედლის მოპოვებაზე. ეს არის პირველი ნაბიჯი და ამ მიღწევით ძალიან ბედნიერი ვარ. იმ მომენტში ჩემს ემოციებს ვერ ვაკონტროლებდი. არ მჯეროდა, რომ ეს დღე დადგა და როგორც იქნა, ევროპაზე მედალი მოვიპოვეთ. ნამდვილად რთული ბრძოლა იყო. მედლისთვის ბელარუს მოკრივეს შევხვდი, რომელიც ძალიან ძლიერი და შემტევი გოგონა აღმოჩნდა. თუმცა იმდენად კარგად ვიყავი მომზადებული, რომ მოწინააღმდეგის დასამარცხებლად და მედლის მოსაპოვებლად ყველაფერი გავაკეთე. ნახევარფინალში რუს მეტოქეს შევხვდი. ჩემპიონატი რუსეთში მიმდინარეობდა და შესაბამისად, იქ აშკარა უპირატესობას თუ არ აჩვენებდი, ისე არავინ გაგამარჯვებინებდა. ძალიან ვეცადე. პირველ რაუნდში ცოტა ქულები დამაკლდა, თუმცა ბოლო ორ რაუნდში მე ვძლიე. საბოლოოდ, მაინც მას გაამარჯვებინეს. არა უშვას, ამ ეტაპზე ამასაც დავჯერდები. ბრინჯაო ჩვენია და ვეცდები, მომავალში ოქრო ავიღო. ეს მედალი პირველია საქართველოს ისტორიაში და წინ კიდევ ბევრი გამარჯვება გველის!
– კრივი გოგოსთვის განსაკუთრებით რთული იქნება. ტრავმები ხშირად გაქვს?
– რა თქმა უნდა, სპორტია, ერთმანეთში დაპირისპირებაა და დაზღვეული არაფრისგან ხარ. როცა ცხოვრების ამ გზას ირჩევ, ყველაფერს უნდა ელოდო. საბედნიეროდ, სერიოზული ტრავმა არ მქონია, როცა ვჭიდაობდი, მაშინ ორივე მუხლში სითხე ჩამიდგა, რასაც ძალიან დიდი გართულება მოჰყვა და პაუზის აღება მომიწია – ვერ ვვარჯიშობდი. უფლის წყალობით, ახლა არაფერი მაწუხებს. ბიჭებისთვისაა ეს სპორტი რთული და გოგონებისთვის, ხომ წარმოგიდგენიათ... ალბათ, ძალიან ვაჟკაცური ხასიათი უნდა გქონდეს და ძლიერი უნდა იყო, ამ გზას რომ დაადგე. ბევრი ტკივილია და ამისთვის ფსიქოლოგიური მომზადებაც საჭიროა. როცა ძალიან გინდა რაღაც, იმისკენ მაქსიმალურად უნდა ისწრაფვოდე. მეც ასე ვარ და უკვე წარმატების გარდა, არაფერზე ვფიქრობ. სირთულეებს, დარტყმებს, ტკივილსა და ტრავმებს საერთოდ აღარ ვაქცევ ყურადღებას. კრივი ჩემი ცხოვრება და მთლიანი სამყაროა.
– როცა უცხოები გაიგებენ, რომ მოკირვე ხარ. პირვლად რას გეკითხებიან?
– მეკითხებიან, რატომ გაიმეტე თავი კრივისთვისო? მეც ვპასუხობ: ამით ვცხოვრობ, ვსუნთქავ და ეს არ არის თავის გამეტება. ყველას განსხვავებული რეაქცია აქვს ხოლმე. ბიჭები ამბობენ, ახლა ამას რამე რომ ვუთხრათ, გვცემსო (იცინის). ასეთ რეპლიკებს ყურადღებას არ ვაქცევ.
– რინგს მიღმა თუ გამოგიყენებია შენი შესაძლებლობები?
– ერთი-ორჯერ დამჭირდა (იცინის). ვცდილობ, ასეთი რამეებისგან ყველანაირად შორს ვიყო, მაგრამ არ გამოდის. ყველა ადამიანი თავისებურია და ხანდახან რთულია თავის მოთოკვა. მაქსიმალურად ვცდილობ, მათ არ ავყვე, მაგრამ ვერ ვიტან, როცა ვინმეს ჩაგრავენ და შეურაცხყოფას აყენებენ. ეს იყო ის, რამაც წყობიდან გამომიყვანა. შეიძლება, მოვუთმინო ერთხელ, ორჯერ, მაგრამ მესამედ, მართლა ვეღარ მოვითმენ.