№14 როგორ აარჩია ქარდი ბ-იმ 75 ათას ვიდეოს შორის ანი ჯავახის ცეკვა და რის გამო გაასწორეს ის მიწასთან
ჰიპ-ჰოპის შემსრულებელი, ოცი წლის ანი ჯავახი, „გრემის“ მფლობელი, ყველაზე მოდური ამერიკელი ქალი რეპერის, Cardi B-ის ოფიციალურ „ინსტაგრამზე“ გამოჩნდა. ქარდიმ სთორიში დადო ამონარიდი ვიდეოდან, სადაც ქართველი მოცეკვავე ორ პარტნიორთან ერთად ბრუნო მარსისა და ქარდი ბის ახალ სინგლზე Please Me ცეკვავს.
ანი ჯავახი: რეპეტიციიდან გამოვედი და ტელეფონს რომ დავხედე, უამრავი შეტყობინება დამხვდა. პირველად ყურადღება ჩემი მეგობარი მოცეკვავის მოწერილმა ტექსტმა მიიქცია: ხომ არ „ღადაობო“ და ტაშის სმაილები. გამიკვირდა, რა ჩავიდინე ასეთი-მეთქი და რომ გავაცნობიერე, რაც მოხდა, ლამის გულის შეტევა დამემართა, შოკში ვიყავი (იცინის). „ინსტაგრამი“ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ასეთ „სელებრითებთან“ გვქონდეს ურთიერთობა. ისინი „ჰეშთეგების“ საშუალებით ნახულობენ იმას, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, ამ შემთხვევაშიც ასე მოხდა. ჩემი ცეკვის ვიდეო ავტვირთე და ჰეშთეგით მოვნიშნე ქარდი ბის სიმღერის სახელი, რომელზედაც ვცეკვავ. თვითონ რასაც აქვეყნებს ხოლმე, ზუსტად ჰეშთეგებიდან არჩეული ვიდეოებია, მაგრამ ძალიან დიდი არჩევანი აქვს, 75 ათასი ვიდეოზეა მონიშნული და ჩემი ვიდეო რომ ნახა, სიხარულისგან გავგიჟდი. ჯერ „ინსტაგრამზე“ დადო სთორში, შემდეგ „ტვიტერზე“ გამოაქვეყნა ვიდეოს სრული ვერსია და თავის ოფიციალურ „ფეისბუქზეც“ ატვირთა. ისეთი რაღაცები ხდება ჩემს თავს, მგონია, რომ ვკვდები და არ მეუბნებიან (იცინის). ყველა მეკითხება: მოწვევა არ გაქვს? ქარდის კლიპში როდის იცეკვებ? თქვენ დაქალობთ, არა? (იცინის) ახლა ყველაზე მეტად მინდა, „ინსტაგრამზე“ვიდეოს სრული ვერსია პოსტად ატვირთოს. ერთი გოგოს ვიდეო აქვს ატვირთული, მონიშნულიც არ ჰყავს, მაგრამ იმ გოგოს ერთ დღეში მილიონი „ფოლოვერი“ მოემატა.
– შენს შემთხვევაში რა შეიცვალა და შენ რამდენად მოგწონს ეს შემსრულებელი?
– უცებ გავიგე, ანი ჯავახი ვინ ყოფილა (იცინის). ორი რეპერი ქალია, ვინც მოცეკვავეებისთვის ძალიან „ძერსკებად“ ითვლებიან და აქედან ერთი ქარდია. მისი ახალი პაპსა სიმღერები, ყველა, ძალიან გემოვნებიანია და მით უმეტეს, მოცეკვავეებისთვის – ძალიან კარგად ერგება ჩვენს ცეკვებს. სხვათა შორის, გუშინ ტაქსიში ვიჯექი, რადიოში ჩაირთო ქარდის სიმღერა და ვყვიროდი, ამ სიმღერამ ამაშენა-მეთქი (იცინის).
– ახლა რა გეგმები გაქვს?
– გეგმებზე წინასწარ საუბარი არ მიყვარს. წელს გავხსენი სტუდია, ყველაფერი ისე კარგად განვითარდა, რომ გავოგნდი. მართლა არ ველოდი, რომ ამდენი ბავშვი მეყოლებოდა. ექსპრომტად მიყვარს გადაწყვეტილებების მიღება და თან ძალიან რისკიანი ვარ. შემიძლია, მთელი ცხოვრება ავიღო და სასწორზე დავდო. იმ მომენტში შეიძლება, მგონებია, რომ ბევრი დავკარგე და დიდი შეცდომა დავუშვი, მაგრამ ცოტა დრო გასულა და მივმხვდარვარ, რომ ძალიან სწორი გადაწყვეტილება მიმიღია.
– სოციალურ ქსელს აქტიურად იყენებ?
– აუცილებლად. მე თვითონ ვისაც ვაფოლოვერებ, ძალიან ცნობილები არიან და ეს ადამიანები სოციალური ქსელით საკუთარ ცხოვრებას განახებენ, რაც ძალიან მომწონს. ანალოგიურად ვცდილობ მეც. ერთი შეხედვით, ვიღაცას შეიძლება, ძალიან სწერვა და დამპალი გოგო ვგონივარ, მაგრამ სინამდვილეში ასეთი არ ვარ (იცინის). წითელი თმა რომ მაქვს, ყველას ბოროტი ვგონივარ (იცინის). მაგრამ „ინსტაგრამზე“ ხედავენ, რომ ძალიან ბევრს ვიცინი, საკუთარ თავსაც ბევრს დავცინი და ყოველთვის ლამაზი და გამოპრანჭული გოგო არ ვარ. სოციალური ქსელიც ისეთი მაქვს, როგორიც რეალურად ვარ და მგონია, რომ ეს მოსწონთ.
– ვიდეოებს როგორი გამოხმაურება აქვს?
– მოცეკვავეთა იმ კატეგორიას მივეკუთვნები, ვინც გიჟდება მაღალქუსლიანი ფეხსაცმლით ცეკვაზე. საქართველოში ძირითადად ბოტასებით ცეკვავენ. ამერიკაში დიდი აღიარება მოიპოვა ქუსლებმა, რაც ძალიან მომწონს. როცა საკუთარი სტუდია გავხსენი და ვთქვი, რომ ჩემს სტუდიას „ქვინს“ ჰქვია და გოგოებო, მაღლებზე უნდა იცეკვოთ და გოგოები უნდა იყოთ-მეთქი, ძალიან შემეშინდა. საქართველოში რომ გოგო მაღლებზე ცეკვავს, გინდა, არ გინდა ძალიან დიდი რისკია და მეგონა, რომ მიწასთან გაგვასწორებდნენ (იცინის). შეჩვეული ვარ ასეთ რეაქციებს, თავიდან, „ნიჭიერში“ რომ გამოვდიოდით, მაშინ გაგვასწორეს მიწასთან, მერე – იმის გამო, რომ ასეთი პატარა არის და აქ რატომ ცეკვავსო. თან პატარა ასაკში რომ ვაკეთებ ბევრ რამეს „ვერ მპატიობენ“ (იცინის). ჰოდა, სტუდია რომ გავაკეთე და პირველი ვიდეო ავტვირთე, სადაც ქუსლებზე ვცეკვავდით, მეგონა, გამჯეგავდნენ, მაგრამ არა, ყველას ძალიან მოეწონა, უფრო მეტმა მომწერა, რომ ცეკვაზე შემოსვლა უნდოდა და ვფიქრობდი, სად ვიყავი ამდენ ხანს-მეთქი?! თურმე ხალხს მოსწონს გოგოობა.
– თავიდან როგორ დაიწყე ცეკვა?
– ხუთი წლის ვიყავი, ქართულ ცეკვებზე რომ დავიწყე სიარული და ვგიჟდებოდი, ისე მომწონდა, დარბაზიდან ვერ მაგდებდნენ. „ლაშარში“ ვცეკვავდი. თხუთმეტი წელი ვცეკვავდი ქართულ ცეკვებს. პარალელურად ჩემი ქორეოგრაფი სამოყვარულო დონეზე სამეჯლისოებსაც გვასწავლიდა და ძალიან მომწონდა. 15 წლისამ გადავწყვიტე, რომ ჰიპ-ჰოპი უნდა მეცეკვა. დედაჩემს ვეუბნებოდი, ორგანიზმი მთხოვს-მეთქი (იცინის). სამოყვარულო დონეზე დავიწყეთ, მერე ჩემპიონატზე გავედი, სადაც Swagerss-ის ქორეოგრაფი მიშკა ტალახაძე იჯდა ჟიურიში. იქ ვნახე ტყუპები, ირაკლი ფიფია... მითხრეს, გვინდა, ჩვენი ჯგუფის ქასთინგზე გამოხვიდეო. ეს ძალიან მოულოდნელი იყო. ქასთინგის მერე რომ დამირეკეს და მითხრეს, ჯგუფში აგიყვანეთო, ჭკუაზე არ ვიყავი, ვინმეში ხომ არ გეშლებით-მეთქი (იცინის). Swagerss-ში ხუთი წელი ვცეკვავდი, ამ ჯგუფმა ყველაფერი მომცა, შარშან წამოვედი მათგან და ჩემი სტუდია გავხსენი.
– პირად ცხოვრებაში რა ხდება? შენი ცეცხლოვანი და სექსუალური გარეგნობა, ცეკვები, ალბათ, ბევრ ბიჭს იზიდავს.
– პირადში ახლა საერთოდ არაფერი ხდება. ყველას მოსწონს მოცეკვავე და თამამი გოგო, ყველა დაიწყებს ფლირტაობას, ლამაზი და სექსუალური გოგოა და რატომაც არა?! მაგრამ მერე: აუუ, მოცეკვავე ხარ, მოკლე შორტებს იცვამ? (იცინის) გინდა, არ გინდა, ძალიან კომპლექსიანები არიან და მე და კომპლექსიანი ადამიანი ერთად წარმოუდგენელი ამბავია. ზოგადად, ძალიან რომანტიკოსი ვარ. იმ გოგოების რიცხვს მივეკუთვნები, ვარსკვლავების ქვეშ ფეხშიშველა ზღვის სანაპიროზე სეირნობა, წითელი ღვინო, წყნარი მუსიკა და ცეკვა რომ უყვართ (იცინის).
– ჭორები, რომელიც შენზე გაგიგია...
– პირველად რომ სტუდიაში ვასწავლიდი, გავიგე, რომ მე და ქორეოგრაფი ცოლ-ქმარი ვყოფილვართ და სამი შვილი მყოლია. ახლა მოსწავლეები მეკითხებიან: ანი, შენი შვილები როდის უნდა მოიყვანო ცეკვაზეო? (იცინის) ხან ვისთან ერთად ვარ, ხან ვისთან, გააჩნია, ფოტო ვისთან გადავიღე. პირველი იყო „X ფაქტორის“ გამარჯვებული გიორგი ნაკაშიძე. სტატიები იწერებოდა: ნინი ბრეგვაძისა და გიორგი ნაკაშიძის ურთიერთობა „X ფაქტორის“ მოცეკვავემ დაანგრიაო (იცინის). ვისთან ერთადაც ვცეკვავ, ის ხომ ჩემი შეყვარებულია (იცინის).
– რა სჭირდება ბიჭს, რომ შეგიყვარდეს?
– ზედმეტად ყურადღებიანი უნდა იყოს. ჩემს გარეგნობაში რამე რომ ვერ შეამჩნიოს, ძალიან ცუდად მომხვდება გულზე. აი, თმას რომ გავისწორებ, უნდა მითხრას, როგორ გიხდება გასწორებული თმაო (იცინის). მოცეკვავის ხასიათსა და რეჟიმთან შეგუება ძალიან რთულია. ამიტომ ჩემთან ყველაზე ახლოს ჩემი პროფესიის ადამიანია. შესაბამისად, ერთი პლუსი – მოცეკვავე ბიჭებს, მაგრამ ეს საქართველოში პრობლემაა, რადგან მოცეკვავე ბიჭების დეფიციტი გვაქვს (იცინის).