№14 რის მოსწრებას გეგმავს 25 წლამდე სალომე ფაჟავა და რა მძიმე პერიოდი დაემთხვა მის სპორტულ წარმატებას
მხატვრულ ტანვარჯიშზე კიევის გრან-პრიზე, სალომე ფაჟავამ ოქროს მედალი მოიპოვა. ის ბაფთითა და გურზებით ასპარეზობაში ფინალში გავიდა, გურზებში საუკეთესო შედეგი აჩვენა და 19.700 ქულით პირველი ადგილი დაიკავა. სალომესთვის ეს პირველი ოქროს მედალი არაა, მან არაერთხელ გაიტანა საქართველოს სახელი საზღვრებს გარეთ.
სალომე ფაჟავა: კიევის გრანპრი წელს ჩემთვის მეორე ტურნირი იყო. პირველი მოსკოვის გრანპრი გახლდათ, სადაც ბრინჯაოს მედალი მოვიპოვე. ეს წელი კარგად დავიწყე. 2019 წელი სალიცენზიოა და ჩემთვის თითოეული შეჯიბრება ძალიან მნიშვნელოვანია. კიევში ჩემს კონკურენტებს ვიცნობდი და ვიცოდი, რომ ყველას ჰქონდა მედლის მოპოვების შანსი. მეც ჩემი ძალები არ დავიშურე – კარგად ვიყავი მომზადებული. ფინალში სამ სახეობაში მოვხვდი. ეს იყო: ბურთი, ბაფთა და გურზები. ბურთში შეცდომა დავუშვი და მედლისთვის დანარჩენ ორში ვიასპარეზე. ფინალში რვა მონაწილეა, მე მესამე ნომერი ვიყავი. გურზებში გამარჯვებას საერთოდ არ ველოდებოდი. მწვრთნელმა რომ მითხრა, ყველაზე მაღალი ქულა გაქვსო, არ დავუჯერე. ამ სახეობაში სამეულში მოხვედრაა რთული და პირველ ადგილს ვერ ვიჯერებდი. დაჯილდოებაზე რომ დამიძახეს და ყველა მილოცავდა, მერე დავრწმუნდი, რომ მართლა გამარჯვებული ვიყავი.
– „ფეისბუქში“ პოსტი გამოაქვეყნე, სადაც წერდი, რომ ტელევიზიებზე გაბრაზებული იყავი. რატომ?
– ეს არ იყო პირველი შემთხვევა, როცა მხატვრული ტანვარჯიშის წარმატების შესახებ ტელევიზიით არ გააჟღერეს. კონფერენცია გაიმართა, სადაც მწვრთნელებმა მოსკოვისა და კიევის გრანპრის ტურნირები ახსენეს. ეს ყველაფერი კი ეთერიდან ამოჭრეს. ამის გამო ცოტა უსიამოვნო შეგრძნება მქონდა. წინა წლებიდანაც დამიგროვდა მსგავსი მომენტები – არაერთი გამარჯვება მომიპოვებია, მაგრამ ყოველთვის გვერდზე ვრჩებოდი. ცუდად არ მინდოდა გამოსულიყო, უბრალოდ, სპორტსმენებს პატარა მხარდაჭერა გვჭირდება, მხოლოდ მე არა, ყველას. ჩვენთვის ორი სიტყვის თქმაც ძალიან ბევრს ნიშნავს.
– ოლიმპიადის ლიცენზიისთვის ემზადები და წინ კიდევ ბევრი ტურნირი გელის?
– დიახ. მექნება კიდევ ერთი ტურნირი – ევროპული თამაშები, სადაც მეორედ გამოვალ. პირველად 2015 წელს მივიღე მონაწილეობა, ბაქოში ჩატარდა და ბრინჯაოს მედალი მოვიპოვე. ეს მედალი პირველი იყო საქართველოს ისტორიაში, რა თქმა უნდა, სპორტის ჩვენს სახეობას ვგულისხმობ. წელს მინდა, ჩემი შედეგი მაქსიმალურად გავაუმჯობესო. ოლიმპიური თამაშების ლიცენზია ჩემი ერთ-ერთი მთავარი მიზანია. მაშინ, ოლიმპიურ თამაშებზე, როგორც მქონდა დაგეგმილი, ისე არ გამოვიდა, რადგან ტრავმა მივიღე და ჩემი შესაძლებლობები ვერ გამოვავლინე. სულ სხვა მიზნები მქონდა, მაგრამ ასე გამოვიდა. მიხარია, რომ შევძელი გასვლა და მომავალში ნამდვილად ვაჩვენებ შედეგს.
– შორიდან მედლების ყურება კარგია, მაგრამ მის მიღმა რა შრომა იმალება, ეს ნაკლებადაა ცნობილი... ხშირად გაქვს ტრავმები?
– მხატვრული ტანვარჯიში ისეთი სახეობაა, რომელსაც 24-საათიანი მუშაობა სჭირდება. ერთდღიანი დასვენებააც კი მაშინვე გეტყობა. ტურნირისთვის როცა ვემზადებით, დასვენების დღე არც გვაქვს, ინტენსიურ მზადებას გავდივართ. დარბაზში დილით რომ შევდივართ სავარჯიშოდ, საღამომდე იქ ვართ და მთელი დღე პროგრამას ვამუშავებთ. ტრავმის გარეშე დიდი სპორტი არ არსებობს, ამიტომ გვიწევს ტკივილთან შეგუებაც. ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტრავმა
ოლიმპიურ თამაშებზე მქონდა, რამაც კარგად გამოსვლაში შემიშალა ხელი. რეაბილიტაციის შემდეგ, როცა ვარჯიში დავიწყე, იდაყვი ამომივარდა, მაგრამ ახლა ყველაფერი კარგად მაქვს.
– მშობლებს არ ეგონათ, რომ კარგი სპორტსმენი იქნებოდი. რატომ?
– საკმაოდ გვიან დავიწყე ვარჯიში – 8 წლის ასაკში. მხატვრულ ტანვარჯიშზე ბავშვები 4-5 წლიდან მიჰყავთ. ძალიან აქტიური ბავშვი ვიყავი, ამიტომ ენერგიის დასახარჯად დარბაზში გამიშვეს. პირველად რომ შევედი, ბურთები, ბაფთები დავინახე და ძალიან მომეწონა. ასაკის გამო 10-დღიანი საცდელი ვადა მომცეს. დედას უთხრეს, რომ გვიანი იყო ჩემთვის ვარჯიშის დაწყება და თუ მონაცემები აღმომაჩნდებოდა, დამტოვებდნენ, თუ არა და ბედი სხვაგან უნდა მეცადა. ძალიან მოვინდომე, სახლშიც დავიწყე ვარჯიში და ამ მონდომების საფუძველზე დამტოვეს. მონაცემები არ მქონდა და ჩემს მშობლებს სწორედ ამიტომ არ ეგონათ, თუ რამე გამომივიდოდა. ტანვარჯიშისთვის არ ვიყავი რბილი და მოქნილი. თან, ჩემს ასაკში ბავშვებს უკვე გარკვეული წარმატები ჰქონდათ, მე კი 4-5 წლის ბავშვების დონეზე ვიყავი. დედაც რომ ხედავდა, რუსეთში როგორი ბავშვები იყვნენ და მე იმათთან შედარებით მონაცემები არ მქონდა, წინააღმდეგი იყო. ბებია ჩუმად მატარებდა ხოლმე ვარჯიშებზე (იცინის). ჩემს მონდომებას რომ ხედავდა და იმას, თუ რა დიდი სურვილი მქონდა, უარს ვერ მეუბნებოდა.
– რუსეთში ცხოვრობდი. რატომ დაბრუნდი საქართველოში?
– მოსკოვში ვცხოვრობდი, იქ ვარ დაბადებული. ტანვარჯიშზეც პირველად იქ შემიყვანეს. საქართველოში ყოველ ზაფხულს ჩამოვდიოდი – სკოლა როგორც კი დამიმთავრდებოდა, მაშინვე აქ ჩამოვდიოდი დასასვენებლად. 2008 წელს ომის პერიოდი დაემთხვა, საბუთებთან პრობლემები მქონდა და ბებია და მე რუსეთში ვეღარ დავბრუნდით. ამის გამო ბევრი ვარჯიში გამიცდა და საქართველოში დავიწყეთ მხატვრული ტანვარჯიშის დარბაზის ძებნა. როცა მივედი, მწვრთნელს მოვეწონე და საქართველოს ჩემპიონატზე მიმაღებინა მონაწილეობა, რის შემდეგაც ნაკრებში ამიყვანეს. აქედან დაიწყო ჩემი კარიერული ზრდა. მართალია, მაშინ ძალიან მძიმე პერიოდი იყო, მაგრამ ეს ყველაფერი ჩემს სპორტულ კარიერას კარგად დაემთხვა – საჭირო დროს აღმოვჩნდი აქ.
– სპორტის სირთულიდან გამომდინარე, თავის დანებება არ გიფიქრია?
– მსგავსი მომენტი მაშინ მქონდა ხოლმე, როცა ძალიან გადაღლილი ვიყავი და უბრალოდ, დასვენება მინდოდა. რადგან ამდენი შრომა ჩავდე, მინდა, რომ ჩემი კარიერა ბოლომდე მივიყვანო. თან, ეს მოკლეხნიანი სპორტია. 21 წლის ვარ, მაგრამ ნელ-ნელა პენსიას ვუახლოვდები (იცინის). აქ ყველაფერი 25 წლამდე უნდა მოასწრო.