კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№14 როგორ დახოცა ქართველთა 16 წლის მეფემ უძლეველი მეომრები და როგორ გაამაგრა დარიალის გადმოსასვლელი

ნინო კანდელაკი გია მამალაძე

შვიდი წლის იყო ვახტანგ გორგასალი, მამა რომ გარდაეცვალა და ტახტზე ასვლა მოუწია.
ქართლს მეომარი მეფე მოუკვდა, პატარა ბავშვი ზის ტახტზეო და წამოესივნენ მტრები ჩვენს სამშობლოს.
მტრებისადმი შურისძიების წყურვილით იზრდებოდა ყრმა მეფე და მოუთმენლად ელოდა წლების გასვლას, რომ ყველასთვის ეჩვენებინა, სამშობლოს არავის დააჩაგვრინებდა.
დაახლოებით 457 წელს, როცა ვახტანგს თხუთმეტი წელი შეუსრულდა, გადაწყვიტა ჩრდილო კავკასიაში ელაშქრა. ქართველი მამულიშვილები სიხარულით აღივსნენ. თუმცა, სთხოვდნენ – ჩვენ გაგვიშვი სალაშქროდ, შენ კი შინ დარჩი, ჯერ მცირეწლოვანი ხარ და ტახტს საფრთხეში ვერ ჩავაგდებთო. მაგრამ, არავის უსმინა ვახტანგ პირველმა.
მეფემ სპარსეთის შაჰს სთხოვა დახმარება საერთო მტრების, ოვსებისა და ჩრდილოკავკასიის ველებზე მომთაბარე სხვა ტომების წინააღმდეგ, რომლებიც გადმოდიოდნენ სამხრეთში და არბევდნენ არა მარტო ქართლს, არამედ რანს (ალბანეთს) და ირანის გავლენის ქვეშ მყოფ სხვა ტერიტორიებს. ჩვენი ხელმწიფის უმცროსი და ამ დროს ოსებს ჰყავდათ ტყვეობაში, ასევე, უამრავი ქართველი, ალბანელი და სხვები.
მოეწონა შაჰს წინადადება და მისი ბრძანებით, რანის მმართველმა, ვახტანგ მეფის ბიძამ, დედის ძმამ, ვარაზ-ბაკურმა გამოაგზავნა თავისი ჯარი იბერთა დასახმარებლად. კავკასიელი ბელადებიც შეუერთდნენ ვახტანგს, რადგან მტრობა ჰქონდათ ოვსებთან. შეიკრიბა დიდძალი ჯარი, რომლის სათავეში თექვსმეტი წლის ვახტანგი იდგა. ოსებმა ჰუნებს და სხვა მომთაბარე ტომებს მოუხმეს დამხმარედ.  
ჩრდილოეთ კავკასიის მთიანეთში, თერგის ნაპირას, მდინარის გაღმა-გამოღმა, რომელსაც ძველი ქართველები ოვსეთის არაგვს უწოდებდნენ, ორი ჯარი ერთმანეთის პირისპირ დადგა. შვიდი დღე მიმდინარეობდა ბრძოლები მეომრებს შორის, ერთი-ერთზე.
ერთ დღეს ოსთა მხრიდან გამოსულა ვინმე თარხანი, რომელსაც ხაზარს უწოდებს მემატიანე ჯუანშერი. თარხანს შეებრძოლა ფარსმან-ფარუხი, ვახტანგის ჯარის სპარსული შენაერთების ერთ-ერთი სარდალი. ფარსმან-ფარუხზე ამბობდნენ, ლომს ხელით იჭერდაო. თარხან ხაზარმა პირველივე შერკინებაზე მუზარადზე დაახალა მახვილი და ბეჭებამდე გაუპო თავი ფარსმან-ფარუხს. დამწუხრდა ჩვენი ხელმწიფე, რადგან სხვა არ ჰყავდა ფარსმან-ფარუხის მსგავსი მეომარი. მთელი ღამე ლოცვაში გაატარა ქართველთა ჭაბუკმა მეფემ. დილას გამოვიდა თერგის ნაპირთან თარხან ხაზარი. ითხოვდა შერკინებას და თან, შეურაცხმყოფელ სიტყვებს გაჰყვიროდა ქართველებისა და მათი დამხმარეების მისამართით. გამწარდა ვახტანგ მეფე და გადაწყვიტა, თვითონ შებრძოლებოდა ქართველების შეურაცხმყოფელს. სარდლები უშლიდნენ, რადგან მეფეს ჯერ არ ჰქონდა სათანადო გამოცდილება, თარხანი კი უძლეველი მეომარი გახლდათ. არ დაიშალა მეფემ და გავიდა მდინარის პირას. თარხანი დასცინოდა.
პირველივე შეტაკებაზე ვახტანგ მეფემ შუბი სარტყელთან დაასო და ზურგიდან გამოუყვანა ხაზარს. სიხარულის ყიჟინა აღმოხდათ ვახტანგის მეომრებს. მადლობა შესწირა ღმერთს მეფემ და მოჰკვეთა თარხანს თავი.
მეორე დღეს უფრო მაგარი მეომარი, ბაყათარ ოსი გამოვიდა ქართველ მეფესთან საომრად. დიდი ტანისა და ძალიან გამოცდილი მებრძოლი. მისი მშვილდი თორმეტი მტკაველი ყოფილა, ისარი კი ექვსი მტკაველი.
შეტევისთვის გაამზადა გორგასალმა თავისი არმია. მოახტა შეჭურვილ ტაიჭს, აიღო ნიანგის ტყავით გადაკრული ფარი, რომელსაც ვერ კვეთდა მახვილი და მივიდა მდინარესთან. ბაყათარ ოსმა ისრები დაუშინა ვახტანგ მეფეს. ცხენზე ამხედრებული ჭაბუკი ხელმწიფე ოსტატურად იცილებდა ისრებს.
ოსთა და ქართველთა ჯარები ბუკს სცემდნენ და ყვიროდნენ. ხმაურისგან ზანზარებდა მთები. ვერ მოარტყა ორ ისარზე მეტი ოსმა, ის ორიც ფარით მოიგერია ქართველმა. ბოლოს ერთი ისარი ვახტანგის ტაიჭს მოხვდა. სანამ ცხენი დაეცემოდა, ისარგებლა ვახტანგ მეფემ, გადმოხტა, ოსს მარცხენა მხარში ჩასცხო ხმალი და გულამდე გააპო.
დაიჩოქა მეფემ, თაყვანი სცა ღმერთს და მადლობა უთხრა გამარჯვებისთვის. მოახტა ბაყათარის ცხენს და თავის ჯარს შეტევისკენ მოუწოდა.  
წინ მხედრები და უკან ქვეითები, ცხენ-თოროსნები და ჯაჭვ-ჩაბალახოსნები, მათ უკან მსუბუქი კავალერია დაიძრნენ ოსებისკენ. ჩასაფრებულმა ოსებმა ქარაფებიდან ისრები დაუშინეს ჩვენი მეფის ჯარს, როგორც წვიმა. მეფე ამხნევებდა თავის მეომრებს. შეჭურვილი მძიმე კავალერია მსწრაფლ აიჭრა გორაკზე, აივაკა და დასცხო ოსებს. მათ აჰყვნენ ქვეითნი. გაიმართა ხელჩართული ბრძოლა.
ლომის ბრდღვინვასავით ისმოდა ომის ხმაურში ვახტანგის ხმა. გმირულად იბრძოდა ორი მხედარი: არტავაზი, მეფის ძუძუმტე, ძე საურმაგ სპასპეტისა და ბივრიტიანი სეფეწული.
დამარცხდნენ ოსები და გაიქცნენ. გაეკიდნენ ქართველნი. უამრავი ოსი შეიპყრეს, რომ გადაეცვალათ იმ ქართველებზე, რომლებიც წლების წინ ოსებმა ქართლიდან მოიტაცეს. ეს ჩვეულებრივი პრაქტიკა იყო ძველ დროში.
სამი დღით დაასვენა გორგასალმა თავისი არმია. შემდეგ შეიჭრნენ მტრის ტერიტორიაზე, შემუსრეს მათი დაბები. ოსების გარდა ყივჩაღებიც დაიმორჩილეს. ვახტანგ გორგასალმა რამდენიმე ციხე ააშენებინა ვიწრო ხეობაში – დარიალი, ალანთა კარი (დარიალანი) რომ ეწოდა. დარიალის ციხეებში მეფე ვახტანგმა ქართველი მთიელები დააყენა. ამიერიდან, იბერიის მეფის თანხმობის გარეშე, არავის შეეძლო, ამ უღელტეხილიდან გადმოელახა კავკასია.
საჭირო იყო დასავლეთისკენ გალაშქრება. ეს მნიშვნელოვანი ტერიტორია უნდა დამორჩილებოდა ჩვენი ქვეყნის ინტერესებს, რომელიც მაშინ ემთხვეოდა სპარსეთისას – ჩრდილო კავკასიაში. ვახტანგ გორგასალიც სარგებლობდა ამით.
გადავიდნენ პაჭანიკეთში, რომლებიც ოსების მოსაზღვრედ, მდინარე თერგის განშტოებათა ხეობებში და ველებზე სახლობდნენ. მაშინ ჯიქებიც (ზიქებიც) იმ ტერიტორიებზე ცხოვრობდნენ. მხოლოდ შემდგომში დაიძრნენ პაჭანიკები ჩრდილო-დასავლეთისკენ. ჯიქები კი აფხაზეთის ბოლოში დამკვიდრდნენ. იმ ადგილს (აფხაზეთში) მერე ჯიქეთი უწოდეს ქართველებმა (გაგრის რაიონის ჩრდილო-დასავლეთიდან და ქალაქ სოჭის ჩრდილო-დასავლეთით).
მეფე ვახტანგმა მოარბია პაჭანიკების ტერიტორია, ძველი ჯიქეთი და შემობრუნდა ოსეთში. ოსების ბელადები მთებში, სიმაგრეებში იყვნენ შეფარებულნი. მოუგზავნეს მოციქულები ვახტანგს და ზავი ითხოვეს. მისი დის, მირანდუხტის დაბრუნების სამაგიეროდ, ოცდაათი ათასი ტყვე ოსის გათავისუფლება სთხოვეს. აიყვანა მეფემ მძევლები ოსებისგან, გაათავისუფლა ბევრი ტყვე ოსი, დაიბრუნა უმცროსი დაიკო და სხვა ქართველები, რომლებიც ექვსი წლის წინ დაატყვევეს ოსებმა.
დიდი საჩუქრებით გაუშვა შინ ქართლის მეფემ თავის მოკავშირეები.
скачать dle 11.3