№14 რწმენის საფარქვეშ
გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ #12-13(952)
ხმელ-ხმელმა ნორისმა სიგარას დინჯად მოუკიდა და ყოფილ ხელქვეითს უთხრა:
– ზუსტად ოცი წუთის წინ თბილისიდან ჯეკობსის შიფროგრამა მივიღე. წერს, რომ ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის და სანის საათივით აქვს ყველაფერი აწყობილი. თან, გვეკითხება, როდის ჩავატაროთ ოპერაცია „ტაძარიო“, – ნორისმა პაუზა გააკეთა. სიგარის კვამლი გამოუშვა და დაამატა, – ყველაფერი ორი დღის შემდეგ, მართლმადიდებლურ შობაზე მოხდება და შეფს შეგიძლია უთხრა, რომ თავისი პოლიტიკური სვლები ჩვენს ყველაზე დიდ ტრადიციულ მტერთან მიმართებაში ამის გათვალისწინებით გადადგას.
– ოპერაცია „ტაძარს“ გულისხმობ, ხომ, ნორის?
– რა თქმა უნდა, ფილიპ. მაგრამ, მისი სრული მოცულობით და არა ისე, როგორც ეს სანისა და ჯეკობსს ჰგონიათ, – ჩაეცინა ნორისს.
– შენს ტრადიციას არ ღალატობ, ხომ, ნორის? – ღიმილითვე ჰკითხა თავის ყოფილ უფროსს ფილიპმა.
– გააჩნია, რას გულისხმობ, – მიუგო ნორისმა.
– საზარბაზნე ხორცის, გასაწირი ადამიანების რაოდენობას შენ მიერ დაგეგმილ ოპერაციებში, – თქვა ფილიპმა.
ნორისი მოიღუშა და ფილიპს უთხრა:
– მე და შენ მრავალი წელი ვიმუშავეთ გვერდიგვერდ. შენ არა ერთ ჩემს დაგეგმილ ოპერაციაში მოგიწია მონაწილეობა და მითხარი, ერთხელ მაინც თუ გამომიყენებიხარ საზარბაზნე ხორცად, დასახარჯ მასალად.
– მე არა, მაგრამ სხვა ჩვენიანები...
– ის სხვები ჩვენიანები არ ყოფილან და ამას იმსახურებდნენ, – სიტყვა გააწყვეტინა ფილიპს ნორისმა და დაამატა, – ზოგი მათგანი ორმაგი აგენტი იყო, ზოგიც – იმდენად ამორალური და გახრწნილი, რომ მათი სიკვდილი მცირედი სიბრალულის ღირსიც კი არ იყო.
– „ტაძართან“ დაკავშირებით რა ხდება? – ჰკითხა ფილიპმა.
– ახლა, რაც შეეხება „ტაძარს“, – თქვა ნორისმა. სიგარა მოქაჩა და გააგრძელა, – სანის ჰგონია, რომ ოპერაციას კოორდინაციას უწევს, ჯეკობსს კი თავი კურატორად მიაჩნია. სინამდვილეში კი ორივე ჩემი სქემის დეტალები არიან და ჩემი ჩანაფიქრი უნდა შეასრულონ. ოპერაცია „ტაძრის“ მიზანი ხომ ჩვენი მთავარი მტრის დისკრედიტაციაა და ყველაფერი გლობალური პოლიტიკიდან გამომდინარე კეთდება. ჰოდა, საამისოდ კი ჩემი სქემის ამუშავებაა საჭირო. მათ, ანუ ჩვენმა მთავარმა მტრებმა, იციან, რომ რაღაცას გვეგმავთ, მაგრამ კონკრეტულად რას და როგორ, წარმოდგენა არ აქვთ. ამიტომ, მოხდება ასეთი რამ, – ისინი გაიტაცებენ ჯეკობსს და დააყაჭინებენ ყველაფერს, რაც იცის. ჯეკობსმა კი რაც იცის, დეზინფორმაციაა და ჩვენს მტრებს ყალბ კვალზე დააყენებს. სინამდვილეში კი ჩვენ იმათ გავაკეთებთ, რაც დაგეგმილი გვაქვს. პარალელურად კი, სანისა და ნიკოდიმოსის ლიკვიდაციას განვახორციელებთ და მათ გვამებს გავაქრობთ. აჟიოტაჟი რომ ატყდება და გამოძიება დაიწყება, ძალიან იოლად დავადასტურებთ, რომ სინამდვილეში ყოველივე ჩვენი მტრების ნახელავია. ამის დასტურად კი შემთხვევის ადგილიდან ამოღებულ ვიდეოკადრებს დავდებთ. აგრეთვე სხვა ადგილებიდან ამოღებულ ჩანაწერებსაც. საერთო სურათი გამოაჩენს, რომ სანი ჩვენი მტრების აგენტი იყო და ჩვენი მტრების აგენტ ნიკოდიმოსთან ერთად შეთანხმებულად მოქმედებდა. ჩვენი მთავრობა ამ დუეტის გადმოცემას მოითხოვს. ყოველივე ამის ფონზე განხორციელდება ჯგუფ „სექტას“ ლიკვიდაცია. ერთ-ერთი გადარჩენილი მათგანი კი პირდაპირ ჩვენი მტრების სპეცსამსახურს დაადებს ხელს და ეს საკმაოდ მყარი არგუმენტი იქნება ჩვენს სასარგებლოდ. რა თქმა უნდა, ჩვენი მტრები მიხვდებიან, რომ ყველაფერი ჩვენი ინსპირირებულია, მაგრამ მთავარია, ეს ჩვენმა პარტნიორებმა და ნეიტრალურმა სახელმწიფოებმა ირწმუნონ. ჩვენი მტრები კი ასეთ შემთხვევაში იძულებული გახდებიან, ჩვენთან გარკვეულ შეთანხმებებზე წამოვიდნენ და ჩვენი გლობალური პოლიტიკის მთავარი მიზეზიც ხომ ესაა? აი, სწორედ ამიტომ გთხოვე, რომ შეფს უთხრა, თავისი მომავალი პოლიტიკური ნაბიჯები ოპერაცია „ტაძრიდან“ გამომდინარე გათვალოს-მეთქი.
– ეგ ყველაფერი კარგი, მაგრამ „ტაძარი“ რომ ზუსტად ისე არ წარიმართოს, როგორც გეგმავ, მაშინ? – უთხრა ფილიპმა ნორისს.
– ჩვენს საქმეში ყველაფერია მოსალოდნელი, მაგრამ არ მგონია, რამემ ხელი შეგვიშალოს. სქემა საათივითაა აწყობილი. ყველა თავ-თავიანთ ადგილზეა და ისეთი რა უნდა მოხდეს, რომ „ტაძარი“ ჩაგვეშალოს?
– გაუთვალისწინებელმა შემთხვევებმა, – თქვა ფილიპმა.
– ასეთი შემთხვევა გამორიცხულია, ძვირფასო ფილიპ. სანი და ჯეკობსი ჩვენი სქემის მიხედვით მოქმედებენ და მათზე ფარულ ზედამხედველობას ჩვენი ზესაიდუმლო ოპერატიული ჯგუფი ახორციელებს. ნიკოდიმოსი კი ისე ღრმადაა ჩაფლული ღალატსა და კორუფციაში, რომ სიტყვის დამძვრელიც არაა. ამიტომ ყველაფერი ნორმალურად მიდის, – თავდაჯერებულად თქვა ნორისმა.
– კეთილი, ნორის. შეფს სულ რამდენიმე საათში მოვახსენებ ყველაფერს, მაგრამ იცოდე, რაიმე ისე რომ არ გამოვიდეს, როგორც შენ ამტკიცებ, მთელი პასუხისმგებლობა შენზე იქნება და მისი შედეგები კი გილიოტინაზე მძიმე აღმოჩნდება. გასაგებია?
– კი, გასაგებია და მზად ვარ, პასუხი ვაგო, მაგრამ გარწმუნებ, რომ პირიქით მოხდება.
– კარგი, წავედი. თვითმფრინავზე მაგვიანდება, – თქვა ფილიპმა და თავის ყოფილ უფროსს ხელის ჩამოურთმევლად დაშორდა.
– ნაბიჭვარი! შევცდი, რომ ადრე მასაც საზარბაზნე ხორცის როლი არ დავაკისრე, – ჩაილაპარაკა ნორისმა და ჩამქრალ სიგარას მოუკიდა.
***
ნიკოდიმოსი სავარძელში იყო მოკალათებული და ძვირფას ლუდს წრუპავდა, თან სანის სიტყვებზე ფიქრობდა და ცდილობდა, ჩასწვდომოდა მათ ნამდვილ არსს. სანიმ თავის აგენტს უთხრა:
– იცოდე, არ დამაღალატო, თორემ, რაც ჩაგიდენია, ყველაფერს სათანადო უწყებას ვამცნობ და არც შენს ჩინს გაუწევენ ანგარიშს, გაგკრეჭენ და მთელ ქონებასა და სახელს წამში დაკარგავო...
სანის დავალებები არაერთხელ შეუსრულებია ნიკოდიმოსს და მსგავსი მონოლოგი მათ არ მოჰყოლია. ამჯერად კი აშკარა იყო, რომ სანი ნერვიულობდა და სწორედ ამან შეაშფოთა ნიკოდიმოსი. წითურმა დაავალა, რომ შობის წინა ღამეს ტაძარში ექვსიოდე ანაფორიანი და ზურგჩანთიანი უცნობი შეეყვანა. როგორც სანიმ თქვა, ისინი უზარმაზარი ტაძრის სხვადასხვა კუთხეში ფარულად დაამაგრებენ დინამიკებს. საზეიმო ლიტურგიის დროს კი, რომელიც ჩვეულებრივ ყოველთვის პირდაპირ ეთერში გადის, მოულოდნელად ჩაირთვება ჩანაწერი და მას როგორც ტაძარში მყოფები, ასევე ტელემაყურებლებიც მოისმენენო. ეს აქცია ეკლესიის დისკრედიტაციის მიზნით უნდა ჩატარებულიყო.
– მაინც, რა შინაარსის ტექსტი იქნება? – ჰკითხა ნიკოდიმოსმა სანის.
– ხუთწუთიან ტექსტში ლაპარაკი იქნება ყველა იმ ცოდვილ იერარქზე, ვინც პატიოსან ხალხს ეკლესიის სახელით ატყუებს, კორუფციასა და ინტრიგებში არიან ჩართულები, – მიუგო სანიმ ნიკოდიმოსს და დააყოლა, – ანუ, შენნაირებზე, მაგრამ ნუ გეშინია, შენზე სიტყვაც არ იქნება ნათქვამიო.
ნიკოდიმოსი საკმაოდ ჭკვიანი და გამოცდილი იყო საიმისოდ, რომ სანის ზღაპრები არ დაეჯერებინა. სწორედ ამიტომ გაუშვა ელენე და ფიქრს მიეცა. ბოლოს დაასკვნა, რომ მისი მონაწილეობით რაღაც დიდ საშინელებას ამზადებდნენ. ამიტომ გადაწყვიტა, გაქცეულიყო. ნიკოდიმოსი სავარძლიდან წამოდგა და სააბაზანოში შევიდა. რამდენიმე წუთის შემდეგ კი აბსოლუტურად შეცვლილი გამოვიდა. მას სუფთად ჰქონდა გაპარსული წვერი და თავი. შემდეგ ტანსაცმელი გამოიცვალა და ანაფორის ნაცვლად თანამედროვე „შმოტკები“ მოირგო. ბოლოს საძინებლის კედელში ჩამონტაჟებული სამალავიდან ტყავის დიდი ჩანთა გამოიღო. მასში ძვირფასეულობა, ევროსა და დოლარების მსხვილი კუპიურები და საქართველოს მოქალაქის სხვადასხვა გვარზე გაცემული პასპორტები იდო. ნიკოდიმოსმა ჩანთა მანქანის სპეციალურ სამალავში შეინახა, რომელიც საგანგებოდ ჰქონდა მოწყობილი. შემდეგ თავის მანქანაში ჩაჯდა და ფეშენ კარ-მიდამოდან გამოვიდა... ნიკოდიმოსს ქვეყნიდან გაქცევა, თურქეთში გადასვლა და შემდეგ შეცვლილი გარეგნობითა და ვინაობით რომელიმე ოკეანისგაღმა ქვეყანაში ცხოვრება ჰქონდა გადაწყვეტილი. გაიარა რა ორასიოდე მეტრი, გაქცეულ რელიგიის მსახურს მოულოდნელად უზარმაზარი „ჯიპი“ გადაუდგა წინ და ნიკოდიმოსი შეიარაღებულმა მამაკაცებმა გარეთ გადმოათრიეს და თავიანთ „ჯიპში“ ჩატენეს, თავზე იარაღი დაადეს და ერთ-ერთმა მათგანმა კბილებში გამოსცრა:
– სად გარბოდი, შე იუდა, გეგონა, გაგვექცეოდი? იცოდე, არ გაინძრე, თორემ მაგ მელოტ თავს გაგიხვრეტთ!
ნიკოდიმოსს შიშისგან ხმა ჩაუწყდა. ოციოდე წუთის შემდეგ კი ის უკვე სანის წინ, სარდაფში სკამზე იყო მიბმული და კურატორმა მას უთხრა:
– გეგონა, გაგვექცეოდი?
– კი. მეგონა, – სიმწრით თქვა ნიკოდიმოსმა.
– მაინც, სად გარბოდი ასეთ ფორმაში, შე მასხარავ, – ირონიით თქვა სანიმ და დაამატა, – ალბათ, თურქეთში, ხომ?
სარდაფში ერთ-ერთმა მამაკაცმა ნიკოდიმოსის მანქანის სამალავიდან ამოღებული ტყავის ჩანთა მიიტანა და სანის უჩვენა. სანიმ ის გულდასმით დაათვალიერა და ნიკოდიმოსს უთხრა:
– იმაზე მეტი სიმდიდრე გქონია, ვიდრე წარმოვიდგენდი. ახლა ყურადღებით მომისმინე, გრიმსა და პარიკს გაგიკეთებთ, რომ საკუთარ თავს დაემსგავსო და შინ დაბრუნდი. ეს ჩანთა კი ჩემთან დარჩება და მხოლოდ მას მერე მიიღებ, როცა საქმეს გააკეთებ.
ნიკოდიმოსს ოფლმა დაასხა და სანის უთხრა:
– შენ გგონია, დინამიკების ამბავი დავიჯერე და მოვტყუვდი?
– რომ დაგეჯერებინა, არც შეეცდებოდი გაქცევას. მაგრამ, ხომ ხედავ, ვერ გაგვექეცი და ჩაგავლეთ. ამიტომ, ან ჩვენს დავალებას შეასრულებ და ჩვენს ხალხს ტაძარში შეაპარებ, ან ყოველმხრივ გაგანადგურებ. ამ საქმეს კი მაინც გავაკეთებთ, თანაც, უშენოდ. იცოდე, რომ ცუდს არაფერს ვაპირებთ. ყოველ შემთხვევაში, ადამიანების საზიანოს – არა.
– ჰო. არა. ანტირელიგიური რადიოკამპანიის ჩატარებას აპირებთ საშობაო ლიტურგიის დროს, – ირონიით თქვა ნიკოდიმოსმა.
– არა. დინამიკებისა და ჩანაწერების ამბავი ტყუილია. სინამდვილეში ტაძარში დასაძინებელ გაზის გაშვებას ვაპირებთ, რომელიც აბსოლუტურად უვნებელია ადმიანების ჯანმრთელობისთვის და ხუთიოდე წუთში კვლავ ყველა ფხიზლად იქნება.
– კი მაგრამ, რისთვისაა ეს საჭირო? – გულწრფელად გაუკვირდა ნიკოდიმოსს.
– ჩვენი მტრების დისკრედიტაციისთვის.
– ეგ როგორ?
– როგორ და ვითომ ისინი ხალხის მასობრივ მოწამვლას აპირებდნენ და ეს საფრთხე ჩვენ გავანეიტრალეთ. ორიოდე კაცს დაიჭერენ და ისინი აღიარებენ ამას. თანაც, გამოძიებას ფირს დავუდებთ და ყველა დაიჯერებს.
– ვინ ყველა?
– მთელი მსოფლიო.
– მაინც რისთვისაა ეს საჭირო?
– გლობალური პოლიტიკისთვის. აი, რისთვის, მაგრამ ეს შენი საქმე არაა. გინდა, დაგვეხმარო? დაგვეხმარე. არა და, უშენოდაც ვიზამთ ამას. შენ კი ძალიან ცუდ დღეში ჩაგაგდებთ. რას იტყვი, თანახმა ხარ?
– თანახმა ვარ.
ნიკოდიმოსს წვერ-ულვაში და თმა მიაწებეს და ის კვლავ იმ სახით წარდგა, რომლითაც მას ხალხი იცნობდა.
– ეს დღეები შენ გვერდით ჩვენი ხალხი იქნება, რომ კვლავ მავნე აზრებმა არ გაგიელვოს თავში, – უთხრა სანიმ, – შენს მსახურს კი დაურეკე და სამი დღით დაითხოვე.
– ტელეფონი არ აქვს.
– მაშინ, რომ მოვა, სამი დღით გაუშვი. მაგრამ იცოდე, ჩვენი გაცურება არ მოინდომო, თორემ ყველაფერი ცუდად დამთავრდება. გასაგებია?
– გასაგებია, – მიუგო ნიკოდიმოსმა სანის და სამიოდე ათლეტურ მამაკაცთან ერთად კვლავ თავის ფეშენ კარ-მიდამოში დაბრუნდა...
***
ლენკა ტრადიციული მარშრუტით მივიდა ნიკოდიმოსთან. „ბეემვე“ ავტოსადგომზე გააჩერა და შვიდასიოდე მეტრი ფეხით გაიარა. მიუხედავად იმისა, რომ მას უკან არავინ ადევნებია, გოგონამ თვალთვალი იგრძნო და მზვერავის ალღომ უკარნახა, რომ რაღაც „ნიტო“ იყო. გზაზე, ნიკოდიმოსის სახლის სიახლოვეს, 80-100 მეტრში ორიოდე შემინული მანქანაც შენიშნა. ფეშენ კარ-მიდამოს რომ მიადგა, ლენკას თავად ნიკოდიმოსი დახვდა ჭიშკართან. გოგონა ეზოში არ შეუშვა და უთხრა:
– შეგიძლია, სამი დღე დაისვენო, შვილო ჩემო. ცისკარზე ღვთისმშობელი კვლავ გამომეცხადა და მიბრძანა, სამი დღე მუხლმოყრილი ვიდგე და მხურვალე ლოცვებში გავატარო. სამი დღის მერე გელოდები.
– დამლოცე, მამაო, – უთხრა ლენკამ ნიკოდიმოსს. მიუახლოვდა მას და ტრადიციულად ხელზე ემთხვია.
გაგრძელება შემდეგ ნომერში