№14 სიკვდილი სიუჟეტში
პეფერ იუჯინი
ჯეკ პატერსონს მეოთხე გამომცემლობიდან მოუვიდა უარი. საწყალი პეტერსონი დეტექტივების შექმნაზე უამრავ დროს და ენერგიას ხარჯავდა, ასე უბრალოდ კი არ წერდა, დანაშაულს, ფაქტობრივად, სწავლობდა და ერთი ნაბიჯითაც არ სცდებოდა სინამდვილეს. ამაში რა იგულისხმებოდა, ეს მხოლოდ მან იცოდა.
მაგრამ დეტექტივები ნაკლებად საინტერესო გამოდიოდა, რომლებიც უფრო წვრილმანი დანაშაულის ინსტრუქციას უფრო ჰგავდა, ან კონტრაბანდის გადატანის სახელმძღვანელოს, ვიდრე მოთხრობას. ამიტომ, რა გასაკვირია, რომ მის მოთხრობებს ყველა გამომცემლობა იწუნებდა. ისევ მოუწევდა ქორწილის გადადება. მისი საცოლე, მერი კლიფტონი, საიუველირო მაღაზიაში მუშაობდა და კარგ ხელფასსაც იღებდა, მაგრამ მარტო ქალიშვილის შემოსავალი სახლის დასაქირავებლად და ერთად ცხოვრებისთვის საკმარისი არ იყო. თავად პატერსონი მეგობარი მხატვრის სახელოსნოში ცხოვრობდა, რომელსაც ფანჯრებიც კი არ ჰქონდა.
ფიქრებდან ტელეფონის ზარმა გამოაფხიზლა.
– მისტერ პატერსონ, ჯეფრი რაიტი გაწუხებთ, – გაისმა ყურმილში, – გამომცემელი ვარ, თქვენი ტელეფონის ნომერი სხვა გამომცემლობაში მომცეს. შეიძლება, ჩემი სახელი არ გეცნობათ. აქამდე ერთ-ერთ გამომცმელობას ვაფინანსებდი დალასში. ნიუ-იორკში ახლახან გადმოვედი და საკუთარი გამომცმელობის გახსნას ვაპირებ. პატარა დეტექტივების გამოცემით ვარ დაინტერესებული. ამბობენ, რომ კარგად წერთ. მობრძანდით ჩემთან ოფისში, დავილაპარაკოთ.
პატერსონს მღელვარებისგან ყელი გაუშრა, სასწრაფოდ ჩაიწერა მისამართი და ერთ საათში ჯეკი რაიტის კაბინეტში იჯდა. ოფისი გამომცემლობას არ ჰგავდა. მაგრამ რას დაეძებდა. რაიტმა დაამშვიდა, ეს ოთახი დროებით ვიქირავე, მერე რომელიმე გამომცემლობას შევიძენო.
– მოდი, საქმეზე გადავიდეთ. თქვენს მოთხრობებში ყველაზე მეტად ის მომეწონა, რომ ყველა საქმეს წვრილმანებამდე მიჰყვებით და ყველაფერს ასე სკურპულოზულად აღწერთ. ვფიქრობ, მკითხველი დაიღალა ზედაპირულობით. მას დეტალები, დამაჯერებლობა სჭირდება. ერთი-ორი ახალიც რომ დაწეროთ? თქვენი მოთხრობები, ძირითადად, ნარკოტიკებით ვაჭრობაზეა. მოდი, ახლა ნარკოტიკებს შეეშვით და დაწერეთ ორი მოთხრობა ძარცვაზე. ერთში პატარა ბანკი რომ გაძარცვონ, მეორეში – საიუველირო მაღაზია. თან, ეს რეალური ობიექტები უნდა იყოს. მკითხველმა რომ იცნოს. ამ მოთხრობებში ყველა აღწერა – შესასვლელ კარზე გაკეთებლი წარწერიდან, უკანა გასასვლელამდე – სარწმუნო უნდა იყოს. მაშინ ტრიუმფი გელით. ეს კი ფულს და პოპულარობას მოგიტანთ.
ჯეკი სიხარულისგან აცქმუტდა.
– პრობლემა არაა, მისტერ რაიტ. საიუველირო მაღაზიაში ნაცნობი მყავს და არა მგონია, გამიჭირდეს. 75-ე ქუჩაზე რომ ბანკია, ის ჩემ თვალწინ აშენდა და იქ ყველაფერი ზეპირად ვიცი.
რაიტმა ავანსის სახით ორი ათასი დოლარი გადაუხადა და სთხოვა, ამ ობიექტების გაძარცვის რაღაც განსაკუთრებული, ორიგინალური მეთოდი მოეფიქრებინა, რომ მკითხველი შოკში ჩაეგდოთ.
მერის იმავე საღამოს ახარა ახალი ამბავი.
გოგონა ამ ამბავს აღფრთოვანებით არ შეხვედრია:
– ჯეკ, დღეს საიუველირო მაღაზიები ისეთი დაცულია, რომ მათი გაძარცვა, ფაქტობრივად, წარმოუდგენელია. ყალბი გამოგივა. მაგალითად, ჩვენთან ყველაფერს კომპიუტერი აკონტროლებს და მთელს სალონში კამერებია დაყენებული. საკმარისია, მაღაზიაში ვინმე საეჭვო შემოვიდეს, ყველა სეიფი თუ დახლი ავტომატურად ჩაიკეტება და პოლიციის განყოფილებაში სიგნალიზაცია დარეკავს.
ამ სიტყვებმა ჯეკს აზარტი გაუმძაფრა. კომპიუტერულ დაცვასაც მოუხერხებს რამეს, უბრალოდ, კონსულტაციისთვის ამ საქმის კარგი სპეციალისტის მოძებნა მოუწევს... ამაში მოულოდნელად, მისტერ რაიტი დაეხმარა – მე მყავს კომპიუტერების საუკეთესო მცოდნე და გამოგიგზავნიო. ჯეკს გაუხარდა და იმავე დღეს დაიწყო მასალების შეგროვება. ყველანაირი ელექტროსაკეტის სისტემა შეისწავლა. პარალელურად, მეორე მოთხრობაზეც დაიწყო მუშაობა. აქ საქმე უფრო მარტივად იყო. ბანკი მის თვალწინ აშენდა და კარგად იცოდა, სად იყო მისი საცავი. მუნიციპალიტეტის რამდენიმე თანამშრომელსაც გაესაუბრა და მოთხრობის გეგმა უკვე მზად იყო. ბანკის ქვეშ ძველი საკანალიზაციო კოლექტორი გადიოდა, რომელიც იმჟამად არ ფუნქციონირებდა, მას მხოლოდ სარეზერვო ფუნქცია ჰქონდა. ამ კოლექტორის ერთი ჭა პირდაპირ საცავის ქვეშ იყო განთავსებული და ბანკის საცავამდე ფეხის დაუსველებლად შეიძლებოდა მისვლა, ხოლო იატაკის გამოტეხვა, დღევანდელი ტექნიკის პირობებში, უკვე პრობლემა არ იყო.
საქმე კარგად მიდიოდა. მისი და მერის ურთიერთობა უფრო ჰარმონიული გახდა. ერთ საღამოს, როდესაც პარკში სეირნობდნენ, მოულოდნელად ჯეფრი რაიტს გადაეყარნენ. გამომცემელს ვიღაც უსიამოვნო ტიპი ახლდა. არც ჯეკს და არც მერის არ მოეწონათ. მისტერ რაიტი ჯერ თითქოს დაიბნა, მერე ჯეკს გაბადრული სახით მიესალმა და თავისი კომპანიონი, მისტერ დენტონი წარუდგინა. რომელიც ახალ გამომცემლობაში საწარმოო განყოფილებას უხელმძღვანელებდა.
ერთ თვეში ორივე მოთხრობა მზად ჰქონდა. მისტერ რაიტი აღფრთოვანებული იყო:
– ორივეს დავბეჭდავ, – უთხრა მან, – შენი სიუჟეტები ძალიან მაგარია. გატაცებული სასწრაფო დახმარების მანქანაც კარგად მოგიფიქრებია. ხოლო, როდესაც ის ადგილი წავიკითხე, სადაც თეთრ ხალათებში გამოწყობილ მძარცველებს საკაცით, ვითომ გარდაცვლილი, სინამდვილეში კი ძვირფასეულობა გამოაქვთ, უბრალოდ გადავირიე. ბანკზე დაწერილი, საერთოდ შედევრია. მხოლოდ ერთი პრობლემაა. შენი მოთხრობები ერთი წიგნისთვის საკმარისი არაა. ერთი კიდევ უნდა დაამატო. მაგარი თემა მაქვს. ჩემი ძველი ნაცნობი სწორედ ახლა, ნამიბიაში იარაღს აგზავნის. იქიდან ცხენებით ანგოლაში გადაიტანენ, სადაც მათ ამბოხებულები შეხვდებიან. სასწრაფოდ ნამიბიაში უნდა გაფრინდე. ეს შენ იმდენ მასალას მოგცემს, ისეთ ტიპაჟებს ნახავ, რომ შედევრებს დაწერ. ყველა ხარჯს ჩემს თავზე ვიღებ.
ჯეკი ამ წინადადებამ მოხიბლა. წარმოიდგინა, რა მასალას მოაგროვებდა მომავალი მოთხრობებისთვის მთელი ამ მოგზაურობიდან და მაშინვე დათანხმდა. აფრიკა ჯეკს ცუდად შეხვდა. ჩავიდა თუ არა, ქარიშხალი ამოვარდა და ისეთი წვიმა წამოვიდა, რომ ყველა შიდა რეისი გადაიდო. ქვეყანაში სატელეფონო კავშირიც მოიშალა. შუქი გამოირთო. ჯეკი მთელი დღე უშედეგოდ ცდილობდა სასაზღვრო ქალაქში დარეკვას, სადაც რაიტის მეგობარი უნდა დახვედროდა. შემდეგ გადაწყვიტა, თავად რაიტისთვის დაერეკა და ინსტრუქციები მისგან მიეღო, მაგრამ მისი ტელეფონი დუმდა. მეორე დღეს ქარიშხალმა ცოტა ხნით შეისვენა და ჯეკმა იმავე თვითმფრინავით, რომლითაც ჩაფრინდა, უკან, ამერიკაში გამოფრენა მოახერხა. ნიუ-იორკში ჩამოსვლისთანავე, აეროპორტიდან დაურეკა მერის. ყურმილი მერის დედამ აიღო და იმან, რაც ქალისგან მოისმინა, ჯეკი დაარეტიანა. მიწაზე ჩაიკეცა და დიდხანს არ განძრეულა. მისი მერი ცოცხალი აღარ იყო. ორი დღის წინ საიუველირო მაღაზიის ძარცვისას მოეკლათ. ექიმის თეთრ ხალათებში გამოწყობილი ოთხი მძარცველი მაღაზიას დღისით, სასწრაფო დახმარების მანქანით მიადგა. შესასვლელში მდგომ მცველს საკაცის გადმოღებაში დახმარება სთხოვეს და ელექტროშოკით იქვე გათიშეს. სიგნალიზაცია წინასწარ იყო გამორთული, მაღაზიის კომპიუტერული პროგრამაც გატეხეს. ყველა საკეტი გააღეს, მცველები მიწისქვეშა საცავში ჩაკეტეს. როდესაც ბანდიტები უკვე მიდიოდნენ, ერთ-ერთი მერის მიუახლოვდა და თავში საგანგებოდ მიბჯენით ესროლა. გაუგებარი იყო, ეს რატომ გააკეთა, მძარცველების ამოცნობას მერი მაინც ვერ შეძლებდა, რადგან პირბადეები ეკეთათ.
ჯეკმა ზუსტად იცოდა, რა მოხდა. პირდაპირ სახლში წავიდა. ფული აიღო და სამშენებლო მასალების მაღაზიაში 25 ტომარა ცემენტი იყიდა. გამყიდველს ზუსტად მიუთითა ადგილი, სადაც ცემენტი უნდა მიეტანათ. ასევე შეიძინა მუშის კომბინეზონი. საღამოს ექვსი საათისთვის მუშასავით გამოეწყო და ბანკის წინ კაფეში დაჯდა. დიდხანს არ დასჭირვებია ლოდინი. ერთ საათში საავარიო ფურგუნი გამოჩნდა. იქიდან ასევე მუშის ფორმაში გამოწყობილი ოთხი მამაკაცი გადმოვიდა, საკნალიზაციო ჭას თავი ახადეს და ერთმანეთის მიყოლებით შიგ ჩავიდნენ, თან ყუთებით რაღაც ჩაიტანეს. ხუთ წუთში ჯეკიც იქ გაჩნდა. ჭას თავი ახადა და ცემენტის ტომრების შიგნით ჩაყრა დაიწყო. ამ საქმეს რომ მორჩა, კობინეზონი გაიხადა და სატელეფონო ჯიხურისკენ გაემართა. მუნიციპალიტეტში დარეკა და განაცხადა, რომ 75-ე ქუჩისა და მედისონ-ავენიუს გადაკვეთაში, საკანალიზაციო ჭებიდან წყალი ამოდიოდა. ცოტა ხანში მეორეჯერ დარეკა იმავე ნომერზე და შეცვლილი ხმით იყვირა:
– თქვენ, რა, არ იცით, რა ხდება ქალაქში? იცით, თუ არა რომ მედისონ-ავენიუზე, კანალიზაციიდან განავალი პირდაპირ ქუჩაში იღვრება? იცით? მაშინ რატომ არაფერს აკეთებთ? სასწრფოდ ჩართეთ ეგ თქვენი სარეზერვო კოლექტორი, თორემ წაიღო ქალაქი განავალმა.
ყურმილი რომ დაკიდა, ჯეკმა მედისონ-ავენიუ გადაჭრა და ბანკის უკან გაჩერდა. ცარიელ კოლექტორში წყალი მოულოდნელად მოვარდა. წყლის დონე სწრაფად მატულობდა, მეორე მხარეს გასასვლელს ჯეკის მიერ ჩაყრილი ცემენტის ტომრები ხერგავდა. ჯეკი ელოდა, სანამ წყლის ზედაპირზე მამაკაცის თავი არ გამოჩნდა, რომელიც ხარბად ისუთქავდა ჰაერს.
– საღამო მშვიდობისა, მისტერ რაიტ, – წარმოთქვა ჯეკ პატერსონმა – შენ?! ცოცხალი ხარ?! – გამომცემელს თვალები შუბლზე აუვიდა.
– ჰო, აფრიკაში უნდა მოვმკვდარიყავი, არა?! შენს მეგობარს ისევე უნდა მოვეკალი, როგორც მერი? სხვები სად არიან, უკვე დაიხრჩვნენ?
– უხ, შე ძაღლიშვილო! სპეციალურად შემოგვიტყუე აქ?! იცი, რას გიზამ?!
გამწარებული რაიტი ზევით ამოსვლას შეეცადა, ჯეკმა სასწრაფოდ გაუშვა ხელი ჭის მძიმე თავსახურს, რომელიც მისტერ რაიტს პირდაპირ თავში დაეცა და ყვირილით ჩავარდა წყალში. ამოსასვლელი თუჯის მძიმე თავსახურმა ჩაკეტა.
– ჩემი მოთხრობის ასეთი ფინალი თქვენ მაიძულეთ. ეს მკვლელობა მე არ მინდოდა, – ამოიოხრა უბედურმა მწერალმა.
თარგმნა
ნინო წულუკიძემ