№14 ვის და როგორ დააშლევინა სტალინმა ევროპის კაპიტალისტური სისტემა
იოსებ სტალინის დიდი პოლიტიკოსობა, საოცარი გამჭრიახობა და დიპლომატია სულაც არ არის მისი თაყვანისმცემლების მიერ წარმოთქმული ლიტონი სიტყვები, არამედ მომხდარ ისტორიულ ფაქტებზე დაყრდნობით გააზრებული შეფასებაა. პროფესორი სულთან შაკუროვი წერს: „სტალინური დიპლომატია არასოდეს ყოფილა დაფუძნებული, ჟარგონი რომ გამოვიყენოთ, „ტუფტაზე“, როგორც ამას ხრუშჩოვი აკეთებდა და ხშირად სასაცილო სიტუაციაში ვარდებოდა. ეს იყო გათვლილი (რამდენიმე სვლით წინ), კარგად გაანგარიშებული და რაც მთავარია, მყარი სამხედრო-პოლიტიკურ-ეკონომიკური ძალით უზრუნველყოფილი. საბჭოთა ბელადის ყველა საქციელი, როგორც საშინაო, ასევე საგარეო პოლიტიკაში, მყარი ანალიზიდან იყო აღმოცენებული. ის (სტალინი) არასდროს იძლეოდა ფუჭ დაპირებებს (როგორც ამას თანამედროვე პოლიტიკოსები აკეთებენ) და არც სხვის ბლეფზე წამოგებულა (გავიხსენოთ ლევ ტროცკის ცნობილი შეფასება – სტალინი, სხვისი მხრიდან ლავირებას საკუთარი ლავირებით პასუხობდა და მისი მოტყუება-გაბიაბრუება შეუძლებელი იყო... სხვათა შორის, ვერც თავად ტროცკიმ გაბიაბრუა სტალინი).
ვიაჩესლავ მოლოტოვი ყვებოდა: „მეოცე საუკუნის ოცდაათიანი წლები, განსაკუთრებით კი, მეორე მსოფლიო ომის წინა უახლოესი პერიოდი, პოლიტიკურად ძალიან დაძაბული იყო, დიპლომატიურად კი – უაღრესად დატვირთული. მომძლავრებული, ინდუსტრიალიზებული საბჭოეთის ზრდა და წინსვლა არავის სურდა. ირგვლივ მტრულად განწყობილი მეზობლები გვეხვია, რომლებიც მზად იყვნენ, ჩვენთვის ზურგში ლახვარი ჩაეცათ და ჩვენს განადგურებაზე ოცნებობდნენ. სტალინს კი ყოველივე ამაზე საკადრისი პასუხი უნდა გაეცა და მსოფლიოში პირველი სოციალისტური სახელმწიფოს კრახი არ დაეშვა, რასაც საბოლოო ჯამში კარგად გაართვა თავი. საამისოდ კი, სხვა გზა არ იყო და მან (სტალინმა) ჰიტლერულ გერმანიასთანაც კი დადო თავდაუსხმელობის პაქტი, რათა დრო მოეგო და მომავალი დიდი ომისთვის ჯარი გაეძლიერებინა...“ მოლოტოვი აბსოლუტურად მართალია, როდესაც დროის მოგებაზე ლაპარაკობს, მაგრამ მაშინდელი საბჭოთა საგარეო საქმეთა მინისტრი არ ამხელს ერთ „პატარა“ ნიუანსს, რომელზეც სტალინმა თავისი მომავალი გეგმები ააგო...
სტალინისთვის უმთავრესი და მისი ცხოვრებისეული კრედო საბჭოთა კავშირის სიძლიერე, განვითარება და არნახული თანასწორი სახელმწიფოს შექმნა იყო, სადაც „ცხვარი და მგელი ერთად მოძოვდნენ“. ამის წინააღმდეგნი იყვნენ არა მარტო რუსეთის ტრადიციული მეტოქეები – დიდი ბრიტანეთი, გერმანია, საფრანგეთი და მეოცე საუკუნის გარიჟრაჟზე დამატებული ამერიკის შეერთებული შტატები, არამედ მთელი ევროპა და მოგვიანებით ნახევარი მსოფლიოც. ამიტომ, ლოგიკიდან გამომდინარე, საჭირო იყო, როგორც მინიმუმ, ისეთი გარემოცვის შექმნა (იგულისხმება პოლიტიკური პარტნიორი სახელმწიფოები), რომლებიც საბჭოთა სოციალიზმს თუ არ მიიღებდნენ, ხელს მაინც არ შეუშლიდნენ. ანუ – ნეიტრალური მეზობლების გარემოცვა. გასული საუკუნის 30-იან წლებში კი საბჭოთა კავშირს ასეთი მეზობლები არ გააჩნდა და ირგვლივ მტრულად განწყობილი კაპიტალისტური ან კაპიტალიზმისკენ მიმავალი ქვეყნები ეხვია. მოვლენათა ლოგიკიდან გამომდინარე, საჭირო იყო ევროპული კაპიტალიზმის სისტემის ჩამოშლა, რათა საბჭოთა კავშირს განვითარების საშუალება ჰქონოდა. თავად სტალინს რომ ამ სისტემის ჩამოშლა პირდაპირ ომის გზით დაეწყო, არ ივარგებდა. მას მთელი კაპიტალისტური ევროპა აუმხედრდებოდა. მათ ამერიკის შეერთებული შტატებიც დაეხმარებოდა და სტალინი წააგებდა. საბჭოთა კავშირი დაიშლებოდა (იმაზე გაცილებით მეტად და მტკივნეულად, ვიდრე გორბაჩოვის მიერ) და აბსოლუტურად არაფერი გამოვიდოდა. ამიტომ სტალინს ამ სისტემის დამშლელი სჭირდებოდა. ამ როლს კარგად მოერგო ჰიტლერი. სტალინმა ეს უმალვე იგრძნო და დიდმა პოლიტიკურმა მოთამაშემ (სტალინმა) მრავალსვლიანი კომბინაცია ჩაიფიქრა (რომლის საბოლოო მიზანი მხოლოდ თავად იცოდა) და კარგადაც ჩაატარა. ვიაჩესლავ მოლოტოვის ტაბუირებულ დღიურებში წერია: „ჯერ კიდევ 1935 წელს გამიჩნდა ეჭვი, რომ სტალინმა ეს კომბინაცია ჩაიფიქრა, ანუ, რევანშისტულად განწყობილ ჰიტლერს ევროპულ კაპიტალიზმს გაანადგურებინებდა. შემდეგ თავად მას მოუღებდა ბოლოს და ევროპას გაასაბჭოებდა. ამ კომბინაციის განხორციელება, თანაც ისე, რომ სხვები მის არსს ვერ ჩასწვდომოდნენ, თითქმის შეუძლებელი იყო. სტალინმა კი ეს შესძლო. მან (სტალინმა) ჯერ კიდევ 1936 წელს შესთავაზა ბრიტანეთსა და საფრანგეთს, რომ ანტიჰიტლერული კოალიცია შეექმნათ და ამბიციური, აგრესიული ჰიტლერი გაეჩერებინათ. ბრიტანეთმა და საფრანგეთმა კი პირიქით, ხელი შეუწყვეს ჰიტლერს ევროპის მიტაცებაში და სწორედ ეს იყო სტალინის შეთავაზების მთავარი მიზეზი – ისინი კომუნისტების წინააღმდეგ წავიდოდნენ. ჰიტლერმა რომ „ევროპული ლაშქრობა“ დაიწყო და მისი აგრესია ბრიტანეთსა და საფრანგეთს დაემუქრა, მხოლოდ ამის მერე მოინდომეს ჩვენთან კავშირი და მოსკოვში დესპანები აფრინეს. მათთან მოლაპარაკებას ვოროშილოვი აწარმოებდა. მე კი რიბენტროპთან თავდაუსხმელობის ხელშეკრულება დავდე და ამ ბრწყინვალე საჭადრაკო პარტიის დებიუტი პირწმინდად მოვიგეთ...“
სწორედ ამ გულახდილობის გამო დაადეს ტაბუ მოლოტოვის მემუარებს „პერესტროიკის“ დროს, სადაც ნათლად იკვეთება სტალინის პოლიტიკური და სამხედრო დიპლომატიის გენიალურობა და ის უშეცდომო კომბინაცია, რამაც მას დიდი გამარჯვება მოუტანა“.