№14 ექიმის რჩევები
კითხვა: აცრამდე ბავშვს რაიმე ალერგიის საწინააღმდეგო ხომ არ მივცე? რა უკურეაქცია შეიძლება მოჰყვეს აცრას? პირველად მიმყავს და ვნერვიულობ.
პასუხი: თუ პატარა ზოგადად არ არის ალერგიული, არავითარი ანტიჰისტამინურის მიცემა არ არის საჭირო, მაგრამ თუ ბავშვს ჰქონდა გამოხატული ალერგიული რეაქციები, შეიძლება, აცრამდე რამდენიმე საათით ადრე დაალევინოთ ანტიალერგიული პრეპარატი მისი ასაკისთვის შესაბამისი დოზით, თუმცა ამ საკითხს მისი პედიატრი გადაწყვეტს – უმჯობესია, ამის შესახებ პედიატრს დაეკითხოთ.
კითხვა: გაციებული არ ვარ, მაგრამ ცხვირი „მეჭედება“ და ამასთან ერთად, მიგროვდება უფერული ნახველი, რომელიც ვერ ამომაქვს და უკვე დიდი ხანია, მაწუხებს – თითქოს ყელში რაღაც ბურთივით მაქვს გაჭედილი. ყელ-ყურის ექიმთან ვიყავი, ჩამხედა და არაფერი გაქვსო – არც ნიჟარები არც ძგიდე. გლანდები ადრე ამოვიჭერი. მაქვს ჰიპოთირეოზი, ვსვამ 50-იან ლ-თიროქსინს შეიძლება, ეს ჩიყვის ბრალი იყოს? რა გავაკეთო?
პასუხი: თქვენი ჩივილის მიზეზი ჰიპოთირეოზი არ არის, ასეთი ჩივილის შესაძლო მიზეზია ქრონიკული რინიტი, ქრონიკული სინუსიტი... დიაგნოსტიკისთვის კვალიფიციურ ყელ-ყურ-ცხვირის ექიმს უნდა მიმართოთ.
კითხვა: 6 თვის წინ ყურებში ქავილი მაწუხებდა. ექიმმა გამაგზავნა ბაქტერიოლოგიურ გამოკვლევაზე. დადგინდა, რომ სოკო არ მქონდა. ერთ ყურში მცირე რაოდენობით ბაქტერიებიაო. ექიმთან რომ ეს პასუხი მივიტანე, მითხრა, რომ მე უფრო სოკოზე ვეჭვობო. დამინიშნა – „ფლუზამედი“ და მალამო „ფაქტორ დერმიკო“. ამ წამლებმა თავიდან მიშველა, რამდენიმე კვირა არ მექავებოდა, მაგრამ მერე ისევ დამეწყო. ვისმევ ამ მალამოს, თუმცა მხოლოდ ერთი-ორი დღე მშველის. თქვენ რას მირჩევთ, შეიძლება ამ მალამოს ასე ხშირად გამოყენება?
პასუხი: „ფაქტორ დერმიკო“ შეიცავს ანტიბიოტიკს, სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატს და ჰორმონს, რის გათვალსიწინებითაც მისი ხანგრძლივი მიღება ექიმის დანიშნულების გარეშე არაა რეკომენდებული.
კითხვა: მყავს 3 წლის ბიჭი, ძალიან ოფლიანობს. გავუკეთე ანალიზი კალცზე და ნორმაში აქვს. ზოგადად, ჯანმრთელი ბავშვია ხშირად არ ავადმყოფობს. რისი ბრალი შეიძლება, იყოს ასეთი ოფლიანობა?
პასუხი: მიზეზი მრავალგვარი შეიძლება იყოს (ჰელმინთოზური ინვაზია (ჭიები), ენდოკრინული დარღვევები, ნერვული სისტემის გაღიზიანების შედეგი, დაბალი ჰემოგლობინი, მათ შორის სრულიად ჯანმრთელი ბავშვის ოფლის გამოყოფის ინდივიდუალური თავისებურებაც, ზოგ შემთხვევაში მიზეზი ამოუცნობია.
რუბრიკას უძღვება ოჯახის ექიმი
მაია ნუცუბიძე