№14 როგორ დავიცვათ ღვიძლი
ყოველი ჩვენგანი ყოველდღე ჩაისუნთქავს ათასგვარი გამონაბოლქვით დაბინძურებულ ჰაერს, ჭამს ქიმიური დანამატებით – კონსერვანტებით, ნიტრატებითა თუ საღებავებით – გაჯერებულ საკვებს, სვამს წამლებს, საზოგადოების გარკვეული ნაწილი ეწევა სიგარეტს, მეტ-ნაკლები სიხშირითა და რაოდენობით იღებს ალკოჰოლს, ეს ყოველივე კი ტოქსინებისა და წიდის წყაროა, რომლებიც დროთა განმავლობაში ზღვა რაოდენობით ხვდება ჩვენს სისხლში. ღვიძლი ადამიანის ყველაზე დიდი ორგანო, ორგანიზმის ერთგვარ ფილტრს წარმოადგენს. სწორედ აქ მიმდინარეობს ტოქსიკური ნივთიერებების უვნებელყოფა და ადვილი მისახვედრია, რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს ღვიძლის სიჯანსაღეს.
ღვიძლის გადიდება ღვიძლის დაავადებათა ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სიმპტომია. მისი მიზეზი შეიძლება იყოს: ღვიძლის უჯრედების – ჰეპატოციტების – დისტროფია ჰეპატიტების, ციროზის, ფიბროზის დროს; გულის უკმარისობისა და სხვა დაავადებების შემთხვევაში – ღვიძლში სისხლის შეგუბება; ღვიძლის კეროვანი დაზიანება სიმსივნის, კისტის, აბსცესის დროს.
გადიდებული ღვიძლი შეიძლება, მუცლის დათვალიერების დროსაც შევამჩნიოთ. ის ხელითაც ისინჯება. ჩვენში საკმაოდ გავრცელებულია ცხიმოვანი ჰეპატოზები, შედარებით იშვიათია ციროზი, სიმსივნე, მეტასტაზებით ღვიძლში. ძალზე გახშირდა C ჰეპატიტი, თუმცა სახელმწიფო პროგრამა, რომელიც ამ დაავადების წინააღმდეგ ამოქმედდა, საკმაოდ ეფექტიანად ებრძვის მას. ღვიძლში მიმდინარე მწვავე ანთებით პროცესებსა და შეგუბებით მოვლენებს თან სდევს ტკივილის შეგრძნება, რომელიც ღვიძლის ფიბროზული კაფსულის გაჭიმვით არის გამოწვეული. ღვიძლის ქრონიკული დაავადებების დროს ტკივილი, წესისამებრ, არ იგრძნობა.
ცხიმოვანი ჰეპატოზი, იგივე ცხიმოვანი ინფილტრაცია, სტეატოზი, ღვიძლის ცხიმოვანი დისტროფია – არის დაავადება, რომლის დროსაც ღვიძლის უჯრედები გაცხიმოვნებას განიცდის. ჰეპატოზს მრავალი ფაქტორი განაპირობებს, მათ შორის: ალკოჰოლის ბოროტად გამოყენება; შაქრიანი დიაბეტი, სიმსუქნე, დაუბალანსებელი კვება, კუჭ-ნაწლავის ქრონიკული დაავადებები, ჰეპატოტოქსიკური ნივთიერებების, ზოგიერთი წამლის მიღება.
ჰეპატოზის დროს პაციენტი უჩივის თავის ტკივილს, ადვილად დაღლას, ყრუ ტკივილს მარჯვენა ფერდქვეშ, გულისრევის შეგრძნებას, მუცლის შებერილობას, ყაბზობას ან დიარეას.
ღვიძლის ციროზი არის დაავადება, რომლის დროსაც ზიანდება და იღუპება ღვიძლის უჯრედები, მათ ადგილას კი ნაწიბუროვანი ქსოვილი წარმოიშობა, რის გამოც დაავადების უკანასკნელ სტადიაში ღვიძლი შეჭმუხნული, დაპატარავებული და გამკვრივებულია. „ციროზი“ ყვითელს ნიშნავს – ზუსტად ასეთ შეფერილობას იღებს ღვიძლი დაავადების უკანასკნელ სტადიაში. ამ დროს მას უკვე აღარ ძალუძს თავის ფუნქციათა შესრულება. სტატისტიკის თანახმად, ციროზის შემთხვევათა 50 პროცენტზე მეტს ალკოჰოლის ხანგრძლივი და ჭარბი მიღება იწვევს, 25 პროცენტს – ვირუსული ჰეპატიტები, ხოლო 25 პროცენტს – სხვა დაავადებები. ციროზი შესაძლოა წლობით შეუმჩნეველი დარჩეს. უსიმპტომო მიმდინარეობა მისი მზაკვრული თვისებაა. შესაძლოა, თანდათანობით თავი იჩინოს ადვილად დაღლამ, საერთო სისუსტემ, უმადობამ, წონის უმიზეზო კლებამ, სიმძიმის შეგრძნებამ, ყრუ ტკივილმა მარჯვენა ფერდქვეშ, სიყვითლემ, კანის ქავილმა, დისპეფსიურმა მოვლენებმა – მეტეორიზმმა, გულისრევის შეგრძნებამ, პირის სიმწარემ და სხვა. პაციენტის დათვალიერებისას შეიმჩნევა წითელი ლაქები მკერდზე, ზურგსა და მხრებზე, ღვიძლისმიერი სისხლძარღვები – ეგრეთ წოდებული, ვარსკვლავები, ხელისგულების ერითემა (სიწითლე), გალაქული, ჟოლოსფერი ენა. მუცლის ზედა ნაწილში ვენები ფართოვდება და ჭიპის გარშემო ჩნდება მოლურჯო ნახატი, რომელიც მედუზას თავს ჰგავს. მამაკაცებს უდიდდებათ სარძევე ჯირკვლები, სცვივათ თმა, ქალებს უწყდებათ მენსტრუალური ციკლი.
ღვიძლის ციროზი პროგრესირებადი დაავადებაა და სახიფათო გართულებებს იწვევს. შესაძლებელია მისი მხოლოდ შეჩერება, ისიც – მხოლოდ ადრეულ სტადიებში. ჩვენი მიზანია, მკურნალობით შევასუსტოთ სიმპტომები და შეძლებისდაგვარად შევაჩეროთ გართულებების პროგრესირება.
ღვიძლის დაავადებების თავიდან ასაცილებლად საჭიროა ცხოვრების ჯანსაღი წესი, ფიზიკური აქტიურობა. მრავალფეროვანი, ვიტამინებით მდიდარი საკვების მიღება. ასევე, ბრძოლა ალკოჰოლთან, ვირუსული ჰეპატიტების პროფილაქტიკა, ქრონიკული ჰეპატიტებისა და ნაღვლის შეგუბებით მიმდინარე დაავადებების დროული მკურნალობა.