№14 როგორ უღებდა სურათებს უნივერსიტეტში გასისხლიანებულ ქართლოს კასრაძეს რექტორი ნიკო კეცხოველი
პროფესიულ ესტრადაზე, როგორც სალაპარაკო ჟანრის მსახიობი და კონფერანსიე, 1944 წლიდან გამოდიოდა. იყო საქართველოს სახელმწიფო საესტრადო ორკესტრ „რეროში“. 2 ათასამდე კონცერტში მიიღო მონაწილეობა როგორც ყოფილი საბჭოთა კავშირის ქალაქებში, ასევე უცხოეთის ქვეყნებში. ის კონცერტებს 19 სხვადასხვა ენაზე უძღვებოდა. ავტორია წიგნების: „ტრიუმფით მსოფლიოს გზებზე“ და „ტრიუმფი გრძელდება“, „ფარნავაზი“, „სოსელო“… ნათამაშები აქვს ფილმებში: „განაჩენი“, „უდიპლომო სასიძო“ და „თოჯინები იცინიან“. იყო ახალგაზრდობისა და სტუდენტთა მეექვსე საერთაშორისო ფესტივალის ლაურეატი. მიღებული აქვს ჯილდოები, პრემიები, პრიზები, საქართველოს სახალხო არტისტის წოდება, ღირსების ორდენი. მოკლედ, ეს თბილისელი კოლორიტის, არაჩვეულებრივი კაცის, ქართლოს კასრაძის დღიურებია, რომელიც თავისი ბუნებითა და იუმორით ასე უხდებოდა და უყვარდა თბილისს.
„ბავშვობიდან დავიწყებ: 1926 წელს მომავლინეს მშობლებმა ამ ქვეყანას – დროებით. ძალიან ნიჭიერი ვიყავი – ვხატავდი, იმის დედა ვატირე... მაშინ პარიზში წაიღეს ჩემი ნახატები, მაგრამ დაკარგეს. სხვათა შორის, პირველ პლაგიატს ჩემი შემოქმედების მიმართ სწორედ მაშინ შევეჯახე – საბავშვო ბაღში ზამთრის დახატვა დაგვავალეს. ავიღე ქაღალდი და ფანქრით კაკუნი დავიწყე – ფიფქებს ვხატავდი. ერთი წუთის შემდეგ ყურისწამღები ხმა ისმოდა – მთელი ჯგუფი აკაკუნებდა. მე გავჩერდი, რაღა უნდა მექნა… ექვსი წლისა სკოლაში მიმიყვანეს. დირექტორმა – ამისთვის ადრეაო, აბა, ლექსი თუ იციო. „თორნიკე ერისთავი“ ჩავაბულბულე ზეპირად. მიმიღეს. იმავე დღეს ჩემმა ბიძაშვილმა, ჯიმშერ კასრაძემ და მისმა ძმაკაცებმა – მიშა ესებუამ („პუჭურა“) და ნოდარ გრიგოლაშვილმა მიმბეგვეს – ჩვენ შენზე დიდები ვართ და „თორნიკე ერისთავი“ არ ვიცით, შენ რატომ იციო. მეცხრე კლასში ვიყავი, როდესაც ჩემში რეჟისორული ნიჭი აღმოვაჩინე და პირველი „სპექტაკლიც“ დავდგი – ერთი გოგო შემიყვარდა, ჩემი სკოლელი იყო. გავვარდი „კრივანოსასთან“ – ჩემი ძმაკაცი იყო, თან, ჩემზე უმცროსი, მაგრამ მთელი უბნის პირველი ყოჩი – მაგარი მოჩხუბარი. სცენარის მიხედვით, როდესაც მე ჩემს „გულის ვარდთან“ ერთად ბელინსკის ქუჩას ამოვუყვებოდი, „კრივანოსა“ ზევიდან უნდა წამოსულიყო და ჩავლისას ჩემთვის მხარი გაეკრა. მერე, ალბათ, ხვდებით – ცემით უნდა გამეხეთქა. მოკლედ, მივდივართ ქვემოდან, გამოჩნდა ზევიდან მომავალი „კრივანოსა“, გამიხარდა, მოვემზადე, მაგრამ... ის გოგო „კრივანოსას“ ბიძაშვილი აღმოჩნდა და „სპექტაკლიც“ შედგა, ოღონდ მე და „კრივანოსამ“ როლები გავცვალეთ. შემდეგ ომი დაიწყო – მძიმე დრო იყო, გვიჭირდა. ომის პერიოდში მოვეწყვე პოლიტექნიკურ ინსტიტუტში, ხუთი კურსი დავხურე, მაგრამ დიპლომი აღარ ამიღია, არ მჭირდებოდა. ლექციებზე უფრო ხშირად სცენაზე რომ ვიყავი, ალბათ, დამიჯერებთ... იქ „გაიფურჩქნა“ ჩემი, როგორც კონფერანსიესა და ესტრადის მსახიობის ნიჭი. პირველად ჩამოვაყალიბეთ სმეთი – სტუდენტთა მინიატურების ესტრადის თეატრი, რომელმაც მალე მოიპოვა პოპულარობა. შემდეგ შეიქმნა პოლიტექნიკური ინსტიტუტის კვარტეტი (ცაბაძე, მირიანაშვილი, კალანდაძე, კიტია). მე უცვლელი კონფერანსიე ვიყავი და ტრაბახით არ ვამბობ, არანაკლებ პოპულარული, ვიდრე თვითონ მომღერლები. მერე კი იყო მთელი საქართველოსთვის უსაყვარლესი და მთელ საბჭოთა კავშირში პოპულარული „რერო“. სხვათა შორის, ეს სახელი მე დავარქვი. ჯანო ბაგრატიონი გენიალური კაცი იყო, მაგრამ „რეროს“ პოპულარობას მხოლოდ ის არ განაპირობებდა, მთელი კოლექტივი ბრწყინვალე იყო. სუხიშვილისა და რამიშვილის ანსამბლშიც ვიმუშავე. მათ შესახებ ორი ტომიც დავწერე, სადაც 20 ქართული ცეკვა მაქვს გაშიფრულ-გარჩეული და ვამტკიცებ, რომ მათ წარმართული ფესვები აქვთ (ავტორი – ზ. გურული). სხვათა შორის, ამ წიგნთან დაკავშირებითაც მქონდა ერთი კურიოზი. ერთმა ყოფილმა მოცეკვავემ დამირეკა – თქვენს წიგნში ვარ ნახსენები, გვარად მჭედლური ვარ და თქვენ მჭედლიშვილი გიწერიათო, ვეკითხები – რომელ გვერდზე-მეთქი. – 728-ზეო. გამეცინა. შენ მაგაზე არ იდარდო, 728-ე გვერდამდე მაგ წიგნს არავინ წაიკითხავს-მეთქი.
ჰო, ისევ ახალგაზრდობას დავუბრუნდეთ: პოლიტექნიკური ინსტიტუტის შემდეგ უნივერსიტეტში შევიტანე საბუთები. მაშინ რექტორი ნიკო კეცხოველი იყო. რატომღაც თვალში არ მოვდიოდი. ერთხელ მეხუთე კურსზე გადასასვლელი გამოცდა ვერ ჩავაბარე. მივედი რექტორის მისაღებში, მამაჩემიც მივიყვანე – ვიფიქრე, მწერალი კაცია, ბატონი ნიკოც პატივს სცემს-მეთქი. კასრაძე მოვიდაო – მოახსენეს. შემოვიდესო და ჩემ მაგივრად მამაჩემი შევიდა.
– სად არის თქვენი შვილი? – შემიყვანეს და მამაჩემს დავუდექი გვერდით.
– გადაიყვანეთ, ბატონო ნიკო, ჩემი შვილი მესამე კურსზე, გამოსწორდება.
– ვერ გადავიყვან. ცეკა-ტეკადან რომ დარეკონ, ამ კაცმაც რომ მთხოვოს (თავთან დაკიდებული ვაჟა-ფშაველას სურათისაკენ აიშვირა ხელი), ვერ გადავიყვან.
– გადაიყვანეთ, ბატონო ნიკო. პირობას გაძლევთ, რომ ფრიადებზე დახურავს მესამე კურსს.
ამ დროს მე გამწარებული ვეჩურჩულები მამაჩემს: „რას ლაპარაკობ, მამა, მეოთხე კურსზე ვარ, მეხუთეზე მინდა გადასვლა“.
წეღან რომ მოგიყევით, „კრივანოსა“ რომ უნდა გამელახა, დაახლოებით ეგეთი სცენა უნივერსიტეტშიც დავდგი, მაგრამ ისევ ჩავფლავდი. წარმოიდგინეთ, უნივერსიტეტის ეზოში მოწყობილი კრივის რინგი (ასეთი რამე მაშინ არცთუ ისე იშვიათი იყო), რომელზეც ქართლოს კასრაძე უნდა ეჩხუბოს უნივერსიტეტის ჩემპიონს, ფანჯრიდან კი ამ ბრძოლას (რომელიც მე უნდა მომეგო – ერთი თვის სტიპენდია გადავუხადე) თვალი უნდა ადევნოს ჩემი ოცნების ქალიშვილმა. ყველაფერი მზად არის – მსაჯიც, უამრავი მაყურებელიც და... უცებ გამოჩნდა ბატონი ნიკო კეცხოველი, ფოტოაპარატით და ჩემი „მეტოქე“ რინგიდან გააძევა. როგორ მოახერხა, არ ვიცი, მაგრამ ჩვენივე უნივერსიტეტის სტუდენტი, საკავშირო პირველობის პრიზიორი მოკრივე იპოვა უცბად, რომელიც უნივერსიტეტის ჩემპიონატებზე გამოსვლას არც კადრულობდა და რინგზე შემოაგდო... შედეგზე აღარაფერს გეტყვით, მხოლოდ ის მახსოვს, რომ მთლიანად სისხლში ვიყავი მოსვრილი და როდესაც ერთადერთხელ მოვახერხე ხელის მოქნევა, ბატონი ნიკოს შეძახილი გავიგონე: „შენ არა, შენ ნუ!..“ თან სურათებს მიღებდა. მეტი არაფერი მახსოვს. მერე, ალბათ, მაინც შევეცოდე და მითხრა: ობიექტივზე ხუფის მოხსნა დამვიწყებია და ვერც ერთი სურათი ვერ გადამიღიაო…
სხვათა შორის, ცოტა ხნით ალენ დელონი და მერე ლენინიც ვყოფილვარ – ოფიციალურად, პასპორტით. რუსეთში მივდიოდით გასტროლებზე. ახალი პასპორტი უნდა ამეღო. მივედი მილიციის საპასპორტო განყოფილებაში. სურათიც მივიტანე და გამიმზადეს ახალი პასპორტი. მივიტანე პასპორტი ბილეთების ასაღებად. გაგიჟდნენ ანსამბლის წევრები – რა სურათი ჩაგიკრავს, რას ჰგავხარ, სირცხვილიაო... წავედი, მეორე სურათი გადავიღე, ახალი პასპორტი გავაკეთე. იმაზე სულ გაგიჟდნენ – ეს უარესიაო, „სალდათის უკანალს“ გავხარო (რომელს ჰქონდა ნანახი ან როგორი იყო სალდათის უკანალი – არ ვიცი). ისევ წავედი... მოკლედ, მესამე პასპორტიც რომ დამიწუნეს, მივხვდი, რომ მაშაყირებდნენ. დედას გიტირებთ-მეთქი, ვიფიქრე და წავედი ისევ საპასპორტოში, მივიტანე ჟურნალიდან გადაღებული ალენ დელონის სურათი, პასპორტისტებთან ჩავაწყვე საქმე და გამოვაწერინე პასპორტი ჩემს სახელზე. რაღას იტყოდნენ, ვეღარ დამიწუნეს, მაგრამ „ფათერაკი“ მაინც შემემთხვა – ჩვენი მომავალი გასტროლების შესახებ წერილი დაიბეჭდა გაზეთში. კორესპონდენტს ჯგუფის ხელმძღვანელისთვის გამოურთმევია რამდენიმე ჩვენგანის პასპორტი სურათების გადასაბეჭდად და მეორე დღეს გამოქვეყნდა ალენ დელონის სურათი, წარწერით: „ანსამბლის კონფერანსიე - ქართლოს კასრაძე!“ იმ დღესვე ატყდა ჩემთან ტელეფონის რეკვა. დღეში ასი გოგო მიხსნიდა სიყვარულს. მამიდა მყავდა, ათი წლის უნახავი – მეორე დღეს მოვარდა: „გენაცვალოს მამიდა, როგორ გალამაზებულხარ!“ ორი დღე გაგრძელდა ჩემი პოპულარობა, მესამე დღეს გამწარებული საპასპორტოს უფროსი მომივარდა სახლში... პასპორტი გამოხვრიტა… მე კი ისე მომეწონა პოპულარობა, რომ ჩემი არ მოვიშალე: უკვე გასტროლების დროც მოვიდა, პასპორტიც აღებული მქონდა და ბილეთიც. ავიღე ეს პასპორტი, ჩემი სურათი ამოვაძვრე და ლენინის ფოტო ჩავაწებე. ჩავედით რუსეთის ერთ ქალაქში. მოვეწყვეთ სასტუმროში და მაშინდელი წესისამებრ, ადმინისტრატორთან დავტოვეთ პასპორტები. იმ საღამოსვე ნომერში შემოცვივდნენ „სათანადო ორგანოების“ თანამშრომლები, გამათრიეს და შემაგდეს დერეფნის ბოლოს – უფანჯრო ნომერში. დამკითხეს, ჩვენება ჩამომართვეს, „ციხეში დალპობით“ დამემუქრნენ. არადა, მეორე დღეს კონცერტია, ყველა ბილეთი გაყიდულია. ბოლოს და ბოლოს, თბილისში დარეკეს, მილიციის რაიონულ განყოფილებაში. უფროსი გვარად მამულოვი იყო, ძალიან კარგი კაცი. მე ძალიან ვუყვარდი. უთხრა: ეგ პოლიტიკურებთან არ ჩასვათ, გიჟია და იმათაც გააგიჟებსო. მოკლედ, გადამარჩინა.“