№14 რატომ უყურებენ ადამიანები სამართალს გამორჩენის მიზნით და რატომ არის მკაცრი კანონი მოქალაქის პატივისცემა
თავის დროზე დევიზმა „ნულოვანი ტოლერანტობა – წვრილმან დანაშაულს“ ფრიად აღაშფოთა საზოგადოების უმეტესობა, ისევე, როგორც დღისითა და მზისით სისხლიანმა ანგარიშსწორებებმა სპეცოპერაციების ეგიდით. მას შემდეგ არც თუ ბევრმა წყალმა, მაგრამ შვიდმა წელმა ჩაიარა, წვრილმანი დანაშაულისადმი არატოლერანტობაც წარსულს ჩაჰბარდა, თუმცა ახლა საზოგადოება უკვე წვრილმანმა დანაშაულებმა შეაწუხა და, თუ გულზე ხელს დავიდებთ, ფაქტია, რომ მეტი სიმკაცრე მოითხოვა. ოღონდ დანაშაულისადმი შემწყნარებლობა და უპირველესად, ადამიანის უფლებების დაცვა (დამნაშავის) სწორედ ევროპული გამოცდილებაა, ვინაიდან, ასე რომ არ იყოს, ვერც ჩვენი თანამემამულეები იქურდებდნენ ასე წარმატებით ევროპის ქვეყნებში (შეგახსენებთ, რომ მათ უმეტესობას არც კი აკავებენ, მაგალითად, ჯიბისა თუ ავტომობილიდან ნივთების ქურდებს). მეორე მხრივ კი, დამნაშავეების გააქტიურების მიზეზიც მათდამი სირბილე უნდა იყოს, რაკი იციან, რომ წვრილმანის გამო ციხეში, თანაც, გაუსაძლის პირობებში არავინ გამოკეტავს და სასჯელს არ შეუკრებენ, თავს ქურდობის უფლებასაც აძლევენ. აქედან გამომდინარე კი, ჩნდება ეჭვი, რომ იქნებ ჩვენი საზოგადოება მხოლოდ ავტორიტარიზმის პირობებში გრძნობს თავს კომფორტულად და კანონმორჩილად? – ამ თემაზე ფსიქოლოგ ნოდარ სარჯველაძესთან ერთად ვიმსჯელებთ.
– შემწყნარებელი და ჰუმანური არ არის ჩვენი საზოგადოება თუ რა არის ასეთი გარდასახვის მიზეზი?
– რთული საკითხის წინაშე დამაყენეთ. თუ სააკაშვილის ამ ფრაზას ჩავყვებით, მას ჰქონდა კონტექსტი. ფაქტია, რომ შეებრძოლა კორუფციას და ამას წარმატებით გაართვა თავი, მაგრამ, როგორც ჩანს, სრული წესრიგის დამყარება დაბალ ეშელონებშიც მოინდომა, იმიტომ რომ კორუფციას საშუალო და მაღალ ეშელონებში ეწეოდნენ, წვრილმანი დამნაშავეები კი – ჯიბის ქურდები და საბურავების მომპარავები, არ არიან მძიმე დანაშაულის ჩამდენები და მან ამ წვრილმანის განადგურებაც მოინდომა. ალბათ, ეს იყო მისი ამ ლოზუნგის ქვეტექსტი. პირადად მე წვრილმანი დანაშაულისადმი ნულოვან ტოლერანტობაში არაჰუმანურობას ვერ ვხედავ.
– იყო შემთხვევა, ადამიანმა, მოიპარა 8 საბურავი და რადგან ერთ ჯერზე ხელში ორზე მეტ საბურავს ვერ დაიჭერდა, ამიტომ ეს ოთხ დანაშაულად გაფორმდა, სასჯელი შეიკრიბა და არაადეკვატური სასჯელი გამოვიდა. ეს ჰუმანური, ანუ ნორმალურია?
– ეს სხვა ამბავია, მე ვამბობ წვრილმანი დანაშაულისადმი ნულოვან ტოლერანტობაზე.
– მაგრამ ნულოვანი ტოლერანტობის გამო შევიდა კანონში სასჯელის შეკრებითობა, იმიტომ მოვიტანე ეს მაგალითი.
– გავიხსენოთ, რომ ეს იყო ვარდების რევოლუცია, ანუ რევოლუციური გადახრა, რევოლუციას კი ყოველთვის ახლავს თან რადიკალიზმი, მიუხედავად იმისა, ვარდების იქნება თუ კაკლების.
– ან კაქტუსების.
– სულერთია, მაინც სიმკაცრეზე უნდა იყოს აგებული, ამიტომ ეს არ მიკვირს. შეიძლება, სამართლებრივად არასწორი იყოს შეკრებითობის წესი, მაგრამ ჰუმანურობასთან კავშირი არ აქვს და გეტყვით, რატომ. როდესაც კანონი მკაცრდება, ეს ყოველთვის არ ნიშნავს, რომ ხელისუფალი, რომელიც ამკაცრებს კანონს, არაჰუმანურია. პირიქით – შეიძლება, ნიშნავდეს ჰუმანიზმს, რადგან მოქალაქეს ეუბნება, რომ შენ მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა უნდა გქონდეს, გაკისრებ მაღალ პასუხისმგებლობას და იმიტომაც გსჯი მკაცრად, რომ ატარო ის ტვირთი, რითაც გამოისყიდი შენ მიერ ჩადენილ დანაშაულს. ანუ მოქალაქეს შეუძლია, პასუხისმგებლობა აიღოს სასჯელის ტვირთზე. საერთოდ, სასჯელი სასჯელი კი არ არის, არამედ პატივის დადებაა მოქალაქისთვის, რომ იგრძნოს თავისი დანაშაული, რითაც ითვლება, რომ ის შერაცხადიცაა, აქვს რაციონალურად აწონ-დაწონისა და მოქმედების უნარი, შეუძლია, თავის თავზე მაღლა დადგეს. ხშირად კანონის გამკაცრებაში ეს იდეაა ჩადებული. ჰეგელი ასე ფიქრობდა, როდესაც კანონმდებელი სჯის, ამით პატივს ვდებ დასასჯელს, ვაღიარებ, რომ მას შეუძლია, ატაროს ის ტვირთი, რომელიც დარღვევად მიიჩნევა.
– თქვენ იდეალურ სქემაზე ლაპარაკობთ, რეალობა ცოტა სხვანაირი არაა?
– კანონმდებელი ყველა რეალობას ვერ გაითვალისწინებს, იდეაა ასეთი. სამართალი თავზე ხელის გადასმას არ ნიშნავს, სამართალი უნდა აღსრულდეს, თუნდაც, ქვეყანა დაიქცესო, ამბობდნენ რომაელები.
– რა თქმა უნდა, უნდა აღსრულდეს, უბრალოდ, ბეღურას ზარბაზანი არ უნდა ესროლო.
– ეს უკვე მართლზომიერებაა. სამართალი მართლზომიერი უნდა იყოს, ამაში მართალი ხართ.
– მაშინ მართლზომიერებას ვიტყვი და არა ჰუმანურობას, საზოგადოება, რომელიც ამბობდა, რომ არამართლზომიერი იყო ნულოვანი ტოლერანტობა წვრილმანი დანაშაულისადმი, რატომ ფიქრობს ახლა, რომ მართლზომიერი იქნება, თუ ბეღურებს ისევ ზარბაზნებით დავხოცავთ? მე ეს მაინტერესებს, თორემ დამნაშავის დასჯას კი არ ვაპროტესტებ?! მეორე მხრივ კი, ბეღურასაც, როდესაც იცის, რომ ზარბაზანს არ ესვრიან და 8 საბურავის გამო არ დაჯდება 9 ან 10 წელი, მოპარვის სურვილი უჩნდება.
– სწორად შენიშნეთ, რომ ასეთი ცვლილება მოხდა. ამის მიზეზი კი ალბათ, ისაა, რომ ადამიანები სამართალს გამორჩენის მიზნით უყურებენ. რადგან, მათი აზრით, კრიმინალმა მოიმატა, მოითხოვენ კრიმინალის შემცირებას. შემცირების ძირითად საფუძვლად კი სასჯელის გამკაცრება და არატოლერანტობა მიაჩნიათ. თუმცა, ტოლერანტობა არაფერ შუაშია, სააკაშვილიც არ იყო სწორი, როდესაც ის ლოზუნგი თქვა. სხვა ფორმულა უნდა მოეფიქრებინა. დამნაშავე არც უნდა შეიწყნარო და არც უნდა შეიძულო, მას სამართლებრივად უნდა მოეპყრა.
– ანუ, როდესაც საზოგადოება დადგა რეალობის წინაშე, რომ შეიძლება, მოპარონ საბურავი, მან მაშინვე კანონის გამკაცრება მოითხოვა, ესროლეთ ზარბაზნებიო?
– საზოგადოება თავად არის დანაშაულის თანამონაწილე, ვიღაცას ჰყავდა ახლობელი, რომელმაც მოიპარა საბურავი და დააპატიმრეს ამის გამო ან სხვა რამე დანაშაულის ჩამდენი, ამიტომ მკაცრი კანონი არ უნდოდათ. ჩვენ, ყველანი, ხომ კომუნისტური წარსულიდან მოვდივართ, სადაც ყველა დამნაშავე იყო?! იმიტომ რომ იპარავდნენ ელექტროენერგიას, მრიცხველებს აჩერებდნენ. ყველა ასე იქცეოდა ტოტალურად, იმიტომ რომ, ფაქტობრივად, დამნაშავეთა საზოგადოება იყო და ბუნებრივია, როდესაც სააკაშვილმა ნულოვანი ტოლერანტობა გამოაცხადა, ამან ტოტალურ დამნაშავეებში ძრწოლა გამოიწვია. ანუ ყველას ეშინია სამართლის, რადგან იციან, რომ არაფერს მოაპარინებენ, დაიჭერენ და მკაცრადაც დასჯიან. ახლა შეიცვალა სიტუაცია. მაგრამ საპირისპირო ტალღა გამოიწვია საპირისპირო პოლიტიკამ, იმიტომ რომ, როგორც კი მარწუხებს მოუშვეს, დანაშაულის რიცხვმა მოიმატა და ამ სიტუაციაში ადამიანებს შეეშინდათ, ვაითუ, მეც შემეხოს, ჩემი სახლი გატეხონ. თან, გამოცდილებაც აქვთ, წარა-მარა ტყდებოდა ბინები. ბინის ქურდობაც წვრილმან დანაშაულად ითვლება – ადამიანების ტვინში ყოფითი დანაშაულია. სააკაშვილის დროს კი, როდესაც ნულოვანი ტოლერანტობა იყო დანაშაულისადმი, ნებისმიერი დანაშაული მსხვილ დანაშაულში გადიოდა, რასაც, ადამიანები ფაქტობრივად, ეწირებოდნენ. არატოლერანტობა არ ნიშნავს, რომ მაინცდამაინც უნდა ჩაცხრილო ადამიანი, მაშინაც კი, თუ ის დამნაშვეა.
– ანუ საზოგადოების გულჩვილობა მთავრდება იქ, სადაც მის საკუთრებას ექმნება საფრთხე? და მაშინვე დაეთანხმა, თუნდაც, ქუჩებში საჩვენებელ ჩაცხრილვებს?
– საზოგადოება მოქმედებს პრიმიტიული პრინციპებით. მოსახლეობას არ აქვს სამართლებრივი ცნობიერება. კანონსა და სამართალს არ აფასებენ იმისდა მიხედვით, რომ სამართლებრივი გადაწყვეტილება იყოს მართლზომიერი. აფასებენ იმის მიხედვით, თავად როგორ მოერგება კანონები, თავად როგორ დაიძვრენს თავს, რას გამორჩება, რომ მას არ შეეხოს ან პირიქით, თუ მას შეეხება, როგორ დასჯიან დამნაშავეს. მანამდე ხმას არ იღებენ.
– ანუ წრეზე დავდივართ, საზოგადოებას ერთხელ და სამუდამოდ ჩამოყალიბებული აზრი არ აქვს, რა არის მისაღები და რა – არა?
– არ მიკვლევია ეს საკითხი, მაგრამ, საერთოდ, ჩვენი საზოგადოება სამართლებრივად გამართული არ არის და ეს აშკარაა. მათ ეს ყველაფერი დეტალებში არც კი იციან, არ აქვთ სამართლებრივი საკითხების შესაბამისი ცოდნა. უყურებენ ტელევიზორს და იქიდან ესმით ამ სამართლიანობის შესახებ ისე, რომ ვერც იგებენ, რა არის სამართლებრივი კატეგორიები. მეც არ ვიცი ზოგიერთი რამ და ვერ ვიგებ ზოგიერთი გადაწყვეტილების იურიდიულ მექანიზმს, იმიტომ რომ არ ვარ გათვითცნობიერებული ამ საკითხში. ასე რომ, შეიძლება, თუ კანონი გამკაცრდება, ისევ მოითხოვონ ნულოვანი ტოლერანტობა და შემდეგ ისევ ტოლერანტობა.
ქანქარის პრინციპი მუშაობს: სააკაშვილის დროს გააპროტესტეს ნულოვანი ტოლერანტობა, ახლა საპირისპირო სიტუაციაა და ამასაც აპროტესტებენ. ასე ტრიალებს ცნობიერება ერთი უკიდურესობიდან მეორე უკიდურესობამდე და, ძირითადად, ეს ხდება იმის გამო, რომ ადამიანები გაუთვითცნობიერებლები არიან. ვერც მოსთხოვ და არცაა სავალდებულო, რომ ყველამ იცოდეს სამართალი. სამართალმა თვითონ უნდა აკეთოს თავისი საქმე და მუდმივად ტელევიზიითაც არ უნდა საუბრობდნენ ასეთ თემებზე, იმიტომ რომ ტელევიზია არ არის სასწავლო დაწესებულება, უნდა უყურო, გაერთო და ზედაპირული ინფორმაცია მიიღო. ვერც იქნება ადამიანი ყოველთვის მართლზომიერი და რაციონალური. ადამიანი ირაციონალური არსებაა. რაციონალურები არიან ადამიანები, რომლებიც ძალიან გათვითცნობიერებულები არიან და მათი ტვინი კომპიუტერივით ზუსტად მუშაობს. ადამიანების მეტი წილი ემოციურად მსჯელობს, სამყაროს აღიქვამს ემოციურად და თავისი პირადი გამორჩენით, თავისი მოთხოვნილებების თვალით უყურებს. და იქიდან გამომდინარე, რაც მისთვისაა სასარგებლო, იმას ამბობს. ეტყობა, ამ ეტაპზე მოსახლეობისთვის უფრო სასარგებლოა, თავი დაცულად იგრძნონ კრიმინალისგან და ამიტომ უნდათ, რომ გამკაცრდეს კანონი.
– ესე იგი, მათთვის შიშში ცხოვრება უფრო კომფორტულია, დანაშაულის ჩადენისგან, ანუ საკუთარი თავისგანაც იცავ?
– შიშის ფაქტორიც არის. აი, როგორც კომუნისტები იტყოდნენ, დისციპლინის დამყარება უნდათ. ავტორიტარიზმი და დემოკრატია სხვადასხვა პოლუსებია, მაგრამ არც დემოკრატია ნიშნავს თავზე ხელის გადასმას. თუმცა ადამიანებს ისიც ჰგონიათ, რომ დემოკრატიის დროს საერთოდ არ უნდა იყოს სასჯელი. სინამდვილეში კი დემოკრატია საკმაოდ მკაცრია თავისი კანონებით და, ასევე, მკაცრია ავტორიტარიზმი, განსხვავება ისაა, რომ ავტორიტარიზმის დროს წინა პლანზეა მმართველის ნება და ერთპიროვნულობა. ამიტომაა ერთპიროვნული მმართველობა ძალიან საშიში, გინდა სააკაშვილის იყოს და გინდა – ივანიშვილის. ისინი ერთმანეთს ჰგვანან ერთპიროვნულ მმართველობაში. ავტორიტარიზმიც სწორედ ერთპიროვნულ მმართველობით ვლინდება, ადამიანები კი ასე უყურებენ: დანაშაულმა თუ მოიმატა, მთავრობამ უნდა მოსპოს დამნაშავეები. სააკაშვილის დროს დაადგნენ ამ გზას და ამან პროტესტი გამოიწვია. იმიტომ რომ საზოგადოება ქანქარის პრინციპით მოქმედებს.