კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№14 როგორ აისახება საქართველოზე თურქეთის ტერიტორიული მთლიანობის რღვევის საფრთხე და რატომ არ სჭირდება რუსეთს ომები ტერიტორიების დასაპყრობად

ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე

კარგა ხანია, გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთთან უჩვეულოდ დამტკბარი თურქეთი რუსული შეიარაღების შესყიდვას აპირებს. სულ ახლახან კი თურქეთის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ რუსეთის საზენიტო-სარაკეტო სისტემა „ჟ-400“ თურქეთში მიმდინარე წლის ოქტომბერში განთავსდება. არც ვაშინგტონიდან დაახანა რეაქციამ, კერძოდ, თურქეთს პარტნიორებმა სამხედრო ურთიერთობების კუთხით მნიშვნელოვანი პრობლემების წინაშე დადგომა უწინასწარმეტყველეს. აშშ-ს თავდაცვის უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა განმარტა, რომ ჟ-400-ის შესყიდვა გავლენას მოახდენს თურქეთისთვის ამერიკული საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის Patriot-ის და ბომბდამშენის F-35-ის მიყიდვაზე. „ნატო“-თურქეთისა და აშშ-თურქეთის სამხედრო შეუთავსებლობა, უპირველესად, ჩვენთვისაა არახელსაყრელი, განსაკუთრებით, რუსეთ-თურქეთის დაახლოების ფონზე. რამდენად გულწრფელია აშშ-თურქეთის დაპირისპირება და რუსეთ-თურქეთის დაახლოება და, აქედან გამომდინარე, რა ახალი საფრთხეების წინაშე შეიძლება, დადგეს საქართველო თურქეთისა და „ნატოს“ შეუთავსებლობით? – ამ თემაზე ვისაუბრებთ საქართველოს სტრატეგიული კვლევითი ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელთან, ირაკლი ტორონჯაძესთან.
– იმ დროს, როდესაც გაურკვეველია „ინჯირლიკის“ ბაზის ამბავიც, გაიტანეს თუ არ გაიტანეს, ბოლოს და ბოლოს, ბირთვული შეიარაღება, უშვებენ თუ არა თურქები ბაზაზე თავისუფლად თავის „ნატოელ“ კოლეგებს...
– რაღაც პრობლემები იყო, მაგრამ თითქოს მოილაპარაკეს „ინჯირლიკის“ ბაზაზე და, როგორც ვიცი, გაუგებრობები აღარ არსებობს.
– მით უფრო, თუ მოილაპარაკეს, მაშინ კიდევ უფრო უცნაურია ერდოღანის ეს ინიციატივა, ელემენტარულია, რომ, როდესაც „ნატოს“ წევრს რუსული შეიარაღება ექნება, ეს რაღაც ახალი გამოწვევაა. რა მიზეზით ალაპარაკდა თურქეთის ხელისუფალი ამ თემაზე და რატომ გადაწყვიტა რუსული შეიარაღების შესყიდვა?
– საუბარი ცოტა შორიდან უნდა დავიწყოთ: როგორია თურქეთის რეალური მდგომარეობა დღეს და როგორი იქნებოდა, სირიის პრობლემა რომ არ ყოფილიყო. თურქეთი იდგა და დგას დიდი პრობლემის – ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნების წინაშე და ეს მისთვის შესაძლოა, სახელმწიფოებრიობის დაკარგვასაც ნიშნავდეს. ეს არის ყველასთვის ცნობილი ქურთული პრობლემა, ცნობილია, რომ, ფაქტობრივად, ქურთული დამოუკიდებელი სახელმწიფო არსებობს ჩრდილო ერაყში, ახლა სირიაში გაჩნდა მეორე ქურთული ერთეული და არ არის გამორიცხული, რომ ქურთების მოძრაობა თურქეთის ტერიტორიაზე ახალი ძალით გაჩაღდეს.
– თქვით, შესაძლოა, სახელმწიფოებრიობად დაუჯდეს თურქეთს ქურთული პრობლემაო. რატომ? მაქსიმუმ, ჩამოსცილდეს ქურთებით დასახლებული რეგიონი, მინიმუმ, შეიქმნას ქურთული ავტონომია?
– ერთია ტერიტორია და მეორე ინტეგრაციის ხარისხი: რამდენად არიან ქურთები ინტეგრირებულები თურქეთის საზოგადოებაში. თუ გავითვალისწინებთ ქურთების როლს თურქეთის საზოგადოების ყველა ფენაში, ეს სამოქალაქო ომს ნიშნავს და არავინ იცის, რით დამთავრდება სამოქალაქო ომი. ძალიან ბევრი ქურთია პოლიციაში, არმიაში... თუ აფეთქდება ქურთული ნაციონალიზმი, შედეგი რთულად განსაჭვრეტია. თურქეთი დიდი პრობლემის წინაშეა და მისი მშვიდობიანი მოგვარებისთვის ნაბიჯები თავის დროზე გადადგა ერდოღანმა. მან მიაღწია შეთახმებას ოჯალანთან, რის უკან იკვეთებოდა ერთობლივ ქურთულ-თურქული სახელმწიფოს შექმნა. იმაზეც კი იყო ლაპარაკი, რომ სახელმწიფოს დასახელება შეეცვალათ, მაგრამ სირიაში განვითარებულმა პროცესებმა ერდოღანის მშვიდობიანი გეგმა მოშალა და მას ახალი გადაწყვეტილების მიღება მოუწია. ის დღეს არის სიტუაციაში, როდესაც მის მტერ ქურთებს მხარს უჭერენ ამერიკელები და მან ვითარების დაბალანსება უნდა მოახერხოს. პრობლემა მნიშვნელოვანია, მას სერიოზული რეაგირება სჭირდება და ამას ემატება ერდოღანის პიროვნება, რომელიც პოლიტიკურად ტემპერამენტიანი კაცია, რაც დღევანდელ პოლიტიკაში იშვიათობაა. ამიტომ მას უწევს თამაში ირანს, რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის – საკმაოდ რთული პარტიაა და მიმაჩნია, ართმევს თავს თავის უმთავრეს ამოცანას, ქურთული ნაციონალიზმი რომ არ აფეთქდეს და ამან საბოლოოდ არ დაღუპოს თურქეთი, თუმცა რამდენ ხანს შესძლებს ამ ვითარების შენარჩუნებას, ძნელი სათქმელია.
განცხადება, რომ უნდათ რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების შეძენა, პირველი არ არის, მაგრამ აქამდე ამას რამე რეალური შედეგი არ მოჰყოლია. ვვარაუდობ, ერდოღანს უნდა, რომ უფრო მაღლა ასწიოს თავისი ფასი და მიაღწიოს გარკვეულ პრეფერენციებს იმავე ქურთებთან მიმართებაში სირიაში.
– ყველაზე საინტერესო ისაა, ჩვენთვის რა იცვლება რუსეთ-თურქეთ-„ნატოს“ ამ ახალი კონფიგურაციით?
– ჩვენ გვმართებს უდიდესი სიფრთხილე და მზაობა. თუ უმოქმედობას შეიძლება, სიფრთხილე ეწოდოს, ამ გაგებით, სიფრთხილე არ გვაკლია, მზაობის მხრივ კი, ძალიან რთული მდგომარეობა გვაქვს. საჭიროა გონივრული და მოქნილი დიპლომატია – ამ მეჩეჩებიან ზღვაში ისე გაცურვა, რომ კლდეს არ შეეხო, მაგრამ, მეორე მხრივ, საჭიროა თავდაცვისუნარიანობის სერიოზულად გაზრდა, რაც დღეს ძალიან საეჭვოა.
– კონკრეტულად რა საფრთხეების წინაშე გვაყენებს რუსეთ-თურქეთის დაახლოება და თურქეთ-აშშ-ს დაპირისპირება?
– საფრთხეების მთელი კომპლექსია. თუნდაც, ის, რომ ჩვენ დიდად ვართ დამოკიდებული თურქულ ტრანზიტზე და თურქეთთან ნებისმიერი პრობლემა მაშინვე გააუარესებს ჩვენთან მომარაგებას.
– უშუალოდ თურქულ პროდუქციაზე კი არ ვლაპარაკობთ, არამედ იმაზე, რასაც ვიღებთ ზღვით, თურქული სრუტეების გავლით.
– დიახ, ლაპარაკია თურქულ ტრანზიტზე, რაც თურქეთის ტერიტორიიდან შემოდის, ანუ ყველაზე მარტივი მაგალითი ავიღოთ და წარმოვიდგინოთ, რომ რაღაც პერიოდის განმავლობაში თურქეთმა ვერ შესძლოს ამ ტრანზიტის ჩვენთვის უზრუნველყოფა, ძალიან მძიმე მდგომარეობაში აღმოვჩნდებით. ალტერნატივები, ფაქტობრივად, არ გვაქვს.
– შავი ზღვის საპირისპირო სანაპიროდან არ შეიძლება სატრანზიტო ტვირთების მიღება?
– მაშინ ეს მარშრუტები დალაგებული უნდა გქონდეს, უნდა ემზადებოდე ამისთვის, იმ ტრანზიტის რაღაც წილი შავ ზღვაში უნდა გადაისროლო, რომ, თუ თურქეთში ასეთი უბედურება მოხდა, ნაკლები დარტყმა მივიღოთ.
რუსეთთან მიმართებაში ჩვენი საზოგადოება საერთოდ მოშლილია. ის საქართველოს წინააღმდეგ ჰიბრიდულ ომს აწარმოებს. ჩვენ არანაირ საწინააღმდეგო ღონისძიებას არ ვატარებთ და მათ უკვე მიაღწიეს  შედეგს: ქართული საზოგადოება დარღვეულია, ერთიანობა არ არსებობს. ნებისმიერი საკამათო თემა დაპირისპირების საგანი ხდება, ნებისმიერი დაპირისპირება ისეა გამწვავებული, რომ შეიძლება, მწვავე წინააღმდეგობებში გადაიზარდოს. ასე რომ, ამ მხრივაც, ძალიან სუსტად ვართ. თუ ვინმე რუსეთის ისტორიას სერიოზული თვალით გადახედავს, დაინახავს, რომ რუსეთს არავინ დაუპყრია იარაღის ძალით. ის მთელი თავისი ისტორიის განმავლობაში, ყაზანის სახანოს აღებიდან დაწყებული, აწარმოებს ჰიბრიდულ ომებს და ყველა ტერიტორიული შენაძენი ჰიბრიდული ომით აქვს მიღებული და თუ საქართველოს სიტუაციას შევადარებთ, თუნდაც, მეთხუთმეტე-მეთექვსმეტე საუკუნეებში ასტრახანის სახანოსას, დავინახავთ, რომ ძალიან არასახარბიელო მდგომარეობაში ვიმყოფებით.
– ბევრი მსგავსებაა?
– დიახ, რუსეთი იქ აბსოლუტურად იმავეს აკეთებდა, რასაც დღეს აქ აკეთებს. თვითონ ასტრახანის სახანოს საზოგადოება იყო დაშლილი: ელიტა ეომებოდა ერთმანეთს, ბოლოს, ტახტზე აიყვანეს რუსეთის „სტავლენნიკი“, რომ ამითი გაეჩერებინათ რუსეთი, მაგრამ მან საერთოდ დააქცია ქვეყანა და რუსები რომ მოვიდნენ, ისე ჩაჰბარდნენ მათ, ომიც კი არ ჰქონიათ. დღეს ჩვენ ამ მეთოდს ჰიბრიდული ომი დავარქვით. ამდენად, რუსეთს ასეთი ომის საუკუნეების გამოცდილება აქვს.
– ვთქვათ და, დავალაგეთ ალტერნატიული ტრანზიტი, მაგრამ ეს ხომ ფასების ზრდას გამოიწვევს?
– აუცილებლად უნდა მოიძებნოს რაღაც ალტერნატივები. ჯერჯერობით პრობლემა ასე სერიოზულადაც არ დგას.
– საქმე აქამდე რომ მივიდეს, ეს ხომ ნიშნავს, რომ შავი ზღვა, როგორც ნოდარ ნათაძე უწოდებს ხოლმე, რუსეთ-თურქეთის ტბა გახდება, ჩვენი ზღვაზე გასასვლელი აზრს დაკარგავს და ჩიხად ვიქცევით?
– შავი ზღვა ძალიან დიდი ხნის განმავლობაში იყო რუსეთ-თურქეთის ტბა და დღეს ნელ-ნელა ეს მდგომარეობა მთავრდება. იმავე რუსეთის მიერ ყირიმის აღება სწორედ ამ შიშითაა გამოწვეული, რომ შავი ზღვის გატბებას ბოლო ეღება.
– თუკი თურქეთი ორჭოფობს და ჩვენ გვახსოვს, რომ თურქეთმა სრუტეებში დააყოვნა „ნატოს“ სამხედრო გემები, როდესაც მათ შორის არანაირი წინააღმდეგობა არ იყო, გამორიცხული არ არის, რაც ერთხელ მოხდა, შესაძლოა, განმეორდეს.
– ეს შეფერხება იმას ნიშნავდა, რომ თურქეთს თავისი ხედვა აქვს.
– ის, რომ სამხრეთ კავკასიაში რამდენიმე ქვეყანას აქვს ინტერესი, ეს უნებლიეთ ხომ აბალანსებს ჩვენს უსაფრთხოებას?
– მე სხვანაირად ვიტყვი, ჰაერში გამოკიდებული მდგომარეობაა და „უსაფრთხოებაც“ ამაზეა დამოკიდებული. ამას საერთაშორისო ურთიერთობების ისტორიაში წინააღმდეგობების კვანძი ჰქვია, ანუ ჯერჯერობით ვერ ჩამოვყალიბდით ქვეყნად, რომლის ბლოკური კუთვნილება ან ძალის ცენტრისადმი კუთვნილება ბოლომდე გარკვეული იქნებოდა. ჩვენ კი გვინდა ევროკავშირი, მაგრამ არ ჩანს, რომ ევროპას ვეკუთვნით.
– თუ გამოიკვეთება თურქეთი, როგორც ძლიერი მოვაჭრე, ეს  ნიშნავს, რომ ჩვენზე თურქული გავლენა გაძლიერდება?
– ამ წუთას თურქეთი ისეთ საქმეებშია გახლართული, ნაკლებადაა მოსალოდნელი, დამატებით რამე მოახერხოს. მაგრამ ცხადია, რომ შეეცდება, გაზარდოს ჩვენზე გავლენა, რადგან თავი მოაქვს რეგიონის ლიდერად და ამიტომ აუცილებლად სჭირდება გავლენა ჰქონდეს ისეთ ქვეყანაზე, როგორიც საქართველოა.
скачать dle 11.3