№14 ერთი გასროლა ორ მიზანში
მულო, შენ გეუბნები და რძალო, გაიგონეო
2018 წელს თურქეთის პრეზიდენტმა და, ფაქტობრივად, უგვირგვინო სულთანმა აია სოფიას ტაძარში ყურანიდან ციტატები წაიკითხა, რითაც პატივი მიაგო კონსტანტინოპოლის დამპყრობლებს, რომლებმაც თურქ ხალხს ეს დიდებული ტაძარი დაუტოვეს, რაც, ცხადია, ბერძნებმა გააპროტესტეს (მსგავსი საუბრები ტაძრის კედლებს არ უხდებაო).
თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ბ-ნ ერდოღანს უფრო შორსმიმავალი ზრახვები ჰქონია და რაკი ჰქონია, გასულ კვირას შევიტყვეთ, რომ ის აია სოფიას მეჩეთად გადაკეთებას გეგმავს, ნუ იტყვით და, იმ მიზეზით, რომ მისი მონახულება ნებისმიერი აღმსარებლობის ადამიანმა უფასოდ შეძლოს (თითქოს მუზეუმში შესვლისთვის ბილეთების გაუქმება ტაძრის მეჩეთად გადაკეთებაზე რთული იყოს, თუ, რასაკვირველია, გული გულობს).
შეგახსენებთ, რომ აია სოფია ათასწლეულის განმავლობაში უდიდესი მართლმადიდებელი ტაძარი იყო, მაგრამ კონსტანტინოპოლის დაცემის შემდეგ ის მეჩეთად გადაკეთდა, ოღონდ 1934 წელს თანამედროვე თურქული სახელმწიფოს დამფუძნებლის, ათა თურქის დეკრეტის თანახმად, მუზეუმად გადაკეთდა და „იუნესკოს“ მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაშიც ჩაეწერა.
გავრცელებული ინფორმაციით, თურქი ლიდერის (რომელიც თურქეთს ათა-თურქის ვერსიისგან განსხავებულ ისტორიას უწერს) ეს გადაწყვეტილება პასუხია აშშ-ს მიერ გოლანის მაღლობის ისრაელის კუთვნილებად აღიარებაზე.
თუმცა, თუ ლოგიკურად ვიმსჯელებთ, რადგან, წესითა და რიგით, აშშ-სა და ევროკავშირს ნაკლებად უნდა ანაღვლებდეთ აია სოფიას ბედი (იმიტომ რომ მართლმადიდებლობის ცენტრი იყო) და იქვე გავიხსენებთ, რომ ბიზანტიის მემკვიდრედ თავი რფ-ს მოაქვს, პრ. პუტინს კი – მიწების შემგროვებლად და კონსტანტინოპოლის მხსნელად, კიდევ საკითხავია, ვის ესროლა ერდოღანმა თეთრი ხელთათმანი?!