№14 უკუდო ამპარტავნება
ანუ ხომ ლამაზია ეს ნურსულთანი, მაგრამ მე უფრო ლამაზი მინდა!
რაკი კვლავ არ ცხრება ქილიკი თემაზე, თუ რაოდენ ჩამორჩენილია ყაზახეთი (რა თქმა უნდა, იმიტომ რომ დედაქალაქს ნურსულთანი დაარქვეს), რის გამოც ისევ ზემოდან ვუცქერთ (ცხადია, როგორც, თუნდაც, ნაშუქურალს შეეფერება), ციფრები საწინააღმდეგოს ღაღადებს, კერძოდ, კი იმას, რომ, წესითა და რიგით, გამარჯობის თქმასაც უნდა გვამადლიდნენ, იმიტომ რომ ეს თხასავით ჯიუტი ციფრები ნაცარტუტად აქცევს მთელ ჩვენებურ რეფორმებსა და პარტნიორების მიერ მოძღვნილ დითირამბებს.
კერძოდ, ეკონომიკის ექსპერტ იოსებ არჩვაძის დათვლით: სსრკ-ს დაშლის, ანუ ყაზახეთისა და საქართველოს დამოუკიდებლობის პირველი დღეების შემდეგ დღემდე ყაზახეთის მოსახლეობა 1,7 მილიონი ადამიანით გაიზარდა, მაშინ, როდესაც ქვეყანა დატოვა 3-მა მილიონმა ეთნიკურმა რუსმა და მილიონ-ნახევარმა სხვა ეროვნების ადამიანმა. ამასთან, 1990 წლიდან მოყოლებული, ყაზახეთის მოსახლეობამ 6.535 მილიონიდან 12.250 მილიონამდე იბარტყა.
ამის პარალელურად კი, საქართველოში ქართველების რაოდენობა 700 ათასით (ესე იგი, ერთი მეექვსედით) შემცირდა და, თუკი 1990 წელს საქართველოს მოსახლეობა ყაზახეთის მოსახლეობის მესამედს შეადგენდა, აწ უკვე მხოლოდ 20 პროცენტია.
უფრო მეტიც, თუკი 1990 წელს საქართველოს მთლიანი შიგა პროდუქტი ყაზახეთის იმავე მაჩვენებლის 25.4 პროცენტი იყო, ამჟამად, სულ რაღაც, 8.5 პროცენტია.
და იმის მიუხედავადაც, რომ კუდი მაინც ყავარზე გვაქვს გადებული, ფაქტი ფაქტად რჩება – ნურსულთანები (ნაპრეზიდენტალიც და დედაქალაქიც) ჯიბეში ჩაგვისვამენ.