№14 უუნარო ოკუპანტები
ანუ სასიამოვნო ნიუანსი
მას შემდეგ, რაც ბოლო 10-15 წელია, ქართველი მოსწავლეები (თანაც – ყველა ასაკობრივ ჯგუფში) საერთაშორისო საგანმანათლებლო კვლევებით, ბოლო ადგილებს იკავებენ წაკითხულის გააზრებაში, საბუნებისმეტყველო საგნებსა და მათემატიკაში, ცხადია, რომ გულში სევდა გვაქვს ჩაგუბებული. თან – იმის გათვალისწინებითაც, რომ რუსი მოსწავლეები ყოველთვის გვარიანად გვისწრებენ (თავიანთი მიღწევებით).
მაგრამ საკუთრივ რუსული კვლევებით გაირკვა, რომ, მაგალითად, რუსი მოსწავლეების ნახევარი ვერ ითვისებს სასკოლო მასალას მათემატიკაში.
კერძოდ, ეს პრობლემა ერთ-ერთი ოლიმპიადის ელექტრონული ბაზის ანალიზისას გამოვლინდა, როდესაც გააანალიზეს რუსეთის 62 რეგიონის მეხუთე-მეცხრე კლასების მოსწავლეთა, დაახლოებით, 300 000 დავალება. ექსპერტების განმარტებით, ასეთი ანალიზი უფრო სანდოა, ვიდრე სახელმწიფო გამოცდების შედეგები.
თუმცა მთავარ პრობლემად მშობლების შვილებისადმი უყურადღებობა დასახელდა (აბა, თავის თავს ხომ არ დააბრალებდა სახელმწიფო ამ ამბავს?!).
მართალია, რთული სათქმელია, უუნარო მტერი სჯობს თუ უნარიანი, გაუნათლებელი თუ განათლებული და თითქოს რა გვაქვს სხვაზე სალაპარაკო, როდესაც სახელდობრ, ჩვენი მდგომარეობაც მძიმეა (განათლების მხრივ), მაგრამ, თუ გულზე ხელს დავიდებთ, მაინც სასიამოვნო ნიუანსია.