კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№14 ნინო მუსერიძე – მარადისობის შენარჩუნების სურვილით, ახალი სიცოცხლისათვის!

ნინო კანდელაკი ნინო კანდელაკი


მარადისობის შენარჩუნების სურვილით, ახალი სიცოცხლისათვის – ექიმი-ემბრიოლოგი, ჰისტომორფოლოგი, კოტე მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრის  ინ ვიტრო განაყოფიერების დეპარტამენტის  ხელმძღვანელი, მედიცინის  დოქტორი  ნინო მუსერიძე ორი ათეული წელია, სამედიცინო სფეროს უმნიშვნელოვანეს დარგს ემსახურება.  მისი დახმარებით არაერთმა ოჯახმა განიცადა შვილის დაბადებით გამოწვეული სიხარული. ქალბატონი ნინო მუდმივად ცდილობს, საკუთარი თავი ახალი მიმართულებით აღმოაჩინოს და თავისი შესაძლებლობები უფრო მეტ სასიკეთო საქმეს მოახმაროს. რამდენიმე თვის წინ მისი ინიციატივით შეიქმნა ფონდი „შენთვის“, რომელიც უშვილო წყვილებს უფინანსებს სამედიცინო სერვისებს დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიების გამოყენებით.
ნინო მუსერიძე: ამ სამყაროში ყველაზე ღირებული, ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანია – თავისი ემოციებით, განცდებით, ამოუხსნელი და საინტერესო ბუნებით. ადამიანის ჯანმრთელობაზე, მის გამრავლებაზე ზრუნვა კი უმთავრესი მისიაა. ექიმის პროფესია ადამიანის მიმართ განსაკუთრებული თანაგრძნობისა და სიყვარულის გამო ავირჩიე, კათედრაზე, ბატონ გია ბურკაძესთან ზუსტად იმ პერიოდში მოვხვდი, როცა დაინერგა პაპ ტესტი – საშვილოსნოს ყელის დაზიანების ადრეული გამოვლინება და პრაქტიკულად, იქ ვიპოვე საკუთარი თავი. გადავწყვიტე, ჩემი ცოდნა სხვადასხვა კლინიკებისთვის შემეთავაზებინა. მხოლოდ „ჟორდანიას სახელობის ინსტიტუტმა“ გამოთქვა ინტერესი და პრინციპში, ეს იყო პირველი სკრინინგული ლაბორატორია საქართველოში, რომელიც კლინიკის ბაზაზე ფუნქციონირებდა. დავიწყეთ ყველა პაციენტის გამოკვლევა გინეკოლოგიურ ასპექტში და უამრავი ადრეული პათოლოგია გამოვავლინეთ. ბატონ არჩილ ხომასურიძის მხარდაჭერით, ძალიან კარგი კვალიფიკაცია გავიარე კანადისა და ისრაელის კლინიკებში. სწორედ ამ ეტაპზე დავინტერესდი ადამიანის
რეპროდუქციული უნარებით და გადავწყვიტე ჩემი პროფესიული ზრდაც ამ მიმართულებით გამეგრძელებინა.
– როგორ გაჩნდა ფონდი „შენთვის“ შექმნის იდეა  და რა შედეგები გაქვთ დღეის მდგომარეობით?
– ქვეყანაში მოსახლეობის კლების კუთხით საგანგაშო მდგომარეობაა. სახელმწიფო ვალდებულია, შეიმუშაოს და განახორციელოს განსაკუთრებული დემოგრაფიული პოლიტიკა,  რათა თავი დავაღწიოთ მოსალოდნელ დემოგრაფიულ კატასტროფას. წლების განმავლობაში ბევრ ადამიანს შევხვდი,
რომლებსაც ინ ვიტრო განაყოფიერება სჭირდებათ და ამ სამედიცინო სერვისის მიღებას ფინანსური პრობლემების გამო ვერ ახერხებენ. ფონდის „შენთვის“ 
შექმნის იდეაც აქედან წამოვიდა. ჩვენი ფონდი ჯერ მხოლოდ 6 თვისაა და ამ ხნის განმავლობაში უკვე 34 წყვილს დავეხმარეთ, ჩვენი პირველი ორსული დაახლოებით 22 კვირისაა. ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ რაც შეიძლება, მეტ ქალბატონს მივცეთ შანსი, გახდეს დედა.   ფონდი აფინანსებს მცირებიუჯეტიან და სოციალურად დაუცველ ოჯახებს, ზუსტად იმ ადამიანებს, ვისაც ნამდვილად სჭირდება დახმარება და აქვს შანსი, გახდეს მშობელი
დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიების გამოყენებით.
ჩვენ პირველი ნაბიჯები გადავდგით და სახელმწიფოს, საზოგადოების თანადგომის შემთხვევაში, კიდევ უფრო მეტად გავძლიერდებით და გაცილებით მეტი ოჯახის დახმარებას შევძლებთ.
– როგორც ვიცი, უცხოელი კოლეგების მხარდაჭერაც გაქვთ.
– აქტიურად ვთანამშრომლობთ უცხოელ კოლეგებთან. იმისათვის, რომ ჩვენმა პაციენტებმა საქართველოდან გაუსვლელად, ზედმეტი ხარჯების გარეშე ჩაიტარონ მკურნალობა, 8-9 მარტს მარდალეიშვილის კლინიკაში ჩამოვიდა ამერიკის უნივერსიტეტის რეზიდენტი, ინ ვიტრო განაყოფიერების ერთ-ერთი ფუძემდებელი ისრაელში – პროფესორი ფელდბერგი.  ვფიქრობ, ეს ძალიან კარგი შანსია იმ ადამიანებისთვის, ვინც ბევრჯერ სცადა, თვლის, რომ აქ არ გამოუვიდა, მაგრამ უცხოეთში აუცილებლად გამოუვა. კონსულტაციების შედეგად დაიგეგმა მკურნალობა, თითოეულ პაციენტს ინდივიდუალურად მიუდგებიან და ყველა პროცედურას პროფესორი ფელდბერგი თავად ჩაატარებს.  
– უცხოელ პაციენტებთანაც მუშაობთ?
– გვაქვს ძალიან კარგი პროგრამები, რომლის ფარგლებში უცხოელ პაციენტებთანაც ვმუშაობთ. ვთანამშრომლობთ ექიმებთან ისეთ ქვეყნებში, სადაც მათი კანონმდებლობა არ აძლევთ სუროგაცია-დონაციის ჩატარების საშუალებას და უნდათ, რომ თავიანთი პაციენტების ბედი დადებითად გადაწყდეს – ოჯახს
ჰყავდეს შვილი. დონაცია-სუროგაციის მიზნით ჩვენი პარტნიორი კლინიკები პაციენტებს ჩვენთან აგზავნიან.
– მუდმივად ახლის ძიებისა და განვითარების პროცესში ხართ, ცდილობთ, მოიცვათ ყველა ის მიმართულება, სადაც ქართველ ხალხს უჭირს და თქვენი წვლილი შეიტანოთ მათ მათ დასახმარებლად. ამჟამად კიდევ რითი ხართ დაკავებული?
– ვფიქრობ, მნიშვნელოვანია რეგულაციები ლაბორატორიებში, რაც შესამჩნევად იმოქმედებს ხარისხის ზრდასა და საბოლოო შედეგზე. აქედან გამომდინარე, ამ მიმართულებითაც ვაპირებ გააქტიურებას და კიდევ ერთ კარგ საქმეში  ჩემი წვლილის შეტანას. უკვე გავიარე კავკასიის ბიზნესსკოლაში მენეჯმენტის კურსები და იმედი მაქვს, კიდევ უფრო ბევრ ადამიანს დავეხმარები სწორი და  სასურველი შედეგის მიღებაში.
– პირველი პაციენტი გახსოვთ?
– რა თქმა უნდა. ეს იყო აზერბაიჯანელი გოგონა, ვინც ჩემს პრაქტიკაში პირველი ინ ვიტრო განაყოფიერება გაიკეთა და მახსოვს, როდესაც ემბრიონი მივიღე, ვტიროდი. რასაკვირველია, მახსოვს პირველი ბავშვის გაჩენაც.  ეს იყო საოცარი ემოცია, რომლის დავიწყება და რამესთან შედარება წარმოუდგენელია. არიან პაციენტები, რომლებისთვისაც ოჯახის წევრი ვარ, თვალს ვადევნებ, როგორ იზრდებიან ჩვენი ბავშვები და მათი წარმატება მშობლებივით მახარებს.
– რატომ მალავს ქალბატონების გარკვეული  ნაწილი, რომ ინ ვიტრო განაყოფიერების შედეგად გახდა დედა?
– ვფიქრობ, ეს ამ ქალბატონების კი არა იმ საზოგადოების პრობლემაა, რომელიც ამ მეთოდით გაჩენილ ბავშვებს ჩვეულებრივად ვერ აღიქვამს. მნიშვნელოვანია, საზოგადოებამ გაიაზროს, რომ ეს მკურნალობის ჩვეულებრივი მეთოდია. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ იმ სასწაულის მოზიარენი ვართ, რასაც უფალი ახდენს, ჩვენ მცირე თანამონაწილეობას ვიღებთ. მე ვფიქრობ, ყველა ადამიანი უფლის  ნებით იბადება.
აქვე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველამ იცოდეს, არც ერთი ემბრიონი არასდროს ნადგურდება. წარმოიდგინეთ, დედის სურვილით და ჩვენი დახმარებით,
სულ ახლახან მოხდა დედის ორგანიზმში შვიდი წლის წინ გაყინული ემბრიონის გადატანა, რის შედეგადაც კიდევ ერთი სიცოცხლე მივიღეთ.
– თავად რა ასაკში გახდით დედა?
– ადრე გავთხოვდი, პატარა პრობლემები გვქონდა და დედა ოთხი წლის დაგვიანებით გავხდი, ამიტომ ძალიან კარგად ვიცი, რა შეგრძნებაა, როცა გარკვეული პერიოდის განმავლობაში არ გყავს შვილი. ამ დროს ძალიან დიდ როლს თამაშობს ფსიქოლოგიური მომენტიც – ყველა ეჭვის თვალით გიყურებს, უამრავ კითხვას გისვამენ და ასე შემდეგ. როდესაც დავორსულდი, საქართელოში არ ვიყავით,  იქ ყველას უკვირდა: ჯერ მხოლოდ  23 წლის ხარ და გინდა ამ ასაკში შვილი? ცხოვრებით უნდა დატკბე და არ ინერვიულო იმაზე, შვილი აუცილებლად დღეს გეყოლება თუ არაო.  ახლა ჩემი გოგონა 20 წლისაა და  სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტია.
– პაციენტებთან განსაკუთრებული დამოკიდებულებით გამოირჩევით, მრჩება შთაბეჭდილება, რომ თითოეული მათგანის მდგომარეობას ძალიან განიცდით.
– ზოგადად, ძალიან ემოციური ვარ და არ მესმის, როგორ შეიძლება, პაციენტი ჩემთვის მხოლოდ ისტორია იყოს. ხშირად რიგში დგომით გაღიზიანებული პაციენტები უკმაყოფილებას გამოთქვამენ ხოლმე, რასაც გაგებით ვეკიდები, ვიცი, რომ მათ, ყველას, საკუთარი პრობლემა აქვთ და არ შეიძლება, ექიმმა ეს გულთან არ მიიტანოს. გამორიცხულია, აგრესიას აგრესიით ვუპასუხო. თითოეული მათგანის პრობლემას საკუთარივით განვიცდი. ვერ წარმოიდგენთ, როგორ მიჭირს პაციენტისთვის იმის თქმა, რომ მას მძიმე დაავადება აქვს, მაგრამ ყველანაირად ვცდილობ, ამისთვის საუკეთესო ფორმა გამოვნახო. ვფიქრობ, ექიმობა ყველაზე ჰუმანური პროფესიაა. სხვების ინტერესებზე ვარ ორიენტირებული და ამას საკუთარ ინტერესებზე წინ ვაყენებ.  მე ეს მანიჭებს სიამოვნებას და ესაა ჩემთვის ადრენალინი.
P.S. მინდა, ყველა ქალს ჰქონდეს შანსი, რომ გახდეს დედა, სულ ერთია, ჩვენს კლინიკაში მოხდება ეს, ჩვენი ფონდის  დახმარებით თუ ნებისმიერი სხვა საშუალებით.  
скачать dle 11.3