№13 როდის ცდილობდნენ სოფი გოგებაშვილისა და ნიკა ცქიტიშვილის ოჯახში მესამე პირები ჩარევას და რაზე დათანხმდა სოფი მეუღლეს
კალათბურთელ ნიკა ცქიტიშვილის მეუღლე - სოფი გოგებაშვილი მოდის სფეროში ჩაერთო და განსხვავებული საბავშვო ბრენდი, „მიშელი“ შექმნა, რომელიც გოგონების სადღესასწაულო და ყოველდღიურ სამოსს აწარმოებს. დიზაინის შექმნაში ნიკაც და მათი ორი გოგონაც აქტიურად არიან ჩართულები. როგორ შექმნეს „მიშელი“ და როგორია ნიკა ცქიტიშვილისა და სოფი გოგებაშვილის ოჯახური ცხოვრება, სოფი გვესაუბრა:
სოფი გოგებაშვილი: ბრენდის ჩამოყალიბების იდეა არც ისე ახალია, მაგრამ განხორციელება გასული წლის გაზაფხულზე დავიწყეთ. იმდენად სწრაფად მოხდა ამ ჩვენი იდეის განხორციელება, რომ პირველი სტენდი უკვე დეკემბერში გაიხსნა. თავიდან ონლაინ-მაღაზია იყო, მაგრამ იმდენად დიდი მოთხოვნა წამოვიდა, რომ გადავწყვიტეთ, რომ ვიზუალურად შესახედიც ყოფილიყო. სამოსი ჩემი გემოვნებით იქმნება, მაგრამ არიან ადამიანები, რომლებიც ამის დახვეწაში მეხმარებიან. ერთ-ერთია დედაჩემი, რომელიც მინანქრის ოსტატია, ხატვასთან ძალიან ახლოს არის. მისი გემოვნებითაა შექმნილი ყველა დეკორაცია კაბაზე თუ პალტოზე. ყველაფერი ხელით არის ნამუშევარი, ამიტომ განსაკუთრებულად მიმზიდველია უცხოელებისთვის. ისინი ძალიან აფასებენ ხელით ნამუშევარს და ამიტომ ძალიან ბევრი უცხოელი მომხმარებელი გვყავს. სადღესასწაულო, ფუშფუშა კაბები გვაქვს. საქართველოში ასეთი სამოსი არ იწარმოებოდა და ჩვენი „მიშელი“ ამით არის გამორჩეული. ხალხი რომ ყიდულობს, გვირეკავს, გვეუბნებიან, თქვენი კაბები ცნობილია, როგორც სადღესასწაულოო და ძალიან მიხარია, რომ ყოველდღიურ სამოსთან არ გვაიგივებენ, მიუხედავად იმისა, რომ ყოველდღიური სამოსიც გვაქვს, თუმცა, უფრო – კაბები და მანტოები.
– სახელი „მიშელი“ საიდან წამოვიდა?
– აუცილებლად ქართული სახელი გვინდოდა. მთელი ოჯახი ერთ აზრზე ჩამოვყალიბდით, რადგან ეს იდეა ჩემი შვილებისგან წამოვიდა. სამი შვილი გვყავს – ორი უფროსი გოგონა და უმცროსი ბიჭი. ამ ბრენდის შექმნის იდეაც ბავშვებისგან იყო. ჩვენს ოჯახში სულ გოგონების ჩაცმაზე იყო აქცენტირება – რა
სჭირდებათ, რა უნდა ჩაიცვან და ნელ-ნელა გავერკვიეთ. უკვე ვიცოდი, ვისაც გოგო ჰყავს, რა პრობლემის წინაშე დგანან – მიუხედავად იმისა, რომ სასკოლო ფორმა აცვიათ, ყოველდღე სჭირდებათ შესაბამისი სეზონის სამოსი. გადავწყვიტეთ, გაგვეკეთებინა ჩვენი საკუთარი ხაზი. „მიშელი“ კი ბავშვების სახელების ინიციალებისგან შევადგინეთ – მიშო, ელენი და ელისაბედი.
– ნიკა რამდენად არის ჩართული ამ საქმეში?
– ეს ჩემი მეუღლის იდეაც იყო. მისგან დიდი მხარდაჭერა მაქვს, თუნდაც, ფინანსურად, მოტივაციას მაძლევს. ახლა ბეირუთში არის და ამ დისტანციის მიუხედავად, მაინც აქტუალურად არის ჩართული, რჩევებს მაძლევს. ძალიან გემოვნებიანია, მე ნიკას გემოვნება მომწონს და მაქსიმალურად ვითვალისწინებ მის რჩევებს, ძალიან გონივრულ მარკეტინგულ გათვლებს, რომლებიც ძალიან მადგება. ნიკას და, ნინო იყო ერთ-ერთი პირველი, ვისაც ამ ბრენდის იდეა
გავუზიარე და ისე დადებითად განეწყო, რომ ესეც
ჩემი მოტივაცია იყო. მითხრა, არ დანებდე, ბოლომდე მიყევიო. ძალიან კარგ რჩვებს მაძლევს, მეხმარება. ნიკას ოჯახი მთლიანად ჩემი ოჯახია, ნიკას და ნინო, იგივე ჩემი დაა. ძალიან გამიმართლა, რომ ასეთი ადამიანია ნინო. ჩვენს მოსაზრებებს ერთმანეთს ვუზიარებთ და ჩვენი ურთიერთობა, უკვე მეგობრობაზე მეტია. თაკოსთან პრობლემა ის არის, რომ სულ უცხოეთშია და იშვიათად ვნახულობ.
– სამ შვილთან ერთად როგორ ასწრებ ყველაფერს?
– ჩემი მოტივაცია ბავშვებია, არაფერს ვაჭარბებ. ძალიან ხშირად სახლში ასეთ აქტივობებს ვატარებთ: ვახატვინებ, როგორი კაბები უნდათ. ამას მერე ჩვენ ვამუშავებთ და, ასე რომ, ბევრი კაბა მათი გემოვნებით იქმნება. ძალიან უხარიათ. ფოტოსესიებში, ლუქბუქების გაკეთებაში მონაწილეობენ. ძალიან მეხმარებიან ჩემი ოჯახის წევრები. ასევე მყავს დამხმარე ადამიანი, ასე ერთობლივად ყველაფერს ვახერხებთ.
– ნიკა როგორი მამაა?
– ნიკას არ უყვარს, რომ ვაქებ, მაგრამ როგორც პიროვნება არის არჩვეულებრივი, ისეთივე მამა და არაჩვეულებრივი მეუღლეა. მესამე შვილმა სულ გადარია. ბავშვების გარეშე ვერ ძლებს და ახლაც მყავდა ჩაყვანილი. ძალიან ხშირად ვსტუმრობთ. ჩვენ ძირითადად საქართველოში ვართ, მაგრამ ორ თვეში ერთხელ ორკვირიანი ვიზიტით ჩავდივართ ბავშვებით.
– ბიჭის მამობა, ალბათ, ძალიან მნიშვენლოვანია ნიკასთვის...
– ბიჭი ძალიან გვინდოდა, მით უმეტეს, ორი გოგოს მერე. თან, სპორტსმენს ყოველთვის უნდა, რომ თავისი კარიერა, შეცდომები, წარმატებები თავის შთამომავალში გადაიტანოს და ნიკას ძალიან უნდოდა გაეზიარებინა თავის შვილისთვის. ბიჭის დაბადების დღე ჩვენს ცხოვრებაში უბედნიერესი იყო, თან, ხარებას დაიბადა და იმდენად ბედნიერები ვიყავით ყველა, ჩვენს სახლში მართლა ხარება იყო. მიშოც ძალიან უპრობლემო, უკონფლიქტო, თბილი ბავშვია
და ამან ორმაგად გაგვახარა და გაგვაბედნიერა. ნიკა აქ იყო, მშობიარობას დაესწრო, თავისი თვალით უყურა ვაჟბატონის დაბადებას. ნიკა ორი ბავშვის დაბადებას დაესწრო. პირველ შვილზე საქართველოში არ იყო.
– სპორტსმენის ცოლობა რთული არ არის?
– ჩემი და ნიკას ინტერესები ძალიან ბევრ რამეში ემთხვევა და ალბათ, ეს არის ჩვენი ხელშემწყობი ერთ-ერთი ფაქტორი. რაც მე მაინტერესებს, ნიკასაც ის აინტერესებს და ასე ვაბალანსებთ ერთმანეთს. სპორტსმენის ცოლობა არ არის ადვილი, ბევრი ვერ ახერხებს ამ ბილიკის მიყოლას, მაგრამ ნიკას კარიერა ჩემთვის იმდენად მნიშვნელოვანია, რომ მე ამაზეც დავთანხმდი. მუდმივად ნიკასთან არ ვართ, მაგრამ პერიოდულად ვნახულობთ ხოლმე. ვფიქრობ, რომ ხელი უნდა შევუწყო. შორეულ წარსულში ვცეკვავდი, დიდი ხანი გავიდა, რაც ცეკვას თავი დავანებე, მაგრამ აქტიურ ცხოვრებას ვაგრძელებ. ყოველდღიურად ვვარჯიშობ. ჩემში იმდენად ზის ცეკვა, ვერ გავძლებ, რომ არ ვიცეკვო, ნიკამაც იცის ეს და სახლში, როცა თავისუფალი დრო გვაქვს, ტელევიზორთან და ინტერნეტთან ჯდომას, გვირჩევნია ვიცეკვოთ, ვივარჯიშოთ. ბავშვები ჩვენგან იღებენ მაგალითს და თვითონაც იგივეს აკეთებენ.
– სიურპრიზებს თუ გიწყობს?
– რომ გითხრათ, სიურპრიზების გაკეთება ძალიან უყვარს-მეთქი, არა. ამ მხრივ, აქტიური მე თვითონაც არ ვარ. ერთმანეთის მიმართ სითბოს ჩვენ უფრო ყოველდღიურობაში გამოვხატავთ და გვირჩევნია, ყოველი დღე იყოს სიურპრიზი, ვიდრე პერიოდულად. სიყვარულს თავშეკავებული გამოხატავს, სიტყვიერად არა, უფრო – თავისი ქცევით. საერთოდ, ყველანაირ ასპექტში თავშეკავებულია. მეც ასეთი ვარ. ბევრ ლაპარაკს და ბევრ პოსტს მირჩევნია, ურთიერთობაში გამოხატოს და მეც კმაყოფილი ვარ. როცა უცხოეთშია და მე თბილისში ვარ, მაშინ ახერხებს ხოლმე, სახლში მოულოდნელად ყვავილები გამოგზავნოს. ჩემთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია. როცა ერთად ვართ, ერთად საღამოს აუცილებლად ვმართავთ ვახშამს.
– დიდი ხანია, ერთად ხართ, როგორ ახერხებთ ასეთი ურთიერთობის შენარჩუნებას?
– წყვილს აუცილებლად უნდა ჰქონდეს ერთმანეთთან კომუნიკაცია. არაფერი დაუმალონ და ერთმანეთს ყველაფერი გაუზიარონ – პრობლემებიც, რჩევებიც... ჩვენთან პრობლემა არის, რომ წყვილები ერთმანეთს არ ესაუბრებიან, პირდაპირ ჩხუბზე გადადიან. მოსმენა უნდა შეეძლოთ. ძალიან კმაყოფილი ვარ, რომ
ჩვენს შემთხვევაში საუბარს ძალიან დიდი როლი აქვს. ნიკა ათი წლით არის ჩემზე უფროსი და ვფიქრობ, რომ ეს ძალიან კარგია. ყველაფერს ნიკასთან შეთანხმებით ვაკეთებ. თუ რამე პრობლემა გვაქვს, ისე ვაგვარებთ, რომ არ ვჩხუბობთ. სიმშვიდეა ჩვენს ცხოვრებაში და მე ვფიქრობ, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია.
– სიშორე როგორ მოქმედებს ურთიერთობაზე?
– ამ დროს უფრო დიდი მონატრებაა, მობეზრება არ ჰქვია, მაგრამ ამრავალფეროვნებს ურთიერთობას. უფრო საინტერესოს ხდის, ფლირტიც არის. ვიცი, რომ ასე შორს დიდხანს ვერ გავძლებ, მაგრამ მაინც მომწონს. ვიცი, რომ ეს დისტანციური ცხოვრება აპრილში მთავრდება და მერე მთელი ზაფხული ერთად ვიქნებით.
– სხვადასხვა ქვეყნებში ცხოვრობდით, სად გრძნობდი თავს ყველაზე კარგად?
– ყველაზე კარგად ლიბანში, ბეირუთთან ვიყავით. ძალიან დიდხანს ვცხოვრობდით იქ, დაახლოებით ოთხი წელი და მეორე ბავშვიც იქ შემეძინა. ბეირუთი ჩემთვის უკვე მეორე სახლია. ახლაც რომ ჩავდივარ, ჩემზე ბედნიერი არავინაა. ჩემთვის მისაღებია იმ ხალხის ცხოვრების სტილი. გახსნილები, პოზიტიურები, დადებითები არიან. ის მხარე, სადაც ვცხოვრობთ, ქრისტიანულია, ბევრი მონასტერია. ჩვენ მორწმუნე ოჯახი ვართ, გვიყვარს, ქრისტიანული, რელიგიური ადგილების მონახულება, სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, ბავშვები ქრისტიანულ სკოლაში შეგვეყვანა, „წმიდა გიორგის“ სკოლაში დადიან და ჩვენს ინტერესებზე იზრდებიან. მეორე ბავშვზე მშობიარობის პერიოდში ბეირუთში ვიყავი. აქ ბავშვი რომ ჩნდება და სამშობიაროში მთელი ნათესაობა მიდის, ასე არ იყო. იქ მყავდა მხოლოდ დედაჩემი და ნიკა. იმხელა მხარდაჭერა იყო ნიკასგან, რომ ეს საკმარისი აღმოჩნდა. ნიკა ბეირუთში ადგილობრივებზე წარმატებულია, ლიბანელები გიჟდებიან კალათბურთზე და ქუჩაში ნიკას ერთ გავლაზე, არ იცი, რა ხდება – სულ ფოტოების გადაღებაა. ვამბობდით, რომ ფოტო ფასიანია. ვერ ვირგებთ ხოლმე სეირნობას, სულ გვაყოვნებენ, მაგრამ მაინც სასიამოვნოა.
– ნიკა წარმატებული, სიმპათიური ბიჭია, ბევრი ფანიც ჰყავს, არ ეჭვიანობ?
– თავიდან, როცა ცოლად გავყევი, ყველაფერზე ვეჭვიანობდი. ნიკა ფიზიკურად, კარიერულად ცნობილი სახეა, ყველანაირად წარმატებულია. ბევრი მომენტი იყო უცხოეთშიც და საქართველოშიც, რომ ჩვენს ოჯახში მესამე პირები ცდილობდნენ შემოჭრას. რა თქმა უნდა, წარუმატებლად. ზოგჯერ კი ისეთ რაღაცებზე ვეჭვიანობდი, ახლა მეცინება. უკვე გავიზარდე, კარგად გავიცანი და ვხედავ, რომ ამის საბაბი არ მაქვს.
P.S. ფოტოების ავტორია ირაკლი პირველი.