კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№13 რატომ დაინტერესდა „მსოფლიო რაგბი“ გიორგი ნემსაძით და რა დათმო მის გამო მეუღლემ

ნინო კანდელაკი ეთო ხურციძე

მსოფლიო რაგბის ოფიციალურმა იუთუბი-არხმა საქართველოს ნაკრების მორაგბე, გიორგი ნემსაძე ჩაწერა. ქართველმა მორაგბემ აღნიშნულ ვიდეოში მისთვის გამორჩეული ტოპ-5 მორაგბე დაასახელა. მან ხუთეულში საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი, მამუკა გორგოძე და კონსტანტინე მიქაუტაძე შეიყვანა.
გიორგი ნემსაძე: ეს იყო „მსოფლიო რაგბის“ ინტერვიუ, სადაც მთხოვეს, დამესახელებინა ტოპ-ხუთი მოთამაშე, ვისთან ერთადაც მითამაშია, ან მინდა თამაში. ჩემი ტოპ-ხუთი ყოველთვის ისინია, ვისთან ერთადაც ნაკრებში ვთამაშობ, მაგრამ მხოლოდ ნაკრების წევრები არ უნდა ყოფილიყვნენ. ვინც განსაკუთრებით მახსოვდა თამაშებიდან, მათზე უნდა მესაუბრა. ამ ხუთიდან 2 ქართველია და მიმაჩნია, რომ ორივე მსოფლიო დონის მოთამაშეა. ისევე, როგორც ნაკრების თითოეული წევრი. უბრალოდ, მათ, სხვებისგან განსხვავებით, უკეთესი კარიერა აქვთ. დანარჩენ სამს რაც შეეხება, მათთან ერთად მაქვს ნათამაშები: ალუვინ ჯონსი ჩემი გუნდელი იყო, სერხიო პარისე – იტალიის 8 ნომერი და სტივენ ლუატუასთან  თამაშის ბედნიერებაც მქონდა. ეს არის გადაცემა, სადაც ცდილობენ, ისეთი მორაგბეები ჩაწერონ, ვინც საკუთარ გამოცდილებას სხვებს გაუზიარებს და ვისი აზრიც მნიშვნელოვანია. ამ პერიოდში მერაბ შარიაძე ტრავმირებული იყო და ბევრი თამაშის კაპიტნობა მომიწია, თან ვიცე-კაპიტანი ვარ. ამიტომ ჩათვალეს, რომ ჩემი ტოპ-ხუთი მორაგბე ხალხისთვის საინტერესო იქნებოდა.
– რა გზა გაიარე წარმატებამდე?
– ძალიან რთული გზა. საფრანგეთში ჩავედი და მესამე დივიზიონში დავიწყე თამაში. პირველი ხელფასიც ძალიან დაბალი მქონდა – თვიდან-თვემდე საჭმელზე მყოფნიდა, მეტის საშუალება არ იყო. იმ პერიოდში საქართველოში თუ ცოტა თავს გამოიჩენდი, უფროსი თაობის მორაგბეები გეხმარებოდნენ, რომ უცხოეთში წასულიყავი, რათა მერე ეროვნულ ნაკრებს გამოდგომოდი. მაშინ საქართველოს ჩემპიონატზე სულ ექვსი  გუნდი თამაშობდა და მთელ შეჯიბრებას ზაფხულში ვამთავრებდით. პერსპექტივა მხოლოდ, უცხოეთში წასვლა იყო. მეც ასე მომიწია, რამდენიმე გუნდმა გამსინჯა და ბოლოს მოვხვდი იქ, სადაც ჩემი სიძე – ალექსანდრე მარგველაშვილი თამაშობდა. ასე დაიწყო ჩემი კარიერა.
– რა სირთულეების გადალახვა მოგიწიათ?
– ყველაზე მთავარი სირთულე იყო უცხო ქვეყანაში ყოფნა. ქუთაისელი ბიჭი, რომელიც დღე და ღამე მეგობრების გარემოცვაში ვიყავი, წავედი და მოვხვდი სპორტულ რეჟიმში. მენატრებოდა საქართველო, მეგობრები. დედასთან განშორებაც გამიჭირდა – 21 წელი სულ მის გვერდით ვიყავი და უცებ წავედი. მაშინ დასაკავშირებალად კარგი საშუალება სკაიპი იყო (იცინის). მერე სოციალური ქსელი ისე განვითარდა, მეგონა, არც არსად წავსულვარ. ის ორწლიანი კონტრაქტი, რომელიც შემომთავაზეს, რთული იყო. ამ დონეზე ორი წელი თამაში არ მინდოდა, მაგრამ სხვა გზა არ მქონდა. ამ ყველაფერთან იყო ენის ბარიერი და ათასი რამ. მე-3 ლიგაში თამაში, თითქოს მარტივი ჩანდა, მაგრამ უცხო ქვეყანაში თავი ხომ უნდა დაგემკვიდრებინა. 8 ნომერ პოზიციაზე ვთამაშობდი, ჩვენი მწვრთნელი წარსულში საფრანგეთის ნაკრების ცნობილი 8 ნომერი გახლდათ. მან დაინახა ჩემში პოტენციალი და ძალიან ბევრი თამაში მათამაშა. პირველი „სიურპრიზი“, რასაც უცხო ქვეყანაში თამაშის დროს გადავაწყდი, ტრავმა იყო. წარბი გამისკდა, საკმაოდ დიდი ნახეთქი მქონდა. გადამიხვიეს თავი და მითხრეს, რომ სტადიონზე შევსულიყავი. ამან გამაოცა, სად უნდა შევიდე, ასეთ მდგომარეობაში-მეთქი (იცინის). მაშინ, მივხვდი, რომ ჩემგან მაქსიმალურს მოითხოვდნენ და წარმატებისთვის ყველაფერი უნდა გამეკეთებინა. სირთულეებს ემატებოდა ისიც, რომ არ ვიცოდი, რა იყო სწორი – ის, რაც მე მიმაჩნდა თუ რასაც მეუბნებოდნენ. ახალგაზრდებს მსგავსი რამ ხშირად ემართებათ. ვვარჯიშობდი ძალიან ბევრს და თავდაუზოგავად. მაგრამ დღევანდელი გადმოსახედიდან არასწორად.
– რას გულისხმობთ?
– ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სწორ ვარჯიშს და სწორ კვებას. მაშინ ამის შესახებ დიდი ინფორმაცია არ მოგვეპოვებოდა. 2011 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებთან ერთად ვიყავი, სადაც უდიდესი გამოცდილება მივიღე. ამ თამაშმა ჩემი პიროვნების ჩამოყალიბებაშიც დიდი როლი ითამაშა. ინტერნეტში დავიწყე ინფორმაციის მოძიება სწორ ვარჯიშზე, კვებაზე, დასვენებაზე და ასე შემდეგ. როცა ამ ყველაფრის მიხედვით ვიხელმძღვანელე, შედეგმაც არ დააყოვნა. ერთ-ერთი კარგი გუნდის საუკეთესო მოთამაშე გავხდი და იმ წელს ბევრი ლელოც დავდე. დამიკავშირდა პროფესიონალური გუნდი, რომელმაც საკმაოდ კარგი კონტრაქტი შემომთავაზა.  აქედან მოყოლებული დღემდე, ყოველთვის ვვითარდები.
– დედა რას ფიქრობდა, როცა მორაგბეობა გადაწყვიტე?
– ძალიან ჭკვიანი დედა მყავს. ჩემს ცხოვრებაში აკრძალვები არ არსებობდა. მისგან იყო სწორი მიმართულების მითითება. ყოველთვის მიხსნიდა, რას შეიძლებოდა რა მოჰყოლოდა. არასდროს უთქვამს: შენ ამას არ გააკეთებო. ძალიან არ მოსწონდა, როცა კრივიში ვვარჯიშობდი, მაგრამ ერთხელაც არ უთქვამს, ვარჯიშზე არ წახვალო. თან, მაშინ პატარა ვიყავი და რომ აეკრძალა, მის სიტყვას ვერ „გადავახტებოდი“. მახსოვს, ერთხელ მითხრა, რაგბი ვაჟკაცური სპორტიაო. ეს დაილექა და დარჩა ჩემს მეხსიერებაში. მისმა მიდგომებმა სწორი გზა მაპოვნინა.
– თქვენი სიყვარულის ისტორია მოგვიყევით.
– მე და ჩემი მეუღლე თანატოლები ვართ. ერთხელ, ჩემმა მეგობარმა მითხრა, გოგოების სანახავად მივდივარ და გამყევიო.  ეს ადამიანი ახლა ჩვენი მეჯვარეა. არ მინდოდა წასვლა, მაგრამ  მაინც წავყევი. იქ შევხვდით ერთმანეთს და იმის მერე დაიწყო ყველაფერი. დიდი ხანი გვქონდა მიწერ-მოწერა. ამ ზაფხულს მე-10 წელი შეგვისრულდება, რაც დავოჯახდით.  ერთი შვილი გვყავს.
– როგორ ეგუება თქვენს დატვირთულ გრაფიკს?
– მან თავისი ცხოვრების რაღაც ეტაპი დათმო იმისთვის, რომ კარიერულად გავზრდილიყავი. ჩემმა კარიერამ წინსვლა მას შემდეგ დაიწყო, რაც ჩემს გვერდით გაჩნდა. კარგად გაიაზრა, რომ სპორტსმენს რაღაც პერიოდი განსაკუთრებული მხარდაჭერა სჭირდება. ჩემთან ერთად ცხოვრობდა საფრანგეთში, თავისი საქმე დატოვა და გვერდში დამიდგა. როცა შვილი შეგვეძინა, 25 წლისები ვიყავით. გამოუცდელი ცოლ-ქმარი და პატარა ბავშვი ცოტა რთული იყო. უძილო ღამეები სპორტსმენისთვის ყველაზე დიდი დარტყმაა. ნონამ მიიღო გადაწყვეტილება და მითხრა, რომ ჯობდა, თავად გაეჭირვებინა და მე სხვა ოთახში დამეძინა, რომ კარგად მევარჯიშა. დარწმუნებული ვარ, მეუღლეების უმეტესობა ამას არ გააკეთებდა. მხოლოდ ეს ფაქტი არა, ჩემი სპორტული კარიერა დღეს ამ დონეზე რომ არის,  ნახევრად ჩემი მეუღლის დამსახურებაა.
– ბორჯღალოსნები როგორ აღნიშნავთ გამარჯვებას? ვიდეო გავრცელდა, სადაც რამდენიმე მორაგბე, ბუციდან სვამს.
– გამოცდილი მოთამაშეები ვიწყებთ შეცდომებზე საუბარს, რამდენიმე ჭიქა ლუდთან ერთად. რაც შეეხება გავრცელებულ ვიდეოს, ეს არ არის უბრალოდ გამარჯვების აღნიშვნა. ეს წესია, რომელიც ახალი შემოღებულია: პირველად ვინც ითამაშებს ნაკრებში, ყველაზე უხუცესის  ან ყველაზე დიდი ზომა ფეხის მქონე მორაგბის ბუციდან უნდა დალიოს  (იცინის).
скачать dle 11.3